არქივი

ქართული გრამატიკა

undefined

გრამატიკა (ბერძნ. Γραμματική) — ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც ნებისმიერი ბუნებრივი ენის აგებულებას სწავლობს. როგორც წესი, იგი მოიცავს ამა თუ იმ ენის მორფოლოგიასა და სინტაქსს, რომელთაც შეიძლება დაერთოთ ფონეტიკა, ფონოლოგია, სემანტიკა და პრაგმატიკა. ყოველ ენას თავისი საკუთარი გრამატიკა გააჩნია.

არსებითი სახელი, სრულმნიშვნელობიანი სიტყვა. ატარებს საგნობრივ მნიშვნელობას – აღნიშნავს საგანს ან მოვლენას, საგნის ნაწილს, ან მოვლენათა მთელ ჯგუფს. მიუგებს კითხვებზე: “ვინ?” (ქალი, კაცი, მოსწავლე, გიორგი), “რა?” (ცხენი, სახლი, სიცოცხლე, თბილისი).

არსებითი სახელი შეიძლება იყოს კონკრეტული ან აბსტრაქტული, საზოგადო ან საკუთარი. სხვა სახელებთან ერთად იგი უპირისპირდება ერთის მხრივ ზმნებს, მეორეს მხრივ – უდეტრებს. არსებითი სახელის მორფოლოგიური ნიშნები სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარია. სინთეზურ ენებში იგი ხასიათდება სიტყვათცვალებისა და სიტყვაწარმოების დიდი უნარით. წინადადებაში ასრულებს მრავალგვარ სინტაქსურ ფუნქციას, რომელთაგან ძირითადია ქვემდებარისა და დამატების გამოხატვა. ქართულ ენაში არსებითი სახელი იცვლება ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით. მრავალ ენაში მოეპოვება აგრეთვე სქესის ან გრამატიკული კლასის კატეგორია. ზოგიერთ ენაში (მაგ., ჩინურში) არსებითი სახელი ფორმაუცვლელია.

დაბოლოებათა მიხედვით სახელის ცვლას ბრუნება ჰქვია. ქართულში ბრუნების პარადიგმა მოიცავს შვიდ ბრუნვას:
სახელობითი – სახლ -ი ( -ი )
მოთხრობითი – სახლ -მა ( -მა, -მ )
მიცემითი – სახლ -ს ( -ს )
ნათესაობითი – სახლ -ის ( -ის, -ს )
მოქმედებითი – სახლ -ით ( -ით, -თი )
ვითარებითი – სახლ -ად ( -ად, -დ )
წოდებითი – სახლ -ო ( -ო, -ვ )

ზმნა — სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილი. აღნიშნავს საგნის მოქმედებას, ან მდგომარეობას. ზმნას გააჩნია პირი, დრო და რიცხვი. ქართულ ენაში ზმნას აქვს სამი პირი (I, II, II), სამი დრო (წარსული, აწმყო, მომავალი) და ორი რიცხვი (მხოლობითი და მრავლობითი).

ქართული ზმნა რთული მეტყველების ნაწილია. სირთულეს უპირველესად ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე განაპირობებს. მნიშვნელობასთან მიმართების თვალსაზრისით ზმნის კატეგორიები შეიძლება ორ ჯგუფად დალაგდეს: უღლების და წარმოთქმის კატეგორიებად (ა.შანიძე). უღლების კატეგორიად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის გრამატიკულ მნიშვნელობას; ასეთებია პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა; მწკრივი. წარმოთქმის კატეგორიებად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის ლექსიკურ მნიშვნელობას. ასეთებია გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. შესაძლებელია ძველ ქართულში ასპექტი უღლების კატეგორია იყო, ახალში კი იგი წარმოთქმის კატეგორიაა (ა.შანიძე).

ზმნისწინი, პრევერბი, მაწარმოებელი წინსართი ზმნებში. გასდევს ნაზმნარ სახელებსაც (გა-აკეთა, წა-ხვალ; გა-კეთება, წა-სვლა, გა-მკეთებელი, წა-სასვლელი). ზმნისწინი ზმნას უფრო სუსტად უკავშირდება, ვიდრე სხვა აფიქსები (თუმცა შინაარსობრივი კავშირი ზმნასთან მჭიდროა) — მათ შორის არის ჩართული პირის, გვარის, ქცევის ნიშნები (გა-ვჭერ, გა-ი-ღუნება, გა-უ-კეთებს; ძველად ჩაერთვებოდა ნაწილაკები და მთელი სიტყვებიც: გა-ცა-წყრა, მო-ოდეს, მე-ვიდეს; იხილეთ ტმესი). ზმნისწინი, ჩვეულებრივ, აზუსტებს მოქმედების მიმართულებას (შე-ვიდა, გა-ვიდა, ა-ვიდა; შე-ვიდა, შე-მო-ვიდა), ბევრ ენაში მოქმედებას აძლევს დასრულებულ სახეს (მაგ., კეცა—და-კეცა) და სხვა. ზმნისწინები, თანდებულები და ზმნიზედები ხშირად ერთსა და იმავე მასალას შეიცავს (გან-ვიდა — ჩემ-გან).

მრავლობითი რიცხვი (შემოკლებული ფორმაა მრავლ რ., ან მრ. რ. ლათ. plures = „მრავალი“; შემოკლ.: „Pl.“) წარმოადგენს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის ერთ-ერთ ფორმას. გრამატიკაში ამ კატეგორიით აღნიშნავენ ერთზე მეტ არსებით სახელთა (საგანთა, პიროვნებათა, ან მოვლენათა) რაოდენობას. უმეტეს ენებში მრავლობითი რიცხვის საპირისპირო ცნება არის მხოლობითი რიცხვი.

მხოლობითი, ან მხოლოობითი (ლათ. Singular შემოკლ.: „Sg.“ ) წარმოადგენს რიცხვის გრამატიკულ გატეგორიას და აღნიშნავს არსებითი სახელის (მოვლენის, საგნის, პირის) მხოლოობას. არსებითი სახელი დასახელებისას ყოველთვის მხოლობითი რიცხვში (და სახელობით ბრუნვაში) დგას. მრავალ ენაში მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვის საპირისპიროდ აღიქმება, თუმცა არის ენები, რომლებშიც რიცხვი გრამატიკული კატეგორიის სხვა ფორმებიც.

არის არსებითი სახელები, რომლებსაც მარტო მხოლობითი რიცხვი გააჩნია. მაგ.; რძე, ხილი, წვიმა. (იხილეთ სტატია სინგულარე ტანტუმ)

რიცხვი (ლათინურად Numerus, Numeri) არის გრამატიკული კატეგორია და აღნიშნავს რაოდენობრიობას.

არსებობს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის შემდეგი ფორმები: ზინგულარი, ანუ მხოლობითი რიცხვი და პლურალი, ანუ მრავლობითი რიცხვი, მაგრამ მრავალ სხვადასხვა ენას მოეპოვება აგრეთვე დუალი, პარალი, ტრიალი, კვადრალი, პაუკალი და დისტრიბუტივი. აქედან ქართული ენა მხოლოდ მხოლობითსა და მრავლობით რიცხვს იცნობს, ამის გამო ჩამოთვლილ ცნებათაგან ლათინური ტერმინების ნაცვლად ძირითადად მხოლოდ რამდენიმე ცნებას (მხოლობითი, მრავლობითი, წყვილობითი) დაუმკვიდრდა ქართული შესატყვისები.

სამობითი რიცხვი, ანუ ტრიალი, გრამატიკაში რიცხვის კატეგორიას აღნიშნავს. სამობითი რიცხვი იშვიათად გვხვდება და ცოცხალ ენათა შორის ავსტრალიისა და ასტრონეზიულ ენებშია შემორჩენილი. ( ასეთია მაგალითად სურსუნგას ენა )

სინტაქსი – არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს, მასში სიტყვათა შეწყობა–შეკავშირების წესებს. იგი არკვევს, რა და რა სახის სიტყვები შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას წინადადებაში. სინტაქსური ერთეულებია: წინადადება, წინადადების წევრი და სინტაქსური წყვილი.

ეს არის ის მწირი ინფორმაცია, რაც ზოგადად გახედებს ქართულ გრამატიკაში..

მსგავსი ამბები

Back to top button