არქივი

ქართული აღჭურვილობა #1

4220c31d95f8

აქ თქვენ ნახავთ ქართული საბრძოლო ხელოვნების აღჭურვილობის სურათებს და მათზე ინფორმაციას

1)დამცავი აღჭურვილობა
d1d557e7a4ea

საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, ბრძოლისას ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის დამცავი საშუალებები: ჯაჭვის პერანგი, მუზარადი, ჩაჩქანი, საფუხარი, ხელნავი, საბარკლული, საწვივე. სულხან–საბას მიხედვით „აბჯარი – ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამად ჯაჭვთა“.

საქართველოში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჯაჭვის პერანგი, რომლის ხარისხზე ნაწილობრივ დამოკიდებული იყო მეომრის სიცოცხლე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა სხვადასხვა სახის ჯაჭვის პერანგი, რომელნიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულით. სულხან–საბას მიხედვით ჯაჭვის პერანგის ხუთი სახეობა ყოფილა საქართველოში გავრცელებული „ჯავშანი – არს აბჯარი რკინისა ტანსაცვამი ჯაჭვი, ხოლო ამა ჯავშანთა გვარნი არიან ხუთ: სამანქანი, ზეიადლი, ხოსროანი, ქირიფქა და ჯაბალა.“ ეს ხუთი სახეობა ერთმანეთისგან სხვასხვა ნიშნებით განსხვავდებოდა: ფარეშოვანი და უფარეშო, ნიკარტოვანი, გადაგრეხით ძნელად გადასატეხი, მრგვალ და ბრტყელ თვალიანი, ბასრთვალიანი და ა.შ. იქვე სულხან–საბას მოცემული აქვს თუ როგორი უნდა იყოს კარგი ხარისხის ჯაჭვის პერანგი: „გრძელი და ფართო, ჯაჭვის თვალი რაზმად და რაზმად დაწყობილი იყოს, ფარეშ–შვენიერი და ძნელად გასახსნელი, ნოტიოობაში ძნელად დაგესლდეს, ყრილი არა ჰქონდეს, კალთიდამ შედევნებით უსხო და უსხოსი იყოს, მკერდთა, ბეჭთა და ღლიათა უზრქელესი და მიყრილი იყოს“. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ქართველებს ჯაჭვის პერანგის გარეთაც სამოსი სცმიათ და რომელსაც იალმაგი (სულხან–საბა: იალმაგი – ესე სამოსელი საომარი გარეგან საცვამი) ქვია.

ჯაჭვის პერანგის უპირატესობა სხვა დამცავ აღჭურვილობასთან იყო ის რომ, იგი ბევრად უფრო მოქნილი და მსუბუქი იყო ვიდრე მთლიანი რკინის ფირფიტებისაგან შემდგარი აბჯარი, როგორიც იყო მაგალითად – „თორნი – არს მთელი რკინა პოლოტიკი (რკინის ფიცარი) ტანს ჩასაცმელი“.

2)მათრახი
7047288d784a

მათრახი საქართველოში ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ბარში ასევე მთაში. არსებობდა რამდენიმე სახეობის მათრახი, თუმცა საბრძოლოდ გამოიყენებოდა 7 მხარის სიგრძის ე.წ. საბრძოლო მათრახი (1 მხარი 25–30 სმ). ეს ზომა დოგმა არ იყო და მებრძოლის მოხერხების მიხედვით მზადდებოდა. მისი მთავარი მახასიათებელი იყო ის, რომ მას ბოლოში უმაგრებდნენ ფოლადის ბურთულებს, მცირე ზომის ორმხრივ ალესილ დანის პირებს და ასევე პატარ კაუჭებს. ასეთ იარაღს თავისუფლად შეეძლო ჯავშნიანი კაცის მოკვლა, მით უმეტეს რომ მათრახის მოქნევისას მისი მოლო (წვერი) ანვითარებს ზებგერით სიჩქარეს. საბრძოლო მათრახი გამოიყენებოდა ძირითადად შორ მანძილზე, თუმცა ახლო მანძილზეც შეიძლება მისი ხმარება (ეს უკანასკნელი მებრძოლის ოსტატობაზეა დამოკიდებული)

3)საცემი იარაღი
2b308543d4fe

საქართველოში ფართოდ იყო გამოყენებული სხვადასხვა სახის საცემი იარაღები: ამუდა, გურზი, ლახტი, კვერთხი, ეკალბურთა და სხვ. იყენებდნენ როგორც ცხენოსნები, ასევე ქვეითი მეომრები. ყველა საცემი იარაღი იყო ძალზედ მასიური/მძიმე და მათი გამოყენება ეფექტური იყო მოწინააღმდეგის, თუნდაც ჯავშნიანის, გასანადგურებლად.
საცემი იარაღის გამოყენებისას სრულდება მხოლოდ წრიული და რვიანისებური მოძრაობები, რადგან ნებისმიერი მძიმე იარაღით ბრძოლისას თითქმის შეუძლებელია გარკვეული მოძრაობის შეწყვეტა და სხვაზე გადასვლა, როგორც ეს ხდება მაგალითად ფარიკაობის დროს, მაგრამ ყველა მასიურ, მძიმე იარაღს გააჩნია დიდი უპირატესობა – მათ თავისუფლად შეუძლიათ ჯავშნიანი მეომრის სწრაფი ლიკვიდაცია.

4)ფარი
d02689d2a6ab

ფარი ოდითგანვე მეომრის აღჭურვილობის შემადგენელ ნაწილად გვევლინება, იგი წარმოადგენს არამარტო თავდაცვის საუკეთესო საშუალებას, მისი ბასრი კიდეები ასევე ეფექტურია შეტევითი მოქმედებების განსახორციელებლად და არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია მოწინაღმდეგესთვის ვიდრე სხვა იარაღს.
ფარის ზომები და ფორმები ვარირებს, არის დიდი ზომის ბიზანტიური ტიპის, რომელთა ნიმუშებს მრავლად ვხვდებით ძველ მართლმადიდებლურ ფრესკებზე წმინდანთა აღჭურვილობაში. არის ასევე მომცრო ზომის მრგვალი “ხევსურული ფარი” რომლის დიამეტრი წინამხრის ზომისაა. არის ასევე სულ მცირე ზომის ე.წ “უბის ფარი” რომელიც 10–15 სანტიმეტრს არ აღემატება და გულის ალაგას ინახება.
შემონახულია ძველი ხანის ფარები რომლებიც ტყავისგან არის დამზადებული.ოქროს ფონდის საცავში ინახება, ვახტანგ გორგასლის ტყავის ფარი.ამბობენ რომ იგი “ვიგრის” ტყავისაა. თავად ვიგრი არ იციან ზუსტად რა არის მაგრამ ვარაუდობენ რომ ან ნიანგის ან სპილოს ტყავისგანაა დამზადებული. საერთოდ საქართველოში მრავლად იყო ტყავის ფარები გავრცელებული, მაგალითად სვანური სხივებიანი ფარი. გვიან ხანაშიც ზოგიერთ ხევსურულ ფარს რკინის გირგოლებს უკან ტყავი ჰქონდა აკრული.

ფარის ყველაზე კარგი აღწერილობა “ხევსურული ფარის” შემოგვრჩა. ხევსურული ფარი მრგვალია და ზომით მცირე. მას ოსტატები ამზადებენ ფურცლოვანი რკინისგან. მასზე თითქმის ვერ ვხვდებით წარწერებს, დევიზებს, ოქროსა და ვერცხლით მოჭედულობებს. ხევსურულ ფარზე ხდება ჯვრებისა და სწორკუთხედების გამოჭედვა. ფარის საფუძველს – ფუძეს წარმოადგენს ხარის ქედის ტყავი, ფურცლოვანი რკინა, ან სპილენძი. ფარის წინა მხარეზე განლაგებულია ოთხი ჯვრისებური ზედსადები ე.წ. რკინის ხიდები – აუცილებელი პირობაა ფოლადის ბრტყელი კიდურა რგოლი. ამ ზოლოვან ზედსადებებზე დევს მრგვალი – გუმბათი, რომელიც გამობერილია და ეწოდება გუმბათის ვაშლი. ხევსურთა თქმით გუმბათი დარტყმების ამორტიზირებას ახდენს და წარმოადგენს ფარის დამჭერი ხელის საუკეთესო დამცველს. ფარის წინა მხარის კიდეებზე მოქლონებით შემოვლებულია და მაგრდება ერთი, ორი ან სამი რკინის მრგვალი ფირფიტა – გირგოლები, რომლებსაც გააჩნიათ ქუდოვანი მოქლონები.ხევსურულ ფარს შიგნიდან აქვს ქეჩისგან ან ნაბდისგან დამზადებული ბალიში – სადები. უკნიდან მაგრდება ღვედის გრძელი საკიდი და სახელური – საბღუჯი. ხევსურებმა შემოინახეს ტყავისაგან ფარის დამზადების თავისებური ხერხი. ახალდაკლული ხარის ტყავს ჯოხებით, სიფართით ასწორებდნენ. გასწორებული ტყავიდან ამოჭრიდნენ ფარისათვის ნაჭერს. მრგვალი ფორმის ნედლ ტყავს გაჟღინთავდნენ მურით – ხარშავდნენ მურთან ერთად რათა გაეშავებინათ – ამ ტყავს დღეღამის განმავლობაში ტოვებდნენ მურთან ერთად და შემდეგ აშრობდნენ.
ფარების დამზადება ითხოვდა ოსტობას და გამოცდილებას. ფარს ამზადებდა არა ნებისმიერი ხევსური, არამედ მხოლოდ მჭედელი – მესაჭურვლე, რომელიც გაწაფული იყო ამ საქმეში. მზა ფარს რამდენიმე დღით ჰკიდებდნენ ბუხრის ზემოთ, რათა იგი შებოლილიყო. ამ გარემოებამ ასახვა ჰპოვა ლიტერატურულ ძეგლებშიც, რომელთა თანახმადაც შუა საუკუნეებში ქართველ მთიელებს, კერძოდ, ხევსურებსა და ფშავებს ყარაკალგანელებს, ანუ შავფაროსნებს უწოდებდნენ.

5)სატევარი
bdadee6423dc

სატევარი ქართველი მებრძოლის განუყოფელი იარაღია. იგი ორლესულ სწორ იარაღს წარმოადგენს, ის სხვადასხვა ზომით, ფორმით და მოყვანილობით გამოირჩევა, ზოგი ეგზემპლარი რომაული გლადიუსის ზომის იყო, იგი უნივერსალური იარაგია. საქართველოში სატევრის ყველაზე უძველესს ბრინჯაოს ხანის ნიმუშები წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი საქართველოს მუზეუმებშია დაცული.

წყარო:mtavari.ge

მსგავსი ამბები

Back to top button