არქივი

გრიგოლ რობაქიძე

c8973cbd4172

„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”

მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის ქუჩებში ხშირად ჩნდებოდა ევროპულად ჩაცმული,პარიკიანი მომხიბვლელი მამაკაცი თეთრი ხელთათმანებით და თან ქალთა მონუსხული მზერა მიჰყვებოდა.მას “მზის ქურუმს” უწოდებდნენ,ელინთა ღმერთს ადარებდნენ…ახალგაზრდები მას ბაძავდნენ,მის ლაპარაკს,ლექციებს აღტაცებულნი უსმენდნენ.საკუთარი გამორჩეულობის მასაც სჯეროდა.თავი ზეკაცად მიაჩნდა. ამავდროულად იგი ცისფერყანწელთა ლიდერიც გახლდათ.დიდი პატრიოტი იყო.ყველგან ქართული ჯიშის,რასის  რჩეულობაზე ლაპარაკობდა და წერდა.ქართველი ქალი ქალღმერთად და ამორძალად მიაჩნდა .სჯეროდა,რომ თვითონ იყო ერთადერთი შემცნობი ქართული ხასიათისა და ბუნებისა.

გაგიკვირდებათ და…სწორედ მას მოუხდა სამშობლოდან გადახვეწა.

ის სტალინისა და ბერიას რეჟიმს გაექცა და გერმანიაში დასახლდა.”დიდ ბელადს” იგი პრეისტორიულ ხვლიკს გაქვავებულ თავს უწოდებდა,მის უბედურ ბავშვობაზე,მამის არაქართულ ჯიშსა და უხასიათობაზე მთელ ევროპაში ლაპარაკობდა.მისი შემოქმედება კი საბჭოთა სივრცეში აიკრძალა.მას ფაშისტს,სამშობლოს მტერს უწოდებდნენ,ათასგვარ ჭორს უვრცელებდნენ და სიცოცხლეს უწამლავდნენ.საბჭოტა  ხელისუფლებისაგან დევნილი და გერმანიაში თავშეფარებული მწერალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერიანელად გამოაცხადეს,ამიტომ გერმანიიდანაც მოუხდა წასვლა.”ჰიტლერიანელ” მწერალს აღარაფერს უბეჭდავდნენ.სიცოცხლის უკანასკნელი წლები შვეიცარიაში მარტოობასა და სიდუხჭირესი გაატარა.

ეს პიროვნება გახლდათ გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი, დასავლეთ საქართველო ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

დაიბადა სვირში, იმერეთი, მაშინდელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიპციგის უნივერსიტეტი (გერმანია).

გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იგი გახდა „ცისფერყანწელების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.
რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა „გველის პერანგი”, „დემონი და მითოსი”, „ჩაკლული სული”, „გრაალის მცველნი”, „მეგი — ქართველი ასული” და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები”. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

მწერალი როგორც უკვე მოგახსენეთ 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში ხოლო 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა

“ანდერძი გრიგოლ რობაქიძისა”

ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახვის მე მცხეთა. იგი წმინდა საშოა ჩვენი მიწისა. იქ ეგულებოდა ჩემს ძვლებს საფლავი კარდჰუსი. მცხეთის მიდამო აირჩიეს ძველმა მოგვებმა. ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ ისინი მზესა და ცეცხლს. მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული. აქ გამოსჭრა ნინომ ჯვარი და მოახვია მას თავისი თმები. იქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქართველოში.
აი, მცხეთა, როგორც კამარა მოკლებული “მთელი”, – ერთი დაუწერელი პოემა ღვთიურისა და ადამიანურის ურთიერთზიარებისა. “სვეტიცხოველი” ამ ზიარების ქვით ნაშენი ტანია. შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში პაწა სალოცავს ძველისძველად აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ.
თუ ზემოხსენებული ამბები ქართული გენიის ნაპერწკალია, ეს სალოცავი ამ მადლის განმარტებაა თვითონ, იგი თითქოს აკვანია იმ პირველი ლოცვისა, რომელიც აქ აღმოხდათ ღვთის ძის მიმართ მღვივარ გულებს. ჩვენ ძველებს ხელი არ უხლიათ მისთვის, რათა არ წაშლილიყო პირველი ლოცვის ნეტამაცხოველებელი კვალი. რა სინაზეა აქ, რა სისუფთავე ნივთიერებისადმი, რომელშიაც ადამიანში შობილ ღვთიურ ნაკადს გაუვლია…
ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს

გრიგოლ რობაქიძე: “ჩემი ცხოვრება”

ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური – ასეთი ვიყავი ბავშვობაში. შეუცნობელ არსში ჩაძირულს მეჩვენებოდა თითქოს რაღაცას ვიხსენებდი. ვინმე რომ შემოჭრილიყო მაშინ ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში, ნამდვილად ერთ შეკვრა ამნეზიას იპოვიდა. სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით. გვიან მოწიფულ ასაკში ისინი როგორც ხელშესახები სურათები გამომეცხადნენ.

ხუთი წლისას, მუხის ძირას, ჩახუთულ შუადღეს, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი, რაღაც დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე. ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ ჩემს ცნობიერებაში ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორ-ველზე მიწევდა ცხენებისა და ხარებისაკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად.

ნათესავებიდან ყველაზე მეტად ბებია, მამის დედა, მიზიდავდა. არც კითხვა შეეძლო და არც წერა, მაგრამ სიბრძნის პატრონი იყო, დედამიწის სიბრძნის. მისი დაკვირვებანი ახლა საოცრად ღრმა მეჩვენება. 85 წელს მიაღწია. გაბრაზებული არასდროს უნახავს ვისმეს. არავის ახსოვდა მისი თანდასწრებით ვინმეს ეჩხუბოს. სიკეთესა და სიმშვიდეს ასხივებდა.

ექვსი წლის ქუთაისის სკოლაში მიმიყვანეს. იქ ტიფით მძიმედ დავსნეულდი. მამაჩემს ეშინოდა, ავადმყოფობას ვერ გადაიტანს, მოხელეები გვამის წაღების უფლებას არ დამრთავენო და მამამ და ბიძამ საავადმყოფოდან მომიტაცეს. მე ცხენის უნაგირზე გადამაწვინეს – ბიძაჩემს ვეჭირე მაგრად, ასე გავიქეცით. გონებამიხდილი ვიყავი, მაგრამ საოცრება – შვიდი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი და გონს მოვეგე. მშობლიურ სახლს მივუახლოვდით – უკვე მიხაროდა. მშობლიური მიწის სუნთქვამ გამაცოცხლა. მას შემდეგ მიწის გოროხი ჩემთვის სიჯანსაღის ნიშანია.

განსაკუთრებული მონდომების გარეშე ვსწავლობდი. სიზმრებისა და წინათგრძნობების სამყაროში ჩაძირული დავრჩი სკოლაშიც. ამის ბრალი თუ იყო ყველასთვის თვალშისაცემი მუდმივი ყურადღებადაფანტულობა, სწავლაში მხოლოდ ჩემი არაჩვეულებრივი მახსოვრობა მშველოდა. ვისმესთვის მოსმენაც კი არ შემეძლო.

სტუდენტური წლები ლაიფციგში გავატარე. ვსწავლობდი ფილოსოფიას და ლიტერატურას. გოეთე ჩემთვის გამოცხადება იყო. გერმანიამდეც ვიცნობდი, მის “ერლიკიონიგ”-ს, რომელზეც საქართველოში მუდამ ვოცნებობდი. მესახებოდა უმშვენიერეს ბელადად – ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან. ბავშვობაში მამასთან ერთად, ხშირად დავაჭენებდი ცხენს. ჭენების დროს მამის ქამარს ჩაჭიდებული იმ ჟრჟოლას ვგრძნობდი, რომელიც გოეთემ ასე ოსტატურად გადმოსცა ლექსით. გოეთეს მოძღვრება თაურფენომენის შესახებ ჩემთვის საგანთა შემეცნების საფუძვლად იქცა. სინამდვილის ხედვა ჩამოყალიბების პროცესსა და მთელს დინებაში, არა ცალკეულ მომენტებში – განა მწერლისა და მოაზროვნის უმაღლესი ამოცანა არაა?.. მორცხვად შევბედე ნიცშეს. ზეკაცის იდეა, რამდენად ეს “ზარატუსტრაშია” გაშლილი, განსაკუთრებით დამაჯერებლობით არ მეჩვენება. მაგრამ დიონისურმა ფენომენმა (“ტრაგედიის დაბადება”) დამატყვევა – და – კიდევ უფრო მეტად – მარადიული დაბრუნების იდეამ… ეს იდეა ისეა ახსნილი, როგორც პითაგორის კომენტატორები აკეთებდნენ, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან, თუ კი მე ჩემ თავს მარადიულად ვუბრუნდები, როგორ შეიძლება ზეკაცი გავხდე? ამას ვეკითხებოდი ჩემს თავს ისევ და ისევ, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი. მერე ვუღრმავდებოდი დოსტოევსკის, რომელთანაც ეს იდეა ნაკლებ როლს არ თამაშობს, მაგრამ არც მასთან იყო ნათელი. ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი გოეთეს, მის სიტყვებში მეგულებოდა ამ იდეის ახსნა. ბოლოს და ბოლოს, აღმოსავლეთი მოვიდა შველად.
ლაიფციგში წლების განმავლობაში, დავდიოდი გევანდჰაუზში და გერმანული მუსიკის ზეადამიანურ გამოცხადებას ვეზიარე.

ლაიფციგიდან გავემგზავრე პარიზს, რომელიც ლათინური რასის არტისტულ ნერვად აღვიქვი. საფრანგეთში გოთურმა კათედრალებმა გამაოცეს, რომელთა შთაბეჭდილება ისეთივე მონუმენტური იყო ჩემზე, როგორც გერმანული მუსიკის. მალე ორი მწერლის გავლენის ქვეშ მოვექეცი – ბოდლერისა და რემბოსი. პროზაში ყველაზე მეტად ფლობერი და სტენდალი მატყვევებდნენ. ფრანგულ გენიაში რაღაც უცხოს ვგრძნობდი. ამას მხატვრულ მზერაში ზურგის ტვინის ჯადოსნურ მონაწილეობას დავარქმევდი.

საქართველოში დავბრუნდი. ჩემი მწერლური მანერა ფრანგულ სიმბოლიზმს უახლოვდებოდა, ნაწილობრივ რუსულსაც. მაგრამ ვგრძნობდი, რომ
აქ რაღაც არ იყო სწორი, კერძოდ სიმბოლისტურ მეთოდში ერთი შეცდომა იყო ჩამარხული – ზედმეტად გადაჭარბებული, საგნის, როგორც სიმბოლოს წარმოდგენა, მთავრდება “საგნის” განადგურებით და შედეგად “სიმბოლოს” სქემატიზირება მისდევს. მასაშადამე მე გზაგასაყარზე ვიდექი.

1916 წელს, როგორც სამხედრო მოხელე, სპარსეთში მოვხვდი. ეს ჩემი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. მესოპოტამიის ზღურბლამდე მივაღწიე და მქონდა შეგრძნება, რომ საუკუნეთა სვლაში დაკარგული სამშობლო ვიპოვე. ისტორიკოსები ვარაუდობენ ქართველთა უძველესი, პირველსამშობლო ქალდეა იყოო. მიწის შეგრძნება ჩემში ყოველთვის განსაკუთრებით იყო გამოხატული – ის ირანის ზეგანზე რაღაც კოსმიურად იქცა. მზე აღარ იყო ჩემთვის უბრალო ასტრონომიული მოვლენა. ზოროასტრის ქვეყანაში ნიცშეს “ზარატუსტრა” მქონდა თან. ფირდოუსის, ჰაფიზისა, ომარ ხაიაიმის ქვეყანაში – გოეთეს “დივანი”. სრულიად შემთხვევით თან მქონდა მესამე წიგნიც: ნაწყვეტები ბაბილონური ეპოსის – ”გილგამეშისა”. ამან გადაწყვიტა ჩემი მწერლური ბედი. ირან-მესოპოტამიურ მიწაზე წამოიმართნენ პირველსამყაროს გოლიათური ფიგურები და სურათები. მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რომ ჩემი პოეტური ფესვები აქ იყო. ამ დროს თავს დამეცა ირანული კოსმიური სურათი: საშინელი გვალვა, მზის რისხვა, ლიანგის გმინვა. მზეს სწყუროდა მსხვერპლი – ქალთა შორის უმშვენიერესი. დანარჩენი ყველაფერი თავისით განვითარდა. მასებზე ზეგავლენა იყო საჭირო, ამიტომ ავარჩიე ფორმად – დრამა. თანამედროვე ბურჟუაზიული დრამა არ მაძლევდა პოეტური გამოსახვის საშუალებას. ძველ ტრაგედიას მივუბრუნდი და შევეცადე მათი სტრუქტურის პრინციპებს დავყრდნობოდი, არქაულის თავის არიდებით, უბრალო პროზად რომ დამეწერა, ჩვეულებრივი იქნებოდა, ლექსად, ზედმეტად ხელოვნური, ამიტომ თავისუფალი რითმა ავირჩიე, ისეთი როგორსაც აღმოსავლეთის მაგიურ ტექსტებში წააწყდება კაცი. ასე შეიქმნა ჩემი “ლონდა”. ასეთივე მეთოდით ავაგე მისტერია “კარდუ” და დრამა “ლამარა”. ეს ქართველთათვის ეროვნული მწერლობის ნაწილად იქცა, მაგრამ ირანისა და გილგამეშის გავლენა კიდევ უფრო შორს წავიდა. ჰამადანში, მიდიელთა ეკბატანაში, მთვარიან ღამეს ერთ ქვის ლომზე მეძინა, უეცრად აზრი დამეუფლა, ყველაფერი რაც ხდება, გვეჩვენება, თითქოს ერთხელ უკვე მოხდა. ისევ მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდგომში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან “გველის პერანგში”. ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა. მერე დავწერე რომანი “მეგი”. აქ შევეცადე დრამატული ფორმა მიმეცა სიცოცხლის პირველძალებისათვის.
ახლახან გამოიცა “ინზელ-ბიუხერაიში” ჩემი “კავკასიური ნოველები”, რომელშიც კავკასიას , როგორც მთლიანს, თავისთავადს ვხატავ.
გასულ წელს თვაზარი დამცა უღრმესმა, შინაგანმა შეცნობამ: ადამიანის გული ხორცადქცეული ნაწილია მითიურად გაგლეჯილი ღმერთის. ეს დასკვნა ახლა ჩემთვის ცხოვრებად გადაიქცა.


ტიციან ტაბიძე – გრიგოლ რობაქიძეს

ბაღდათის, ტირის, გააცოცხლე ძველი ოსტატი
მორჩილი ხელი ჰკალავს ზურმუხტს, ალმასსა და ლალს
ტიტველ სირენას და მოთენთილ მადონას დალალს
ყველაფერს იტევს შენი ლექსი მოანდამანტე.
ჭიხვინით მორბის და მორეკავს თეთრ ცხენის რახტი
შვადღის სიცხეში გაალებულს გისმენთ მზით დამთვრალს
მაგი ჟონგლერი თვალს აყოლებ ვარსკვლავთ კარნავალს
საქართველოს ბედს დააფარე შეგნების სალტე.
ხან მეორეჯერ მონათლული დანტეს ემბაზში
იყავი მეფე_ზეცას გიწერს ბედის მწერალი
დაცემის ორმო და აღდგომის თეთრი მწვერვალი
დიდების ცეცხლი მარად გინთებს სამეფო კარავს,
გამარჯვების მზეს უბედობა ვეღარ დაფარავს
პოეტს, მეგობარს მაამაყებ მელექსეთ ბაში.

1916წ. მაისი მოსკოვი

პაოლო იაშვილი-გრიგოლ რობაქიძეს

ჩვენ როცა გავჩნდით შვადღის საქებათ,
ჩამოეყუდენ მზიდან სვეტები.
ხვატი. მდუღარე პაპანაქება,
ტვინს გვიდაღავდა ოქროს წვეთებით.

კიდევ გვაბრმავებს – ზეცის განგებით
ჩამონგრეული მადნის წყალობა!..
მე ტან-ანთებულ ფარშევანგებით,
მოგართვი, შვადღის კარდინალობა.

ატეხილია მიწა ზვიადი,
კენტავრის სირბილს – `ლილლეს~ აყოლებ.
ატარებ როგორც ალკივიადი
ცხელ, გახურებულ დერიდახოლებს.

სჭრი ლექსებს მაგარ, რკინის ღვედებათ.
და გვაბარბაცებ სიტყვის შანთებით;
საქართველო კი გეიმედება
ირრუბაქიძის გადანათებით.

იოსებ გრიშაშვილი – სონეტი რობაქიძეს

შენზე ამბობენ: კუშტიაო, ამპარტავანი
და გიწოდებენ_უკარებელს, თავკერძს და ტრაბახს;
მე კი მორცხვი ვარ! ვაქებ ტფილისს, სალაყბოს ყაბახს
და მხიბლავს ნუში. აშპაშხანა, მკერდის მტევანი.
შენ თუ უალდთან ღრუბლებში გაქვს ვარდის სევანი.
და მზის მისამართს აწერ ხოლმე სიოს მუშაბახს,
მე ვეტრფი კინტოს_ატმით სავსე დატვირთულ თაბახს;
შენ სრულობა გსურს? მე მსურს მქონდეს ნაკლულევანი.
ჩვენ ვერ გაგვიგეს! ვერც დაგვღალა ამგვარ ჯირითმა.
მაგრამ ჩვენს შემდგომ,_როს ჩვენ ორი დავიხოცებით,
მოიგონებენ ჩვენ სახელსა მზივ-გაოცებით!
სხვა პოეტებში ამღერდება, მწამს, ჩვენი რითმა._
და ვინც ისურვებს, რომ იხილოს მგოსნის დამარი:
მას ალბად, საზღვრად უნდა ჰქონდეს ჩვენი სამარი.

1918 წ.

მისი რამოდენიმე ლექსი:

ჩემი ბავშვის ხსოვნას

უკანასკნელი გადაირბენს სიტყვის კამარა
და შემოაგდებს უცხო თვალებს, ყვითელმზერიანს,
უეცრად ვტოვებ გარინდულებს ლექსის ამარა
ალის, პაოლოს, ტიციანსა და ვალერიანს.

მრუდე ლანდებად მენისლება, ჩემ გარს რაც არი,
მძიმე ბარბაცით თუ ვინგრევით მე და თბილისი.
მოგონებაში აიშლება თბილი ნაცარი,
სადაც შენ სდუმხარ, ჩემო ალკა, შენ, უტკბილესი.

სილამაზისთვის მიწა დედა აღარ გეშვება,
მაგრამ არ დედობს შენთვის იგი – ავი დედალი.
შენი სინორჩით მკერდი მისი გადილეშება,
რომ უფრო მკაცრად მან იგემოს მზის ნაღვერდალი.

დამატრიალებს მავნე ფიქრი ფოთლებგაშვეტილს
და სასისხლაოდ ეშურება ლოცვა – ნუგეში,
ხოლო მანელებს მომდურავი სახე ქაშვეთის
და მეშინია, არ შეწუხდე ნინოს უბეში.

ბედის დატეხამ ბევრი გზები გადამატარა,
მშვიდო მაცხოვარ, ერთხელ არის, მაინც მამეშვი,
ვეღარ ვგულოვნობ ძველებურად, ჩემო პატარა,
არ დაივიწყო მამა შენი ამ ცუდ ღამეში!

ლანდი

შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა…
ვზივარ ცეცხლთან,
ვდნები ნელა,
ცეცხლი ფიქრად იფერფლება,
გაჰქრა შენთან
ერთად ყველა,
მხოლოდ ლანდი მევალება…
სუსხი ისხმის,
ვუსმენ მუნჯი,
ფიქრი შენ ლანდს ეტანება;
ეს რა ისმის?
ჩიტი ლურჯი
ჩემს ფანჯარას თავს აკვდება…
შენ ხარ ეგებ?
მაგრამ არა:
მხოლოდ ელვით შეკრთა გული,
ცრემლით გეძებ
და ფანჯარა
მიცქერს ისევ მოღუშული…
შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა…

საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, –
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

“Негри в белых париках”

Из декораций Сергея Судейкина
Дремотный сон в золе томлени.
Струи червонных тяжких кос.
И рдеют белые колени
На лоне бледных смятных роз.
Блудница лунного азарта
Сапфирно яркая в лучах,
На солнце нежится Асарта
Средь негров в белых париках.
Кровавый хмель гранатов зноя
Злвет всех женщин на разгул.
И слышен, слышен темный гул
Лююовный помыслов нагноя
Горит тигрица Саломея
В садах у дикого куста.
Зовя любов: янтарно млея
Целуя мертвые уста.
Желанный яд в изгах торса:
Земля вся в блуде в тайный час.
И реет бред изживших рас.
В плаще из крыльев альбатроса.
И вдруг мертвеет страстный шопот:
И слышен лет шумя звеня
Все ближе, ближе смертный топот
Апокалипсиса Коня.
И будет встреча двух страстей
Огня копыт и жала тла.
Конь-Блед заржет еще бледней
Жена возжждет до предела.
И сладострасна будет пытка
Обезумевшей блудницы.
Но там в веках крутым копытам
Нагое тело будет сниться

ba38f592810f

7f1e173fc227

80980b367a70

23abf2e9d650

e7fc67c886af
საფრანგეთი, ლევილი, გრიგოლ რობაქიძის საფლავი.

წყარო: ვიკიპედია,ჟურნალი “სარკე”,გუგლი … :)

პ.ს: პოსტი ვიცი ,რომ ძალიან გრძელი გამომივიდა და ამავდროულად ისიც ვიცი,რომ ძალიან საინეტერესო. თუ შეიწუხებთ თავს და facebook-ეც ნახავთ გაცილებით საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ,ხოლო თუ კი Google-ს გამოიყენებთ მით უფრო საინეტერესოს :) ორივე ერთად კი ყველაზე კარგი ვარიანტია

Targmne.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button