არქივი

ტესტი: როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი?

psychological tests 2251

ალბათ, ცხოვრებაში შეხვედრიხართ ისეთ ადამიანებს, ვინც ახალგაზრდული შემართება, ენერგია და ცხოვრების ხალისი სიბერემდე შეინარჩუნა.

თუმცა არიან შედარებით ახალგაზრდებიც, ვისაც განვლილი ცხოვრების წლები მძიმე ტვირთად აწევთ მხრებზე. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანისთვის სულიერი ასაკი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქრონოლოგიური.

მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის ბრძანდებით, უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილი ტესტის შეკითხვებს და გარწმუნებთ, ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვეთ თქვენს შინაგან სამყაროში.

დაიწერეთ 4 ქულა, თუკი სავსებით ეთანხმებით მოსაზრებას, 3 – თუკი ნაწილობრივ ეთანხმებით, 2 – თუკი უფრო მეტად არ ეთანხმებით, ვიდრე ეთანხმებით, 1 – თუკი კატეგორიულად არ ეთანხმებით.

1. მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა მაქვს.

2. საკმაოდ იოლად ვუღებ ალღოს იმას, თუ რა აქვთ მხედველობაში სხვებს, ვინაიდან არაჩვეულებრივი ინტუიცია მაქვს.

3. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჯერ კიდევ ბევრი სასიამოვნო რამ მელის.

4. ვფიქრობ, ადამიანებს ჩემთან ურთიერთობა სიამოვნებთ.

5. შეიძლება, ვიღაცას ჩემგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ მე ის მაინც სასიამოვნო ადამიანად მიმაჩნდეს.

6. მიყვარს ბავშვები.

7. სიამოვნებით ვხსნი ხოლმე თავსატეხებს.

8. როცა რაიმე საქმეს ვკიდებ ხელს, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.

9. როგორც წესი, ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი მიზეზი ჩემს ინტერესს იწვევს ხოლმე.

10. ჩემი სამუშაოს გარდა, სხვა უამრავი გატაცებაც მაქვს.

11. ვცდილობ, რომ ჩემ გარშემო მომხდარი ნებისმიერი ცვლილება დადებითად შევაფასო.

12. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობით ადამიანებისთვის სიკეთე მომაქვს.

13. ხშირად ვოცნებობ.

14. ჩემი საყვარელი მუსიკის მოსმენა განწყობილებას მიუმჯობესებს.

15. ახალ იდეებს ყოველთვის დიდი ინტერესით ვხვდები.

16. ცხოვრებისეული სირთულეებისა და წინააღმდეგობების წინაშე ფარ-ხმალს არასდროს ვყრი.

17. მოსწრებულ ხუმრობაზე გულიანად ვიცინი.

18. ამქვეყნად არსებობს ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი.

19. ფიზიკური აქტივობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

20. უცხო ადამიანების გაცნობა მსიამოვნებს.

21. მსურს, ვისწავლო რაღაც ახალი, ის, რის კეთებაც ჯერ არ ვიცი.

22. ვცდილობ, მომხიბლავად გამოვიყურებოდე და ვფიქრობ, რომ ეს გამომდის კიდეც.

23. წვრილმანი უსიამოვნებების გამო ხასიათს არ მოვიწამლავ.

24. მომწონს ის დრო, რომელშიც მომიწია ცხოვრება.

25. ვფიქრობ, რომ საკუთარი უნარის სრულად გამოვლენის შანსი მომავალში აუცილებლად მომეცემა.

ტესტის შედეგები:

75 ქულაზე მეტი: ასაკის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მომავლის რწმენითა და უშრეტი ენერგიით ხართ აღსავსე. გულღია, კონტაქტური, ოპტიმისტი და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ბრძანდებით. ბუზისაგან სპილოს არასდროს შექმნით. ეს დიდი ბედნიერებაა. თქვენი ხასიათის პატრონს სიბერე კარგა ხანს არ გემუქრებათ.

50-75 ქულა: თქვენ საკუთარ თავთან კომპრომისებზე წასვლა ხშირად მოგიხდათ. უამრავმა საზრუნავმა და სტრესმა სიხარულის გამოხატვის უნარი დაგიქვეითათ, სამაგიეროდ, სერიოზულობა და პასუხისმგებლობა გასწავლათ. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი “საშუალო” დონით განისაზღვრება – ე.ი. იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც დიდად არ არის დამძიმებული პრობლემებით. გაითვალისწინეთ, ცოტა მეტ მხნეობას და ოპტიმიზმს თუ გამოავლენთ, ნამდვილად წაგადგებათ.

50 ქულაზე ნაკლები: თქვენნაირ ადამიანებზე ამბობენ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრი რამ ნახეს და გადაიტანეს. მათ ყველაფრის ფასი იციან. დაფიქრდით, ცოტა ნაადრევად ხომ არ დაგიდგათ ეს ხანა? ცხოვრება ხომ საოცრად საინტერესოა და ჯერ კიდევ უამრავი რამის ნახვა და გაგება შეგიძლიათ!

წყარო: marao.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button