საკითხავისასარგებლო

warcraft – ბრძოლის ხელოვნება (თავი 1- სამყაროს შექმნა)

ბრძოლის ხელოვნების ისტორია, ნაწილი 1 .

ტიტანები და სამყაროს შექმნა

დანამდვილებით არავინ იცის თუ როგორ შეიქმნა სამყარო. ზოგი თვლის რომ ეს დიდი კოსმოსური აფეთქების შედეგი იყო, რომელმაც წყვდიადის მარადისობაში გაფანტა უამრავი მბრუნავი მსოფლიო. სხვები თვლიან რომ ყველაფერი ერთმა ყოვლისშემძლე არსებამ შექმნა. ამრიგად ქაოსური სამყაროს დასაწყისის შესახებ ზუსტად არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, დანამდვილებით ვიცით, რომ დიდი ხნის წინათ არარაობიდან წამოიმართნენ ძალები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ქაოსის მოწესრიგება და უსაფრთხო მომავლის შექმნა არსებებისთვის, რომლებიც მათ შემდგომ უნდა მოვლენოდნენ ქვეყნიერებას.

ესენი იყვნენ ტიტანები, ლითონის კანით დაფარული ღმერთები, რომლებმაც შეიცნეს ახლადშექმნილი სამყარო და დაიწყეს შრომა მის სივრცეებზე. მათ გამოძერწეს მრავალი მსოფლიო, აღმართეს მთები, აავსეს ზღვები და ჩაჰბერეს სული ჰაერის სფეროს. ეს ყველაფერი მათი გეგმის შესაბამისად ხდებოდა, რომელსაც ისინი ახირციელებდნენ სამყაროს არეულობის მოსაწესრიგებლად. მათ დამხმარე რასებიც კი შექმნეს, რომელთა დანიშნულება სამუშაოს განაწილება და მსოფლიოთა დაკავშირება იყო.

ტიტანებს თავიანთი მმართველობა ჰყავდათ. ეს იყო უმაღლესი საბჭო – პანთეონი, რომლის ხელმძღვანელობითაც მათ დაამყარეს წესრიგი სამყაროს წყვდიადში მიმოფანტულ ათასობით მსოფლიოში. ისინი ფხიზლად დარაჯობდნენ მოწესრიგებულ მხარეებს და იცავდნენ მათ ქაოსის ბინადარი ბოროტი არსებებისაგან, რომლებსაც არ ჰქონდათ მიზანი გარდა ერთისა – მოესპოთ ყოველივე ცოცხალი და შთაენთქათ სამყაროს ენერგია. ეს ქმნილებები უცნაურ, გამრუდებული ფსკერის სახელით ცნობილ განზომილებაში(twisting nether) ცხოვრობდნენ, რომელიც აკავშირებდა ერთმანეთთან მსოფლიოთა აღურიცხავ რაოდენობას. ეს არსებები უამრავნი იყვნენ და ტიტანები, რომელთათვისაც უცხო იყო ყოველივე ბოროტი, გამუდმებით ებრძოდნენ მათ და ცდილობდნენ მოეძებნათ გზები, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღეკვეთათ ქაოსის შემოტევა.

სარგერასი და ღალატი

გავიდა დრო და დემონურმა ქმნილებემა მოახერხეს გზის გაკვალვა გამრუდებული ფსკერიდან ტიტანთა სამყაროში. მაშინ პანთეონმა თავისი რიგებში ამოარჩია უდიდესი მეომარი, მდუღარე ბრინჯაოს გოლიათი (Vanir Titan) სარგერასი, რომელსაც დაევალა პირველს მიეღო მტრის დარტყმა. ეს კეთილშობილი მებრძოლი ათასწლეულების მანძილზე მტკიცედ და ერთგულად ასრულებდა თავის ვალს. მან უამრავი დემონი გაანადგურა და დაატყვევა. ეონთა განმავლობაში დემონთა წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ მან აღმოაჩინა მძლავრი დემონური რასა, რომელიც სამყაროზე ბატონობას მიელტვოდა.

ნატრეზიმი – ვამპირი დემონები, შიშის მბრძანებლებად(dreadlord) ცნობილნი, იპყრობდნენ დასახლებულ მსოფლიოებს და აჩრდილებად აქცევდნენ მათს მცხოვრებლებს. ეს ცბიერი დემონები მტრობას თესავდნენ ერებს შორის და მართავდნენ მათ სიძულვილისა და შუღლის გაღვივებით, რომელიც თავის გრძნეულებას ცალკეულ მსოფლიოებში შეჭრისა და მათი დაპყრობისათვის იყენებდა. ამ მსოფლიოთა მცხოვრებლები დამონებული იქნენ და გადაქცეულნი დემონებად. მიუხედავად იმისა რომ სარგერასის თითქმის უსაზღვრო ძლიერება სრულიად საკმარისი იყო ნატრეზიმთა გასანადგურებლად, მას მაინც გაუჭირდა ამ არსებათა ყოვლისმომცველი ბოროტებასთან ბრძოლა. სარგერასს არ შეეძლო ჩაწვდომოდა მათი ვერაგობის არსს, მისთვის წარმოუდგენელი იყო ასეთი დაცემა და ამიტომ ნელნელა შავმა ნაღველმა მოიცვა იგი. თუმცა საბოლოოდ მან დააცხრო თავისი რისხვა და მტერი გამრუდებული ფსკერის მიყრუებულ ადგილებში ჩაამწყვდია.

მაგრამ ამ დროს, იგი დარდმა მოიცვა და აი ეჭვებმა საბოლოოდ იმძლავრეს სარგერასის გონებაში და სასოწარკვეთამ დაისადგურა მის სულში. მან დაკარგა არამარტო რწმენა სიკეთისა, აზრი თავის არსებობისა და მოქმედების მიზანი, არამედ საერთოდ, სამყაროს ის ხედვა, რაც ტიტანებს ჰქონდათ, უცხო გახდა მისთვის. საბოლოოდ იგი მივიდა დასკვნამდე, რომ წესრიგი თავისი არსით დანაშაული იყო და მხოლოდ ქაოსი იყო ერთადერთი სამართლიანი ფორმა სამყაროს არსებობისა. მისი მეგობრები, სხვა ტიტანები, ცდილობდნენ დაებრუნებინათ მისთვის სიმშვიდე, მაგრამ მან ყველა მათი შეგონება უარყო და ყველა მათი იმედი დაამსხვრია. მრისხანებით აღსავსემ დატოვა მოძმეთა რიგები და სამყაროში საკუთარი ადგილის საძებრად გაემართა. პანთეონი ძალიან დაამწუხრა ამ განდგომამ. ტიტანებს მაშინ წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ იმისა, თუ სადამდე მივიდოდა მათი ყოფილი თანამებრძოლი მომავალში.

გავიდა დრო, სიგიჟემ მთლიანად მოიცვა სარგერასი და საბოლოოდ მოსპო მასში კეთილშობილების ყოველგვარი ნიშანწყალი. იგი ფიქრობდა, რომ სამყაროში არსებული ბოროტება ტიტანთა დამსახურება იყო და გადაწყვიტა გაენადგურებინა ყოველი მათი ნამოქმედარი. ამ მიზნით მან დაიწყო არმიის შექმნა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იქნებოდა და რომელიც ცეცხლის ალში გახვევდა სამყაროს. თვით სარგერასის ტიტანური სახეც კი დაამახინჯა მის სულში დაბუდებულმა სამსალამ. მისი თმები, თვალები და წვერები ცეცხლის ალით იყო მოცული, ხოლო გავრვარებული ბრინჯაოს კანი კი დაუსკდა და მის სხეულში მოგიზგიზე სიძულვილის ალი გამოაჩინა. სიშმაგით მოცულმა დაანგრია საპყრობილეები, სადაც დამწყვდეული იყვნენ ნატრეზიმები, ისევე, როგორც უამრავი სხვა დემონური რასა და გაანთავისუფლა ისინი. დემონები შეაძრწუნა შავბნელი ტიტანის ძლიერებამ და საუკუნო ერთგულება შეჰფიცეს მას და ემსახურებოდნენ როგორც შეეძლოთ. მაგრამ სარგერასს სჭირდებოდა რასა, რომელსაც გამოიყენებდა, როგორც თავის საუკეთესო, ფავორიტ აგენტებს. და აი, მან მიაგნო რასაც ეძებდა პლანეტა არგუსზე – ერედართა რასას, რომლებსაც ადვილად შეეძლოთ ნებისმიერი ტიპის მაგიის დამორჩილება. იგი გამოეცხადა ერედართა მმართველ ტრიუმვირატს – კილ’ჯაედენს, არქიმონდსა და ველენს. სარგერასმა ერედარებს მისცა პირობა, რომ შექმნიდა უტოპიურ სამყაროს, ხოლო ერედარებს მისცემდა შეუზღუდავ ძალაუფლებას. ველენს ეჭვები ჰქონდა, თუმცა კილ’ჯაედენი და არკიმონდი სიამოვნებით დათანხმდნენ. ველენი და მისი მომხრეები გაიქცნენ და მომავალში დრაენეებად იქცნენ. რაც შეეხება არკიმონდსა და კილ’ჯაედენს, ისინი ბნელი ტიტანის მთავარსარდლებად იქცნენ. მომავალში ისინი გახდნენ ცნობილი, როგორც კილ’ჯაედენ ცბიერი(Kil’jaeden the Deceiver) და არქიმონდ გამხრწნელი(Archimonde the Defiler). პირველს დაევალა მთელს სამყაროში ეძებნა არსებები, რომლებიც მზად იქნებოდნენ სარგერასის სამსახურისთვის, ხოლო მეორეს კი დაევალა უშუალო ხელმძღვანელობა სარგერასის არმიებისა და მათი წარმართვა ტიტანების მომხრეთა წინააღმდეგ.

კილ’ჯაედენის პირველი ნაბიჯი იყო შიშის მბრძანებლების – დრედლორდების დამორჩილება. ეს დემონები მის პირად ჯაშუშებად იქცნენ და ბედნიერნი იყვნენ, როდესაც ახალ რასას აღმოაჩენდნენ, რომელის დამორჩილებაც შესაძლებელი იყო მათი ბატონის ნებისადმი. უპირველესი შიშის დემონთა შორის ტიქონდრიუსი გახლდათ, დამაბნელებლად წოდებული. იგი თავის მეფის სრულყოფილ იარაღად გადაიქცა და სარგერასის ცეცხლოვანი ნების მატარებლად მთელს სამყაროში.

თავის მხრივ არქიმონდმაც მოიძია თავისი მსახურნი. ესენი იყვნენ ჭაობთა მბრძანებლებად ცნობილი დემონები (pitlords)და მათი მძვინვარე ბელადი, მანოროტი, დამანგრეველად წოდებული(Mannoroth the Destructor). ისინი იყვნენ არქიმონდის საუკეთესო მებრძოლნი, რომლებზე დაყრდნობითაც სურდა მაცდურ დემონს სიცოცხლის მოსპობა სამყაროში.

და აი, სარგერასი დარწმუნდა, რომ მისი არმიები საბოლოოდ ჩამოყალიბდა და შეიკრა, თითოეული მებრძოლი ურყევად ემორჩილებოდა მის ნებას და ყველაფერი მზად იყო ბრძოლის დასაწყებად. მან ამ ურდოებს ცეცხლოვანი ლეგიონი უწოდა და სამყაროს უსაზღვრო სივრცეებისაკენ დაძრა. ახლაც კი არ არის დანამდვილებით ცნობილი, თუ რამდენი მსოფლიო განადგურდა და დაიფერფლა ამ საზარელი ლაშქრობის შედეგად.

ძველი ღმერთები და აზეროტის მოწესრიგება

სარგერასის გადაწყვეტილების შესახებ კი ტიტანებმა ჯერ არაფერი იცოდნენ და მშვიდად აგრძელებდნენ თავიანთ მარადიულ შრომას. გადადიოდნენ ერთი მსოფლიოდან მეორეში, მიჰქონდათ ნათელი და წესრიგი ქაოსითა და წყვდიადით მოცულ მხარეებში. და აი, ერთხელაც, მათ გზაზე აღმოჩნდა პატარა, არაფრით გამორჩეული მსოფლიო, რომელსაც მისი მცხოვრებლები მომავალში აზეროტს დაარქმევენ. ადგილობრივ ძალებს ტიტანთა გამოჩენა დიდად არ გახარებიათ. ისინი მტრულად იყვნენ განწყობილნი მოსულთა მიმართ და ეთაყვანებოდნენ ბოროტ არსებებს, რომელთაც ჩვენ ძველი ღმერთების სახელით ვიცნობთ. მათ დაიფიცეს, რომ უკუაგდებდნენ ტიტანებს და დაიცავდნენ თავიანთ მხარეს დამპყრობელთა ლითონური შეხებისაგან.

ძველი ღმერთების ბოროტება მიუღებელი იყო პანთეონისათვის და მან დაუყოვნებლივ გამოუცხადა ომი ადგილობრივებსა და მათ ბნელ მბრძანებლებს. ძველმა ღმერთებმაც არ დაახანეს და თავიანთი არმიები დაძრეს მოსულთა წინააღმდეგ. აზეროტელებს უძლიერესი ბელადები, ელემენტთა მბრძანებლები – რაგნაროსი, ტერაზანი, ალ’აკირი და ნეპტულონი მიუძღოდნენ. ქაოსის ძალები აღიმართნენ ველებზე და ტიტანთა ძლიერებას შეერკინნენ. მიუხედავად მთელი თავისი ძალოვანებისა, ძველი ღმერთები უძლურნი იყვნენ ყოვლისშემძლე მომხდურთა წინაშე. ზედიზედ ეცემოდნენ აზეროტელთა წინამძღოლნი და ტიტანებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს.

პანთეონელებმა დააქციეს ძველი ღმერთების ციხესიმაგრეები და ოთხი ბოროტი ღვთაება მსოფლიოდან მოშორებით მიაჯაჭვეს. მეთაურთა გარეშე დარჩენილი ელემენტთა მბრძანებლები უფსკრულებში ჩაამწყვდიეს სადაც მათ სამარადჟამოდ უწერიათ ერთმანეთთან ბრძოლა. ამის შემდეგ აზეროტის ბუნება დამშვიდდა და მსოფლიოში ჰარმონიამ დაისადგურა. ტიტანებმა გადაწყვიტეს, რომ საშიშროებამ იკლო და საქმეს შეუდგნენ.

ტიტანებმა რამდენიმე რასა შექმნეს, რომლებსაც მათთვის დახმარება უნდა გაეწიათ აზეროტის მშენებლობაში. მიწისქვეშა მღვიმეებისა და გამოქვაბულებში დამხმარეებად, მაგიური ქვებისაგან, შექმნეს დვორფების რასა. ზღვების მეთვალყურეებად უზარმაზარი, მაგრამ კეთილი ზღვის გოლიათები შექმნეს. მრავალი წლის მანძილზე ძერწავდნენ და ქმნიდნენ ტიტანები დედამიწას და ბოლოს ერთ სრულყოფილ კონტინენტად შეკრეს იგი, ხოლო გარშემო უკიდეგანო ოკეანე შემოარტყეს. კონტინენტის შუაგულში კი მბრწყინავი და მოციმციმე, ჯადოსნური ძალებით აღსავსე ტბა შექმნეს, რომელსაც მარადისობის ჭა(well of eternity) ეწოდა. იგი გახლდათ სიცოცხლის წყარო ამ მსოფლიოსათვის. მისი ძალა ზრუნავდა მიწის ძვლებზე და ეხმარებოდა სიცოცხლეს ფესვების გადგმაში. მალე ბუნების სიუხვით იყო მოცული მთელი პირველყოფილი კონტინენტი და სილმაზე ყვაოდა ირგვლივ. და როდესაც მათი შრომის ბოლო დღეც მიიწურა, ტიტანებმა ამ კონტინენტს “კალიმდორი”, ანუ ვარსკვლავთა მარადიული ნათების მიწა უწოდეს.

დრაკონთა წვევა

დარწმუნდნენ რა, რომ აზეროტი მოწესრიგდა, ტიტანები მის დასატოვებლად მოემზადნენ, თუმცა წასვლამდე გადაწყვიტეს შეექმნათ მცველები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაიცავდნენ აზეროტს მტრული ძალების შემოტევისაგან. იმ დროს კალიმდორში მრავალი დრაკონი ბინადრობდა. სწორედ მათ მიმართეს ტიტანებმა და გამოარჩიეს ხუთი უმძლავრესი და უკეთილშობილესი მათ შორის, რომლებიც წინამძღოლობდნენ დანარჩენებს. სწორედ მათ დააკისრეს თვალყურის დევნება ახალგაზრდა მსოფლიოსათვის. პანთეონის უდიადესმა წევრებმა თავიანთი ძალის ნაწილი გაიღეს და ამ დრაკონებს უბოძეს, რომელთაც ამიერიდან ხუთი არსი, დრაკონი არსები ეწოდათ.

ამან’თულმა, პანთეონის უხუცესმა, თავისი კოსმიური ძლიერების სული ბრინჯაოს მძლავრ დრაკონს, ნოზდორმუს შთაბერა. უხუცესმა დააკისრა ნოზდორმუს დროის მსვლელობის მართვა და ბედისწერის ბილიკებისათვის თვალყურის მიდევნება. მტკიცე და სახელოვანი ნოზდორმუ ამიერიდან მარადიულად იწოდა.

ხაზ’გოროთმა, სამყაროთა მძერწავმა, საკუთარი ძალის ნაწილი შავ დრაკონს – ნელთარიონს( მომავალში ცნობილს, როგორც დესვინგი [deathwing]) გადაულოცა და იგი მიწის მცველის ძალით დააჯილდოვა.

ეონარმა, ყოველივე ცოცხალის მბრძანებელმა ტიტანებს შორის, თავის ძალის ნაპერწკლები წითელ ბუმბერაზს, ალექსტრაზას უბოძა, რომელსაც იმ წუთიდან სიცოცხლის მცველად იცნობს აზეროტი. მას დაეკისრა ზრუნვა ყოველივე ცოცხალზე ამ მსოფლიოში. თავისი სიბრძნისა და უსაზღვრო გულმოწყალების გამო ალექსტრაზა დრაკონთა დედოფლად იქნა აღიარებული და მიენიჭა ძალაუფლება თავის მსგავსთა შორის.

ეონარმა აგრეთვე ალექსტრაზას უმცროსი და, მწვანე დრაკონი ისერა აკურთხა და ბუნებაზე ზემოქმედების უნარი მისცა. ისერა მარადიულ ძილს მიეცა და სამუდამოდ ჩაიძირა ქმნის სიზმრებში. მას სწორედ ასე, სიზმრების მხედავი ეწოდა და სამუდამოდ დაეკისრა თვალყურის დევნება მსოფლიოში სიცოცხლის ბობოქრობისათვის, ზურმუხტის სიზმრად წოდებული თავისი მწვანე სამეფოდან.

ნორგანონმა, სიბრძნის მცველმა ტიტანმა და უპირველესმა ჯადოსანმა სამყაროში, ლურჯი დრაკონი, მალიგოსი ამოარჩია და აკურთხა ძლევამოსილებით. და დაევალა მალიგოსს მაგიურ ძალთა მართვა და დაფარულ სიბრძნეთა დაცვა. და მას ამიერიდან ჯადომხილავი ეწოდა.

წყარო ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close