არქივი

ლავრენტი ბერია და მისი საქმეები

a086c046c129

       რა თქმა უნდა მე ამ პოსტში ამომწურავ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით და ეს ალბათ გარკვეულ წილად  დედამიწაძე ბევრ ადამიანსაც არ შეუძლია,რდგან დღესაც  რუსეთის შშს უარს აცხადებს მის საქმეს მოხსნას სრულიად საიდუმლოს გრიფი და ისტორიკობს მისცეს სრულფასოვანი კვლევის ჩასატარებლად!ეს ინფორმაცია ზღვაში წვეთია იმასათან შედარებით რაც რაც სინამდვილეში გააკეთა ამ ადამიანმა, მაგრამ საკმარისია რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას მის პიროვნებაზე!

ლავრენტი ბერია 1899 წელს სოხუმთან ახლოს, სოფელ მერხეულში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ის ამაყობდა, რომ სასწავლებელში, რომელიც 1915 წელს დაამთავრა, “მეძებარს” ეძახდნენ. საქმე ის არის, რომ სასწავლებელში ხშირად იყო ქურდობის შემთხვევები: მასწავლებლებს ეკარგებოდათ ფული, საქაღალდეები, მოსწავლეებს – სხვადასხვა წვრილმანი ნივთები. ბერია, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, დაკარგულ ნივთებს ყოველთვის პოულობდა. მოგვიანებით მომხდარი შემთხვევის შემდეგ გახმაურდა, რომ “მეძებრის” სამძებრო საქმიანობის წარმატების მიზეზი ის იყო, რომ იგი თავად ქურდობდა.

არქივში შემონახული დოკუმენტის მიხედვით, ბერია ბოლშევიკურ პარტიაში შევიდა 1919 წელს. მისი საბჭოური კარიერა დაიწყო ბაქოში საქმიანობით, სადაც თავბრუდამხვევ “ჩეკისტურ” წარმატებას მიაღწია. იყო ერთდროულად ოთხი – საბჭოთა, მუსავატური, თურქული და ინგლისური დაზვერვის თანამშრომელი. სწორედ ამიტომ მას მოგვიანებით “საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი” უწოდეს. აქვე სათქმელია, რომ ლავრენტი ბერიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე გადამალა თავისი დოსიე მუსავატურ ორგანიზაციაში მოღვაწეობის შესახებ.

მუსავატებთან ბერია დააკავშირა სტუდენტობისდროინდელმა მეგობარმა, ბაქოელმა მირზა ბალამ, რომელიც შემდეგ აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ცნობილი მოღვაწე გახდა. მირზა ბალამ ბერია ბაქოს საქალაქო მილიციის უფროსს მირ-ჯაფარ ბაგიროვს გააცნო. ბაგიროვი ამავე დროს საბჭოთა აგენტიც იყო. პოლიტიკური კარიერის გზაზე ბერია და ბაგიროვი განუყრელი “პარტნიორები” გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ერთი ბრალდების გამო დახვრიტეს.

შსს-ში არსებული მასალებით, ინფორმაციას, რომელსაც ბერია მუსავატური დაზვერვას აწვდიდა, ბაგიროვი წითელი არმიის მე-10 შტაბში გზავნიდა. არმიის შტაბში ყურადღება მიაქციეს, რომ ბაგიროვის არხიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოდიოდა, ამიტომ ბაგიროვს შესთავაზეს ბერიას წმინდა სამხედრო დაზვერვის ხაზით “სპეციალიზაცია”.

ბერიას კარიერის ზენიტისკენ სვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ქართულ ენაზე დაწერა პოლიტიკური ტრაქტატი ბაქოში საბჭოთა სამხედრო დაზვერვის შექმნის თაობაზე, რაც გაუგზავნა ეროვნებათა სახალხო კომისარ სტალინს. მალე ბერია გამოიძახეს ცენტრალური კომიტეტის რეზიდენტ მიქოიანთან. დროთა განმავლობაში ბერიამ მოახერხა სტალინთან პირდაპირ კავშირზე გასვლა და, როგორც საარქივო მასალებშია ნათქვამი, ის სტალინის მნიშვნელოვანი ინფორმატორიც გახდა.

1920 წლის მაისში, წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ, ბერიამ ბაქოს სახელმწიფო პოლიციის სამმართველოს უფროსის, თავისი ძველი მფარველის – ბაგიროვის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1921 წლის იანვარში ბაქოში არსებული ორჯონიკიძის შტაბიდან ბუდუ მდივანმა თანამემამულეებს მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ საქართველოს “გასათავისუფლებლად” წითელი არმიის რიგებში. საზღვარგარეთ მცხოვრებ ათასობით ქართველთაგან მხოლოდ ორმა ათეულმა მისცა თანხმობა. მათ შორის იყო ლავრენტი ბერია.

მოხალისეთა შესაკრებ პუნქტში ბერია “ჩეკას” პოლიციურ ნაწილში ჩარიცხეს. 1921 წლის თებერვლის მიწურულს, როცა დამოუკიდებელი საქართველო დაეცა, პირველი ორგანიზაცია, რომელიც ბოლშევიკებმა “გათავისუფლებულ” საქართველოში შექმნეს, საგანგებო კომისია (“ჩეკა”) იყო, მისი პირველი გამომძიებელი კი ლავრენტი ბერია გახლდათ.

1922 წელს ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად გამგზავრებამდე ჩეკისტების ქეიფზე ბერიამ სტალინის წინაშე განაცხადა: “სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთ!” ბერია მეორე დღესვე “ჩეკას” უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ლავრენტი ბერია მაშინ 23 წლის იყო.

1924 წელს საქართველოში აჯანყების ჩახშობის ოპერაციის ხელმძღვანელი მილიციის სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა – ეს ბერია გახლდათ. მან შეასრულა სტალინისთვის მიცემული პირობა, რისთვისაც საქართველოს მილიციის სამმართველოს უფროსად დანიშნეს და წითელი დროშის ორდენითაც დააჯილდოეს. ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისთანავე კი ბერია ამიერკავკასიის სახელმწიფო მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა. სამმართველოს უფროსი პავლუნოვსკი მთლიანად ემორჩილებოდა თავისი ახალგაზრდა და ენერგიული თანაშემწის ძალაუფლებას, რადგან იცოდა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც სტალინთან წინასწარი მოხსენების გარეშე შედიოდა, ბერია იყო.

ომის დასრულების შემდეგ ლავრენტი ბერია სტალინთან ყველაზე დაახლოებული პირი იყო. როგორც საარქივო მასალებშია ნათქვამი, ის ახორციელებდა სტალინის ყველაზე სასტიკ გადაწყვეტილებებს. ლავრენტი ბერიას სახელთანაა დაკავშირებული ასობით შეკერილი საქმე, რომელსაც ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი შეეწირა.

შსს-ს არქივის დოკუმენტური მასალებით ირკვევა, რომ ლავრენტი ბერიას ბრალდებები წინასწარ ჰქონდა გამზადებული. ყველა იმ ადამიანს, რომლის გზიდან ჩამოშორებაც სურდა, კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ან ტერორისტული აქტის მზადებაში ადანაშაულებდა. დაპატიმრებულთაგან სასურველ აღიარებით ჩვენებებსაც “იღებდა” და ათეულობით ადამიანს სიცოცხლეს ასალმებდა.

ოცდაათიან წლებში მან “შეკერა” ყველაზე სერიოზული ბრალდება, თითქოს სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ მზადდებოდა ტერორისტული აქტი “ტროცკისტების” მიერ. ამ ბრალდებით განხორციელდა რეპრესიების მთელი სერია. “ტროცკისტებად” და “კონტრრევოლუციონერებად” მოინათლნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვა უამრავი უდანაშაულო ადამიანი.

ბერიას დამსახურებით თავი მოიკლა ცეკას ყოფილმა მდივანმა თენგიზ ჟღენტმა. პირადი ანგარიშსწორების მიზნით ლავრენტი ბერიამ თენგიზ ჟღენტი კონტრრევოლუციურ საქმიანობაში დაადანაშაულა და მის დისკრედიტაციას პლენუმებზე ეწეოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ჟღენტი არაერთხელ დაკითხეს, ბოლოს კი მან, სრულიად უდანაშაულომ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა.

“ეს შვიდი თვე ისე მძირავდნენ, მეტი აღარ შემიძლია. თავს ვიკლავ არა დანაშაულის გამო, არამედ იმიტომ, რომ ვეღარ ვუძლებ ამდენ დამცირებას,” – ამ შინაარსის წერილი დატოვა თენგიზ ჟღენტმა.

ბერიას ბრძანებით დააპატიმრეს ჟღენტის მეუღლე და შვილები. დააპატიმრეს პირები, რომლებმაც ჟღენტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ლავრენტი ბერიას სახელს უამრავი ადამიანის პირადი ტრაგედია დაუკავშირდა. მისი მსხვერპლი გახდა თინათინ ჯიქია და მისი ოჯახი. თინათინ ჯიქიას ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ გათხოვებამდე იცნობდა. იგი ბიძაშვილის სახლში გაიცნო, რის შემდეგაც ცდილობდა, დაახლოებოდა მას. ეპატიჟებოდა კინოში, სთავაზობდა სამსახურებრივი ავტომობილით გასეირნებას. თუმცა თინათინ ჯიქია მუდამ თავს არიდებდა ბერიას, რომელიც უკვე დაოჯახებული იყო ნინო გეგეჭკორზე.

1932 წელს თინათინ ჯიქია ცოლად გაჰყვა ვლადიმერ ჯიქიას. ბერია მათ მეზობლად დასახლდა. ის ამ დროს უკვე ცეკას მდივანი იყო. სხვადასხვა მეთოდით არაერთხელ ეცადა ამ ქალთან დაახლოებას, თუმცა უშედეგოდ. საარქივო მასალებში, სხვა ფაქტებთან ერთად, მოყოლილია შემთხვევა, თუ როგორ დაუჩოქა ცნობილმა ტირანმა ქალს, რომელიც უყვარდა და რომლის გულიც ვერ მოიგო.

1936 წლის შემოდგომაზე თინათინ ჯიქიას ქმარი – ვლადიმერ ჯიქია დააპატიმრეს. რამდენიმე დღეში ცეკადან თინათინ ჯიქიას დაურეკეს და ბერიასთან დაიბარეს. ბერია ცდილობდა, დაერწმუნებინა ქალი, რომ მისი მეუღლე სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერია, რაც ქალმა გააპროტესტა და ბერიას ქმართან შეხვედრის უფლება სთხოვა. თინათინ ჯიქიას მეუღლის ნახვის უფლება მისცეს.

“ამ ბრალდებით, დიდი-დიდი, სამი წელი ვიყო დაკავებული და არავითარ შემთხვევაში არაფერი სთხოვო ბერიას,” – ურჩევს ქმარი მეუღლეს. თინათინ ჯიქიამ მხოლოდ რამდენჯერმე მოასწრო ციხეში ამანათის შეგზავნა. ივლისში კი შეატყობინეს, ამანათს ნუღარ გზავნით, ჯიქია გადაყვანილია.

1937 წელს თინათინ ჯიქიაც დააპატიმრეს, როგორც ხალხის მტრის – ვლადიმერ ჯიქიას მეუღლე და საქართველოდან გადაასახლეს. სამი წლის შემდეგ თინათინ ჯიქიამ შეწყალება ითხოვა და წერილი ბერიას სახელზე გაგზავნა.

1940 წელს თინათინ ჯიქია სამშობლოში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ ის მოსკოვში, ბერიასთან დაიბარეს. ბერიამ მას გერმანიის წინააღმდეგ აგენტობა შესთავაზა. “თუ კარგად გაართმევ თავს დავალებას, ქმრის შესახებ ყველაფერს გიამბობ,” – ასეთი იყო პირობა. თინათინ ჯიქია დათანხმდა და ბერიას აგენტურულ საქმიანობაში ჩაება.

ომის დასრულების შემდეგ თინათინ ჯიქია კვლავ შეხვდა ბერიას, რომელმაც ხუმრობით უთხრა: “შენი დახმარებით გერმანიას ომი მოვუგეთ”. როცა თინათინ ჯიქია მეუღლის ბედით დაინტერესდა, პასუხად მიიღო: “ვლადიმერ ჯიქია, როგორც სამშობლოს მოღალატე, დახვრიტეს”. და მიიღო შეთავაზებაც – რუს გენერალს გაჰყვეს ცოლად, რაზეც ბერიამ კატეგორიული უარი მიიღო.

მასობრივი რეპრესიების განმახორციელებელი ლავრენტი ბერია 1953 წლის ივნისში დააპატიმრეს. მას ბრალად წაუყენეს სამშობლოს ღალატი, ჯაშუშობა, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ინტრიგანობა და საქმეების შეთითხვნა. ბერიას საქმეს მარშალი კონიევი ხელმძღვანელობდა. დაპატიმრების დღიდან ლავრენტი ბერია მოსკოვის სამხედრო შტაბში იმყოფებოდა და მისი პროცესიც იქ მიმდინარეობდა.

თინათინ ჯიქია ერთ-ერთი მოწმე იყო. მან სასამართლოზე ბერიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

სასამართლოს დაწყების პირველ დღეს, როცა მსჯავრდებული სასამართლო დარბაზში

შეიყვანეს, სასამართლოს ის თავს გიჟად აჩვენებდა, ხელ-ფეხს იქნევდა და როცა მის დაწყნარებას ცდილობდნენ, ბადრაგს შარვალზე ღილებს აგლეჯდა. მთელი სასამართლო პროცესის დროს, როცა მოწმეთა მოსმენა მიმდინარეობდა, ბერია თავჩაღუნული იჯდა და თავის ქნევით ადასტურებდა მათ ჩვენებებს. ლავრენტი ბერიას არც მაშინ აუწევია თავი, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. მან მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა:

“მესმის, რომ საშინელი დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ, ამიტომაც, მგონია, სასარგებლო ვიქნები პარტიისა და ხელისუფლებისთვის, რის გამოც ვითხოვ შეწყალებას!”

წყარო: 24saati.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button