ახალი ამბებისასარგებლოსაქართველო

უცნობი ავტოგრაფი

დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფი…

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დავით აღმაშენებლის ახლად აღმოჩენილი ავტოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა. ცნობილი ქართველოლოგის, აკადემიკოს ნიკო მარის არქივის დამუშავებისას, მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ, ნახა, რომ სურათზე ორი ხელნაწერის გვერდია წარმოდგენილი, ერთ ერთ მათგანზე ორსტრიქონიანი დღემდე უცნობი მხედრული მინაწერია. ხელწერა დავით აღმაშენებლისას ჰგავდა.

მინაწერი პროფესორ ვალერი სილოგავას მიერ გამოცემულ ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფებთან იქნა შედარებული და აღმოჩნდა, რომ ხელწერა ნამდვილად მეფე დავითს ეკუთვნოდა. პალეოგრაფმა, პროფესორმა ვალერი სილოგავამ აღნიშნული ორი სტროფი ამოიკითხა და მანვე დაადგინა, რომ მინაწერი დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფია.

ნიკო მარის არქივი კომპანია „ჯეოსელის“ დაფინანსებით, მუზეუმმა გასულ წელს შეიძინა. კოლექცია 50 ფოტოს შეიცავს და 1902 წელს სინას მთაზე ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგებს ასახავს. ეს ფოტოკოლექცია არასოდეს გამოქვეყნებულა და აქედან გამომდინარე, მისი სამუზეუმო მნიშვნელობა განსაკუთრებით ფასეულია, – აცხადებენ მუზეუმში. აღმოჩენა საყურადღებოა, იმ გარემოებების გამო, რომ: დავითის ხელით დაწერილი სტრიქონები საქართველოში მხოლოდ ფოტოასლების სახით მოიპოვება.

შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემულ მეფის 1124 წლის ანდერძი მისივე ხელით დაწერილი პირველი და ბოლო სტრიქონებით მხოლოდ ალექსანდრე როინაშვილის ფოტონეგატივზეა შემორჩენილი. მეფის მეორე ავტოგრაფი ეგვიპტეში, სინას მთის წმიდა ეკატერინეს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ხელნაწერის 265-ე გვერდზეა წარმოდგენილი. ამდენად, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტო განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობისაა. არა არის გამორიცხული, რომ 1902 წელს გადაღებული ხელნაწერების ის გვერდები, სადაც მეფის ავტოგრაფია, დღეს დაკარგული იყოს, რადგან სინას მთაზე არაერთგზის მოწყობილი ექსპედიციის ანგარიშებში იგი არ ჩანს. ამ შემთხვევაში ფოტო ორიგინალის მნიშვნელობას იძენს. უახლოეს მომავალში პროფესორ ვალერი სილოგავას ხელმძღვანელობით და კომპანია „ჯეოსელის” დაფინანსებით, სინას მთაზე მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყობა.

წყარო sciencelib.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close