ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 7 (ნაწილი 5)

debdb4031fc2

სამი ღამე იარეს. დიახ, ღამე, რადგან სამი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ბნელოდა და ციოდა. ჰოდა, აბა, ღამე მეტი რა არის _ სიბნელე და სიცივეა. პაპას ხელში ის რუკა ეჭირა, რომელიც ბარონმა მიუნჰაუზენმა დაუტოვა და ხან თვითონ ჩაჰკირკიტებდა ხოლმე და ხანაც ნაცარას სთხოვდა, წვრილი
ხაზებით აჭრელებულ დეტალებში გარკვეულიყო, რადგან, თავად, უკვე, თვალს აკლდა.

ნაცარაც გამოართმევდა ხოლმე და დიდი მცოდნესავით დააკვირდებოდა რუკას, მერე თვითონაც ვერ არკვევდა და ახლა წითელქუდას ჯერი დგებოდა, რომელიც დახედავდა ნახაზებს, ხელს რომელიმე მხარეს გაიშვერდა და ისინიც უხმოდ მიჰყვებოდნენ იმ გზას. საინტერესო იყო, რატომ არ თენდებოდა.

სიმართლე ითქვას, მაძიებელთათვის, ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონია, მაგრამ მაინც, გულის
სიღრმეში, ოთხივეს აწვალებდა ეს შეკითხვა. ერთხელ პუტომ ჰკითხა კიდეც პაპას, რატომ არ
თენდებაო. პაპამ კი მოკლედ მიუგო, არის დედამიწაზე ისეთი ადგილები, სადაც მუდამ ღამეა და აქ
საშიში არაფერიაო.
საშიში მართლაც არაფერი იყო – ბნელოდა და მორჩა. სიბნელე ხომ არც ისე მავნებელია. პირიქით,
ზოგჯერ სასიამოვნოც არის ხოლმე და სამი დღის სიბნელემ, შეიძლება ითქვას, სწორედ იმოქმედა
ჩვენს მოგზაურებზე, თითქოს დამშვიდდნენ და ერთმანეთის მოსმენაც ისწავლეს, მიუხედავად იმისა,
რომ მათ არც არასდროს ჰქონიათ ამის პრობლემა. გარშემო ისეთი სიმშვიდე იყო, ნაცარას ცხენზე
რამდენჯერმე ჩაეძინა კიდეც, რასაც პაპას აღშფოთებაც მოჰყვა. ამის შემდეგ, ნაცარქექიას თვალიც
არ მოუხუჭავს. წითელქუდასაც გაუარა სევდამ. რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, ამდენი ხნის
ღამის მოგზაურობის შემდეგ, მათ ერთი მგლის ყმუილიც კი არ გაუგონიათ; აღარაფერს ვამბობ, თავად
ცხოველის დანახვაზე. მესამე ოცდაოთხი საათი რომ შესრულდა, პაპამ თქვა, დავისვენოთო. ჰოდა,
ჩამოსხდნენ კიდეც დასასვენებლად. სიცივე იყო, ისეთი სიცივე, ძვალსა და რბილში ატანდა. პაპამ
თქვა, რომ შინაგანად, ჯადოსნური ტყის სიახლოვეს გრძნობდა. ამ ამბავმა პუტო ისე გაახალისა,
როგორც ერთ დროს, პატარა ბავშვები რომ ხალისდებოდნენ, თოვლის პაპას დანახვაზე. მერე
ცქმუტვა დაიწყო, როდის მივალთ ტყეში, როდის შევალთ შიგნით და რაღაც ასეთ კითხვებს სვამდა.
პაპამ ბოლოს უთხრა, სიახლოვის გრძნობა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად შევიდოდნენ
ამ ტყეში. ადვილი შესაძლებელი იყო, რომ საერთოდაც გვერდი აევლოთ მისთვის და ისე
გაეგრძელებინათ გზა, რადგან პაპამ თქვა:
_ არ არსებობს ჯადოსნური ტყე, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. თანაც, უკვე ვგრძნობ, როგორ
იზღუდება ჩემი ჯადოქრობა. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ სადღაც, ახლოს, ჯადოსნური ტყეა,
რომელსაც თავისი პატრონი ჰყავს. _ ყველამ კარგად მოისმინა ეს სიტყვები.
წითელქუდა ოდნავ შეაშინა კიდეც იმან, რომ პაპას ჯადოქრობის უნარი ეზღუდებოდა, მაგრამ
არ შეუმჩნევია. ის ხომ არასდროს იმჩნევდა ასეთ რაღაცეებს. ამ ადგილას, დაახლოებით, ოთხი
საათი დაისვენეს. პაპამ რაღაც ჯადოსნური სიტყვების დახმარებით ცეცხლი დაანთო და ყველანი
კოცონს მოუსხდნენ. ჩაძინების შემდეგ, ისეთი რაღაც დაემართათ, რომ ახლა გადაწყვიტეს, ჯერ
სამს დაეძინა და ერთს ეყარაულა; მერე იმ ერთს დაეძინა და იმ სამიდან ერთ-ერთს ეფხიზლა. ახლა
გადასაწყვეტი იყო, ვინ უნდა ყოფილიყო ის ერთი. წითელქუდა არა, რადგან გოგო იყო და თანაც
ნაცარა ამას არ დაუშვებდა. პუტო ისედაც პირველი იყო, ვისაც უნდა ედარაჯა. პაპა მოხუცი იყო.
ასე რომ, დარჩა ნაცარა, რომელსაც სიკვდილივით ეზარებოდა უძილობა, მაგრამ სხვა გზა არ
ჰქონდა. ამიტომ გადაწყდა: ჯერ პუტოს უნდა ეფხიზლა, ხოლო შემდეგ ნაცარას. თითოს ორ-ორი
საათი გამოსდიოდა ძილი, ხოლო პაპასა და წითელქუდას – ოთხ-ოთხი. ასეც მოიქცნენ: სამივემ
დაიძინა და დარჩა მარტო პუტინი, რომელიც მათი კარვის კართან იჯდა და ცას უყურებდა. ცა
ძალიან ლამაზი გახლდათ. მასზე, უამრავ ვარსკვლავს მოეყარა თავი. ამდენი ვარსკვლავი პუტოს
არსად ენახა; ხოლო მთვარე, რომელიც ახლა, მეტისმეტად ყავისფერი იყო, ღამის ცის სილამაზეს
აგვირგვინებდა. პუტომ დიდხანს უყურა ცას და მხოლოდ ახლა იგრძნო ცხადად, რომ დედამიწა
მრგვალია და მას ზეცა გარშემო აკრავს. ეს გრძნობა რაღაც უცნაურად დაეუფლა. მიხვდა, რომ
ასეთივე ცა იყო ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყე სხვა ქვეყნებისგან
შორს იყო, პუტოს ეგონა, რომ ახლა რომელ ქვეყანაშიც ისურვებდა, იქ შეეძლო მოხვედრილიყო.
ადრე რომ ასეთ ადგილას მარტო დაეტოვებინათ ან, თუნდაც, აი, ზუსტად ასეთივე სიტუაცია
ყოფილიყო, მას შიშისგან გული გაუსკდებოდა და ალბათ არ დათანხმდებოდა მეგობრებს, რომ
მათთვის ეყარაულა. თუმცა ადრე მეგობრებიც არ ჰყავდა და ახლა, იგი იმაზე დაფიქრდა, თუ რა
ძვირფასი იყო მისთვის სამივე: ნაცარა, წითელქუდა და თოვლის პაპა. ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ
ძნელია მეგობრების გარეშე ცხოვრება და უკვირდა კიდეც, თუ ამდენ ხანს როგორ ცხოვრობდა
უსიყვარულოდ. თუმცა მას ხომ არასდროს არ მისცემია იმის შესაძლებლობა, რომ ვინმე
ჰყვარებოდა. ის ერთხელ შეცდა და ის შეცდომა არ აპატიეს. სინამდვილეში სურვილიც კი არ
გასჩენიათ პატიების. უბრალოდ, ვერ ხვდებოდა, თუ რა დააშავა მაშინ,
როდესაც ქარხნის დირექტორს…
მძიმე იყო ეს მოგონებები… ახლა, მართალია, ხვდებოდა, რომ ძალიან
ბევრი დააშავა, მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო. საერთოდ, უცნაურია –
ადამიანები მაშინ ხვდებიან, როდესაც ძალიან გვიანია. ნეტავ რატომ არის
ასე? არა, ეს შეკითხვა აუცილებლად უნდა დაესვა პაპასთვის, რომელიც
ბოლომდე აუხსნიდა ყველაფერს _ დაწვრილებით, ყოველგვარი
დანანების გარეშე. მერე, ნაცარა, რაღაც სისულელეს იტყოდა და
გაიცინებდა. შემდეგ მას წითელქუდა დასცინებდა და ამას მათი
წაჩხუბება მოჰყვებოდა. ბოლოს _ შერიგება და პაპას დარიგება. ძალიან
უყვარდა პუტოს თავის მეგობრები, ძალიან. წინათ ეგონა, რომ ყველა
დასცინოდა, სულ ფიქრობდა, რომ ყველამ იცოდა მისი ცოდვის შესახებ, ამიტომ ყველა დასცინოდა
და აბუჩად იგდებდა, ყველა მის გაკიცხვასა და განკითხვას ცდილობდა. ამიტომ ერიდებოდა ხალხს.
არა, უფრო სწორად, მათ მიმართ, იმდენად მძაფრი ზიზღის გრძნობა ჰქონდა, რომ ნებისმიერი
საუბრის დროს, როცა რომელიმე ადამიანზე სხვა ადამიანების მსჯელობას ისმენდა, გული ერეოდა.
ამ გულის რევას ვერაფრით იკავებდა. ზუსტად ახსოვს, რატომ მოუვიდა ეს. მის უკანა მაგიდაზე
გოგოები ისხდნენ, რომლებიც ვიღაც ბიჭზე საუბრობდნენ. ალბათ რომელიმეს ყოფილი
შეყვარებული იყო, რადგან საქმე ინტიმურ დეტალებს შეეხო და ამ გოგოებმა ყველაფერზე
იჭორავეს, რაზეც კი შეიძლებოდა.
პუტომ რომ მოისმინა, მიხვდა, ბიჭი კარგი ადამიანი იყო. ამას გოგოებიც ხვდებოდნენ, თუმცა
ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ილაპარაკეს მანამ, სანამ რაღაც ცუდი არ გამოუძებნეს. სექსის დროს,
ბიჭს, თურმე, ტირილი უყვარდა და ამაზე გოგოებმა გულიანად იხარხარეს. სწორედ ხარხარის ფონზე
აუტყდა გულისრევა პუტინს. საინტერესოა, რას იზამდა, ახლა რომ იგივე სიტუაციაში მოხვედრილიყო.
ალბათ გოგოებს მიუტრიალდებოდა და ეტყოდა: გეყოფათ, ბოზებო, სხვის სისუსტეებზე სიცილიო
და დარწმუნებული იყო, რომ გოგონებსაც შეეშინდებოდათ და გაჩერდებოდნენ.
მოკლედ, ამ ლამაზი ცის ყურებისას, ცისფერთვალება, მიხვდა, რომ იგი მთლიანად შეიცვალა
და მის გარდაქმნაში, უდიდესი წვლილი მისმა მეგობრებმა შეიტანეს. ახლა ისინი სიცოცხლეზე
მეტად უყვარდა და მზად იყო ნებისმიერ საქმეზე წასულიყო მათი გულისათვის. ამ ფიქრებში პუტინს
ჩაეძინა. დიახ, იმ მეგობრების სადარაჯოზე, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. როცა თვალი გაახილა,
უკვე ოთხი საათი იყო გასული, არც ნაცარა გაუღვიძებია, რადგან ეძინა და აბა, როგორ გააღვიძებდა.
ჯერ საათს დახედა, ცოტა ხანს უყურა და რომ გაიაზრა, რაც მოხდა, სასწრაფოდ წამოვარდა ფეხზე,
აქეთ-იქით გაიხედა, ფეხებზე დაიხედა, შეკოჭილი ხომ არ ვარო. მერე კარავი გახსნა, სამივენი იქ
იყვნენ და დამშვიდდა, რომ მის შეცდომას ცუდი არაფერი არ მოჰყოლია. ცოტა ხანს, ისევ თავის
ადგილას ჩამოჯდა, ჯერ სახეზე, შემდეგ კი ტასაცმელზე მოისვა ხელი და იგრძნო, რომ დაუსველდა.
ზედ დაიხედა და დაინახა, დათოვლილი იყო. მხოლოდ ახლაღა აიხედა ზემოთ, თვალი მიმოავლო
იქაურობას და გაოცდა. გასაოგნებელია, ოთხ საათში როგორ გაჩნდა ამ ადგილას ამდენი თოვლი!
ნაძვის ხეები, რომლებიც მის პირდაპირ იდგნენ, მთლიანად დაეფარა თოვლს ტანსაცმელი სულ სველი
ჰქონდა, ალბათ ცეცხლმა გადაარჩინა, რადგან დაყრილ ფანტელებს ადნობდა, თორემ სადაც ნაძვები
დაიფარნენ, ისიც გაიგუდებოდა. ძალიან სველი იყო და აუცილებლად გაცივდებოდა, რადგან არც
ისეთი ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა. ცოტა ხანს, დაბნეულობისაგან არ იცოდა, რა ექნა, იდგა და არ
ინძრეოდა. მერე მიხვდა, რომ პირველი რიგში, პაპასთვის უნდა შეეტყობინებინა მომხდარი და კარავში
ჩუმად შევიდა. არ უნდოდა, დანარჩენები გაეღვიძებინა.
_ პაპა! _ ჩურჩულით დაუძახა.
პაპას ღრმად ეძინა, რადგან ძალიან დაღლილი იყო. ამიტომაც პუტოს მეორედ დაძახებაც მოუხდა.
_ პაპა, _ ახლა უფრო ხმამაღლა, მაგრამ ვერც ახლა გააგონა. _ მესამე ცდაზე პუტომ უკვე
ხელიც დაიხმარა და პაპას გამოეღვიძა. თვალები სწრაფად და ფართოდ გაახილა. ცოტა ხანს პუტოს
უყურა. დაინახა, წვეთები წურწურით რომ ჩამოსდიოდა სახეზე. წამოდგა და გარეთ გაიხედა: ღამე
იყო ისევ, თუმცა ძალიან ნათელი. დააკვირდა და თოვლიც დაინახა. მერე ისევ პუტოს შეხედა, მერე
ნაცარას დახედა. ეს უკანასკნელი ისე იყო წითელქუდასთან ახლართულ-დახლართული, რომ ვერ
გაარკვევდი, სად იყო თავი და სად _ ბოლო. პაპამ ცოტა ხანს მაინც შეაჩერა მზერა მათზე. ალბათ,
შეეცადა გაეგო, რომელი რომელიაო, მაგრამ, როგორც ვთქვი _ უშედეგოდ.
_ როდის გათოვდა? _ არც ისე მკაცრად ჰკითხა.
_ აღარ მახსოვს. _ პუტო დაბნეული იყო. არ იცოდა, რა ეპასუხა.
_ რა არ გახსოვს, გარეთ არ იჯექი?
_ კი, მაგრამ ჩამეძინა. _ და თავი დაბლა დახარა.
_ და ესეც ვერ გააღვიძე, ხომ? _ ნაცარას და წითელქუდას ერთად დახედა. ამ შემთხვევაში, ამ
ორში ერთი იგულისხმებოდა.
_ ვერა, უცბად დამეძინა.
_ ბიჭო, უცბად სიკვდილი გამიგონია მე, დაძინება კი არა! _ ეს ფრაზა პაპამ ზუსტად ისე თქვა,
როგორც ნოდარ დუმბაძის გმირები ამბობენ ხოლმე.
_ რა ვქნა, დამეძინა, ვფიქრობდი და დამეძინა. _ თავი გაიმართლა.
პაპა ნელ-ნელა გავიდა გარეთ. უკვე ისეთი სიცივე არ იყო, მაგრამ თოვლი საკმაოდ იდო ყველგან.
ის ბილიკი, რომლითაც მოდიოდნენ, საერთოდ აღარ ჩანდა. ამიტომ ახლა უფრო გაჭირდებოდა
ნახაზების გარკვევა. კარგი მხოლოდ ის იყო, რომ აღარ თოვდა.
_ დიდი ხანია გადაიღო თოვამ? _ შეეკითხა ისევ.
_ არც ეგ ვიცი, _ პუტომ ზუსტად იმდენივე იცოდა, რამდენიც მან. პაპამ ახლა პუტოს შეხედა.
ტანსაცმელზე ხელი დაადო:
_ გაცივდები. _ ისევ კარავში შევიდა, თავისი ჩანთიდან რაღაც ტანსაცმელი ამოაძვრინა და
პუტოს მისცა. _ ჰა, ჩაიცვი! _ მერე ნაცარას და წითელქუდას ნაერთს მიუბრუნდა. _ ნაცარა! ადე
ფეხზე! _ ისე დაიღრიალა, რომ ნაცარა ამ ქაოსიდან სწრაფად გამოცალკევდა, იარაღი ამოიღო და
პაპას დაუმიზნა. პაპამ ცოტა ხანს უყურა. ახალგამოღვიძებული მხოლოდ სილუეტებს არჩევდა, თანაც
გარედან შუქი შემოდიოდა და პირდაპირ თვალებში ურტყამდა.
_ ესღა მაკლდა, რა! ჩაწიე, ბიჭო, ეგ საშინელება და აეთრიე, ცუდად არის საქმე. _ ნაცარამ რომ
გაიგო პაპას ხმა, იარაღი დაუშვა და ისევ მიწვა. წითელქუდაც მოდუნდა, რომელიც ასევე პაპას
ყვირილმა გამოაღვიძა. მერე ისევ წამოიწია. ახლა პუტოს შეხედა, რომელიც სრულიად სველი იდგა,
მაგრამ ამას ნაცარა ვერ ამჩნევდა.
_ რატო არ გამაღვიძე? _ ჰკითხა და თან დაამთქნარა.
_ მეც დამეძინა და იმიტომ. _ პუტომ ტანსაცმელი პაპას ლოგინზე დაყარა. ეს სიტყვებო რომ
გაიგო, ნაცარამ მთქნარება შეწყვიტა:
_ გაგიჟდი, შე ჩემა? _ უთხრა უაზროდ. _ გარეთ რა ანათებს, გათენდა? _ თან წითელქუდას
თმებში ჩარგო თავი.
_ არა, მოთოვა _ და დაყრილ ტანსაცმელს გვერდით მიუჯდა. ნაცარამ და წითელქუდამ ერთად
წამოყვეს თავები
_ მოთოვააა?!!!! _ წითელქუდა გაოგნდა.
_ დროზე ადექით ახლა და დააცადეთ ამ კაცს, ჩაიცვას ტანზე, თორემ გაიყინა. ნაცარქექია,
გამოეთრიე გარეთ და მომეხმარე, გამოვიყვანოთ ცხენები თავლიდან, დათოვლილია აქაურობა! _
ეს პაპა იყო, რომელიც გარედან ყვიროდა და თან კარვის თავლას ასუფთავებდა. იქიდან ცხენების
ჭიხვინი ისმოდა.
_ ხოო, გამოვდივარ! _ ნაცარა წამოდგა. _ ადე, შენც გამოდი, ჩაიცვას ამან.
_ ოო, მე ვიქნები რა, გადავბრუნდები და არ შევხედავ. _ წითელქუდას გულით ეზარებოდა
ადგომა.
_ ადე-მეთქი! _ თან ველვეტის კურტკას დაუწყო ძებნა.
_ ვიქნები რა. აი, გადავბრუნდები და მორჩა. გამოიცვლის ეგეც ხუთ წამში, რა იყო! _ წუწუნებდა.
_ ისე, თუ გინდა, ნუ გადაბრუნდები, უყურე. მე რა, საერთოდ არ მეწყინება. პირიქით,
სასიამოვნოც არის, როცა შენი შეყვარებული, _ და ამ მონოლოგს კიდევ გააგრძელებდა, რომ არა
ისევ წითელქუდა:
_ კაი, ჰოო, კაი, ავდგები. რა იყო რა, ვააა! ვინ არის რა, ეს კაცი?! _ ხმაშივე სიცილი ეტყობოდა.
_ რამდენი წელია ჩემი შეყვარებული ხარ და ახლა კითხულობ ვინ ვარ, არა? ისე კაია, რა ჯობია
მაგას! იკითხე, იქნებ ვინმემ გიპასუხოს, ვინ ვარ, ბევრი მიცნობს…
_ ბიჭოოო!!! ჩაიგდე ენაა და გამოეთრიე, გაიყინენ ცხენები! _ დაიყვირა პაპამ.
_ მერე, მე რას მეძახი, აგერ, ამის ბრალი იყო და ეს გაიყვანე, ჩამომიჯდა აქ ყარამან ყანთელივით!!
_ პუტოზე თქვა. _ ვაა, არ შეჭამეს გული?! თქვენ შეკრულები ხომ არ ხართ, ტო?! გამოვალ, რა!! რა
კენჭის გავლა დაგემართა! _ ეს ხმადაბლა თქვა, ისე, რომ პაპას არ გაეგო.
_ აი, ახლა ვეტყვი, _ წითელქუდა მარდად წამოხტა.
_ ენას ამოგგლეჯ! _ თქვა ნაცარამ და კარვიდან გავიდა. წითელქუდა წამოხტა და მარდად გაჰყვა.
_ ზმეიკა ავწიო? _ ჰკითხა პუტოს
_ არა, იყოს, მაინც არავინ შემოიხედავს.
დაახლოებით ნახევარი საათი მოუნდნენ თავლიდან ცხენების გამოყვანას. პაპა მიხვდა, რომ ამ
ადგილის ჯადოქარმა უკვე ძალიან გააძლიერა თავისი გავლენა, რადგან მას ძალა ეცლებოდა და
თანაც, დიდი ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებდა. რაღაცების გაკეთება შეეძლო, მაგრამ ამ
შემთხვევაში დიდ ძალას დაკარგავდა. ძალა კი, შეიძლება ძალიან ბევრ რამეში დასჭირვებოდა. მათ
ხომ არ იცოდნენ, რა ელოდათ წინ.
ცხენები რომ გამოიყვანეს, წითელქუდას ვარდისფერი უკვე კვდებოდა – ბეწვზე მიუსწრეს და
ნაცარა მოახტა, ჯერ ნელ-ნელა სიარულით, მერე კი ჭენებით გაახურა რაღაც ჯადოსნური სიტყვებით
პაპას მიერ გაკვალულ გზაზე. პუტოს უკვე გამოეცვალა და მზად იყო გზის გასაგრძელებლად.
ღამე კი ისევ ღამედ რჩებოდა, მხოლოდ, ერთი განსხვავებით. თუ წინათ, სანამ თოვლი მოვიდოდა,
არც ერთი ცხოველი თუ ფრინველი არ უნახავთ, ახლა ხის ტოტები სავსე იყო ბუებით. პაპამ შეხედა
და თქვა, ჯადოსნური ტყე ძალიან ახლოს არისო. ბუები ყველგან იყვნენ, თვალები გახელილი ჰქოდათ
და ყვითლად ანათებდა. წითელქუდას ძალიან ეშინოდა ასეთი რაღაცების და თავის გადარჩენილ
ცხენზე არც კი დამჯდარა, პირდაპირ ნაცარას თეთრ რაშს მოახტა და წელზე, მაგრად მოხვია ხელები,
შეყვარებულს. პაპამ რუკა გაშალა, დახედა. არცთუ ისე წვრილი ასოებით, პატარა ხაზს ზემოდან
ეწერა, მარიაჩი, ხოლო ხაზს თუ ბოლომდე გაყვებოდით, დაინახავდით, რომ იგი წყდებოდა და ზუსტად
იმ ადგილას, მთავრდებოდა კიდეც ფურცელი. მარიაჩის გზა გრძელი იყო. ძალიან გრძელი არა, მაგრამ
არც მოკლე ეთქმოდა. თუ მიუნჰაუზენის ნათქვამს დავუჯერებდით, სწორედ მარიაჩის გზის ბოლოს
იყო დევის სამეფო. მარიაჩის გავლას კი, დაახლოებით ერთი დღე დასჭირდებოდა; რასაკვირველია,
იმ ტემპის გათვალისწინებით, რომლითაც მიდიოდნენ. ტემპს ვერ მოუმატებდნენ, რადგან თოვლი
საკმაოდ დიდი იყო. მეტიც, სწრაფი სიარულის შემთხვევაში, შეიძლება ცხენებს რამე სტკენოდათ და
მაშინ კი ძალიან ცუდად იქნებოდა საქმე. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მარიაჩის გზა, მთელი თავისი
სილამაზით, გასავლელი იყო და ამას ვერაფერი დაუდგებოდა წინ; რა თქმა უნდა, თავად მგზავრების
სურვილის გარდა, რომელთაც შეეძლოთ უარი ეთქვათ დიდ ფულსა და აღიარებაზე. მაგრამ ეს
წარმოუდგენელი იყო.
ნელა მიდიოდნენ. ძალიან არ ციოდა. საერთოდ, ცნობილია და ალბათ თქვენც იცით, რომ როცა
თოვლი დევს, სიცივეც ნაკლებად იცის. ჰოდა, ზუსტად ასე იყო _ თოვლი იდო და არ ციოდა. ბუები
კი გამალებით დაფრინავდნენ. საოცარია, საიდან გაჩნდნდა ამდენი ბუ ერთად, თითქოს თოვლს
მოყვენენ. მთვარეც მაგრად ანათებდა და თეთრ თოვლზე ხეების ჩრდილები სხვადასხვა ურჩხულის
მსგავს სილუეტებს ხატავდნენ. წითელქუდა ისედაც შეშინებული იყო ბუების სიმრავლით და ახლა,
როცა ხეები რაღაც სილუეტებს ხატავდნენ, ის უფრო და უფრო ეკვროდა ნაცარას. ნაცარა კი, ახლა,
მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ვაითუ მიუნჰაუზენმა მოგვატყუა და სულ სხვა გზით მივდივართო. ისე,
ამაზე თავიდანვე უნდა გვეფიქრა, ახლა გვიანიც კი არისო. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ყოველთვის
ასე ხდება ხოლმე, ცუდი ადამიანები სწორედ იმ დროს გამოჩნდებიან, როდესაც სხვა არჩევანის
საშუალება არ გაქვს. თუმცა, ზუსტად არც ის იცოდა ნაცარამ, ცუდი ადამიანი იყო თუ არა
მიუნჰაუზენი, ან იყო თუ არა საერთოდ, ადამიანი… იქნებ მართლაც სწორი გზის რუკა მისცა და ამ
გზის შემდეგ, ისინი დევის სამეფოში აღმოჩნდებოდნენ. ისე, საერთო ჯამში, ეს უფრო შესაძლებელი
იყო, რადგან მიუნჰაუზენმა თქვა, გაიუსმა გამომგზავნაო. ასეთ ტყუილს როგორ გაბედავდა! იქნებ
მას გაიუსზე მაგარი პატრონი ჰყავს? მაგრამ ეს ამბავი რაღაც დამაჯერებელი არ ჩანდა.
სიმართლესთან ახლოს ის უფრო იყო, რაც მათ ბარონმა უთხრა. განა ასე შეეძლო მას ტყუილის თქმა,
რომ პაპაც კი ვერაფერს მიმხვდარიყო?
არა, ეს შეუძლებელია და ნაცარა დაწყნარდა, თითქოს გულზე მოეშვაო. ახლა იმის იმედი ჰქონდა,
ბარონის ნათქვამი რომ ტყუილი ყოფილიყო, პაპა მას აუცილებლად გამოარკვევდა, რადგან არ
არსებობდა ქვეყნად ისეთი მატყუარა, რომელიც მის გაცურებას მოახერხებდა. თანაც, ირგვლივ ისეთი
სიწყნარე იყო, საფრთხეც თითქოს არსაიდან არ ჩანდა. ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიდიოდა.
დროდადრო, მომრავლებულ ბუებს ღამურებიც შეერივნენ. თავიდან რამდენიმე დაფრინავდა, ბოლოს
კი ისინი ბუებზე მეტი იყვნენ. ყველგან, სადაც არ უნდა გაგეხედათ, რომელი ხის ტოტისთვისაც არ
უნდა შეგეხედათ, თვალებდაჭყეტილ ბუს, ან ხის ტოტზე ფეხებით ჩამოკიდებულ ღამურას
დაინახავდით. წითელქუდა საერთოდ აღარ იყურებოდა აქეთ-იქით – თვალები დაეხუჭა და ნაცარას
გუდავდა. ხანდხან ცალ თვალს გაახელდა ხოლმე და იკითხავდა:
_ წავიდნენ? _ პასუხს არავინ სცემდა. მერე თვითონვე ხედავდა, რომ ისევ იქ იყვნენ და
თვალებს ხუჭავდა.
_ ისე, ამდენნი რატომ არიან, ჰა? _ სიჩუმე დაარღვია თოვლის პაპამ, რომელსაც აოცებდა ის,
რომ თოვლში მისი მაგია შესუსტებულიყო, იმის ნაცვლად, რომ ერთიორად გაძლიერებოდა.
_ მე, რა ვიცი, აბა, პაპა. საერთოდ, ამდენი თოვლი საიდან მოვიდა, ეგ მაინც ვიცოდეთ და
ღამურებს და ბუებს ვინ ჩივის, მაგათ ახლავე დავბრიდავ, თუ გინდათ. _ ეს ნაცარა იყო.
დაბრიდავ რა, ეგ საქმეს არ უშველის. უნდა გავიგოთ, რატომ არიან ამდენნი. _ პაპა ჩაფიქრებული
იყო.
_ იქნებ თავდასხმისთვის ემზადებიან? იქნებ ეს ტყე მაგათია და გაბრაზდნენ, ჩვენ რომ
შემოვედით? _ წითელქუდა თვალდახუჭული ლაპარაკობდა. მერე ხელი “მთვლემარე ანტონიოსკენ”
წაიღო, მაგრად მოკიდა და ასე, საომრად გამზადებული, ცალი ხელით ნაცარას ებღაუჭებოდა.
_ არა, _ თქვა პაპამ. _ ჯადოსნური ტყის მახლობლად, მათ არავინ დაუტოვებდა ტყეს
სათარეშოდ. ეს მათი ტყე არ უნდა იყოს. თანაც, აღნიშნული არ არის, რომ მარიაჩიზე ვინმეს ტყეა. ეს
ყველას ტყეა, აქ სხვა რაღაცაშია საქმე. _ პაპა თან თავის თეთრ წვერზე ისვამდა ხელს და ისე
ლაპარაკობდა. პუტო ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა, რადგან გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ იმ
გაუგებრობაში, რომელშიც ახლა აღმოჩნდნენ, მასაც მიუძღვოდა წვლილი. თუმცა სინამდვილეში
მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო, რომ ეფხიზლა, თოვლი მაინც მოვიდოდა.
დაახლოებით ერთ საათს იარეს კიდევ. ღამურები და ბუები ისევ დაფრინავდნენ გარშემო და ახლა
ყველა ხვდებოდა, რომ საქმე ცუდად იყო. ყველა ერთად დაფიქრდა იმაზე, რომ დიდი ხანია უკვე ღამეა
და არ გათენებულა. წითელქუდას თვალები ფართოდ გაეხილა და თითქოს საბრძოლო მზადყოფნაში
იყო. ყველა რაღაცას ელოდებოდა. მათ წინ მოსახვევი გამოჩნდა და ყველას გული უგრძნობდა, რომ
ამ მოსახვევის იქით იყო ის, რასაც მთელი გზა ელოდნენ. სიმართლე ითქვას, უნდოდათ კიდეც იმ
რაღაცის ნახვა, რადგან საბოლოოდ გაიგებდნენ, თუ რაშია საქმე.
ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხნის სტრესის შემდეგ, დაიღალნენ კიდეც. ნაცარა წითელქუდას
ელაპარაკებოდა რაღაცას, პაპა ჩაფიქრებული იჯდა ცხენზე. ჩაფიქრებული და ოდნავ დამწუხრებული
იყო პუტინიც, რომელიც პაპას გვერდით მიყვებოდა და დროდადრო ისიც ეკითხებოდა რაღაცებს.
ბოლოს, მოსახვევიც გაიარეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მოსახვევს გრძელი გზა მოჰყვა, რომელიც
ისევე დათოვლილი იყო, როგორც დანარჩენი გზა, რომელიც გამოიარეს. უკვე მეტის მოთმენა აღარ
შეიძლებოდა.
_ რა ხდება, ნეტა, აღარ უნდა დამთავრდეს? _ თქვა ნაცარამ, რომელიც ცალკე გრძელმა და
ერთფეროვანმა გზამ დაღალა, ცალკე კიდევ წითელქუდას შიშებმა. _ აღარ უნდა დამთავრდეს? ასე
უნდა ვიაროთ დათოვლილ გზაზე, სიცოცხლის ბოლომდე?! _ ეს კითხვა პაპას მისამართით იყო.
ჰოდა, ადრესატიც მიხვდა:
_ არ ვიცი, შვილო, არ ვიცი, ასეთი რამ მეც არ მინახავს. გავივლით მარიაჩის და მერე ვნახოთ,
იქნებ გვეშველოს რამე. _ პაპა უკვე ზედმეტად ჩაფიქრებული იყო.
_ ეს მარიაჩი კიდევ რამხელა ყოფილა!
_ დიდია, კი, _ დაეთანხმა პუტო.
უეცრად ცხენები ყალყზე შედგნენ. წითელქუდას ცხენმა ფლოქვების ყრა დაიწყო, დანარჩენები
კი უკანა ორ ფეხზე შედგნენ და აჭიხვინდნენ. წითელქუდამ ძლივს შეიკავა თავი, რომ ნაცარას
ცხენიდან არ გადავარდნილიყო. ნაცარას კი თავისი თავის, წითელქუდას და ცხენის დაკავება ერთად
მოუხდა. თუმცა დააკავა. ის ხომ ნამდვილი ვაჟკაცი გახლდათ. პუტომაც და პაპამაც მოახერხეს
ცხენების დამორჩილება და მხოლოდ ახლაღა გაიხედეს წინ, სადაც არაჩვეულებრივი სანახაობა
გადაშლილიყო.
მართალია, ის ადგილი, სადაც ახლა ჩვენი გმირები გაჩერდნენ, საკმაოდ იყო განათებული მთვარის
შუქით; მაგრამ ის გზა, რომელიც ახლა მათ თვალწინ გადაეშალათ, იმდენად იყო გაკაშკაშებული
მთვარის ვერცხლისფერი სინათლით, რომ თვალიც კი მოსჭრა პაპას. ორივე ცაზე მთვარე ჩანდა.
ახლა უკვე კარგად შეიძლებოდა იმის დანახვა, რომ ზემოთ ორი მთვარე იყო – ერთი, რომელიც
გმირებს დანათოდა თავზე; ხოლო მეორე, რომელიც მათ წინ ეკიდა. მის გარშემო ვარსკვლავები არ
ყოფილა; ყოველ შემთხვევაში, არ ჩანდნენ. დათოვლილ გზაზე ნაძვები ამოსულიყვნენ. ნაძვებში
თითქმის განსხვავება არ იყო – აქაც და იქაც, ერთნაირები იდგნენ. ღამურებს იმ მეორე მხარეს ვერ
დაინახავდით, რადგან არ იყვნენ. თუმცა, რომც ყოფილიყვნენ, მთვარის ვერცხლისფერი შუქის
ფონზე, ძალიან გაგიჭირდებოდათ მათი დანახვა ტყეში, სადაც ბილიკი არსად ჩანდა და ნაძვები
სხადასხვა ადგილას თავისთავად ამოსულიყვნენ. აქამდე, თვით პაპასთვისაც, არნახულად ბარდნიდა.
ფანტელები იმდენად მსხვილი იყო, რომ სულ რამდენიმე ფანტელისაგან თავისუფლად შეიძლებოდა
გუნდის გაკეთება. მათი ყურადღება კიდევ ერთმა რამემ მიიპყრო. ეს იყო წითელი შადრევანი,
რომელიც დათოვლილ, მოტიტვლებულ ადგილას გაეკეთებინათ. ახლა პაპა და მისი მეგობრები
არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ.
_ ეს ჯადოსნური ტყეა. _ თქვა პაპამ.
_ მერე რა ვქნათ? _ ჰკითხა პუტომ.
_ უნდა გავიდეთ! _ მკაცრად თქვა ნაცარამ.
_ სხვა გზა არ არის? – ეს წითელქუდა იყო.
_ სხვა გზა არ არის, რადგან აქედან უკვე ეს ტყე იწყება. მარიაჩის გზაზე რომ ჯადოსნური ტყე
იყო, არსად არ არის მითითებული. ნუთუ გაიუსს გამორჩა ამ ტყის არსებობა?! _ პაპას ხმაში
ნერვიულობა დაეტყო.
_ რა ვიცით, რომ ეს რუკა გაიუსის გაკეთებულია? ჩვენ ხომ იმაშიც კი არ შეგვპარვია ეჭვი,
გვატყუებდა თუ არა მიუნჰაუზენი?! _ ეს ნაცარა იყო, რომელიც, ამ შემთხვევაში, მართალს ამბობდა.
_ ახლა აზრი არ აქვს. სხვა გზა აღარ არის, უნდა შევიდეთ ამ ტყეში! _ თქვა პაპამ და ცხენი
ტყისკენ გააჭენა.
სამივენი მიჰყვნენ. წითელქუდა უკვე თავის ვარდისფერ ბედაურზე იჯდა. ტყეში შევიდნენ თუ
არა, უკან მოხედვაც კი ვერ მოასწრეს, ისე უცბად გაქრა ჩვეულებრივი დათოვლილი ტყე, სადაც
ამდენი ხანი დადიოდნენ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ისინი ჯადოსნური ძალების
პირისპირ აღმოჩნდნენ. პაპა, რომელიც ჯადოქრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი
იყო, ახლა ყოველგვარი უნარის გარეშე დარჩენილიყო. მას სულ რამდენიმე მაგიის მოხდენა შეეძლო
და ამის შემდეგ, მასაც ხელით მოუხდებოდა ბრძოლა. ამიტომ, თავისი ყოვლისმომცველი ჩანთიდან,
ხალიბური ხმალი ამოაძვრინა და წელზე შემოირტყა:
_ აი, ამით იბრძოდნენ ქართველები! _ თქვა და სიამაყით დახედა ხმალს, რომელსაც ზედ ეწერა
“მეფეთ მეფე გიორგი”. _ ამ ხმალს წინ ვერაფერი დაუდგება, ვერც ერთი იარაღი. ყველაფერს
გადაჭრის, რაც კი ბოროტია და რაც ბოროტებას ემსახურება. ამ ხმლის ამოღებამ თითქოს შეაშფოთაო
ირგვლივ ყველაფერი, თუმცა ეს ბუნებას მაინცდამაინც არ დატყობია, მაგრამ მაინც იგრძნო პაპამ,
რომ გარემო შეკრთა. რადგანაც გარემო ბოროტების მმუსვრელი ხმლის გამო შეკრთა, ესე იგი, აქ
სიკეთე ბევრი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, პაპამ მეგობრებს სიფხიზლისკენ მოუწოდა. წითელი
შადრევნის შემდეგ, გზაში უამრავი სისხლისფერი წყარო შეხვდათ. ისინი ზოგი ხიდან გადმოდიოდა
და პირდაპირ თოვლზე იღვრებოდა, ზოგიც თოვლიდან ჟონავდა და გარემოს წითლად ღებავდა:
_ ერთი უნდა გავიგო, რისია ეს შადრევნები თუ წყაროები, _ თქვა ნაცარქექიამ და მათკენ
გაეშურა.
_ არ გინდა, ნუ დალევ. რა იცი, რისგან არის, არ მოგწამლოს. _ უთხრა პაპამ, მაგრამ უკვე გვიანი
იყო, რადგან ნაცარა ცხენიდან ჩამომხტარიყო და წყაროსაკენ მიდიოდა.
_ გითხარი, არ დალიო-მეთქი! _ დაუყვირა პაპამ.
_ ნუ დალევ, სიხარულო! _ სთხოვა წითელქუდამაც, მაგრამ ნაცარა დაიხარა, ცალი ხელი წითელ
სითხეს შეუშვირა, პეშვი გააკეთა და ამ პეშვიდან ერთი ყლუპი მოსვა. მერე სწრაფად წამოხტა,
ველვეტის ქურთუკი გაიხნა, იქიდან ორი დიდი, ლულიანი კოლტი ამოაძვრინა და ძალიან ხმამაღლა
დაიყვირა:
_ სისხლია, ამის დედა ვატირე!!! _ ამ დროს მიწა შეზანზარდა, თოვლი ხეებიდან ძირს ჩამოიყარა,
წითელქუდა ცხენიდან გადმოვარდა. პუტო მიხვდა, რომ ჩამოვარდებოდა და გადმოხტა. პაპამ ძალა
მოიკრიბა და ცხენიანად ჰაერში აიწია. ალაგ-ალაგ თოვლი გაიხსნა და იქიდან არნახული სიძლიერით
სისხლის გეიზერებმა ამოხეთქა. ჰაერში გამაყრუებელი ღრიალი ისმოდა და უეცრად, ცაზე, მფრინავი
ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებსაც შავები ეცვათ, სახეზე კი მკვდრისფერი ედოთ.
ნაცარამ ორი გაისროლა და ორი ჩამოაგდო, მაგრამ აქ სროლას, აზრი აღარ ჰქონდა – ისინი ძალიან
ბევრნი იყვნენ. წითელქუდა ძირს ეგდო გონდაკარგული. თეთრი ტყე, რომელიც სულ რამდენიმე წამის
წინ ულამაზესი სანახავი იყო, ახლა ჯოჯოხეთს გავდა. ცხელმა სისხლის გეიზერებმა თოვლი დაადნეს.
პაპამ ცხენი ჰაერიდან ძირს დასვა და ხმალმომარჯვებული ელოდა თავდამსხმელებს. პუტოს აქეთიქით
სროლაში უკვე მაკაროვის ორი აბოიმა დაეცალა და ერთი მოკლა კიდეც. მაგრამ ერთი საქმეს
არ უშველიდა – ისინი ბევრნი იყვნენ. პაპა მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და ხმა აიმაღლა:
_ ჩვენ სამტროდ არ მოვსულვართ!! _ მფრინავი არსებები აქეთ-იქით დაქროდნენ. მერე უცბად
ხმა გაისმა _ იგი ყველა მხრიდან მოდიოდა.
_ რა გინდათ ჩვენს მიწაზე, აქ გავლით ვერ მოხვდები! აქ საგანგებოდ უნდა მოხვიდე!
_ მოგვატყუეს, სხვა რუკა მოგვცეს! _ დაიღრიალა ნაცარამ და უეცრად ყველა არსება გაჩერდა.
მიწაზე დაეშვნენ. ესენი იყვნენ ქალები და კაცები, რომელთაც ეშვები და უმშვენიერესი მწვანე
თვალები ჰქონდათ. მერე ისევ გაისმა ხმა:
_ ეს ვამპირების ჯადოსნური ტყეა. აქ შემთხვევით არ ხვდებიან.
_ დაგვიჯერეთ! _ პაპა უკვე ხმადაბლა საუბრობდა. _ ჩვენ აქ სრულიად შემთხვევით მოვხვდით,
ტყუილის წყალობით. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო თქვენს ტყესთან!!
_ უკვე გაქვთ, _ გამკაცრდა ხმა. ნაცარა ძალიან დაბნეული იყო. არ იცოდა, რა ექნა. წითელქუდა
უგონოდ ეგდო. _ რადგან აქ ხართ, უკვე გაქვთ! _ დაიყვირა.
_ მოგვეცით იმის უფლება, რომ აქედან უვნებლად წავიდეთ და თქვენი სიდიადის ამბავს მთელს
მსოფლიოს ვუამბობთ! _ პაპამ იცოდა, სად რა უნდა ეთქვა, თუმცა შავ ტანსაცმელში გამოწყობილებს
სახეზე არაფერი ეტყობოდათ. თანაც, ხმაც აგვიანებდა. საქმე ცუდად მიდიოდა. მერე უცბად
ვამპირების მასა გაიწია და მათ შორის ერთი მაღალი კაცი გამოჩნდა, რომელიც სწრაფი ნაბიჯით
უახლოვდებოდა პაპას და რამდენიმე მეტრი ფრენით გამოიარა:
_ მაშ, შემთხვევით მოხვდით? _ შეეკითხა და ხმალს დახედა.
_ დიახ, და გთხოვთ, რომ უვნებლად გაგვიშვათ. _ პაპა სიამაყის დათმობის გარეშე ამბობდა ამ
სიტყვებს.
_ საიდან გაქვთ ეგ ხმალი? _ ვამპირმა თითქოს ვერ გაიგოო, რა უთხრეს.
_ საქართველოდან! _ უთხრა პაპამ.
ვამპირი გაჩერდა, მერე პაპას შეხედა და ისევ ხმალს დახედა.
_ არ მიყვარს ეგ ხმალი. მოკლედ, თუ გინდათ, რომ აქედან უვნებლად წახვიდეთ, ერთი პირობა
უნდა შეასრულოთ.
_ რა პირობაა ასეთი, რომ მისი შესრულება სიცოცხლეზე ძნელი იყოს? _ პაპა დაფიქრდა კიდეც.
_ არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ახლა ჩვენი დიდი ღვთაების – ლიუციფერის დაბადების დღეა
და ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ ხოლმე მას იმით, რომ ერთ უდანაშაულო მსხვერპლს ვწირავთ.
ამიტომ, უვნებლად რომ გახვიდეთ, საჭიროა ერთ-ერთი თქვენგანი მას შეეწიროს, _ ამ სიტყვების
შემდეგ, ხმალმა ცეცხლისფრად გაიელვა. _ და ეგ ხმალი შეინახე! _ დაამატა ვამპირმა.
_ კი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია? _ პაპა უკვე ძალიან ნერვიულობდა.
_ დიახ, შეუძლებელია. _ მერე ვამპირმა თვალი მოავლო ტყვეებს და მზერა დაგდებულ
წითელქუდაზე შეაჩერა. _ აი, ეს ზუსტად შესაფერისი მსხვერპლია.
ამ დროს ნაცარამ თავი მარჯვნივ გადახარა:
_ უკაცრავად, თქვენი სახელი მითხარით, თუ შეიძლება? _ შეეკითხა ვამპირს.
ეშვებიანი დაიბნა
_ დრაკულა, გრაფი დრაკულა! _ თქვა ამაყად
_ ბატონო დრაკულა, მარცხენა მხარეს დიდხანს არ დატოვოთ, მიიწვავს, _ უთხრა პუტინმა და
სახის მიმიკით ანიშნა, მადლობა არ მინდა რჩევისთვისო.
დრაკულა გაბრაზდა, პუტოს მიუახლოვდა, ყბაში ხელი წაავლო, სახე ახლოს მიიტანა და ეუბნება:
_ გინდა იმის ადგილას აღმოჩნდე? _ ამასობაში, წითელქუდას ორი ვამპირი მიუახლოვდა. პუტომ
დრაკულას ხელი ყბიდან მოიშორა, ახლა სახე თვითონ მიუტანა ახლოს:
_ ხელი ჩაწიე, ბიჭო, თორე მოგაჭერი. _ უცბად ვამპირს ხელი საოცარი სისწრაფით კრა.
დრაკულა უკან გადავარდა. ამ დროს ცაში ცეცხლისფერმა ხმალმა გაიელვა. “მეფეთ მეფე” ისევ
ბრწყინავდა. პაპამ დრაკულა შუაზე გაჭრა. ამას ისიც დაემატა, რომ პუტომ ნახევარ სხეულს ერთი
აბოიმა დააცალა. წითელქუდას ორი ვამპირი მივარდა და მისი წასაყვანად დაიხარნენ. ნაცარამ ერთს
მაშინვე ხელები წააწყვიტა. ამ დროს სამნი მივარდნენ. ნაცარქექიას აბოიმები დაუცარიელდა. ერთი
ვამპირი დაიხარა, წითელქუდას მარცხენა ხელზე ჩააფრინდა და ის-ის იყო უნდა გაეთრია, რომ
ქუდიანი გამობრუნდა:
_ ხელები მომაცილე, შე მახინჯო! _ და “მთვლემარე ანტონიომ” დაიქუხა.
წითელქუდა ზურგზე დატრიალდა და ექვსი მათგანი ისე დახოცა. ამ დროს ნაცარამ აბოიმები
გამოცვალა და წითელქუდასკენ სროლით გაიქცა. პაპა ცხენს შემოახტა. რაში ჰაერში ააფრინა და
ჰაერშივე მოფარფატე ვამპირებს დაერია. ცეცხლისფერი ხმალი მთელს არავის ტოვებდა. ხმალი
თითქოს თვითონ ხვდებოდა, საით იყო ბოროტი ძალა. პუტომ თითქმის ოცდაათი მოკლა და ისევ
ისროდა მაკაროვიდან. მაკაროვი ხომ რუსული წარმოების უღალატო მკვლელია, რომელიც არ
ბერდება და პუტოც სარგებლობდა ამით. ნაცარას და წითელქუდას დაახლოებით ორასი ვამპირი
დაეხვია. ახლა, ისინი, ზურგით იყვნენ ერთმანეთთან მიყუდებულები და კოლტები
ბოლავდა. ვამპირებს ხელში დიდი ხანჯლები ეჭირათ. ნაცარამ იცოდა, რომ წითელქუდა
“ანტონიოს” გადატენას ვერ მოასწრებდა და შეიძლება მომკვდარიყო. კოლტები უკვე შეეყენებინა.
ვამპირები პირველ სროლას ელოდნენ მისგან
და გაისროლა კიდეც. წითელქუდამ ვერ მოითმინა და ერთ-ერთს თავი გაუხვრიტა. ნაცარამ თითოდან
სამი აბოიმა დახარჯა და თან უკან ტრიალდებოდა. წითელქუდას უყურებდა, ხომ არაფერი უჭირს და
ბარაბნის გამოცვლას ასწრებს თუ არაო. თუმცა `ანტონიომ” ღალატი არ იცოდა. წითელქუდას
ერთხელაც არ დასჭირვებია გადატენა, ისე დახოცა ასზე მეტი ვამპირი. კოლტები ბოლავდნენ,
ვამპირების რიცხვი კი არ მცირდებოდა. ნაცარამ წითელქუდას ანიშნა, ზურგზე შემომახტიო.
წითელქუდა გამოქანდა და ველვეტის კურტკაზე შეახტა. ნაცარამ იარაღი გადატენა და თითქოს
ძალიან მსუბუქი იყო, ისე დაახტა ვამპირს თავზე. ის ხროვის უკან მოექცა. ახლა ისინი ვამპირებს
უკნიდან უტევდნენ, _ წრის გარშემო ტრიალებდნენ და ისე ხოცავდნენ მათ.
პაპამ ქართული ხმალი ისევ გაახალისა. დაღლილ პაპას უკვე მკლავში ძალაც აღარ ჰქონდა და
ეგონა, ახლა მომკლავენო, მაგრამ უეცრად ხმალი მთლიანად გაშავდა. შავზე კი სისხლისფერი
ასოებით ისევ გამოჩნდა წარწერა _ “მეფეთ მეფე გიორგი” და ხმალმა თითქოს თვითონ დაიწყო
ბრძოლა. იქით ტრიალდებოდა, საითაც მტერი იყო. ნელ-ნელა პაპას მკლავში ძალაც მიეცა. ვამპირების
თავები თოვლივით ცვიოდა. მაგრამ ხოცვას აზრი არ ჰქონდა _ მათი რიცხვი არ მცირდებოდა. პაპა
მიხვდა, სხვა რამე უნდა მოეფიქრებინა, რადგან მეომრებს ტყვიებიც უთავდებოდათ. პუტინის
მაკაროვი ღმუოდა, ნაცარას კოლტები ბოლავდნენ, ხოლო “ანტონიო~… ეხ, `ანტონიო~ ყველაზე
ლამაზი სანახავი იყო, თავის პატრონთან ერთად.
უცბად პაპამ ცხენი ქვევით გააქანა და პუტოს დაუღრიალა, მოდი და დამფარეო. მერე თავის
ჩანთიდან ავტომატი ამოაძრო და პუტოს გადაუგდო. პუტომ გახურებული მაკაროვი ჩაიდო, ავტომატი
გადატენა და აკაკანდა. ეს -47 იყო. კალაშნიკოვმა თავისი სისატიკე ისევ დაამტკიცა. პუტინი
ღრიალებდა და ისე ხოცავდა ვამპირებს. პაპა ამ დროს დაიჩოქა და ხმამაღლა თქვა რაღაც. ნაცარას
ტყვიები აღარ ჰქონდა, აღარც პუტოს. “ანტონიოს” ტყვიები არ სჭირდებოდა, მაგრამ მარტო ნაგანი
ვერაფერს იზამდა. ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ ამ დროს პაპამ ლოცვა დაასრულა და ვამპირები
გაჩერდნენ. მერე უეცრად თავები გაეზარდათ და გაუსკდათ. მერე ცა შუაზე გადაიხსნა და იქიდან
მზის სხივები შემოიჭრა. ყველაფერი ინგრეოდა და დნებოდა, მხოლოდ ჩვენს გმირებს არ მოსდიოდათ
არაფერი.
ბოლოს, ყველაფერი განადგურდა, ვამპირთა გვამებიც კი გაქრა. პუტომ ავტომატი დააგდო და
მიწაზე დაჯდა. ნაცარა და წითელქუდა ერთმანეთს ჩაეხუტნენ. პაპა კი დიდხანს იდგა დაჩოქილი. მან
ხომ ყველაზე ძლიერი რამ წარმოთქვა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისათვის?! ეს
მართლმადიდებლური ლოცვა იყო!
_ მატყუარაა ეს მიუნჰაუზენი, _ ამოიქოშინა ძირს მჯდომმა ნაცარამ. _ ეგ თუ არ დავბრიდო…
_ და კისერზე ხელი დაირტყა.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button