უცნაური

კავშირი უცხოპლანეტელებთან

5bf1aa0c07c1

ბოლო დროს ინტერნეტსაიტებზე უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციები მომრავლდა. სტატიების ავტორები ამტკიცებენ, რომ უახლოეს მომავალში დედამიწას უცხო პლანეტებიდან “სტუმრები” ეწვევიან, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტსაც დაამყარებენ. ამ სტატიებს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, რადგან უცხოპლანეტელების არსებობა არ სჯერათ.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა, გოჩა დანელიამ თავის წიგნში “დედამიწის ცქერით დაიღალა მთვარე” ბევრი ისტორიული ფაქტი აღწერა, სადაც სწორედ ამო–ზე, ანუ ამოუცნობ ობიექტებსა და დედამიწის “სტუმრებზეა” საუბარი. ავტორის ნებართვით, ამ წიგნიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.

“ამო–ს ადრეული გამოსახულებები ესპანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის გამოქვაბულებებშია შემორჩენილი. მათი წლოვანება 10–15 ათასი წელია. ვარსკვლავებში გაფრენის შესახებ უძველეს დროში ძალიან ბევრს წერდნენ. საფრენ მანქანებზე საუბარია ძველ ტიბეტურ ტექსტებში, ეგვიპტურ პაპირუსებსა და ინდიელთა ლეგენდებში. ძველი ქრონიკები დაწვრილებით აღწერენ კოსმოში მოგზაურობას და მონაყოლს ნახატებითა და აპარატების აღწერილობით ადასტურებენ.

ერთ–ერთ ადრეულ წერილობით საბუთად, სადაც ამო–ა მოხსენიებული, მიჩნეულია ეგვიპტის V|| დინასტიის ფარაონის, თემოს მესამის მატიანე. მისი ტექსტი ასეთია: “ზამთრის მესამე თვეს, წელსა 27, დღის 6 საათზე ციდან ჩამოეშვა ცეცხლოვანი რგოლი. იგი ელვარებდა მზეზე მეტად. ადამიანები მუცელზე გაწვნენ, შემდეგ კი გაემართნენ ფარაონისკენ. მისი უდიდებულესობა ჩაფიქრდა, რადგან ასეთი მოვლენა სულ უფრო ხშირად მეორდებოდა. ფარაონი ჯართან ერთად ცისკენ იყურებოდა. ვახშმის შემდეგ რგოლები ზევით, სამხრეთის მიმართულებით გაუჩინარდნენ. ფარაონმა გუნდრუკის კმევა ბრძანა, რათა დედამიწაზე სიმშვიდეს დაესადგურებინა და ფაქტი “სიცოცხლის წიგნში” ჩაწერა”.

ჩვენს ერამდე V|| საუკუნის წყაროებში ხშირადაა ნახსენები იეზიკიელის მიერ დანახული ცეცხლოვანი ეტლი, რომელიც დაეშვა დედამიწაზე და თვითმხილველი ბორტზე აიყვანა. “ეტლის შუაგულიდან გამოჩნდა ადამიანის მსგავსი ოთხი ცხოველი”, – იტყობინება წყარო. მონათხრობი, განსაკუთრებით კი ეტლის დაჯდომა და აფრენა, რეალურს უახლოვდება.

ბელგიელმა მისიონერმა, ალბერტ დორვილმა ტიბეტის ქალაქ ლხასაში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: “1661 წლის ნოემბერში ჩემი ყურადღება ცაზე მოძრავმა საგანმა მიიპყრო. ჯერ მეგონა, რომ ეს უცნობი ჯიშის ფრინველი იყო, მაგრამ ახლოს მისვლისას სხეულმა ჩინური შლაპის ფორმა მიიღო. ის ნელ–ნელა ბრუნავდა. ქალაქის თავზე ორი წრე დაარტყა და გაუჩინარდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, სიმაღლის გამო ხომ არ მომეჩვენა, მაგრამ ლამას რომ ვკითხე, დაინახა თუ არა, თავი დამიქნია და მითხრა: “შვილო ჩემო, რაც დაინახე, ჯადოსნობა არაა. სხვა სამყაროს არსებები არიან, რომლებიც ასწლეულების მანძილზე გვსტუმრობდნენ. მათ განავითარეს დედამიწის პირველი ადამიანები… ჩვენ მათი კარგად გვესმის. ისინი ხშირად ეშვებიან ჩვენს მონასტრებთან და გვასწავლიან იმას, რამაც წარსულის კატაკლიზმების დროს სამყარო შეცვალა”.

უძველეს ჩინურ ხელნაწერებში ჩვენს ერამდე V| საუკუნეში დედამიწაზე ამო–ს სტუმრობის ფაქტია აღწერილი. ერთ–ერთი ჰუმანოიდი, ხუან დი გარკვეული დროით იმპერატორიც კი გამხდარა. მან ჩინელებს ჭის გათხრა, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება, ნემსის ჩხვლეტით მკურნალობა და ბევრი სხვა რამ ასწავლა. შემდეგ კი თავის 70 თანატომელთან ერთად “დრაკონზე ამხედრებული” სიუნიუნას თანავარსკვლავედზე გაფრინდა.

დღემდე გამოუცნობი რჩებოდა, თუ როგორ დაამარცხა მშვილდ–ისრებით შეიარაღებულმა სიუს ტომმა 1876 წელს პოლკოვნივ კასტერის კბილებამდე შეიარაღებული რაზმი. ინდიელთა ლეგენდის მიხედვით, მათ ამ ბრძოლაში ღმერთები დაეხმარნენ. არქეოლოგმა ანუელა ბრუერმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კრიპტოგრაფმა უოლტერ ფრობერმა არ დაიზარეს და ეს ვერსია შეამოწმეს. ბრძოლაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა თავის ქალები გულდასმით შეისწავლეს. მათი უდიდესი ნაწილი გამდნარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მძლავრი ლაზერული სხივის გამოყენებით იყო შესაძლებელი, რაც უცხოპლანეტელთა ნახელავზე მიუთითებს.

გერმანელმა არქეოლოგებმა ტიგრომისის ნაპირებთან მიაკვლიეს ელექტრობატარეებს, რომლებსაც გალვანურ ელემენტს და ვოლტზე 2.000 წლით ადრე იყენებდნენ. ჭურჭელში მჟავისგან შეჭმული ლითონის ცილინდრები იყო. გალვანური ელემენტი აღადგინეს და დენი გამოიმუშავა.

1967 წლის 13 ოქტომბერს საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა რაკეტით ჩამოაგდეს თეფშის მაგვარი ობიექტი. ნამსხვრევებიდან 5 ტანდაბალი ჰუმანოიდი გამოვიდა. ისინი ერთ ჯგუფად შეგროვდნენ და ბურთისმაგვარ მასად იქცნენ. მასა აგუგუნდა და აფეთქდა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, გაირკვა, რომ 25 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ ორი გადარჩა, 23 კი გაქვავდა. უცნობი ენერგიის წყალობით, შეიცვალა დაღუპულთა რბილი ქსოვილების და შინაგანი ორგანოების სტრუქტურა.

წყარო : SANA.GE

მსგავსი ამბები

Back to top button