საკითხავისასარგებლოუცნაური

მეათე პლანეტის დაღუპვა – ლეგენდა თუ სინამდვილე?

მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის, მზის ირგვლის, ურიცხვი მცირე ცთომილი მოძრაობს. ისინი ასტეროიდთა სარტყელს ქმნიან. საინტერესოა, საიდან გაჩნდა ამ ორ პლანეტას შორის ამდენი ასტეროიდი?

იქნებ ასეული მილიონი წლის წინათ ამ ორბიტაზე მართლაც მოძრაობდა რომელიმე ჩვენთვის უცნობი პლანეტა? იქნებ ჩვენი მთვარე – რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მიტაცებულია დედამიწის მიერ, სწორედ იმ დაღუპული პლანეტის ნაწილია? ამ სავარაუდო პლანეტას, ტრადიციისამებრ, მითოლოგიური პერსონაჟის სახელი – ფაეტონი უწოდეს.

ასტრონომიული თვალსაზრისით ამ მოსაზრებას აქვს ერთგვარი საყრდენი: მარსსა და იუპიტერს შორის მოქცეული სივრცე 500 მილიონი კილომეტრია, ორჯერ დიდი, ვიდრე სივრცე, რომელშიც ბრუნავს მზის სისტემის ოთხი პლანეტა – მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი. ამიტომ იგი მთლად “უპლანეტო” არ უნდა ყოფილიყო. და კიდევ: მასიურ იუპიტერს შეეძლო თავის მოქცევითი ძალებით მასთან მიახლოებული სხეულების დამსხვრევა.

და მაინც, მითური მეათე პლანეტისაგან ასტეროიდთა წარმოშობა მეცნიერული ფაქტებით არ დასტურდება, ამ ვერსიის მომხრეები ვერ უპასუხებენ კითხვებს: რატომ არის ასე წესიერად განლაგებული მისი ნარჩენები მზის ირგვლივ? რატომ განსხვავდება მათი ფიზიკური თუ ოპტიკური თვისებები? უფრო საფიქრებელია, ამ სხეულთა წყარო იმ მცირერიცხოვან საწყის სხეულთა ურთიერთშეჯახებით დანაწევრება იყოს, რომლებიც წინარეპლანეტური ნივთიერებებისგან დიდ პლანეტებთან ერთად უნდა წარმოშობილიყვნენ.

მეცნიერთა მეორე ნაწილი მეათე პლანეტას პლუტონს იქით ეძებდა. ბოლო წლებში იპოვეს კიდევაც არაერთი მცირე სხეული, რომელთა ზომები სულ რამდენიმე ასეული კილომეტრია, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ პლანეტებად არ ითვლებიან და ციურ სხეულთა უფრო სხვა, ახალ კლასს უდებენ სათავეს.

მეათე პლანეტის არსებობის ვერსიის მომხრეებს ერთადერთ “ნუგეშად” ფაეტონის ბერძნული მითი რჩებათ

წყარო: საყმაწვილო ენციკლოპედია (გამომცემლობა “დილა”)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close