არქივი

საბჭოთა მზვერავის ერთადერთი სიყვარული

f35585c85642

ეს არის სიყვარულის ისტორია სტალინის პირადი ჯაშუშის და უბრალო გოგონასი, ეს არის ისტორია ღალატის და ტკივილის,ეს არის ისტორია თუ რამდენად ძლიერია სიყვარული და რამდენად მძიმე ჯაშუშის ხვედრი.

ისინი ნელა მიუყვებოდნენ ჩაბნელებულ ქუჩას. რიჰარდი შედგა და ჰელგა თავისკენ მიიზიდა. ქალი გაუნძრევლად იდგა. სახეზე ალმური მოსდებოდა.

– ჰელგა, – წაიჩურჩულა რიჰარდმა, – მე შენ მიყვარხარ.

ქალი უძრავად იდგა და კრინტს არ სძრავდა. ზორგემ ის თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს. ჰელგას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ

რიჰარდ ზორგე (1895–1944 წწ) ბაქოში დაიბადა. მამამისი, გერმანელი ინჟინერი, ბაქოს ჭაბურღილებზე მუშაობდა, დედა კი რუსი იყო. რიჰარდი სამი წლისა იყო, როდესაც მისი ოჯახი გერმანიაში დაბრუნდა. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ზორგე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ომის საშინელებამ და გერმანიის დამარცხებამ ძირეულად შეცვალა მისი ცნობიერება. თავგადაკლული გერმანელი შოვინისტისაგან ზორგე ასევე თავგადაკლულ კომუნისტად გადაიქცა. სწორედ ამ დროს გაიცნო ჰელგა, ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა, რომელიც მაშინ აქტიურად თანაუგრძნობდა წითლებს.

რიჰარდის არშიყობა ჰელგამ მაშინვე მიიღო, მაგრამ კარგა ხანს ვაჟი ერთგვარად დისტანციაზე ჰყავდა. როდესაც ზორგე დაინტერესდა, რატომ მექცევი ასეო, ჰელგამ მიუგო:

– ჯერ არ ვიცი, გიყვარვარ თუ არა.

– შენ თუ გიყვარვარ?

– ამას არა აქვს მნიშვნელობა.

– ჩემთვის ძალიანაც აქვს, – ზორგემ თავი გადააქნია.

– ზოგჯერ მგონია, რომ მიყვარხარ, – წარმოთქვა ჰელგამ, – ამ დროს ჩემს თავს ვებრძვი ხოლმე.

– რატომ?

– მეშინია, რიჰარდ, მეშინია, ტრავმა არ მივიღო.

– ვერაფერი გავიგე.

– დედა მეუბნება, რომ ზედმეტად მეოცნებე ვარ და ვეძებ გმირს. ასეთები კი არ არსებობენ.

– დედაშენი ასე ფიქრობს?

– შენ არ ეთანხმები?

– არ ვიცი, – ზორგე ჩაფიქრდა, – ფრონტზე ბევრი სისაძაგლე ვნახე. საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ ადამიანი მართლაც მაიმუნისაგან წარმოიშვა.

– დედა ამბობს, არაო.

– ადამიანი მართლაც ცხოველია, ოღონდ მოაზროვნე ცხოველი, თუმცა მას გააჩნია სიყვარულის უნარი.

– შენ გყვარებია ვინმე? – შეაწყვეტინა ჰელგამ.

– არა.

– მატყუებ, რიჰარდ. დავიჯერო, ფრონტგამოვლილმა კაცმა ქალის ალერსი არ იგემე.

– ეს სულ სხვა რამეა.

– რაო?

– სექსი სხვაა, სიყვარული კი სხვა. სექსი, ვაღიარებ, მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ სიყვარულით არავინ მყვარებია.

– არ მჯერა.

– იცი, რა არის სიყვარული? – ზორგემ ღრმად შეისუნთქა ჰაერი, – როდესაც მზად ხარ, საყვარელი ადამიანისათვის სიცოცხლე გაწირო, როდესაც მისი ბედნიერება შენი ბედნიერებაა.

– მე კი სადღაც წამიკითხავს, – თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ჰელგამ, – რომ მამაკაცისათვის ქალის დაუფლება ერთგვარი სპორტული ჟინია და როგორც კი თავისას მიაღწევენ, სიყვარულიც ქრება.

– ეს არაა სიყვარული.

– აბა, რა არის?

– ესაა ეგოიზმზე აღმოცენებული ქვენაგრძნობა, როდესაც ადამიანი საკუთარ ვნებას აპურებს. სიყვარულთან ამას არაფერი აქვს საერთო. ნამდვილი სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გრძელდება, ჰელგა.

გოგონა ინტერესით უსმენდა. საბოლოოდ ყველაფერი ვნებიანი ხვევნა–კოცნით დასრულდა.

დაშორება

მალე ჰელგამ ოჯახის წევრებს რიჰარდი წარუდგინა, თავისი მომავალი საქმრო. იკამ, ასე ეძახდნენ ალერსით ზორგეს და ასე ეძახდა მას ჰელგაც, მაშინვე იგრძნო, რომ ჰელგას მშობლებმა დაიწუნეს.

– შენიანებს არ მოვეწონე, – ზორგეს ხმა უკანკალებდა.

– როგორ მიხვდი?

– ეს ცხადად ჩანდა მათ გამოხედვაში, ლაპარაკში.

– დედამ მითხრა, რომ შენ ცინიკოსი ხარ, – ჰელგას ხმა აუკანკალდა, – ასე განმიცხადა, ერიდე, ის საშიში კაციაო.

– რატომა ვარ საშიში? რა, ბანდიტი ვგონივარ თუ მკვლელი?

– არც ერთი. დედა თვლის, რომ შენ თავისებური, ყველასაგან განსხვავებული გონება გაქვს. ასეთი კაცისაგან კი, მისი აზრით, ყველაფერია მოსალოდნელი.

– შენ რას ფიქრობ?

– მე შენ მიყვარხარ, იკა.

ისინი კვლავაც ხვდებოდნენ ერთმანეთს. გავიდა რამდენიმე თვე და რიჰარდმა ჰელგას ხელი სთხოვა.

– გამომყევი ცოლად, ჰელგა.

– ცოლად?

– მე შენ მიყვარხარ. გამომყევი ცოლად.

– კარგი, ოღონდ დედაჩემს უნდა ვუთხრა.

– რაო? რა შუაშია დედაშენი?

– მე შენ მიყვარხარ, მაგრამ დედაჩემს მაინც უნდა ვუთხრა.

მეორე დღეს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. გოგონას თვალები ცრემლით ავსებოდა.

– დედა სასტიკი წინააღმდეგია. ასე მითხრა, თუ მაგ კაცს მისთხოვდები, თავს მოვიკლავო.

– სულელი ყოფილა, – დაიყვირა რიჰარდმა, – შენ რა, მაგ ბებერი სულელის ჭკუაზე გინდა, იარო?

– რაო? – ჰელგა ფართოდ გახელილი თვალებით მიაჩერდა რიჰარდს, – რა თქვი?

– სულელი ყოფილა! თავს მოიკლავს! ბებერი სულელი! მაგისი.

– რიჰარდ, გაჩუმდი! – ისტერიკულად იკივლა ჰელგამ, – გაჩუმდი! გესმის?!

ზორგე შედგა. ჰელგა ფართოდ გახელილი თვალებით შესცქეროდა.

– ახლა კი მივხვდი, რა შვილიც ბრძანებულხარ, – ნელა წარმოთქვა მან, – დედა მართალი ყოფილა. შენ მართლაც საშიში კაცი ხარ!

– მისმინე, ჰელგა.

– მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ჰერ ზორგე, – ჰელგა მკვეთრად შეტრიალდა და გაიქცა.

ზორგე ამაოდ ემუდარებოდა, გაჩერდიო. ჰელგას თითქოს არც კი ესმოდა მისი ხმა.

შეხვედრა ტოკიოში

გავიდა წლები. რიჰარდ ზორგე უკვე ტოკიოში იმყოფებოდა, როგორც გრუ–ს რეზიდენტი. იგი ხშირად დადიოდა გერმანიის საელჩოში. ელჩი დირქსენი მასთან ურთიერთობისას ერთგვარ დისტანციას ინარჩუნებდა. სამაგიეროდ, რიჰარდს გერმანიის სამხედრო ატაშე ეიგენ ოტტი დაუმეგობრდა. ზორგეც ხშირად სტუმრობდა მათთან, მით უმეტეს, რომ ოტტის მეუღლე მისი პირველი სიყვარული ჰელგა გახლდათ.

რიჰარდი და ჰელგა სიხარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. ოტტი გაოცებული შესცქეროდა მათ.

– თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ?

– ჩვენ ძველი მეგობრები ვართ, ძვირფასო! – სიცილით მიუგო ჰელგამ.

სუფრა გაიშალა, დალიეს. ასე დაიწყო რიჰარდ ზორგესა და ეიგენ ოტტის მეგობრობა. ოტტს არაფერზე შეპარვია ეჭვი. მას გამოეპარა ისიც, რომ ზორგემ მის ცოლს პაემანი დაუნიშნა.

– კარგი, მოვალ, – მიუგო ჰელგამ.

შეხვედრაც შედგა. ზორგემ ქალი რესტორანში დაპატიჟა. ჰელგამ ისურვა, ნამდვილი იაპონური სადილი ეგემა.

– ბერლინში ევროპულმა კერძებმა თავი მომაბეზრეს.

– ქალბატონის სურვილი ჩემთვის კანონია, – პათეტიკურად წარმოთქვა ზორგემ.

ოფიციანტმა კერძები მოიტანა. ჰელგა ყურადღებით შესცქეროდა რიჰარდს. სახეზე ნაღვლიანი ღიმილი დასთამაშებდა.

– შენ სულ არ შეცვლილხარ, ჩემო ძვირფასო.

– შენ კი შეიცვალე, – წაიჩურჩულა ზორგემ, – ათი წლით გაახალგაზრდავდი.

– ოი! – ჰელგა აილეწა, – რატომ მატყუებ?

– არ გატყუებ, ჰელგა. ახლა უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე მაშინ.

– შენ რა, გახსოვს, როგორი ვიყავი?

– მე ყველაფერი მახსოვს, – რიჰარდმა ნაზად გადაუსვა ხელზე ხელი.

ჰელგას ხელი არ გაუწევია, მხოლოდ ლოყები აელეწა, მკერდი აუდ–ჩაუდიოდა, თითქოს სუნთქვა უჭირსო.

– რას აკეთებდი ამდენი ხანი? – შეეკითხა ბოლოს ჰელგა.

– მე იმდენი რამ გადამხდა, რომ, – ზორგემ ხელი ჩაიქნია, – რამდენჯერმე თვითმკვლელობის პირასაც კი ვიყავი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მენატრებოდი, იმიტომ, რომ ვერც ერთმა ქალმა ვერ დამავიწყა შენი თავი.

– შენ გყავდა ქალები?

– რა თქმა უნდა, მაგრამ შენ მაინც მახსოვდი.

– მეც მინდოდა თავის მოკვლა, – წაიჩურჩულა ჰელგამ, – მაშინ, როდესაც დავშორდით, მაშინაც, როდესაც ეიგენს მიმათხოვეს.

– ეიგენი ჩინებული ადამიანია, – გულწრფელად წარმოთქვა ზორგემ.

– ნამდვილად, მაგრამ ჩვენი ქორწინება სიყვარულით არ მომხდარა.

– აბა, როგორ მოხდა?

– გარიგებით, სიყვარულით მე შენ მიყვარდი.

მათმა შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ოტტი ზორგეს უახლოეს მეგობრად თვლიდა და არაფერზე ეჭვობდა. ატაშე რიჰარდთან ზომაზე მეტად გულახდილიც იყო და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ზორგე ყველაფერს მოსკოვში გადასცემდა. არც იმაზე ეჭვობდა, რომ ჰელგა დასაშვებზე მეტხანს რჩებოდა რიჰარდთან მარტო.

– ქმარი ხვალ კუნძულ ჰოკაიდოზე მიდის, – ჩურჩულით განუცხადა ზორგეს ჰელგამ, – თუ გინდა, მოდი, შინ არავინ იქნება. მოსამსახურე დავითხოვე.

– კარგი, მოვალ.

მახე

ზორგე დანიშნულ დროს მივიდა ოტტის სახლში. კარი თავად ჰელგამ გაუღო. ქალს თვალები ანთებოდა, სახე უჩვეულოდ გაბრწყინებოდა.

– რიჰარდ, რიჰარდ, – ჰელგას ხმა უკანკალებდა, – შემოდი, რიჰარდ.

– ოდესღაც შენ იკას მეძახდი.

– ჰო, მახსოვს, მახსოვს, – წაიჩურჩულა ქალმა, – იკა, ჩემი იკა.

ჰელგა მთვრალივით ბარბაცებდა, თუმცა წვეთიც არ ჰქონდა დალეული. ზორგემ ნაზად გაუყარა ხელი იდაყვში და მაგიდასთან მიიყვანა. იქ უკვე იდო შამპანური, ტორტი, ბუტერბროდები. რიჰარდმა საკუთარი ხელით ჩასვა ჰელგა სავარძელში.

– ხომ არ დაგველია? – ზორგემ მარდად დასტაცა ხელი ბოთლს და გახსნა.

ჰელგა ჩუმად იჯდა. მხოლოდ ფართოდ გახელილი თვალებით მისჩერებოდა მას.

– რას მიყურებ? – ზორგეს უნებლიეთ ენა დაება.

ქალი კვლავინდებურად კრინტს არ ძრავდა. მისი თვალები საოცარი სითბოთი მისჩერებოდნენ რიჰარდს.

ზორგე მასთან ახლოს მივიდა და წელზე ხელი მოხვია. ჰელგამ დაასწრო და პირველი დაეწაფა ხარბად მის ტუჩებს. რიჰარდმა ბუმბულივით აიტაცა ის ხელში და ლოგინისაკენ გააქანა.

ზორგე შინ გამთენიისას დაბრუნდა. საოცრად დაქანცული გამოიყურებოდა. მდუმარედ დაისხა საკე და გადაკრა. სასმელმა სასიამოვნოდ დაუარა ტანში. რადისტი მაქს კლაუზენი ზუსტად დათქმულ დროს გამოცხადდა. ზორგემ შეხედა მას თუ არა, ყველაფერს მიხვდა.

– რაო, გამოვიდა?

– გაება ჩიტი მახეში, – ჩაიქირქილა კლაუზენმა.

ამ სიტყვებით მან მაგიდაზე დააწყო ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილი იყო რიჰარდსა და ჰელგას შორის მომხდარი ინტიმური სცენა. დაცვის თანამშრომელმა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ აწვდიდა ინფორმაციას კლაუზენს, ყველაფერი ფოტოფირზე აღბეჭდა. ზორგე უჩვეულოდ დაღვრემილი იყო. მას არ შეუქია კლაუზენი დავალების ბრწყინვალედ შესრულებისათვის, არც მის ბილწ ოხუნჯობაზე გაუცია პასუხი. როდესაც კლაუზენი წავიდა, ზორგე სეიფთან მივიდა და ფოტოები საიმედოდ შეინახა.

შანტაჟი

მალე ეიგენ ოტტი ოფიციალურად დაინიშნა ელჩის თანამდებობაზე. ზორგე მისი მრჩეველი გახდა. ოტტი მასთან საოცრად გულახდილი იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი მეგობარი ზორგე.

ახლოვდებოდა სსრკ–გერმანიის ომი. ზორგემ რამდენჯერმე გადასცა მოსკოვს, რომ გერმანია რუსეთზე თავდასხმას აპირებდა. გადასცა თარიღიც, რაც არ დადასტურდა. რიჰარდი ანერვიულდა. იქ, ცენტრში ისედაც არ ენდობოდნენ, ახლა კი საბოლოოდ მოღალატედ ჩათვლიან. აუცილებელია ეიგენ ოტტის სეიფში შეღწევა. ამისი გაკეთება ჰელგას გარეშე შეუძლებელია.

– ჰელგა, – ჩურჩულით წარმოთქვა ზორგემ, – ჩემთვის ეს ჯოჯოხეთია, მაგრამ უნდა გითხრა, სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა.

– მოხდა რამე, რიჰარდ?

– მე მჭირდება ელჩის სეიფის გასაღები, რათა საიდუმლო დოკუმენტაცია მოვიპოვო.

ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა მყუდროებას.

– შენ ჯაშუში ხარ, – წაიჩურჩულა ჰელგამ.

– მართალია, – ზორგემ უმალ დაუკრა კვერი.

– მე ვხვდებოდი ამას, – ჩუმად წარმოთქვა ქალმა, – თუმცა ამის გაფიქრებისაც კი მეშინოდა. რა გინდა ჩემგან, გასაღები? სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები, გასაღები ეიგენს აქვს.

– ეგ ვიცი. შენ უნდა მოპარო მას გასაღები.

– რაო? – ჰელგას ხმა აუკანკალდა.

– რაც გაიგონე, უნდა მოპარო–მეთქი.

ზორგე გრძნობდა, რომ თავი უბრუოდა, ცოტაც და, გულწასული გაიშხლართებოდა იატაკზე. ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით შეიკავა თავი. ჰელგამ არაფრის დიდებით არ უნდა შენიშნოს მისი სისუსტე. პირიქით, ქალმა უნდა იფიქროს, რომ კაჟივით მაგარია, მაშასადამე, დაუნდობელიც. თუკი ჰელგამ ერთი ცრემლი მაინც გადმოაგდო, ყველაფერი ჩაიშლება. მას, ზორგეს, უბრალოდ, ძალა არ ეყოფა, რათა ეს ჯოჯოხეთური თამაში ბოლომდე მიიყვანოს.

– უნდა მოპარო გასაღები, – ზორგეს ხმაში ფოლადი ჟღერდა, – სხვაგვარად ეს სათანადო ინსტანციებს გაეგზავნებათ, – ამ სიტყვებით მან მაგიდაზე დააგდო ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო მისი ვნებიანი ღამე ჰელგასთან.

– ღმერთო ჩემო! მაშასადამე შენ.

– ახლა სენტიმენტების დრო არაა! ჰო თუ არა?

– შენ, შენ, – ჰელგა გრძნობდა, რომ ყელში ბურთივით მოაწვა რაღაც, – მაშასადამე შენ…

– მე დრო არა მაქვს, ფრაუ, – ზორგემ ნაძალადევი თავაზიანობით დაუკრა თავი, – სამამდე მხოლოდ კინოში ითვლიან. მაგისათვის არ მცალია. პირდაპირ მითხარი, ჰო თუ არა?

– კარგი, რიჰარდ, – ჰელგამ ცხვირსახოცით შეიმშრალა თვალები, – მე აღარ დამრჩა სხვა გამოსავალი. მაგ გასაღებს მოგცემ, ოღონდ…

– რა ოღონდ?

– შენ უპატიებელი ცოდვა ჩაიდინე. შენ გაყიდე, ლაფში ამოსვარე შენი პირველი სიყვარული. განგება ამას არ გაპატიებს. გესმის, რიჰარდ?

პასუხად ზორგემ მხოლოდ ჩაიცინა, თუმცა ეს გარეგნული პოზა იყო. შინ მისვლისთანავე რიჰარდი ხარბად დაეწაფა არაყს და მალე უგონოდ მთვრალს ჩაეძინა.

კეთილშობილი ოტტი

ჰელგამ მართლაც მოპარა ქმარს გასაღები და ზორგეს გადასცა. ამის შემდეგ რიჰარდმა შეაღწია ეიგენ ოტტის სეიფში, გადაიღი საიდუმლო დოკუმენტების ასლები და გასაღები კვლავაც ჰელგას დაუბრუნა, რომელმაც შეუმჩნევლად დადო თავის ადგილას. ოტტმა ვერაფერი შენიშნა. სამაგიეროდ ზორგემ გაგზავნა მოსკოვში შემდეგი შეტყობინება: “გერმანია სსრკ–ს თავს დაესხმება 1941 წლის 22 ივნისს!”.

მალე იაპონიის კონტრდაზვერვამ ზორგე და მთელი მისი ჯაშუშური ჯგუფი დააპატიმრა. როგორც ჩანს, იაპონელები კარგა ხანი ედგნენ კვალში. გერმანიის ელჩი ეიგენ ოტტი ოფიციალურად დაიბარა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

– მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ თქვენი მოქალაქე რიჰარდ ზორგე მხილებულია, როგორც საბჭოთა აგენტი. მტკიცებულებები უდავოა. ზორგე წლების მანძილზე ამარაგებდა რუსებს ზესაიდუმლო ცნობებით.

– ხომ არ შეიშალეთ! – დაარღვია დიპლომატიური ეტიკეტი ოტტმა.

– ჩანს, ბატონი ელჩი ძალზე აღელვებულია, რადგან ასეთ გამოთქმებს ხმარობს, – ცივად წარმოთქვა მინისტრმა და ფეხზე წამოდგა იმის ნიშნად, რომ აუდიენცია დასრულდა.

ოტტმა კატეგორიულად მოითხოვა ზორგესთან შეხვედრა. იაპონელები ჯიუტობდნენ, ბოლოს ნება დართეს. შეხვედრა ტოკიოს ერთ–ერთ ციხეში შედგა.

– იკა? – ოტტი ყურადღებით მისჩერებოდა მეგობარს, – როგორ ხარ, იკა?

– არა მიშავს, ეიგენ.

– მე ყველაფერს გავაკეთებ და აქედან დაგიხსნი, – მტკიცედ წარმოთქვა ოტტმა, – ეს ასგრამიანი მაიმუნები კი მწარედ ინანებენ თავიანთ საქციელს!

ოტტის ხმა იმდენად გულწრფელად ჟღერდა, რომ ზორგეს უნებლიეთ გული აუჩუყდა.

– არ გინდა, ეიგენ, დამიჯერე, არ ვიმსახურებ იმას, რომ ჩემ გამო ასეთი დავიდარაბა ატყდეს. არ გინდა. შენ ისედაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდი, თუკი ასე გააგრძელებ, შარში ამოყოფ თავს.

– მიმიფურთხებია მაგისათვის! მე, ეიგენ ოტტი, მეგობარს არ მივატოვებ ასეთი განსაცდელის ჟამს.

– კარგი, ასე იყოს, – ამოიხვნეშა ზორგემ, – ოდესმე ალბათ ყველაფერს მიხვდები. ახლა კი ერთს გთხოვ, რომ მაპატიო.

– რა გაპატიო?

– შენ მართლა კარგი მეგობრობა გამიწიე. ამას არ მოველოდი, ამიტომ გთხოვ, მაპატიო. გადაეცი ჰელგასაც, რომ მაპატიოს. არ მინდოდა, მე ეს არ მინდოდა.

მალე იაპონელებმა გერმანელებს უტყუარი მტკიცებულებები გადასცეს, რომ ზორგე მართლაც აწვდიდა რუსებს საიდუმლო ცნობებს. ცხადი იყო, რომ გრუ–ს რეზიდენტმა ესოდენ ლაღად თავი მხოლოდ ეიგენ ოტტის გამო იგრძნო. აზვირთდა გრანდიოზული სკანდალი. საქმე ფიურერამდე მივიდა. “ოტტი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!” – ჰიტლერი ცოფებს ყრიდა.

ოტტი ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მალე ბერლინიდან ბრძანება მივიდა, რომ სასწრაფოდ ჩასულიყო გერმანიაში. ოტტი მიხვდა, რაც ელოდა, ამიტომ ჰელგასთან ერთად ჩინეთის ტერიტორიაზე მიიმალა. გერმანიაში მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ ჩავიდა, როდესაც ნაციზმი უკვე განადგურებული იყო და მას აღარაფერი დაემუქრებოდა.

ეპილოგი

რიჰარდ ზორგე 1944 წლის 7 ნოემბერს ჩამოახრჩვეს. სსრკ–ში ის გმირად მხოლოდ გასული საუკუნის 60–იან წლებში აღიარეს.

ეიგენ ოტტი და ჰელგა კი დასავლეთ გერმანიაში დასახლდნენ. ოტტს ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი მეგობარი იკა პატიოსანი კაცი იყო.

– ზორგე საბჭოთა მზვერავი? ხომ არ შეიშალეთ! ეს შეუძლებელია! მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი!

მხოლოდ ერთ რაიმეს ვერ მიხვდა ოტტი – უკანასკნელი შეხვედრისას რატომ სთხოვა ზორგემ: “გადაეცი ჰელგას, რომ მაპატიოს”.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button