ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

გელა დაიაური…

594c02288e35
უბედური შემთხვევა, რომელიც 2 დღის წინ მოხდა და რომელსაც გელა დაიაურის ოჯახი ემსხვერპლა… :(

ინტერნეტ სივრცეში, ფორუმებსა თუ სხვადასახვა საიტებზე ბევრი დაიწერა ამ ტრაგედიის შესახებ. სხვათაშორის კომენტარებს ვკითხულობდი და ზოგი კითხულობს თუ ვინ არის გელა დაიაური, რას წარმოადგენს ის… გული მტკივა ნამდვილად, რომ ბევრი არ იცნობს მის შემოქმედებას. მე მქონდა ბედნიერება მასთან ერთად დავმჯდარიყავი სუფრაზე და მომესმინა მისთვის, მან იმხელა შთაბეჭდილება დატოვა ჩემში, რომ ეს ტრაგიკული ამბავი ძალიან ახლოს მივიტანე გულთან. ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა ცოტაოდენ მის შესახებ, რათა უცნაურის მომხმარებლებმა იცოდნენ ვინ არის ეს ადამიანი…

გელა დაიაური – პოეტი, ფილოლოგი, ლინგვისტი კავკასიური ენების განხრით. მას აქვს დაწერილი ბევრი ლამაზი ლექსი, რომელთა გამოქვეყნებაც,სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა.

გელა ფოლკლორის დიდი მოყვარული და გულშემატკივარია. თვითონაც შესანიშნავად უკრავს და მღერის. ის აგროვებს მასალებს ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ და დიდი წვრილი მიუძღვის ამ დარგის განვითარებაში.

წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ლექსს და ვიდეოს:

**************************************

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შავ თვალებში ჭინკები,
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით,
გრძნობით ავსებული ჭიქები.

ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა,
ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით,
შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მზაფრად
უფრო მენატრები, მინდები.

ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ.-
ვინ იცის, სად, ვისთან იქნები. . .
. . . ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ
როგორც შენს თვალებში ჭინკები.

************************************

მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს,
გაგისწორებდი მზერას თამამად,
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა.

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას,
გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს!

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით,
მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად დავიარები,
და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ,
იქნებ ოდესმე შემიყვარებდი,
მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს.

***********************************

შატილის ცასავით

შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.
კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.

***********************************

*********************************

ფიქრი გადაგვარებაზე

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო
კანაფი გავაბოლო
კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია
ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო

******************************
მუნჯი ტკივილი

ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.

****************************

****************************

ნეტავ აქ იყო. . .

ნეტავ აქ იყო, – მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, – გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე – გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით – ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, – დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, – ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ – მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
– შემაშინეო, – სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.

***************************************

ჰო, ჩემო ზეზვავ!
დაიცალა ჩვენი არხოტი,
მთიელი თუ ხარ,
ვაჟკაცურად მთაში წამოდი…
ჰო, ჩემო სულხან,
დღეს სჭირდება ხახმატს პატრონი,
კაცური კაცი,
მტყუან-მართლის მისხლით ამწონი.
ჰო, ჩემო ბერდო,
მიმხედავი სჭირდება მუცოს,
კაი დამხვდური
სტუმრად მოსულ ნაცნობს და უცნობს.
ჩვენ კი თბილისში
აქაობის დავკარგეთ გემო,
ბარისახოს და
ჭანჭახოვნებს შორიდან ვჩემობთ.
მოდით, მივხედოთ
ჯერ არდაშლილ შატილს, ანანურს,
ამ უგულობას
ნუ გავიხდით, ძმებო, სანანურს…
თორემ შვილები
ხვალ სიმშვიდეს არ შეგვარჩენენ,
ჰეი, ხევსურნო,
აქ ამოდით, საქმე მაჩვენეთ!
ფშავისკე მივლენ ღრუბლები
ჩემი ტკივილის გამგები…

******************************************

არ შეიძლება

დაუშვათ ერთ წამს, _ შენ გახდე ჩემი,
ვთქვათ _ შენ ცოლი და მე კიდე ქმარი
ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის
სინაზისა და ღიმილის ღვარი.

ვთქვათ, _ დაიღვარე ღიმის ჩქერებად,
ვთქვათ _ ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე,
(არა, ასეთი ბედნიერება
ვით შეიძლება ერგოს მიწიერს!)

ვთქვათ, _ ყოველ დილით, გასეირნებად,
გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით,
მწამს, ზეციერსაც არ ეღირსება
ბედნიერება ესოდენ დიდი.

არა! თუ რამე დამეჯერება
მე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე,
რადგან ასეთი ბედნიერება
არ შეიძლება ერგოს ხორციელს.

****************************************

******************************************

იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს,
გულში სიკეთის გენთოს სანთელი
და არასოდეს არ დაგავიწყდეს,
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.

შენი მამულის ტრფობით იწვოდე,
არ დაივიწყო ენა თავისი,
სულს სიმამაცის ცეცხლში გიწრთობდეს
შენი `შავლეგო~, შენი `დაისი~.

ხანჯალთან ერთად გეპყრას სახნისი,
მოძმე ბევრი გყავს და მტერიც ოხრად,
`ჰკა, მაგას’ – ა და `ვაშა’ – ს ძახილში
არ დაგავიწყდეს, ქართველი რომ ხარ

დე, გოლგოთაზეც ყოველდღე ადი,
ოღონდ გატანა შეძლო ლელოსი,
სულ იამაყე, რომ ერთხელ გაჩნდი
და იმ ერთხელაც საქართველოში.

და თუ დადგება წამი – ყიოში,
თუ სული დადნა როგორც ფანტელი,
როცა მოკვდები, საიქიოშიც
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.

***************************************

ბევრჯერ ამივლია ტატაბარში
თოფით, სანადიროდ გამზადებულს,
თუნდაც წავეყვანე ჯანდაბაში,
ფეხებს, ტანჯვისათვის გადადებულს.

ბევრჯერ კაცი მყავდა ამხანაგი,
ბევრჯერ შურიანიც ამყოლია,
ბევრჯერ მინატრია ბარის ბანგი,
მაინც ვახარებდი მთას თოვლიანს.

ბევრჯერ დამინახავს ჯიხვთა ხორო,
თოფით, არეული ნადირები,
კლდენი _ ჩამოშლილი ტყვიით, ხოლო
თოვლი _ ჯიხვის სისხლად ნატირები.

მკვდარ ჯიხვს ჩავყოლილვარ, ჩაგორებულს,
მერე ველურივით მიროკია,
ორი დღის მშიერსა და მოწყურებულს
თოვლი ხარჯიხვივით მილოკია.

მერე, კლდის ეხებში შეფარებულს,
ჯიხვის მსუყე მწვადი მიჭამია,
სამი ჭიქა ჭაჭით გალაღებულს,
კაცი მამა _ ღმერთად მიწამია.

ბევრჯერ მისველებდა მხრებს თოვლი და
ბევრჯერ სიცივისგან ვკანკალებდი,
მცირე ნახვრეტსაც რომ იპოვიდა
ქარი, წყევლა _ კრულვით ასაკლები.

მუხლის კანკალიც კი ამტეხია,
ტუტკას, ჰარიშკას და არაფიას,
მაინც არ მოვიშლი ამ ხეტიალს,
კვლავაც ავუყვები ქარაფიანს.

****************************************

გელა და მისი მეუღლე თეონა…
9bec0af0dff5

f4e42bb60768

გელას შვილები (ანგელოზები რომლებიც აღარ არიან :( )

ebb16507df57

fc396573c0c2

d2c4daf7b4c6

ff0777a16316

მუცოს ხეობაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი. გელა და თეონას(მეუღლის) ძმა მძიმე მდგომარეობაში არიან. თეონა და მათი უმცროსი შვილი 9 თვის ჯარჯი, გარდაცვლილები არიან, უფროსი შვილი- 3 წლის თორნიკე, დაკარგულია ..
გარდაცვლილია ბერდია არაბული, მისი ცოლი და 4 თვის შვილი … თეონას დაც…

ტრაგედიააა! მხოლოდ ამ ოჯახების არა, მთელი ჩვენი ერის ტრაგედიააა…

მსგავსი ამბები

Back to top button