გართობაუცნაური

კინო ფანტასტიკა

a0c6fe6b50bf

ნუ ამ პოსტს დავუთმობ რამოდენიმე ფანტასტიკური ფილმის განხილვას…ზოგი ძველი, ზოგიც ახალი მაგრამ მაინც ფანტასტიკაა

მატრიცა – ძმები ვაჩოვსკები
720f05b58fee

პირველად ამ ფილმს კავკასიაზე მოვკარი თვალი, საშინელი თარგმანი იყო და მეც რაღაც ჩვეულებრივ კომერციულ პროექტად მომეჩვენა, რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ვცდებოდი. მატრიცის პირველმა ნაწილმა თავის დროზე რევოლუცია მოახდინა, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გაოცებული დარჩა ეფექტებით და ჩადებული აზრით. არც კი ვიცი, ზოგადად “მატრიცაზე” ვისაუბრო თუ პირველ ნაწილზე, რადგანაც მეორე და მესამემ აშკარად ვერ გაამართლეს ფილმის მოყვარულების მოლოდინი, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ “მატრიცა” არ შეიძლება დაჰყო ნაწილებად, ეს ერთი მთლიანი ისტორია, რომელიც უბრალოდ რეჟისორებმა სამ ნაწილად დაჰყვეს, რადგანაც შეუძლებელია ჩასვა ყველაფერი, ერთ სამ საათიან სურათში. არადა, იდეა ახალი სულაც არ არის, კიბერბანკი ფილმამდე ბევრად ადრე არსებობდა და ბევრი მიმდივარიც ჰყავდა, თუმცა აღსანიშნავია, ის რომ სწორედ რომ ძმებმა ვაჩოვსკებმა გამოიტანეს ფართო ეკრანებზე და ამით მოახდინეს სტილის პოპულარიზაცია. საერთოდ “მატრიცას” შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ფილმი წარმოადგენს მთელი იდეის მხოლოდ მცირედ ნაწილს, ამაში ისინი დამეთანხმებიან ვისაც “ანიმატრიცა” აქვთ ნანახი, რომლიც ყურებისას ხვდები, რომ ნეო მხოლოდ ჭანჭიკია დიდ მანქანაში.

მე-5 ელემენტი – ლიუკ ბესონი
9b9cb9b18612

“ბიგ ბადა ბუმ”– ძალიან საყვარლად გვეუბნება მილა იოვოვიჩის პერსონაჟი ფილმის დასაწყისში, რაც ვერცერთ მაყურებელს დატოვებს გულგრილს. “ბიგ ბადა ბუმ” – სულ სხვა ტონით იმეორებს ბრიუს ვილისი, კერძოდ კი მამაკაცურით, რომელიც საყვარელი სულაც არ არის… პრინციპში არც უნდა იყოს საყვარელი, მან ხომ სამყარო უნდა გადაარჩინოს, ეს აქსიომაა, თუ ბრიუს უილისი რომელიმე ფილმში თამაშობს ყველა გადარჩება… სხვათაშორის ტიტანიკში, რომ ეთამაშა იგივე ექნებოდა. საერთოდ ფრაზები ამ საკულტო ფილმში ცალკე თემაა, მაგალითისათვის “მულტიპას”, ან უილისისადმი მიმართვა “კორვინ დალას, კორვინ დალას”, ვისაც ნანახი აქვს ალბათ ახსოვს ის ხმა, რომელიც საყოველთაო გმირს ეძახის. ფილმი რამდენჯერმე მაქვს ნანახი, საერთოდ ალბათ რთულია წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც პირველი ნახვის შემდეგ ამის მეორედ გაკეთება არ მოუნდეს. ყველა მნიშვნელობით საკულტო ნამუშევარია და მსოფლიოშიც ბევრი მიმდევარი ეყოლება.

ავატარი – ჯეიმს კამერონი
d00f61d5c536

სანამ “ავატარს” ვნახავდი ვიცოდი, რომ წინ დიდი სანახაობა მელოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კინემატოგრაფიის განვითარების ამ ეტაპზე ასეთს ვერ წარმოვიდგენდი და ალბათ სულ მცირე 5 წელი მაინც დაველოდებოდი, რაიმე მსგავსის გამოშვებას, თუმცა ფაქტი ჯიუტია და “ავატარის” ყურებისას გაოცებას ეძლევი, თუ როგორ მოახერხეს საერთოდ ასეთი სურათის გადაღება. ფილმის დასრულების შემდეგ იმდენად ძლიერი იყო ემოცია გამოგონილი სამყაროს მიმართ, რომ კინოთეატრიდან გამოსულმა ხელი ჩავიქნიე რეალურ ცხოვრებაზე, ჩვენი “გრაფიკა” აშკარად ვერ ქაჩავს და პანდორაზე ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა. არადა, წლევანდელ ოსკარზე სულ სხვა ფილმს ვგულშემატკივრობდი, მაპატიოს იმ ფილმმა, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ ოსკარი წელს “ავატარს” უნდა გადაეცეს. კამერონი ფილმზე 10 წელი მუშაობდა თურმე, შრომაც დაუფასდა და ახალ შექმნილმა სამყარომაც გაამართლა. ალბათ მაზოხისტი ან უგუნური უნდა იყო, რომ ფილმი პირველად სახლში უყურო, ამის ნახვა მხოლოდ დიდ ეკრანზე შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს, ვერასდროს აპატიებ, რომ ასეთი სანახაობა გამოტოვე. ფილმის სიუჟეტი უმარტივესია, თუმცა ამას ვინ ჩივის, მთავარია თვალი გაახარო და დატკბე შექმნილი გარემოთი, გამოგონილი არსებები, კერძოდ კი “ნავიები” იმდენად ლამაზები არიან, რომ მათ შემდეგ ჩვეულებრივ ადამიანებს სხვა თვალით უყურებ.

სიცხე – დენი ბოილი
5d61c8aa4a05

„ნემსზე“ ლეგენდარული ფილმის ავტორმა საკუთარი თავი ფანტასტიკის ჟანრში მოსინჯა და გამოუვიდა კიდეც, ეფექტებით მდიდარი და სანახაობრივი ფილმი თავგანწირვისა და გმირობის ამბავს მოგვითხრობს. სურათის მსვლელობის განმავლობაში აქტირუად ერთვები და გულშემატკივრობ ექსპედიციას, რომელიც მზეზე გააგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არაერთი ფილმი გადაგებულია, დენი ბოილის ოსტატობამ გვიჩვენა, რომ იგი კვლავ არ კარგავს აქტუალობას. ფილმი დამშვენებულია, ბრიტანელი კომპოზიტორის ჯონ მერფის მუსიკით, რომელიც ჰარმონიულად მისდევს ფილმის სიუჟეტს, ერთი ორი ეპიზოდი საერთოდაც ტრანსში გაგდებს და მონაკვეთის რამდენჯერმე ნახვის სურვილს გიღვიძებს.

სამართებელზე მორბენალი – რიდლი სკოტი
51e1f712387a

ეს ფილმი პირველად ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა და აშკარად დროს გაუსწრო, იმ ეპოქაში ასეთი სტილის ფილმებს ძირითადად დაბალი ბიუჯეტის გამო საკმაოდ უხარისხოდ იღებდნენ, რასაც ვერ იტყვი რიდლი სკოტის ნამუშევარზე, ფილმი აშკარად დაამშვენებდა გინდ 90-იანებს და გინდ 2000-საც. “ავატარისგან” განსხვავებით ამ ფილმის სიუჟეტი ბევრად რთულია და ცარიელი ეფექტების და ფანტასტიკური არსებების გარდა მდიდარია ასევე ფილოსოფიური მოტივებით, ეს პრინციპში ისტორიის ავტორის დამსახურებაა, ფილმი ხომ გენიალური ფანტასტის ფილიპ კონრად დიკის რომანის (“ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს ელექტრონული ცხვრები”) მიხედვითაა გადაღებული. ფილმი მოგვითხრობს ე.წ. რეპლიკანტებზე, რომლებიც გარკვეული ასაკის შემდგომ განადგურებულ უნდა იყვნენ, სიურპრიზი მაყურებელს ფილმის ბოლოს ელის. ფილმის ბოლოშივე ასევე შეგიძლიათ ნახოთ გენიალური ეპიზოდი სახლის სახურავზე, რომელიც დამშვენებულია ვანგელისის კომპოზიციით.

მეცხრე უბანი – ნილ ბლომკაპმი
b62acc1b3178

ძალიან ბევრი ვიცინე ფილმის დასაწყისში გამოყენებულ ფრაზაზე, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს: „დედამიწაზე ჩამოსულმა უცხოპლანეტელებმა, გაჩერება რატომღაც არა ა.შ.შ.-ში, არამედ სამხრეთ აფრიკაში გადაწყვიტეს, მართლაც კოსმიურ ტურისტებს შორის ხომ ყველაზე პოპულარული ადგილი დემოკრატიის შუქურა და ჰოლივუდის სამშობლოა და არა რომელიმე სხვა სახელმწიფო. ფილმი საინტერესო სტილშია გადაწყვეტილი, შექმნილია ილუზია თითქოს იგი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და დოკუმენტალურ ხასიათს ატარებს, ახალ ამბებს რამდენიმე წელი, რომ არ ადევნებდე თვალს შესაძლოა დაიჯერო კიდეც, რომ ეს ისტორია მართლა მოხდა და სადღაც სამხრეთ აფრიკაში უცხოპლანეტელები თავს კატის კონსერვების ჭამით ირჩენენ. მართლაც, რომ განსხვავებული ფილმია და მაღალბიუჯეტიანი ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისგან მკვეთრად განსხვავდება. ისე აღსანიშნავია, რომ აქ უცხოპლანეტელები ადამიანებზე ბევრად „კარგი ტიპები“ არიან, ადამიანები კი ცდილობენ მათ გამოყენებას და განადგურებას, სხვათაშორის ისევე როგორც „ავატარში“,როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს კინორეჟისორებისათვის საკმაოდ აქტუალურია ადამიანური ეგოიზმისა და აგრესიის მაქსიმალურად უტრირებულ ფორმაში ასახვა.

>
9776aab081c5

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button