საკითხავი

ტრაგიკული და უცნაური ჩეკისტური სიყვარულის ამბავი


ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია ჩეკისტების სიყვარულზე და ყველას მოგიწოდებთ წაიკითხოთ,თითქმის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ქალი ნელა მიაბიჯებდა. კარგად ხედავდა მამაკაცს, რომელიც მისდევდა. ანაზდად შეჩერდა და მკვეთრად შეტრიალდა:

– რატომ მომდევთ?

– იმიტომ, რომ მიყვარხართ.

ქალმა შუბლი შეიკრა, შეეცადა, მკაცრი სახე მიეღო, მაგრამ რაღაც არ გამოუვიდა. შუბლი თავისთავად გაეხსნა, ტუჩებზე კი ღიმილი აუთამაშდა.

– ჭკუაზე ხართ?

– შეყვარებულებს შეშლილებს გვეძახიან, მაგრამ მე ჭკუაზე ვარ.

– მართლა? არ გეტყობათ. უცხო ქალს აედევნეთ, შემდეგ სოყვარულს უხსნით. ეს ნორმალურია?

– არც მთლად ასეა საქმე. თქვენ შესახებ დაწვრილებითი ცნობები შევკრიბე.

– ოჰო, მაინც რა?

– თქვენი სახელია ლიზა როზენცვეიგი. დაიბადეთ და გაიზარდეთ ბუკოვინაში, ებრაულ ოჯახში. 1919–20 წლებში ჩერნოვცის უნივერსიტეტში სწავლობდით, პარალელურად იატაკქვეშა კომუნისტურ მოძრაობაში მონაწილეობდით. უცნაურია, შეძლებული ოჯახის შვილი და კომუნისტი.

– ცნობები მართლაც გულმოდგინეთ შეგიკრებიათ, – ფიქრიანად წარმოთქვა ლიზამ, – ესაა სულ?

– არა. სწავლობდით ვენისა და პარიზის უნუვერსიტეტებში. გახდით ავსტრიის კომპარტიის წევრი და საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი. დაქორწინებული იყავით ერთ რუმინელ კომუნისტზე, მაგრამ გაშორდით.

– ჩინებულია! ახლა მისმინეთ, – ქალმა ჩაიცინა, – თქვენ იაკობ ბლიუმკინი გქვიათ და ყოფილი მემარცხენე ესერი ბრძანდებით. გაქვთ ავანტიურისტის მყარი რეპუტაცია. ეს ხომ თქვენ მოკალით 1918 წელს გერმანიის ელჩი მირბახი. ამის გამო კინაღამ ომი დაიწყო.

– მე ბრესტის ზავის მოწინააღმდეგე ვიყავი.

– თქვენი ნაბიჯი ნამდვილი ავანტიურა იყო. ასე თვლის ყველა მათ შორის – მეც.

– სამწუხაროა.

– რატომ? ჩემი აზრით, ავანტიურისტი ცუდ რამეს არ ნიშნავს.

– მართლა?

– მამაკაცი ავანტიურისტი უნდა იყოს. რასაკვირველია, გარკვეულ ფარგლებში. მზვერავისთვის ეს აუცილებელია. თქვენ ხომ პროფესიონალი მზვერავი ხართ, თანაც უმაღლესი კლასის.

– მე ჩეკისტი ვარ.

– ჩეკისტი შეიძლება იყოს როგორც კონტრმზვერავი, ასევე მზვერავიც. ასე რომ, ჩვენ კოლეგები ვართ, იაშა, – ლიზას ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა.

– შეიძლება გაგაცილოთ? – ბლიუმკინმა უხერხულად ჩაიცინა.

– კარგი.

– შეიძლება ხვალ დაგირეკოთ?

– დამირეკეთ, აი ჩემი ნომერი.

რესტორნები არ მიყვარს

მეორე დღეს ლიზას ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა:

– გამარჯობა ლიზა! მიცანით?

– გამარჯობა, იაშა.

– უმალ მიცანით. მართალი გითხრათ, მიკვირს. რას აკეთებთ დღეს საღამოს?

– არაფერს.

– მაშ, რესტორანში გეპატიჟებით.

– ვერ წამოვალ.

– რატომ?

– თქვენი აზრით, წესიერი ქალი უცნობ მამაკაცთან ერთად რესტორანში წავა?

– მეგონა, არ ვიყავით უცნობები.

– ჩვენი პირველი საუბარი გუშინ შედგა.

– მაპატიეთ, ლიზა, მაგრამ არაფერი მესმის. თან მეუბნებით, რომ ჩემთან ურთიერთობა გსიამოვნებთ, ამავე დროს მიპატიჟებაზე უარს მეუბნებით.

– მე მხოლოდ რესტორანში წამოსვლაზე ვთქვი უარი. კულტურულ ღონისძიებაზე კი სიამოვნებით წამოვალ.

– ჩინებულია! მაშინ ერთ კაფეში წაგიყვანთ, სადაც პოეტები იკრიბებიან. დღეს საღამოს მაიაკოვსკიც იქნება.

– არ მითხრათ, ვიცნობო.

– ჩემი მეგობარია.

– სად გაიცანით?

– მე მაიაკოვსკისაც ვიცნობ და ესენინსაც. ორივესთან ვმეგობრობ.

– და მათ იციან, რომ ჩეკისტი ხართ?

– რა თქმა უნდა, მეგობრებს არაფერს ვუმალავ.

– კი, მაგრამ ესენინთან მეგობრობის გამო უფროსობა არაფერს გეუბნებათ?

– რა უნდა მითხრან?! ჩემი საქმეა, ვისთან ვმეგობრობ. მაშ, მოდიხართ?

– მოვალ.

პირველი კოცნა

ლიზა ზუსტად დათქმულ დროს გამოცხადდა პაემანზე. ბლიუმკინი მხიარული ღიმილით შეხვდა:

– მეგონა დაიგვიანებდით.

– ერთი სული მაქვს, სანამ მაიაკოვსკის ვიხილავ, – გაიცინა ლიზამ, – წავედით.

მალე მივიდნენ კაფესთან. ეტყობოდა, ბლიუმკინს აქ კარგად იცნობდნენ, რადგანაც ყველა მხიარული შეძახილებით შეხვდა. ბლიუმკინმა მხიარულად დაუქნია ხელი, შემდეგ ოფიციანტს მიუბრუნდა:

– მაიაკოვსკი ჯერ არ მოსულა?

– იქა ზის, კუთხეში.

ბლიუმკინმა თავი დაიქნია, შემდეგ ხსენებული მაგიდისაკენ დაიძრა:

– ვალოდია, ვალოდკა! აბა, თუ ბიჭი ხარ, გამიმაგრდი!

ლიზამ დაინახა, როგორ წამოდგა ბლიუმკინის შესახვედრად ვეება მხარბეჭიანი მამაკაცი. ქალმა უმალ იცნო მაიაკოვსკი. საოცარია, მის წინ თავად მაიაკოვსკი იდგა.

– იაშკა, შე ძველო! – და მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

– ლიზა, აი, ეს გახლავთ ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი, – საზეიმოდ წარმოთქვა ბლიუმკინმა, – გაიცანი, ვალოდია, ეს ლიზაა, ჩემი მეგობარი.

– სასიამოვნოა, – ლიზამ დაბნეულად გაუწოდა ხელი.

საღამომ მხიარულად ჩაიარა. კაფედან ძალიან გვიან გამოვიდნენ.

– ლიზა, შეიძლება გაგაცილო?

– ჩვენ უკვე შენობით მივმართავთ ერთმანეთს?

– დიახ.

– ძალიან თავდაჯერებული ხარ, იაშა.

– მე შენ ჯადოსნური საღამო გაჩუქე, ამიტომ სრული საფუძველი მაქვს, მადლობის იმედი ვიქონიო.

– კარგი, ვილაპარაკოთ შენობით.

– გაგაცილებ, კარგი?

– გამაცილე, რაკი ასე გინდა.

– როგორ მოგეწონა მაიაკოვსკი?

– ძალიან, ძალიან მომეწონა.

– იცი, ის არა მარტო პოეტია.

– არ მითხრა, ჩეკისტიაო.

ისინი ნელა მიაბიჯებდნენ. ბლიუმკინმა მხარზე მოხვია ხელი. ლიზამ ის არ მოიცილა.

– ღმერთმა დამიფაროს, ვალოდია და აგენტი! ეს აბსურდია, ლიზა!

– მაშ შენი გადაკრული სიტყვები რაღას ნიშნავს?

– მაიაკოვსკი ბრწყინვალე ბილიარდისტია და სამართლიანად ითვლება ბილიარდის მეფედ. ასეთად აღიარებენ მას მთელ სსრ კავშირში.

– მისი აღნაგობის კაცი კარგი მოკრივე იქნებოდა.

– ლამაზი კაცია მაიაკოვსკი, სიყვარულიც ორიგინალურად ამიხსნა, ლექსით.

– იცი, კიდევ რომ გაემეორებინა, აუცილებლად დუელში გამოვიწვევდი.

ლიზა შედგა.

– შენ, რა, ეჭვიანობ?

– როდესაც გიყვარს, მუდამ ეჭვიანობ.

ანაზდად ბლიუმკინი მაჯაში სწვდა ქალს და თავისკენ მიიზიდა. ლიზამ სცადა ხელის განთავისუფლება.

– გამიშვი, იაშა.

– არავითარ შემთხვევაში.

– გამიშვი, თორემ ვიყვირებ.

იაშკამ გაიცინა და ქალის ტუჩებს დაუწყო ძებნა. ლიზა მთელი ძალით ცდილობდა მის მოშორებას, მაგრამ ამაოდ. იაშას ის მაგრად ეჭირა. ანაზდად ძუძუზე იაშას ხელი იგრძნო. ლიზას თავბრუ დაეხვა, სხეული მოუდუნდა. ბლიუმკინი ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს. ლიზამ კისერზე შემოხვია ხელები და კოცნას უფრო ხანგრძლივი, ვნებიანი კოცნით უპასუხა.

სიყვარული ქორწილით მთავრდება

ახლა სისტემატურად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბლიუმკინს დაჰყავდა ქალი კაფეებში, სადაც პოეტები იკრიბებოდნენ, თეატრებში, რესტორნებში. ლიზა თვალებში შესციცინებდა მას, ულაპარაკოდ თანხმდებოდა ყველაფერზე, რასაც ბლიუმკინი ეუბნებოდა. შინ გვიან ღამე ბრუნდებოდნენ. გამომშვიდობებისას ქალს თვალები ნაღველით აევსო.

– მიდიხარ, იაშა?

– აი, შენი სახლიც.

– მაშ, წახვედი?!

ლიზას ალმური მოედო, თავი ჩაღუნა. თითებით ბლიუმკინის პალტოს ღილი მიძებნა და წვალება დაუწყო.

– არ გინდა, რომ წავიდე?

– არა.

– მაშ, არ წავალ.

ლიზამ თავი ასწია. ბლიუმკინს თვალები უბრწყინავდა. ღამე ერთად გაატარეს. ამის შემდეგ ბლიუმკინი ხშირად რჩებოდა მასთან.

– ლიზა, იცი, რა მინდა გითხრა? ბავშვობაში მჯეროდა, რომ არსებობს მსოფლიოში საუკეთესო ქალი, რომელიც ჩემი გახდება–მეთქი. შემდეგ იდეალი ჩაკვდა. ერთხანს მეგონა, რომ გაქრა. თურმე შევმცდარვარ. მსოფლიოში საუკეთესო ქალი მართლაც არსებობს. ეს შენა ხარ.

– გმადლობთ, გმადლობთ, – წაიჩურჩულა ლიზამ და ბლიუმკინს ჩაეხუტა, – ახლა საოცრად ბედნიერი ვარ. ნეტავ, ასე მოვკვდე…

– რა სისულელეს ლაპარაკობ!

– ბედნიერება წარმავალია, იაშა. მე მინდა, შენი ვიყო და ისე მოვკვდე.

– ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს, ლიზა.

– მეც მაგის მეშინია.

– რატომ?

– ჩვენი პროფესიის ადამიანი მუდამ სიკვდილს უყურებს თვალებში.

– სისულელეა! მე და შენ ას წელიწადს ვიცოცხლებთ. ამაში ეჭვი არ მეპარება! მე სხვა რამ მაშფოთებს, – ბლიუმკინი ლოგინზე წამოჯდა. ლიზა შეშფოთებული მისჩერებოდა მას.

– ცოლქმრული სიყვარული მალე ქრება. რჩება მოვალეობა შვილისადმი, ოჯახისადმი. ცოლის გამო თავს არავინ გაწირავს. საყვარელის გამო გაწირავს, მეც მინდა, რომ შენ ჩემი საყვარელი იყო.

– იაშა, მე ყველაფერზე თანახმა ვარ.

– ვერ გამიგე. ჩვენ დავქორწინდებით, მაგრამ…

– დავქორწინდებით? შეიძლება ასეც მოხდეს, თუმცა წესიერი ხალხი ჯერ ქალს სთხოვს ხელს.

– შენი თანხმობა უკვე ჯიბეში მაქვს, განა ასე არაა?

ლიზამ პასუხი არ გასცა. ბლიუმკინმა კისერზე მოხვია ხელი. ქალმა თვალები დახუჭა.

– დავქორწინდებით, ეს გადაწყვეტილია, მაგრამ მე მინდა, რომ შენთვის ქმარი კი არა, საყვარელი ვიყო, რომელიც თავს გაწირავს შენთვის, რომ შენც ასევე გიყვარდე, გამიგე?

მალე ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ.

ტესტი

ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ. ლიზა თვალებში შესციცინებდა ქმარს. ბლიუმკინიც აღფრთოვანებული იყო თავისი ცოლით. სახლში ისე არ შევიდოდა, რომ რაიმე ძვირფასი საჩუქარი არ მიეტანა. ლიზამაც აღარ იცოდა, სიამოვნებისაგან რა ექნა. ზოგჯერ მათ ერთად აგზავნიდნენ საზღვარგარერ სპეცმივლინებებში. ხდებოდა ისე, რომ ლიზა მარტო მიემგზავრებოდა. დაბრუნებისას ქმარს მოახსენებდა:

– ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ლეგენდის მიხედვით ქვრივი ვიყავი, ამიტომ კავალრებს ახლოს არ ვიკარებდი.

– ქვრივებს მამაკაცები, როგორც თაფლს, ბუზი, ისე ეტანებიან.

– მე წესიერი ქვრივი ვიყავი, – გაიცინა ლიზამ და ქმარს გადაეხვია.

საზღვარგარეთ მარტო გამგზავრება ბლიუმკინსაც უწევდა. ხან თურქეთში მიემგზავრებოდა, ხან გერმანიაში, ხანაც მონღოლეთში. დაბრუნებისას სიცილით უამბობდა ცოლს:

– რესტორანში კინოვარსკვლავი გამაცნეს. ისეთი ლამაზი ქალი იყო, რომ…

ლიზას სახე შეუტოკდა.

– ძალიან ლამაზი იყო?

– სულელო, მთელი ევროპის კინომსახიობები რომ დამასიონ, მაინც არ გიღალატებ.

– მართლა?

– აი, წარმოიდგინე, რომ რაღაც ჯადოსნურ ქვეყანაში მოვხვდი. გარშემო სულ ნარჩევი მზეთუნახავები მახვევია. რომელიც გინდა, ამოირჩიე, მაგრამ მე არავის ყურადღებასაც არ მივაქცევ, იმიტომ, რომ ჩემი ცოლი მსოფლიოში საუკეთესო ქალია!

– სულელო, – გაიცინა ლიზამ და ჩაეხუტა.

მიუხედავად ამისა, ორივეს იპყრობდა ეჭვიანობა. ბლიუმკინი აშკარად უკმაყოფილო იყო, როდესაც ლიზას მის გარეშე აგზავნიდნენ საზღვარგარეთ.

– არ შეიძლება, მეც მასთან ერთად გავემგზავრო?

– სამწუხაროდ, არა. საქმის ინტერესები მოითხოვს, რომ ლიზა მარტო იყოს.

– ის ჩემი ცოლია! როგორ შეიძლება, ცოლი ქმრის გარეშე გაგზავნოთ საზღვარგარეთ?

– ხომ იცით, განათლებული კადრები არ გვყოფნის, თანაც ლიზა მალე დაბრუნდება უკან.

ასეც მოხდა. ბლიუმკინს არ დაუწყია გამოკითხვა, თუმცა ქმრის თვალებში ლიზამ ცხადლივ ამოიკითხა ეჭვიანობა. ხედავდა ქმრის მოღუშულ სახეს. ეს ლახვარივით ესობოდა გულში. ინსტრუქციის თანახმად, უფლება არა აქვს, მოუთხროს ქმარს საზღვარგარეთ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. მართალია, ბლიუმკინიც ჩეკისტია, მაგრამ ის არ ჩართეს ოპერაციაში. ლიზასაც უფლება არა აქვს, თუნდაც ქმარს გაუმხილოს სამსახურებრივი საიდუმლო, მაგრამ იაშა ისეთი შეწუხებულია. ლიზას აღარ შეეძლო მისი ნაღვლიანი თვალების დანახვა. საყვარელო, ძვირფასო იაშა, ნუ ხარ ასეთი შეწუხებული. მე ეს მკლავს, ჩემო მშვენიერო, – ეუბნებოდა ქალი.

– იაშა, კვლავ მივლინებაში მაგზავნიან.

– რა გაეწყობა, – ბლიუმკინმა ისე ამოიოხრა, თითქოს გულ–ღვიძლი ამოაყოლაო.

დაბრუნების შემდეგ ლიზა უჩვეულოდ ხალისიანი იყო. ქალი სიცილ–კისკისით ჩამოეკიდა ქმარს კისერზე.

– როგორ მომენატრე, იაშა!

– მეც, მეც მომენატრე.

– სახეზე ზეთი რატომღა ჩამოგდის, ეჭვიანობ?

– ამბობ, ერთი!

ეჭვიანობ, – გაიცინა ქალმა, – და სულ ტყუილადაც. საამისოდ არავითარი საფუძველი არა გაქვს.

ლიზა ქმარს ჩაეხუტა, შემდეგ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერზე, რაც საზღვარგარეთ გადახდა. ჯანდაბას ინსტრუქცია. იაშკა მისთვის ყველაფერზე, მათ შორის ჩეკისტურ უსტავზეც, მეტია. იდიოტიზმია, რომ ქმრისაგან საიდუმლოებები უნდა გქონდეს, მით უმეტეს, როდესაც მას ასე უყვარხარ.

– შენ ჩემამდეც ხომ გყავდა ქმარი, ლიზა. მითხარი, მას უყვარდი?

– რომ ვყვარებოდი, არ გავშორდებოდი.

– შენი ქმარი რუმინელი კომუნისტი იყო?

– ჰო. ჩვენ სხვადასხვა ადამიანები აღმოვჩნდით, ამიტომაც დავშორდით.

– ჩემთან ბედნიერი ხარ?

– ძალიან. ჩემთვის შენ ყველაფერი ხარ.

– ამიტომაც დაარღვიე ინსტრუქცია და ყველაფერი გადმომილაგე?

– ვხედავდი, როგორ იტანჯებოდი, შემეცოდე.

– შეგეცოდე?!

ანაზდად ბლიუმკინმა გადაიხარხარა. ლიზას ტანში გასცრა. რაღაც საზარელი გამოსჭვიოდა ამ სიცილში.

– მაშ, შეგეცოდე, არა? – ბლიუმკინის თვალებში უმალ გაქრა ნაღველი. ახლა იქ მხოლოდ ბოროტი დაცინვა გამოსჭვიოდა.

– მე შენ გამოცდა ჩაგიტარე, ლიზოკ. ევროპაში ამას ტესტს ეძახიან.

– რაა?! – ლიზას ხმა აუკანკალდა, სახე გაუფითრდა.

– შენ ვერ გაუძელი ამას და სამსახურებრივი საიდუმლოება გაეცი. შენ სუსტი ხარ, ლიზა, მეტისმეტად სუსტი ჩეკისტობისათვის.

ლიზამ იგრძნო, რომ თავბრუ დაეხვა, ცოტაც და გულწასული ძირს დავარდებოდა. ბლიუმკინი კი იცინოდა. მისი სიცილი ქალს დანასავით ესობოდა გულზე.

– დაიმახსოვრე, შე საწყალო, ჩეკისტი მუდამ ჩეკისტია, – დამრიგებლურად წარმოთქვა ბლიუმკინმა, – სენტიმენტალობა და გრძნობები ჩვენს პროფესიაში ლაფსუსია.

ლიზა ატირდა. თავი ბალიშში ჩარგო და გულამოსკვნილი აქვითინდა, როგორც ოდესღაც ბავშვობაში იცოდა ხოლმე. ბლიუმკინი ერთხანს დამცინავად მისჩერებოდა მას, შემდეგ წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

დაბეზღება

მალე ბლიუმკინი სპეცმივლინებით თურქეთში გაემგზავრა. დაბრუნების შემდეგ ცოლს მოახსენა:

– ლევ დავიდოვიჩს შევხვდი.

– რომელ ლევ დავიდოვიჩს?

– როგორ თუ რომელს? ტროცკის.

ბლიუმკინი აბაზანაში შევიდა. ლიზა კი გამალებული ფიქრობდა. ტროცკის შეხვდა და რატომ მოუყვა ამის შესახებ.

ლევ ტროცკი სსრკ–დან ახალი გასახლებული იყო და ჯერჯერობით თურქეთში იმყოფებოდა. სსრკ–ში დარჩენილ მის მომხრეებს სასტიკად სდევნიდნენ, სიტყვა “ტროცკიზმი” კონტრევოლუციურობის სინონიმი გახდა. ჩეკისტი ბლიუმკინიც, რომელსაც პარტიამ საზღვარგარეთ სპეცდავალების შესრულება ანდო, ტროცკის შეხვდა. რას ნიშნავს ეს?

წელზე პირსახოცშემორტყმული ბლიუმკინი ღიღინ–ღიღინით შემოვიდა ოთახში. ლიზამ გამომცდელად შეხედა ქმარს:

– ტროცკისთან შეხვედრა ოპერაციის გეგმაში შედიოდა?

– არა. მე უბრალოდ მომენატრა ლევ დავიდოვიჩი. რაც უნდა იყოს, ოდესღაც ხომ მის სამდივნოში ვმუშაობდი, – ბლიუმკინმა თავისკენ მიიზიდა ცოლი და აკოცა. ლიზა კი დაძაბული ფიქრობდა: რატომ მომახსენა ყველაფერი? რაო, მართლა უჩუმრად შეხვდა ტროცკის? არა მგონია. იაშა ძალიან ჭკვიანია და ხვდება, რომ ლევ დავიდოვიჩმა წააგო. ასეც რომ არ იყოს და მართლა ჰქონდეს მასთან რაღაც საიდუმლო საქმეები, მე არ გამიმხელდა. ასე რომ, ეს მისი მორიგი ტესტია. ძალიან კარგი. ამჯერად ამ ტესტს ჩავაბარებ.

მეორე დილით ლიზა პუზიცკისთან წავიდა. მაშინ პუზიცკი დაზვერვაში მსახურობდა.

– შეიძლება?

– მობრძადით, ლიზა, დაბრძანდით.

ქალი დაჯდა. ხელები უკანკალებდა, სახეზე მკვდრისფერი ედო.

– ლიზა, ცუდად ხომ არა ხართ?

– არა, არა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა… ჩემი ქმარი ტროცკის შეხვდა.

– რაო?

– მივლინებიდან დაბრუნდა თუ არა, მითხრა, რომ თურქეთში საიდუმლოდ შეხვდა ტროცკის.

წამით სიჩუმე ჩამოწვა.

– აგერ ქაღალდი და კალამი, – პუზიცკიმ სახეზე მოისვა ხელი, – გთხოვთ ყოველივე დაწვრილებით დაწეროთ.

უკანასკნელი პაემანი

ორი დღის შემდეგ ბლიუმკინი დააპატიმრეს. როდესაც ჩეკისტები მის წასაყვანად მივიდნენ, ლიზა მათ ყვირილით ეძგერა:

– ვერა, ვერა, ჩემს ქმარს თქვენ ვერ წაიყვანთ!

– დამშვიდდი, ლიზოკ, – ბლიუმკინმა ანაზდად გადაუსვა ხელი, – რაღაც შეცდომაა, მალე დავბრუნდები.

ლიზა პირდაპირ პუზიცკისთან გაქანდა და მოახსენა, რომ მისი ქმარი დააპატიმრეს. პუზიცკიმ დაუფარავი გაოცებით შეხედა:

– კი, მაგრამ აკი, თავადვე მოგვახსენეთ, რომ შეხვდა ტროცკის.

– დიახ, მაგრამ…

– შემოწმებამ დაადასტურა თქვენი სიტყვები. ბლიუმკინი მართლაც შეხვდა ტროცკის, მაგრამ ამისი დამალვა სცადა.

– მაშასადამე…

– მიმდინარეობს გამოძიება. თქვენ აუცილებლად დაგაპირისპირებენ.

დაპირისპირებისას ლიზამ გაიმეორა ყოველივე. დიახ, იაშა საიდუმლოდ შეხვდა ტროცკის და ამის თაობაზე ცოლს მოუთხრო. ქალს ხმა უკანკალებდა. როდესაც ჩვენების მიცემა დაასრულა, გული წაუვიდა. ლიზა დიდხანს ემუდარებიდა პუზიცკის, ნება მიეცა, ციხეში ქმარი მოენახულებინა.

– ის ჩემი ქმარია! უფლება არა მაქვს, ვნახო?

– ბლიუმკინი ტროცკის აგენტი აღმოჩნდა. თქვენ დაგვეხმარეთ მის მხილებაში. ამან დააჩქარა მისი გამოაშკარავება.

– მაინც მსურს, ვინახულო.

– ბლიუმკინი განწირულია. მას დახვრეტენ.

– მით უმეტეს, უნდა ვნახო.

– კი, მაგრამ ამით შესაძლოა, ჩირქი მოგეცხოთ. ახლა თქვენ ფხიზელი თანამშრომლის რეპუტაცია გაქვთ.

– ფეხებზე მკიდია რეპუტაცია! – დაიყვირა ლიზამ.

მან მიაღწია იმას, რომ ქმართან პაემნის უფლება დართეს.

– იაშკა! ჩემი იაშკა! – და ლიზა ქმარს გადაეხვია.

პატიმრობას გვარიანად შეეფერთხა ბლიუმკინი. სახე გაფითრებოდა, თვალის უპეები ჩაშავებოდა. როდესაც ცოლი გადაეხვია, თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

– ლიზა, რატომ გააკეთე ეს, რატომ?

– მე ტესტი მეგონა! აკი, ერთხელ ჩამიტარე კიდეც.

– რაო, რა ტესტი, რის ტესტი?

– გახსოვს, როდესაც მივლინებიდან დავბრუნდი და ყველაფერი გიამბე. შენს ნაღვლიან თვალებს ვეღარ ვუყურებდი და გული გადაგიშალე. შენ მიპასუხე, რომ განზრახ გაითამაშე დადარდიანებული ქმრის როლი, რომ ამით ერთგვარი გამოცდა მომიწყვე.

– არა, ლიზა, მე არ ვთამაშობდი. როდესაც ადამიანი გიყვარს, ეჭვიანობ ხოლმე. ვგრძნობდი, რომ გებრალებოდი. ჩემთვის ეს აუტანელი იყო, ამიტომაც შევთხზე ზღაპარი ტესტის შესახებ, გაგეხუმრე. ჩემი მამაკაცური თავმოყვარეობისათვის ეს აუცილებელი იყო, გესმის?

– მესმის, – წაიჩურჩულა ლიზამ, – ახლა ყველაფერი მესმის, მაგრამ უკვე გვიანია.

– ჩვენი სიყვარულიც დასრულდა, – ნაღვლიანად ჩაიცინა ბლიუმკინმა, – ჩეკისტური სიყვარული თურმე ყველაზე უბედური ყოფილა…

ეპილოგი

ბლიუმკინის საქმე გპუ–ს კოლეგიაზე განიხილეს. 1929 წლის 3 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება მისი დახვრეტის შესახებ. ბლიუმკინი დახვრიტეს. ლიზა ერთხანს გლოვობდა ქმარს, შემდეგ კი ჩეკისტ ზარუბინზე გათხოვდა და მისი გვარი მიიღო. ახალ ქმართან ერთად არაერთი წელი იმსახურა საბჭოთა დაზვერვაში, წარმატებით შეასრულა უამრავი დავალება, თუმცა ეს არ დაუფასდა. 1946 წელს, როგორც ებრაელი, უშიშროებიდან გააძევეს. მართალია, 1953–ში აღადგინეს, მაგრამ ბერიას დამხობის შემდეგ საბოლოოდ გაუშვეს პენსიაზე. ლიზა კიდევ იოლად გადარჩა.

1987 წელს ლიზა ტრაგიკულად დაიღუპა. მას ავტობუსი დაეჯახა. ამბობენ, მეტისმეტად ბევრი იცოდა და სუკ–მა თავიდან მოიშორაო.

წყარო: sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close