საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართველები, რომლებმაც სიცოცხლე სიყვარულს შესწირეს (ნაწ.I)

a9b055a1bb62
ლამაზი ხალხი ვართ ქართველები, სიყვარულიც ასეთივე ლამაზი ვიცით. ჩვენმა წინაპრებმა ცხოვრება სიყვარულით გალიეს და ამბად დაგვიტოვეს – ამქვეყნად მხოლოდ სიყვარული და კეთილშობილებაა ფასეული, სხვას ყველაფერს ყავლი გაუდის, თვით სილამაზესაც კი, თუმცა ზოგიერთს ზუსტად სილამაზე ექცა ბედისწერად…

პეტრე წერეთელი

ეს მოყვასის სიყვარულია. ადამიანი ამგვარი სიყვარულით ამართლებს თავის მოვლინებას ამქვეყნად. პეტრე წერეთელმაც ასე გაამართლა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე. პროფესორი სერგი დურმიშიძე იგონებდა: როცა ანეტა მასწავლებელმა ცოტნე დადიანზე გვიამბო და ვკითხეთ, ახლა თუ არიან საქართველოში მისნაირი ვაჟკაცებიო, გვიპასუხა: ზაფხულობით საჩხერეში ჩამოდის პეტრე წერეთელი. კვირაობით მეგობრის საფლავზე ყვავილები მიაქვს. ნახეთ და დააკვირდით, ალბათ ასეთი უნდა ყოფილიყო ცოტნე დადიანიო…
პეტრე მართლაც ჰგავდა ცოტნე დადიანს… ჰგავდა კი არა, ის მართლა იყო მეორე ცოტნე დადიანი, მაგრამ მისმა ეპოქამ მისი ცოტნეობა მიჩქმალა… პეტრე და მისი ძმა, ბაუკი 1924 წლის ზაფხულში პეტერბურგიდან საჩხერეში ჩამოვიდნენ დასასვენებლად. სწორედ იმ ზაფხულს დააპატიმრეს ბოლშევიკებმა საჩხერე-ჭიათურაში ყველა თავადიშვილი( და ყველა ვისაც ჭკუა-გონება უჭრიდა). პატიმრებით სამი ვაგონი გაივსო… შემდგომში, როდესაც ყველაფერი “მიწყნარდა”, საჩხერის ფოსტისს უფროსს, ვალოდია ვეშაპიძეს უამბნია სერგი დურმიშიძის მამისთვის: – დამსჯელ რაზმს ვალიკო ტალახაძე მეთაურობდა. ქუთაისიდან მის სახელზე დეპეშა მოვიდა და რადგან გამგზავნი არავინ ჰყავდა, მე მივუტანე. ტალახაძე ვაგონებში პატიმრებს ათვალიერებდა. პირველ ორ ვაგონს სწრაფად მოშორდა, მესამესთან კი შეყოვნდა. თვალი მოვკარი – კართან ბაუკი და პეტრე წერეთლები იდგნენ. უცებ ტალახაძე შემობრუნდა და ბრძანა, – ის მაღალი პატიმარი გამოიყვანეთო. ჩამოიყვანეს პეტრე. თქვენ თავისუფალი ხართ, მოშორდით აქაურობასო, ბრძანა ტალახაძემ. პეტრე ადგილიდანაც არ დაძრულა, – თუ დასახვრეტთა რიცხვი განსაზღვრული გაქვთ და მე ზედმეტი ვარ, გთხოვთ ჩემ ნაცვლად ვაგონში პატარა წერეთელია და ის გაათავისუფლეთო.
ტალახაძე დაჟინებით მიაშტერდა პატიმარს და დაცვის უფროსს უბრძანა, პეტრე ვაგონში აეყვანათ და “პატარა წერეთელი” ჩამოეყვანათ. ვაგონის სადგურის უფროსის ამხანაგის შვილი, 15 წლის ყმაწვილი ჩამოვიდა. ვალოდია ვაშაპაძე მიხვდა, რატომ გამოიყვანა ტალახაძემ ვაგონიდან პეტრე – ასეთი ვაჟკაცი ჯალათმაც კი ვერ გაიმეტა სასიკვდილოდ…
მერე კი, როცა ზესტაფონში ვაგონებს ტყვიები დაუშინეს, პეტრე წერეთელს უყვირია, ბავშვები ვაგონის შუაგულში გადაიყვანეთო… თვითონ ვაგონის კედელთან დარჩა და გარედან შემოჭრილ ტყვიებს აეფარა. როცა ცოცხალ-მკვდარი, სისხლში აზელილი ხალხი ვაგონის ხის კედელს მიაწვა და ხრამში გადაეშვა, მკვდრებში ცოცხლებიც აღმოჩნდნენ. ალბათ სწორედ ისინი, ვინც სროლისას ვაგონის შუაგულში იდგა. მკვდართა შორის გადარჩენილები ხრამიდან ამოფოფხდნენ და იმ სისხლიანი დღის საშინელება ამოიტანეს…

ბარბალე თურქესტანიშვილი

ბარბალე თურქესტანიშვილი, ალექსანდრე I-ის კარზე ვარია თურქესტანოვად ცნობილი მზეთუნახავი იყო. ის ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი იყო. ბაადური საქართველოდან ლტოლვილ მეფეს გაჰყოლია რუსეთში. მისი თვალწარმტაცი და ღარიბი შვილიშვილი ბარბალე კი დედოფალს მოეწონა და სეფექალად აირჩია. იმპერატორს უმალ თვალში მოხვდა ლამაზი სეფექალი და ისე თავდავიწყებით შეუყვარდა, რომ მის გარეშე წუთსაც ვეღარ ძლებდა… რუსთა მეფე სიყვარულს არც მალავდა. ოქრომჭედლებს ბარბალეს გამოსახულებიანი კამეები და მედალიონები გააკეთებინა და ზედ დააწერინა – “მას ვინც რჩეულია”. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ამ მედალიონებიდან დახატა ილია კრამსკოიმ ცნობილი “უცნობი ქალის” პორტრეტი. სწორედ ის პორტრეტი, რომელიც გაუცნობიერებლად ისე გვიყვარს ქართველებს, რომ მის რეპროდუქციას არაერთ ოჯახში ნახავთ. თუმცა თითქმის არავინ იცის, რომ მასზე ქართველი ქალია გამოსახული. ქალი, რომელიც დიდხანს ებრძოდა მეფის სიყვარულს. ისე დიდხანს, რომ რამდენიმე წელი მეფისა და სეფექალის გრძნობა მხოლოდ სასიამოვნო საუბრებით საზრდოობდა. ბარბალე დღიურებში წერდა, – ის ისეთი ვაჟკაცია, მეფე რომ არ იყოს, შემიყვარდებოდაო… მაგრამ მეფემ შეძლო ქალის გულის დაპყრობა – ბარბალე ზედაც არ უყურებდა შეყვარებულ თავად გოლიცინს. უარით გამწარებული თავადი შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, ბარბალესათვის არ წამოეძახებინა – შენ ეკუთვნი კაცს, რომელიც არასოდეს შეგირთავსო. ამასობაში პლატონური სიყვარული დასრულდა და ბარბალე დაფეხმძიმდა. სასახლეში საიდუმლოდ ამშობიარეს. გაჩნდა გოგონა. დედამ მხოლოდ მისი სახელის თქმა მოასწრო – მიმი დაიბადაო… და მომზადებული საწამლავიც დალია. სამსალამ არ გაჭრა და ბედუკუღმართი ქალი საშინელი ტანჯვით გამოეთხოვა სიცოცხლეს. მიმი კი სწორედ იმ თავადმა გოლიცინმა გაზარდა, რომელიც დედამის იმპერატორთან სიახლოვეს ვერ პატიობდა…

წყარო: ჟურნალი

მსგავსი ამბები

Back to top button