საკითხავისასარგებლო

პრაღა


ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. მდებარეობს მდ. ვლტავაზე ცენტრალურ ბოჰემიაში და დაახ. 1.2 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება (თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს). პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
1800 წელს ჯერ კიდევ ყმაწვილმა არტურ შოპენჰაუერმა, რომელიც მშობლებთან ერთად პრაღაში იმყოფებოდა, დღიუში ჩაწერა: ”მდინარეზე, რომლის სახელია მოლდაუ (ანუ ვლტავა გერმანულად), გადაჭიმულია საოცარი ხიდი, სადაც გამწკრივებულა მრავალრიცხოვანი რელიგიული სკულპტურები, ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები.” ხიდი – რასაკვირველია კარლოსისაა, ყველაზე ცნობილი პრაღის 17 ხიდიდან. ეტყობა, ორასი წლის წინ პრაღა უკვე იყო დაყოფილი ტურისტებისთვის მშვენიერ, სახიერ და ბანალურ ნაწილებად.

კარლოსის ხიდი, რატუშა თავისი საათით, ძველი ქალაქის ცაში ატყორცნილ შენობათა წამახული წვერები, კეთილი ჩეხი მედუქნეები, ჩამოსასხმელი ლუდი – რა თქმა უნდა, საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა ზუსტად ამასვე გეტყვიან მიუნჰენში, გენტშიც, დუბლინშიც… გზამკვლევებში, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, განქარდდა მომხიბვლელი ქალაქის სული, რომელიც ისევე იოლად, როგორც ბუმბულს, თავისკენ იზიდავს ყველას, ვისაც კი უცხოვრია პრაღაში.

დედამიწის ზურგზე მეტ-ნაკლებად ნასიარულები ადამიანისთვის პრაღა დგას ევროპის დედაქალაქთა, ან უბრალოდ მნიშვნელოვან ქალაქთა მეორე რიგში, გვერდიგვერდ ამსტერდამთან, ბარსელონასთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლონდონთან, პარიზთან ან რომთან, რომლებიც, ყველა საზომით, დიდ ქალაქებად არიან მიჩნეულნი. დანარჩენები უბრალოდ ქალაქებია, შესაძლოა ძალიან სახიერი, მაგრამ არა დიდებული, თუმცაღა ჩეხეთის დედაქალაქი ამ მეორე მწკრივშიც გამოირჩევა რაღაცით. თუნდაც იმით, რომ ის არის ”ცენტრის ცენტრი”, ნამდვილი დედაქალაქი ცენტრალური ევროპისა, რომლის გაგება (ანდა უბრალოლ გაცნობა) ყველაზე იოლად პრაღაში ჩასვლითაა შესაძლებელი. უნდა ჩახვიდეთ არა ვარშავაში, 1939 წელს ლუფტვაფეს ბომბდამშენებმა, ხოლო 1944 წელს წითელი არმიის არტილერისტებმა რომ აღგავეს პირისაგან მიწისა; არა ვენაში, ან ბუდაპეშტში საუკუნეების წინ იმპერიული გაქანებითა და ბრწყინვალებით გადაკეთებულ ქალაქებში, რომლებმაც საკუთარი სახე იმის გამო დაკარგეს, რომ თავს მოახვიეს ზეამოცანა: ყოფილიყვნენ ფასადი ჰაბსბურგების ავსტრო-უნგრეთის იმპერიისა, ქვაში განსხეულებული ოცნებისა ურყევი დიდებულების შესახებ, არამედ პრაღაში, ქალაქში ყოველგვარი ზეამოცანისა და მითის გარეშე.

თუმცა პრაღა მდიდარია თქმულებებით, რომელთა უმეტესი ნაწილი დიდი ხნის წინაა გადამუშავებული დაუზარელი ლიტერატორების მიერ ტურისტებისათვის გასაგებ და ხელმისაწვდომ ენაზე. სამაგალითოდ გამოდგება ისტორია თიხის გოლიათ გოლემისა (ანუ ლეგენდა ადამიანის ცნობისმოყვარეობაზე, თავხედობაზე და მათ გაუთვალისწინებელ შედეგებზე), რომელიც თანდათანობით ფილოსოფიური თქმულებიდან მძაღე, ფსევდომისტიურ ზღაპრად იქცა.

ღამის ულიცა პრაღა თავისი სულით რამდენადმე პროვინციული, მაგრამ იმავდროულად, ისტორიისა და კულტურის თვალსაზრსით, მეტისმეტად ლოგიკური და ბუნებრივი ქალაქია. ბედისწერამ იგი იხსნა დიდი ქალაქის მძიმე ხვედრისაგან; იხსნა პოლიტიკური, ეკონომიკური და სასულიერო ხელისუფლების თავმოყრისგან, იხსნა დიდებისა და ძლევამოსილებისგან. მრავალი საუკუნის განმავლობაში, იყო რა ევროპული მოვლენების ცენტრში, ჩეხეთის დედექალაქმა მოახერხა განზე გადგომა, რამეთუ შეხლა-შემოხლათა, დაპირისპირებათა და შეჯახებათა ბედი წყდებოდა სადღაც სხვა ადგილას – რომში, ვენაში, მიუნჰენში, პოტსდამში, ვაშინგტონში და მოსკოვში… ამაშია პრაღის ბედნიერება, რადგანაც ამ გარემოებათა გამო, ქალაქმა არ შეიძინა ზღვარგადასული სერიოზულობა, რაც ასე დამახასიათებელია ნებისმიერი დიდი ქალაქისათვის. არავის დაუხარჯავს ტიტანური ძალისხმევა იმისათვის, რომ პრაღის იერი შეეცვალა და მოერგო საკუთარი გემოვნებისათვის. პრაღას არ ჰყოლია თავისი ბარონი ოსმანი (ჟოზეფ ეჟენ ოსმანი), რომელმაც დაანგრია და გადააკეთა ნახევარი პარიზი მხოლოდ იმისათვის, რომ საფრანგეთს ჰქონოდა ყველაზე თანამედროვე დედაქალაქი მაშინდელ ევროპაში. ავსტრიის იმპერატორი და ჩეხეთის მეფე ფრანც იოზეფ პირველი კი დაჰკანკალებდა ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმას არა პრაღაში, არამედ სამხრეთით, ვენაში, რომელიც აქცია კიდეც საკუთარი მეფობის ძეგლად…

ამ და სხვა მსგავსი არაერთი გარემოების წყალობით პრაღა ვითარდებოდა ბუნებრივად, მკვეთრი ნახტომების გარეშე. მისი იერი, როგორც წესი, იცვლებოდა ორგანულად, ცვლილება კი ნაკარნახები იყო დროისა და მოთხოვნილების შესაბამისად და არა ცალკეული პატივმოყვარე ადამიანების მიერ. ამიტომაა, რომ პრაღა, ისევე როგორც მეორე რიგის ევროპული ქალაქების დიდი ნაწილი, იმაზე მეტად მომხიბვლელი და მყუდროა, ვიდრე იმპერიული მონსტრები პირველი რიგიდან.

თუ პრაღას, ისევე როგორც მთლიანად ჩეხეთს, აქვს გარკვეული ისტორიული მისია, ის, ალბათ, სწორედ ამ ”ისტორიული მისიის” ღრმა ირონიაში მდგომარეობს. აი, თქვენ მანდ ხმაურობთ, ყვირით, ომობთ, წვავთ, ანგრევთ კედლებს, ავსებთ თხრილებს – ჩვენ კი აქ უბრალოდ ვცხოვრობთ. თუ დაგვჭირდება, კედელსაც დავანგრევთ, თხრილებსაც ამოვავსებთ, მაგრამ ყოველგვარი პათეთიკის გარეშე, არა კაცობრიობის გადარჩენის ან იმპერიის დიდების სახელით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ სივიწროვეში არ ვიცხოვროთ.

თუმცაღა რამდენჯერმე პრაღა იმყოფებოდა იმ ზღვარზე, რომელიც ქალაქებს დიდი ქალაქებისგან ჰყოფს, მაგრამ, საბედნიეროდ, პრაღას ეს ზღვარი არ გადაულახავს, თუმცა იმ დროში არც არავინ იცოდა, შედარებით ახალგაზრდა ქალაქებიდან რომელი რა ფორმას მიიღებდა და როგორ განვითარდებოდა. პრაღა სულ უბრალოდ შეიძლებოდა მოხვედრილიყო დიდებულ ქალაქთა რიგებში, თუკი წარმატებით დასრულდებოდა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ჩეხი ხელმწიფეების – მეომრის, მშენებლისა და მშვიდობისმყოფელის წამოწყებანი.

პშემისლ ოტოკარ მეორე (1253-1278 წწ) – მონარქი, რომელმაც ერთი ხანობა დაიქვემდებარა მთელი ცენტრალური ევროპა ბალტიის ზღვიდან ადრიატიკამდე და ალპებიდან უნგრეთის ტრამალებამდე. მონარქი, რომელიც ერთგვარი მითია, თუმცა მისი არსებობა ისტორიულად დასტურდება. უბრალოდ, ალბათ, ყველა ერი ინახავს ხსოვნას მავან ძლევამოსილ ხელმწიფეზე, რომელმაც დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროში, შექმნა იმპერია, რომელიც, როგორც წესი, ”ერთი ზღიდან მეორე ზღვამდე” იყო გადაჭიმული. მასების ცნობიერებაში ასეთი მეფეები, თავადები ანდა ხანები, არიან არა ისტორიული პერსონაჟები, არამედ გაცოცოცხლებული არქეტიპები, რომლებიც თითქოსდა ამართლებენ ერის არსებობას იმავე ერისსავე თვალში: ”ეჰ, ერთ დროს ჩვენც ვიყავით…”

პშემისლ ოტოკარმა, შუასაუკუნეების ტიპურმა მეფე-რაინდმა, რომლის ძირითადი საქმიანობა იყო ბრძოლა ღვთისა და საკუთარი სახელის სადიდებლად, დაარსა მრავალი ქალაქი, რომლებიც მას მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში ციხე-სიმაგრეების სახით სჭირდებოდა. სამას წელს მიტანებული პრაღისათვის კი მეომარი მონარქი ნაღდი კეთილისმყოფელი გამოდგა.

ჩეხეთის სამეფოს გაფართოებამ გამოიწვია ვაჭრობის გამოცოცხლება და ქალაქის მოსახლეობის მკვეთრი მატება, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ქალაქების მოსახლეობის მატებაო, და არა ქალაქისა, რადგანაც ჩეხეთის დედაქალაქის ისტორია ეს არაა ციხე-ქალაქის მიერ გარშემო მდებარე სოფლებისა და დასახლებების თანდათანობით შთანთქმის ქრონიკა (როგორც ხდებოდა გერმანიაში), არმედ ესაა ვლტავის ორივე ნაპირზე გაშენებული თანაბარი უფლებების მქონე რამდენიმე დასახლების შერწყმის დროში გაწელილი პროცესი.

პშემისლ ოტოკარ მეორის უხეშ-რომანული, აქა-იქ მორცხვად ამოწვერილი გოთიკური ეკლესიების პრაღიდან, არ დარჩა თითქმის არაფერი, გარდა ევროპაში ყველაზე ძველი სინაგოგისა და ერთი-ორი საძირკვლისა ძველი დიდების ნაშთის სახით, ტურისტებს რომ უჩვენებენ ხოლმე. ერთი სიტყვით, მეფე-რაინდის მიერ შექმნილი იმპერიიდან ბევრი არაფერი შემორჩა, თავად პშემისლ ოტოკარი კი 1278 წელს დაიღუპა ბრძოლაში, რომელიც დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე დიურენკრუტთან გაიმართა. მისი მძლეველი რუდოლფ პირველი ჰაბსბურგი, იყო დამაარსებული დინასტიისა, რომელმაც ახალი, გაცილებით ძლიერი ცენტრალურევროპული იმპერია შექმნა.

პრაღას აყვავების ხანა მოგვიანებით კარლ მეოთხე ლუქსემბურგელის (1346-1378 წწ) ზეობის წლებში დაუდგა. კარლი იყო სულ სხვა ფსიქოლოგიური ტიპის მმართველი – ანგარიშიანი, მზრუნველი და განათლებული მეფე, რომელიც იშვიათად ომობდა, სამაგიეროდ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის მუხლჩაუხრელად ქსოვდა დინასტიური ქორწინებების ფართო ქსელს. მის ხელში პრაღა გაიზარდა, გამდიდრდა და საბოლოოდ იქცა ვაჭარ-ხელოსანთა სიცოცხლით სავსე ქალაქად. კარლის ბრძანებით, მის მიერვე აგებულ მრავალრიცხოვან შენობათა ფასადებს გაუკეთდა წარწერა Praga caput regni (”პრაღა – სამეფოს თავი”), რაც შეესაბამებოდა კიდეც სინამდვილეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩეხეთის მეფე იმავდროულად იყო რომაელ-გერმანელი იმპერატორი, ნათელი გახდება ის, თუ რამდენად ახლო იყო 14-ე საუკუნის პრაღას შეესრულებინა ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრის როლი, თუმცა ცენტრად არც ამჯერად იქცა, რადგან კარლის ვაჟმა ვაცლავ (ვენცესლავ) მეოთხემ, ალკოჰოლიკმა და ფსიქოპათმა მამისგან მიღბული მემკვიდრეობა ქარს გაატანა, ხოლო საქმე ბოლომდე მიიყვანა ომებმა, რომლებიც 15-ე საუკუნეში (1420-1434 წწ) იან ჰუსის მომხრეების წინააღმდეგ წარმოებდა და რომლის დროსაც ჩეხეთის დედაქალაქი არაერთხელ გაიძარცვა.

ძველი პრაღის დიდების უკანასკნელ გამონათებას ადგილი ჰქონდა მშვიდობისმოყვარე პოდებრადელი ირჟის (1458-1471 წწ), ისტორიაში ერთადერთი ნაკურთხი ჰუსელის ზეობის დროს. ეს იყო მეფე, რომელიც ქვეყანაში არსებული რელიგიური განხეთქილების მიუხედავად, მშვიდობიანად ცხოვრობდა და, რომელმაც თავი გამოიჩინა პრაღის ცენტრის გადაკეთებითა და ეპროპის ინტეგრაციის ექსტრავაგანტული პროექტით. იდეალისტი ირჟი ქრისტიან მონარქებს თურქული საფრთხის წინაშე გაერთიანებას და შიდაომების შეწყვეტას სთავაზობდა. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის იდეა საერთო სასამართლოების შექმნისა და სხვადასხვა სამეფოს წარმომადგენელთა მონაწილეობით კრების (ევროპალამენტის ერთგვარი ჩანასახის) მოწვევისა. თუმცა, ირჟი არ უწევდა ანგარიშსს რომის პაპს, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა კათოლიკე მონარქები არ დაახლოვებოდენ ერეტიკოს მეფეს. შედეგად ჩეხი მმართველის პროექტი ჩავარდა, ხოლო პრაღა ვერ იქცა ევროპის ცენტრად. პოდებრადელი ირჟის გარდაცვალების შემდეგ ჩეხეთის დედაქალაქი დაჩრდილა ბუდამ და ვენამ, სადაც დიდწილად უკვე ზეობდნენ იაგელონებისა და ჰაბსბურგების დიანასტიათა მეფეები, რომლებიც ჩეხეთის გარდა, უნგრეთისა და ავსტრიის სამეფო გვირგვინებსაც დაპატრობენოდნენ. გაირკვა პრაღის ბედიც: ის იქცა უცხო, გარიყულ ქალაქად ევროპის დედაქალაქებს შორის, მაგრამ შეინარჩუნა თავისი განუმეორებელი სილამაზე, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა დეკადანსის ქალაქად, დაწყევლილ ალაგად, საიდანაც ევროპას, როგორც წესი, თავს ატყდებოდა უბედურება: ჯერ იყო ჰუსების წინააღმდეგ წარმოებული ომი, რომელიც ჩეხეთის მიღმაც გავრცელდა, ორი საუკუნის შემდეგ კი – ოცდაათწლიანი ომი. იმპერატორმა რუდოლფ მეორე ჰაბსბურგმაც (პრაღის ტუსაღად წოდებულმა), ვინც პრაღა მხატვართა, ალქიმიკოსთა და მაგთა დედაქალაქის მისტიური შარავანდედით შეამკო, ვერ შეიკავა თავი და გადადგომის წინ უსაყვედურა საკუთარ ქალაქს: `პრაღა, უმადურო პრაღა, მე აგამაღლე, ახლა კი ხელსა მკრავ შენს კეთილისმყოფელს…”

ჩამოკიდებული კაცი დეფენესტრაცია, ანუ ფანჯრიდან გადავარდნა (fепеsrа – ლათ. ფანჯარა) უბედური შემთხვევა, ერთი იმ მრავალთაგან, რომელიც შესაძლოა თავს გადახდეს ადამიანს, თუმცა პრაღის ისტორიაში სარკმლიდან ნებაყოფლობით თუ იძულებითმა ფრენამ მისტიური დატვირთვა შეიძინა.

1419 წელს უკმაყოფილო პრაღელებმა ძველი რატუშის ფანჯრებიდან გადაყარეს მაგისტრატის რამდენიმე წევრი, რითაც სათავე დაუდეს საყოველთაო მღელვარებას, რაც მოგვიანებით `ჰუსისტების ომში” (პლებსის ჯანყის, რელიგიური მოძრაობის, ეროვნული ამბოხისა და პრიმიტიული ბანდიტიზმის ნაზავში) გადაიზარდა.

1618 წელს კვლავ რატუშის ფანჯრებიდან ეზოში, ნაკეელის ზვინებზე მოისროლეს მეფის მოხელეები, რომლებსაც არ სურდათ პრაღელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. პრაღის ამ მეორე დეფენესტრაციასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა, რამეთუ იქცა მიზეზად ოცდაათწლიანი ომისა, რამაც გააღატაკა და დააქცია ცენტრალური ევროპა.

გასულმა საუკუნემ კი ახალი პუნქტებით შეავსო დეფენესტრაციათა ჩამონათვალი. 1948 წელს `უნებლიედ” საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადავარდა იან მასარიკი, ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირველი პრეზიდენტის ვაჟიშვილი, უკანასკნელი მსხვილი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობდა წინ აღდგომოდა მოსკოვის მხარდაჭერით გაძლიერებული კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლას. ორმოცი წლის შემდეგ ასეთივე გზით თავი მოიკლა (სხვა ვერსიით, ფანჯრიდან გადავარდა, როცა მტრედებს აპურებდა) ბოჰუმილ ჰრაბალმა – სვდიანმა მწერალმა, ჯერჯერობით უკანასკნელმა იმ გენიოს მწერალთა შორის, რომლებიც ჩეხეთმა მსოფილიო ლიტერატურას მისცა.

ყოველივე ამას თუ დავუმუტებთ პოლიციიდან მიღებულ ყოველდღიურ ცნობებს, დავასკვნით, რომ დღევანდელ პრაღაშიც სიმაღლიდან გადახტომა საკუთარ თავთან ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარულ საშუალებად რჩება. ნუსლეს ხიდს, თანამედროვე ნაგებობას, რომელიც პრაღის ცენტრს ახალ რაიონებთან აკავშირებს, პრაღელებმა `თვთმკვლელთა ხიდი” შეარქვეს. ყოველ წელს ამ ხიდიდან `იმ ქვეყნად” რამდენიმე ათეული ადამიანი მიემგზავრება. არადა, ძნელია ჩეხებს გამოუსწორებელი პესიმისტები უწოდო, და პრაღაშიც იმაზე ხშირად არ იკლავენ თავს, ვიდრე სხვა დიდ ქალაქებში, მაგრამ მოუსავლეთში გადახტომის მსგავსმა ვნებამ არ შეიძლება არ გაგაკვირვოს. ალბათ, ესაა ჩეხეთის დაცემის მარადი გამეორების ერთგვარი გამოვლინება. ჩეხეთი ხომ ქვეყანაა, რომელსაც ისტორიამ ფრთები დააჭრა და ერთი მიმართულებით, ქვევით ფრენისთვის გაწირა… მართლაცდა, ევროპაში არც ისე ბევრი ხალხია, რომელთა ისტორიული აღმასვლა ისე უმოწყალოდ შეწყვიტეს, როგორც ჩეხებისა. `უცხოები” ევროპის ისტორისათვის, ისინი ხშირად იყვნენ სტუმრად სხვათა ზეიმზე. ჰაბსბურგებმა, მესამე რეიხმა, საბჭოთა კავშირმა – განსხვავებული სისასტიკით გადაუარეს ჩეხეთს, თუმცა ერთნაირად უცხო და მიუღებელი იყვნენ ჩეხებისთვის. და კიდევ, ყველა მათგანი, უნებურად, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ასწავლიდა ჩეხებს შეენარჩუნებინათ საკუთარი და მშობლიური სხვათა ზეწოლის და მიუღებლის თავზე მოხვევის შიშით.

ჩეხეთი, ევროპის მასშტაბით, არაკეთილსაიმედო ისტორიულ პირობებში გადარჩენის უდავო ჩემპიონა. შვეიკი – ესაა გადარჩენის ფსიქოლოგიის აპოთეოზი. ჩეხის, პრაღელის ტიპი, რომელიც იცინის და მასხრობს მხოლოდ იმიტომ, რომ ესაა ჩუმი საბოტაჟი, წინააღმდეგობის მისთვის მისაღები ერთადერთი ფორმა. Leacheldne Bestien, `მომღიმარი მხეცები”, ასე მოიხსენიებდნენ ნაცისტები ჩეხებს მეორე მსოფლიო ომის დროს. `bestia-მხეცი” იმიტომ, რომ ღიმილისა და დაშინებული მოსახლეობის გარეგნული მორჩილების მიუხედავად, რაინჰარდ ჰეიდრიჩი – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომსახურე ყველაზე მაღალი ჩინის მქონე მოხელე მოკლეს არა იუგოსლავიაში, ბელორუსიაში ან ნორვეგიაში, სადაც ძლიერი იყო პარტიზანული მოძრაობა, არამედ მშვიდ, აბსოლუტურად ლოიალურ პრაღაში.

ჩეხები სულაც არ არაა ჰეროიკული ერი. ჩეხები არ გიჟდებიან თავდაჯერებულ, გამორჩეულ ადამიანებზე. სხვადასხვა ეპოქის ლიდერებიდან ჩეხები ყველაზე მეტად პატივს ცემენ არა მოქადაგე-წამებულ იან ჰუსს ან ძლევამოსილ მხედართმთავარ ჟიჟკას, არამედ ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, პროფესორ მასარიკს, რომელიც უფრო მეტად იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის ტიპური ევროპელი ინტელიგენტი, ვიდრე ერის ქარიზმატული ლიდერი ან ბელადი. პრაღის ლუდხანებში გამართული საუბრებიც არ ჰაგავს პურის ჭამას მოსკოვში, ვარშავაში ან ბუდაპეშტში. აქ თითქმის ვერ მოისმენთ გაცხოველებულ კამათს პოლიტიკაზე და მითუმეტეს პათეთიკურ დებატებს სამშობლოს ბედზე. ჩეხები მეტი ხალისით ლაპარაკობენ მიწიერ, პრაქტიკულ საგნებზე, ვიდრე გერმანელები და რუსები. იქნებ, პრაღელთა მისწრაფება სიმაღლიდან ვარდნისა, ესაა საზარელი სიმბოლო საუკუნეების განმავლობაში იძულებით გამომუშავებული მიწიერებისა? სიმბოლო, რომელიც უცნაურად აკავშირებს ერთმანეთს სიკვდილს მის საწინააღმდეგო ბუნებასთან – გადარჩენის ხელოვნებასთან გადაზრდილს ყოველდღიურობის სიყვარულში, გადაზრდილს ტკბობაში ჩვეულებრივი ცხოვრებისა, რომელიც სულაც არაა აუცილებელი სავსე იყოს ბრძროლითა და გმირობის მაგალითებით. ალბათ, ამიტომაა, რომ პრაღა, რომელიც დიდი ხანია იქცა ქალაქ-ძეგლად, მაინც რჩება ცოცხალ და მხიარულ ქალაქად, განსხვავებით ბრწყინვალე, მაგრამ დაღვრემილი ბუდაპეშტისგან.

პრაღა ჩეხური ქალაქია, თუმცა უკანასკნელი ოთხასი წლის განმავლობაში იყო მრავალეროვანი, უფრო ზუსტად კი ჩეხურ-გერმანულ-ებრაული. პარადოქსია, მაგრამ პრაღამ შეძლო ერთდროულად გამხდარიყო სულ სხვანაირი და დარჩენილიყო იმადვე.

ჯერ კიდევ 150 წლის წინ, თუნდაც სოლიდურად ჩაცმულ ადამიანს, რომელსაც აზრად მოუვიდოდა გამვლელისათვის ჩეხურად ეკითხა გზა, უხეშად უპასუხებდნენ ან, უკეთეს შემთხვევაში, თხოვდნენ `ადამიანურად”, ანუ გერმანულად ელაპარაკა. ნათქვამს აქვს დოკუმენტური საფუძველი. საქმე ისაა, რომ ჩეხმა ისტორიკოსმა, პოლიტიკოსმა და განმანათლებელმა ფრანტიშეკ პალაცკიმ ჩაატარა მსგავსი ექსპერიმენტი. ჩეხური ითვლებოდა პლებსის, ბნელი და გაუნათლებელი გლეხების ენად, პრაღა კი, სადაც არისტოკრატიის სასახლეთა დიდებული ბაროკო ნელ-ნელა ადგილს უთმობდა ბურჟუაზიის მოდერნულ სახლებს, ისევე როგორც ავსტრიის იმპერიის ყველა ქალაქი, რჩებოდა გერმანული ენისა და კულტურის სტიქიაში.

ჩეხურის აღორძინება დაიწყო მოგვიანებით, როცა სულ უფრო მეტი და მეტი გამდიდრებული ჩეხის (ოსტატისა და ვაჭრის) შვილმა დაიწყო სწავლა ერთიმეორის მიყოლებით გახსნილ ნაციონალურ სკოლებში. მალე ჩეხებმა მიაღწიეს იმას, რომ პრაღის უნივერსიტეტი, რომელიც მაშინ ატარებდა კარლ-ფერდინანდის სახელს, გაიყო ორ – ჩეხურ და გერმანულ – ნაწილად. განათლება ლამის კულტად იქცა ჩეხებისთვის, ხალხისათვის, რომელსაც არ ჰყავდა ეროვნული არისტოკრატია. განათლება იყო ის ბილეთი, რომელიც საზოგადოების უმაღლეს ფენაში შეღწევის, კეთილდღეობისა და საყოველთაო პატივისცემის მოპოვების საშუალებას იძლეოდა. ამ კულტის ნაკვალევი არ წაშლილა დღემდე: სიტყვა `ვისოკოშკოლაკ” (ადამიანი უმაღლესი განათლებით) წარმოითქმის ერთგვარი სასოებით, ხოლო დოქტორის ან ინჟინრის წოდებას ჩეხები უსათუოდ მიაწერენ საკუთარი გვარის გასწვრივ სავიზიტო ბარათზე ანდა კარის დაფაზე.

ჩეხური პრაღა იქმნებოდა და გზას უკვლევდა გერმანულ, უფრო ზუსტად გერმანულ-ებრაულ პრაღაში, რამეთუ ორასი წლის წინ, გეტოდან გამოსვლის შემდეგ, პრაღელი ებრაელები სწაფად ასიმილირდნენ, შეითვისეს გერმანული ენა და კულტურა, თუმცა იმავდროულად შეინარჩუნეს თავისებურებანიც, რის გამოც მოგვიანებით სასტიკად დაისაჯნენ კიდეც.

ჩეხურ, გერმანულ და ებრაულ თემებს შორის ურთიერთობა ყოველთვის როდი იყო მტრული. უფრო მეტად ეს იყო ერთგვარი შეთანხმებული მეტოქეობა, საიდანაც საუკუნეების შესაყარზე იშვა ცენტრალური ევროპის ქალაქების კულტურა: ვენის, ბუდაპეშტის, კრაკოვის მსგავსად პრაღა ჩაიძირა დეკადანსის ნატიფ სიზმარში.

ფერადი სანაპიროსაუკუნისწინანდელი პრაღა ესაა ქალაქი, რომელშიც ფასადების დიდებულება და შიდა ეზოების ჭუჭყი (დამახასიათებელი ყველა ქალაქისათვის ელექტრობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კანალიზაციის შემოღებამდე) ნელ-ნელა შეცვალა მკვიდრად ნაგები შენობების ბურჟუაზიულმა სიმყუდროვემ და სისუფთავემ. ამ შენობებით თითქოს ახალი საყრდენი მიეცა პრაღის გოთიკას, რენესანსსა და ბაროკოს მსგავსად იმისა, თუ როგორ ეყრდნობიან მარჯვე კონდიტერის მიერ აგებული კრემის კოშკები და სხვადასხვა ფიგურები მკვრივი და ჰაეროვანი ცომისაგან გამომცხვარ ბისკვიტს. სწორედ ამ დროს საბოლოოდ შეერწყა ერთმანეთს პრაღის ისტორიული ცენტრის გარშემო გაშენებული მრავალრიცხოვანი დასახლებები, კვარტალები და მცირე ქალაქები ჟიჟკოვი, კარლინი, კრალოვსკე ვინოჰრადი, დეივიცე… თუმცა დიდი ხნის განმავლობაში, 1919 წლამდე, ვიდრე ოთხასწლიანი იმპერია არ დაემხო, ეს დასახლებები ფორმალურად ინარჩუნებდნენ დამოუკიდებელი ადამინისტრაციული ერთეულების სტატუსსა და ერთგვარ პროვინციულ იერს. ბევრი უცხოელი ასევე პროვინციულობის ნიშნად მიიჩნევს პრაღელთა ჩვევას გაიღვიძონ უთენია, როგორც ეს სოფლად ჩვევიათ. პრაღელები ამგვარი `მანკიერების” გამო საყვედურობენ ფრანც-იოზეფს, რომელიც სამოცდაათწლიანი, ლამის დაუსრულებელი მმართველობის დროს ლოგინიდან დილის ოთხ საათზე დგებოდა და თავის ქვეშევრდომებსაც მსგავსი რეჟიმით ცხოვრებას აიძულებდა. გვირგვინოსანი ბერიკაცი ფაფუკი ქილვაშებით დიდი ხანია გარდაიცვალა, მაგრამ ჩეხები ვეღარ გადაეჩვივნენ წინაპართა ზნეჩვეულებებს. და კიდევ, აქ მცირე სამშობლოდ კვლავინდებურად მიიჩნევენ არა მთლიანად პრაღას, არმედ კონკრეტულ რაიონს და შეკითხვაზე, საიდან ხართ, უპასუხებენ: ჟიჟკოვიდან, ბრანიკიდან ან სმიჰოვიდან…

ყველდღიური, ყოფითი ჩვევების ერთგულება პრაღის უცვლელობის კიდევ ერთი მიზეზია. მისი წყალობით, პრაღამ შეინარჩუნა საკუთარი დედაქალაქურ-პროვინციული სული. პრაღელები დილაობით ყავას მიირთმევდნენ სოციალიზმის დროსაც, ანუ მაშინაც კი, როცა ყავის დეფიციტი იყო, ხოლო კომუნისტურ `რუდე პრავოში” მედიკოსები ცენტრალური კომიტეტის შეკვეთით საზოგადოებას არწმუნებდენ, როგორი გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია ამ სასმელს. სვამდნენ ყავის სუროგატს, ვარდკაჭაჭის (Cichorium) საზიზღარ ნაყენს, რადგანაც `დილის ყავის“ გარეშე პრაღის მკვიდრისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ჩეხებისთვის სიგრძის ეტალონური საზომიც – `ლუდის მეტრიც” (ხაზზე გამწკრივებული ლუდის თერთმეტი ნახევარლიტრიანი კათხა და რომის ერთი პატარა ჭიქა) ყველა დროში რჩებოდა უცვლელი. შეგიძლიათ შეამოწმოთ, მართლა ასი სანტიმეტრია.

პრაღისთვის სოციალიზმის წლები ანაბიოზი იყო. ოკუპაციის დროს ქალაქი ებრაელებისგან დაიცალა, ხოლო ომისშემდგომმა დეპორტაციამ პრაღელი გერმანელები განდევნა. შემდეგ გამარჯვებულმა ამხანაგებმა ისე გამოუცხადეს ბრძოლა ბურჟუაზიულობას, რომ არც კი ესმოდათ: ბურჟუაზიულობა უფრო კულტურული მცნებაა, ვიდრე სოციალურ-ისტორიული, ამიტომ პრაღის ბურჟუაზიული სულის მოსაკლავად, მთელი პრაღის დანგრევა იყო საჭირო. თითქმის გამოუვიდათ კიდეც: 70-80-იან წლებში უსახური და დანგრეული სახლების რაოდენობა ჩეხეთის დედაქალაქში ისევე მრავლად იყო, როგორც საბჭოთა ქალაქებში. როცა ლეთარგიის დრო დასრულდა, ბურჟუაზიამ მაღალი ტემპებით დაიწყო დაკარგული პოზიციების დაბრუნება, თუმცა ქალაქის დამახინჯებამდე საქმე აღარ მისულა.

პრაღის ბურჟუაზიულობა და ერთგვარი ძველმოდურობა თავს იჩენს ყველაფერში. ქალაქს დღემდე არ აქვს `ნამდვილი ავტობანი”, ანუ წრიული გზა, რომელსაც ათი წელია აეშენებენ და, ალბათ, კიდევ ერთი ათი წელი ვერ დაასრულებენ. ბუჟუაზიალობისა და ძველმოდურობის გამოვლინებაა ისიც, თუ როგორი გულგრილობით (იქნებ, ბრძნული გულისხმიერებით) უვლიან ოლიშანის უზარმაზარ სასაფლაოზე დაკრძალული ნაცისტებისა და ებრაელების, წითელარმიელებისა და ვლასოველების, რუსი თეთრგვარდიელებისა და დამოუკიდებლობისათვის მებძოლი უკრაინელების საფლავებს.

კაფე ჩერტოვკა პრაღაში არის ყველა სათამაშო და გასართობი, რომელიც თანამედროვე ადამიანმა საკუთარი სიცარიელის ამოსავსებად გამოიგონა: ინტერნეტი და სამორინე, ბირჟა და ბორდელი, დოღი და ჰეროინი… მაგრამ ასევე სახეზეა პრაღელთა დიდი ნაწილის გაუცნობიერებელი ზიზღი ქალაქური ცხოვრებისა: უქმეებზე ქალაქი ეძლევა ტურისტებსა და `შრომის გმირებს”, ყველა დანარჩენი მიემგზავრება აგარაკზე, რომელთა ჩეხური სახელწოდება (`ხატა”, `ხალუპა”) მოულოდნელად პატრიარქალურია.

პრაღამ შეძლო ბალანსის დაცვა წარსულსა და აწმყოს შორის და, საბედნიეროდ, არ იქცა ბოლომდე თანამედროვე ქალაქად. ის კვლავინდებურად იცვლება ცვლილების გარეშე. ჩეხებს არ მოსწონთ მკვეთრი მოძრაობები და რადიკალური ცვლილებები, რადგანაც მათთვის ეს ცვლილებები იშვიათად დასრულებულა კეთილად. ამიტმაც ჩეხი მშენებლები და რესტავრატორები პრაღას თითქმის ყოველთვის ფაქიზად და მზრუნველობით ეპყრობოდნენ, მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს ამ საქმისთვის ასაფეთქებელი ნივთიერება: 1961 წელს, როცა სტალინის კოლოსალურ (სსრკ-ს გარეთ ყველაზე დიდ) ძეგლს იღებდნენ. ნიშანდობლივია, რომ ამჟამად მის ადგილზე დგას გიგანტური მეტრონომი, რომელიც ცენტრალურ ევროპულ დროს (Central European Time) ითვლის.

წმინდა ვიტუსის

წმინდა ვიტუსის (წმ. ვიტას, იგივე ვაცლავის) ტაძარი (Katedrála Svatého Víta) პრაღის მნიშვნელობით უმთავარესი და სილამაზით – ერთ-ერთი უშესანიშნავესი ტაძარია – პრაღის არქი-ეპისკოპოსის რეზიდენცია და ჩეხეთის (ბოჰემიის სამეფოს) მეფეთა განსასვენებელი.

ჩვენი სვეტიცხოვლისა არ იყოს, წმინდა ვიტუსუს ტაძარი უძველესი (პირველი საუკუნის) ქრისტიანული ტაძრის ადგილასაა აშენებული – ძველი ტაძრის ფუნდამენტი ასევე შემონახულია.

ტაძრის აგების ისტორია ერთგვარ ჩეხურ „არაშენდას“ მოგვაგონებს, :) ვინაიდან ის რამდენიმე საუკუნეს მოიცავს, თუმცა, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც შედეგი ყველაფერს ამართლებს.

წმინდა ვიტუსის ტაძრის მშენებლობა ბოჰემიის მეფის – იან ლუქსემბურგელის მმართველობის წლებში დაიწყო. ტაძრის გეგმა ფრანგ ხუროთმოძღვარს მატიე არასელს ეკუთვნის, მისივე ხელმძღვანელობით დაიწყო ტაძრის აგება 1344 წელს. 1352 წელს, მატიეს გარდაცვალების შემდეგ, ტაძრის მშენებლობა განაგრძო უდიდესმა ჩეხმა ხუროთმოძღვარმა, პეტრ პარლერჟმა – ეს უკვე კარლ IV ლუქსემბურგელის მმართველობის წლებში ხდება. ხოლო პარლერჟის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საქმე მისმა ორმა ვაჟმა განაგრძო. მათ ტაძრის სამხრეთი ნაწილი და ნაწილობრივ მთავარი კოშკი (რომლის სიმაღლე თითქმის 100 მეტრია) დაასრულეს. შემდეგ მშენებლობა შეფერხდა – ევროპა რელიგიურმა ომებმა მოიცვა. წმინდა ვიტუსის ტაძრის აგება, ფაქტობრივად, მხოლოდ მე-16 საუკუნის მიწურულს განახლდა – ამჯერად უკვე გერმანელმა ხუროთმოძღვარმა ბონიფაცი ვოლმუტმა მისი ჩრდილოეთ ნაწილი დაასრულა.

XIX-XX საუკუნეებში მშენებლობა კვლავ განახლდა, როდესაც ტაძრის დასავლეთ ნაწილი აიგო და, ამრიგად, წმინდა ვიტუსის ტაძარმა დღევანდელი სახე მიიღო.

როგორც ამ ისტორიიდანაც ჩანს, წმინდა ვიტუსის ტაძრის მშენებლობაში, ერთგვარად, არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ ევროპის ისტორიაც კი აისახა. აგრეთვე ის ერთიანი ევროპის სიმბოლოდაც გამოდგება – მისი აგება ჩეხურ-ფრანგულ-გერმანული წარმომავლობის ლუქსემბურგელთა დინასტიის მმართველობის დროს დაიწყო და ტაძრის მშენებლობას ფრანგი ჩეხი და გერმანელი ხუროთმოძღვრები წარმართავდნენ.

წმინდა ვიტუსის ტაძარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა ვაცლავის კაპელას, რომელიც პეტრ პარლერჟის აგებულია – აქ ჩეხეთის განმანათლებელი და მფარველი წმინდა თავადი ვაცლავი განისვენებს. ტაძრის სანახავად წასვლა სჯობს მაშინ, როდესაც იქ სადღესასწაულო მესა იმართება – ამ დროს ტაძარში უკრავს ორღანი, რომელიც ხმოვანებით ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული ევროპაში.

ხმოვანებითაა განთქმული აგრეთვე „ზიგმუნდი“ („სიგიზმუნდი“) ტაძრის და ზოგადად ჩეხეთის უდიდესი და უმთავრესი ზარი. ის ჩამოასხა მეთექვსმეტე საუკუნის მორავიელმა ოსტატმა – იაროშმა ბრნოდან.

წმინდა ვიტუსის ტაძრის კოშკს უჩვეულო საათი ამშვენებს – მას ორი ციფერბლატი აქვს – თითო-თითო ისრით. ზედა ციფერბლაზე ისარი სრულ საათს აჩვენებს, ხოლო ქვედა ციფერბლატის ისარი კი წუთებს ითვლის. ეს საათი ტაძარზე ხუროთმოძღვარ ბონიფაცი ვოლმუტის პერიოდში გამოჩნდა, თუმც მისი იდეა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ რუდოლფ II-ეს ეკუთვნის (რომელმაც, სხვათა შორის, თავის სატახტო ქალაქად, შარლ IV მსგავსად, პრაღა აირჩია). (საერთოდ პრაღა გამორჩეულია უცნაური საათებით, აი მაგალითად: პრაღის ასტრონომიული საათი)

წყარო: WIkipedia.org

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close