არქივი

ლუდი – უძველესი სასმელი

1090b4d84962

პოსტში წარმოდგენილია ლუდის შექმნის ისტორია.

უძველესი სასმელი

ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.
ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა.ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა – ასე იწყება ლუდის ისტორია.

c73bba1c904b

ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე.
ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.

 

ბაბილონი

ბაბილონის მმართველმა ჰამურაბმა, რომელმაც მესოპოტამია და ასირიელთა ქვეყანა შემოიერთა, სხვა კანონებთან ერთად, ლუდის წარმოებისა და მოხმარების უმკაცრესი წესი დაამკვიდრა. ბაბილონელები ლუდის სიწმინდეს უმკაცრესად იცავდნენ.
“ქვის ძელი” – ტრაქტატი, რომელიც 1903 წელს სუზში – თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ამჟამად ლუვრში ინახება, დაუჯერებელ ამბავს გვამცნობს.
უძველესი ლურსმნული დამწერლობით მასზე ამოტვიფრულია წარწერა იმის შესახებ, რომ ლუდის არაკეთილსინდისიერი მხარშველი, რომელიც ლუდს წყალს გაურევდა, უმკაცრესი სასჯელით ისჯებოდა: ან თავისივე მოხარშული სასმელით სავსე კასრში ახრჩობდნენ, ან მისივე დამზადებულ სასმელს იმდენს ასმევდნენ, ვიდრე არ მოკვდებოდა. დასჯის სასტიკი მეთოდები იმ გამყიდველებზეც ვრცელდებოდა, ვინც ლუდის ფასს უსაზღვროდ ზრდიდა.

cc79c55bb5f2

უძველესი კრებული, რომელსაც ჰამურაბის კოდექსი უწოდეს, ქრისტეშობამდე 1700 წლით ადრეა შექმნილი. ასევე, სიკვდილით ისჯებოდა ის ლუდხანის მფლობელი, რომელიც თავის დაწესებულებაში პოლიტიკურ დისკუსიებს დაუშვებდა.
ჰამურაბის კოდექსიდან იმასაც ვიგებთ, რომ იმ დროს ყველა წამალს ლუდს აყოლებდნენ.

არქეოლოგების აზრით, 6000-8000 წლის წინათ ძველ ბაბილონში ლუდი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბაბილონელები ქვებით ჩეჩქვავდნენ ქერისა და სპელტის (სიმინდის წინაპარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, ამატებდნენ სურნელოვან ბალახებს  და რამდენიმე დღეში იღებდნენ სასიამოვნო გამამხნევებელ სასმელს.
მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწოფოში ურში კი ლუდს პროფესიულად – გასაყიდად ამზადებდნენ. ლუდი ისეთი რაოდენობით მზადდებოდა, რომ თითქმის მთელი მარცვლეულის ნახევარს ალაოდ ამუშავებდნენ. სვიას  მაშინ ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ. ბაბილონელებისა და შუმერების დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე.

უძველესი სამარხების ბარელიეფებზე შემორჩენილია ლუდთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები. ამ ნახატებზე ქურუმების მიერ ღმერთებისათვის ლუდით მსხვერპლშეწირვის რიტუალებია აღწერილი. ქურუმები ავრცელებდნენ მითებს ლუდის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებაც.

 

ფარაონების ეპოქა

ეგვიპტელები ლუდს თავდაპირველად ბაბილონში ყიდულობდნენ, თუმცა სასმელი ხანგძლივ ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა, ამიტომაც იძულებული გახდნენ, თავად დაეწყოთ ლუდის დამზადება. ისინი განსხვავებულ ლუდს ამზადებდნენ, სიმინდისაგან  ლუდის დამზადება ძველეგვიპტური ღმერთის ოსირისის სახელს უკავშირდება. ეგვიპტურ ლუდს “ხეკი” ერქვა და მაგარი და მოტკბო გემოსი იყო.

dd7d9424c6f2

პაპირუსი, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა გეორგ ებერსმა აღმოაჩინა, ფარაონთა ქვეყანაში პირველი დოკუმენტია მედიცინის თემაზე -ის ლუდის რეცეპტებსაც შეიცავს.
ლუდის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ეგვიპტელებმა ბევრი რამ იცოდნენ, ისინი თვლიდნენ, რომ ლუდის სმა სიცოცხლეს ახანგძლივებს.ლუდი პირამიდების მშენებელთა რაციონში მთავარი პროდუქტი იყო, ხშირად შესრულებულ სამუშაოს ასანაზღაურებლად ხელოსნებს ლუდს ურიგებდნენ. ლუდის მხარშველი კი იმდენად საპატიო პროფესია იყო, რომ მათ ქანდაკებებს სამარხებშიც ინახავდნენ. ასე იყო ნინევიაშიც.

ლუდი ეგვიპტეში წარმოუდგენლად პოპულარული იყო,  დედოფალმა კლეოპატრამ პირამიდების მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოძიება ლუდზე გადასახადების შემოღებით გადაწყვიტა. ეს იყო ისტორიაში პირველი გადასახადი, რომელიც სასმელის დამზადებისათვის დაწესდა.

 

ევროპა

ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში, ირანსა და კავკასიაში გავრცელდა. ინდოევროპელთაგან ლუდის დამზადება თავდაპირველად ფრიგიელებმა და თრაკიელებმა დაიწყეს. ისინი, მოგვიანებით კი სკვითებიც, ლუდს ქერისა და დაფქული ბრინჯისაგან ამზადებდნენ.
ძველი ბერძნები და რომაელები, უმთავრესად, ღვინოს მიირთმევდნენ – ლუდს ისინი ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ.

6d6a51c2e116

ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს იცოდნენ ბერძნებმა იმის შესახებ, რომ ჩრდილო და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებლები ლუდს ამზადებდნენ. რომაელმა კონსულმა და მწერალმა პლინიუს უმცროსმა (62-114 წლები) ევროპაში 195 სახეობის ქერის სასმელი აღწერა.ლუდის დამზადებას იმ დროს გერმანელები მისდევდნენ. ამის შესახებ იუწყებოდა ტაციტიუსიც, “გერმანელების შესახებ” ცნობილი ტრაქტატის ავტორი.

ფიქრობენ, რომ ლუდის დამზადება გერმანელებმა ფინიკიელებისაგან ისწავლეს.  გერმანიიდან ლუდის დამზადების ტექნოლოგია გავრცელდა ინგლისსა და სკანდინავიაში, ევროპული კულტურის ექსპანსიის კვალდაკვალ კი ლუდი მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.

 

 

 

წყარო: http://www.kazbegi.com/

WTF-SuRmAnIdZe

- SuRmAnIdZe <3

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button