საკითხავისასარგებლოსაქართველო

საქართველოს ისტორია

ამ პოსტში გთავაზობთ საქართველოს ისტორიას 1917-1918 წლებში რომელიც შეეხება პირველ რესპუბლიკას და ავტოკეფალიის აღდგენას….


ნოე ჟორდანია

1918 წლის 26 მაისს მთავრობის სასახლის დარბაზში შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა,რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა ასეთი განცხადებით:
“მოქალაქენო! დღეს თქვენ, აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და იმავე დროს ტრაგიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა,ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს აღსდგება არ იქნება მიმართული არცერთი ხალხის, არცერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილიდან დაიფაროს თავისთავი და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც,ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში… ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან… ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი ისეთივე უფლებამოსილნი იქნებიან, როგორიც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა -ქართველობა.ეს ერნი შეერთებული ერთი დროშის ქვეშ შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეშე იმყოფებიან და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი,რომელიც აღადგენს აქ ჩვენს წინაშე დაღუპულ სახელმწიფოს.ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატული კავშირი .”

1918 წლის 9 (22) აპრილს, როდესაც იქნა გამოცხადებული დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, ცენტრით თბილისში. ახლადშექმნილი რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა მრავალპარტიული შემადგენლობის სეიმი, რომლის თავჯდომარედ აირჩიეს ქართველი სოციალ-დემოკრატი ნ. ჩხეიძე. მისი მოადგილეები იყვნენ სომხური და აზერბაიჯანული პარტიების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ამიერკავკასიური ხელისუფლების წინაშე იდგა, იყო თურქეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხი, ვინაიდან მსოფლიო ომი გრძელდებოდა, რუსეთის არმია, რომელიც თურქეთის ფრონტზე მოქმედებდა, დაიშალა, ჯარისკაცებმა პოზიციები მიატოვეს და სახლში დაბრუნდნენ, ხოლო შეტევაზე გადმოსულ თურქეთის არმიას ახლადჩამოყალიბებული ქართულ-სომხური რაზმები ვერ აკავებდნენ. აზერბაიჯანელებმა უარი განაცხადეს ერთმორწმუნე და ეთნიკურად მონათესავე თურქებთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე.
სწორედ თურქეთთან საზავო მოლაპარაკებების დროს გამოჩნდა ყველაზე ნათლად თუ რა არამყარი იყო ამიერკავკასიის გაერთიანება. სეიმის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ დეპუტაციებს შორის მუდმივი უთანხმოება სუფევდა. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ფაქტობრივად თურქეთს ემხრობოდნენ, რომელმაც ამიერკავკასიას დიდი ტერიტორიული მოთხოვნები წაუყენა. ქართველებმა და სომხებმა კი ორიენტაცია გერმანიაზე აიღეს, რათა მას გავლენა მოეხდინა თავის მოკავშირეზე. მართლაც, გერმანიის ჩარევის წყალობით საქართველო გადაურჩა თურქულ ოკუპაციას. თურქებმა დაიკავეს მხოლოდ მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ქ. ბათუმით.

ცხოვრებამ უჩვენა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უპერსპექტივო წარმონაქმნი იყო. მან ორი თვეც ვერ იარსება და შინაგანი წინააღმდეგობების შედეგად დაიშალა. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თავის უკანასკნელ სხდომაზე ოფიციალურად აღიარა ფედერაციის გაუქმება. იმავე დღის საღამოს კი შედგა საქართველოს “ეროვნული საბჭოს” სხდომა, რომელზეც საქართველო გამოცხადდა სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკად. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

ამრიგად, 1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა. ქართველი ხალხი ამ ფაქტს საყოველთაო ზეიმით შეეგება. ეს ისტორიული მოვლენა XIX – XX ს-ის დამდეგის საქართველოს ეროვნულ- და სოციალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამაგვირგვინებელი შედეგი იყო. 26 მაისი საქართველოში დღესაც აღინიშნება, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა კოალიციური იყო, თუმცა მის შემადგენლობაში ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატები. სოციალ-დემოკრატიული პარტია იმ პერიოდის საქართველოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო. ამ პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია (1868 – 1953) საქართველოს მთავრობის თავჯდომარე გახდა.

ახალგაზრდა რესპუბლიკა მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააზარალა მისი მეურნეობა, ხოლო რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მოშლილი იყო მრეწველობა და ტრანსპორტი, განსაკუთრებით ჭირდა სურსათი. ხელისუფლებას კი დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის არ გააჩნდა არავითარი თანხები მყარ ვალუტაში.

საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე 28 მაისს სცნო გერმანიამ. მაგრამ პირველ მსოფლიო ომში ცენტრალური ბლოკის დამარცხების შემდეგ საერთაშორისო აღიარების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საქართველოს მთავრობამ ამ თხოვნით მიმართა პარიზის სამშვიდობო კონფერენციას. 1920 წელს თურქეთის, გერმანიისა და არგენტინის შემდეგ საქართველო დე-ფაქტო იცნეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ. ხოლო მას შემდეგ კი, რაც 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა საბჭოთა რუსეთმა, მოხდა რესპუბლიკის დე-იურე ცნობაც ანტანტის ქვეყნებისა და რიგი სხვა სახელმწიფოების მიერ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ქვეყანას პირველ ხანებში არ ცნობდა რუსული “თეთრი მოძრაობა”, რომელიც გამოდიოდა “ერთიანი და განუყოფელი” რუსეთის ლოზუნგით. მოუწესრიგებელი იყო აგრეთვე სასაზღვრო საკითხები ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული კამათი ჰქონდა აზერბაიჯანთან ზაქათალის ოლქის გამო. სომხეთის რესპუბლიკა კი პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს სამხრეთ რაიონებზე, სადაც მოსახლეობის ნაწილი სომხური იყო. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ჯარები მოულოდნელად შემოიჭრნენ საქართველოში, მაგრამ მოგერიებულნი იქნენ. ამიერკავკასიაში ინგლისური სარდლობის ჩარევით საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი იქნა.

სადავო ოლქის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ე.წ. “ნეიტრალური ზონა” შერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაციით. საქართველოს სრული იურისდიქცია ამ კუთხეში მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში აღდგა. 1918 – 1920 წლებში ლოკალური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთელი ოსებით დასახლებულ ტერიტორიებზე და სხვა რეგიონებში, სადაც ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს. ამ გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნისტების აგიტაციით იყო გამოწვეული.

მიუხედავად ყოველივე ამისა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე ძნელი პირველი პერიოდის სირთულეები მთლიანობაში დაძლეული იქნა. 1920 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკაში უკვე აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები. საქართველოს დაუბრუნდა ბათუმის ოლქი, რომელიც თურქეთის მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ერთ ხანს ინგლისელებს ჰქონდათ დაკავებული. აღმავლობას იწყებს მეცნიერება და კულტურა. თბილისში გაიხსნა უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტი და კონსერვატორია. შეიძლება ითქვას რომ თუ არა ახალი ინტერვენცია და ანექსია საქართველო თავს დააღწევდა კრიზისს და გააგრძელებდა დამოუკიდებელი განვითარების გზას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კომუნისტებმა 1920 წლისათვის რუსეთში გაანადგურეს კონტრრევოლუციის მთავარი ძალები და შეუდგნენ იმპერიის ყოველი სამფლობელოების ხელახლა შემოკრებას. იმავე წელს მათ ძალით გაასაბჭოვეს აზერბაიჯანი და სომხეთი. ასე რომ 1921 წლის დამდეგისათვის საქართველო, თავისი სახმელეთო საზღვრების პერიმეტრის 78 პროცენტით უკვე საბჭოთა რესპუბლიკების ალყაში იყო. მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთიდან ჰყავდა მეზობლად ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკა.

როგორც ზემოდ აღინიშნა, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ იკისრა თავის ტერიტორიაზე კომუნისტებისათვის ლეგალური მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს ჭირდებოდა მხოლოდ ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად და საქართველოში თავისი აგენტურისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისა და ამიერკავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში საქართველოსათვის მეტად ნეგატიური როლი შეასრულეს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა – ი. სტალინმა, ს. ორჯონიკიძემ და სხვ.

1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი “აჯანყებულთა” დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება – მეთერთმეტე არმია – უტევდა თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მოიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. თბილისის მისადგომებთან ცხარე ბრძოლების შემდეგ 1921წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი დაეცა. ქართული ჯარები სხვა მიმართულებებზეც უკან იხევდნენ. სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ჭეშმარიტი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. 21 თებერვალს ანკარის მთავრობამ საქართველოს ულტიმატური ფორმით მოსთხოვა ქალაქების – ართვინისა და არტაანის დაცლა. ეს მოთხოვნა შესრულებული იქნა, მაგრამ თურქები არ შეჩერებულან და მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. 18 მარტს საქართველოს მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრებში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა.

ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა.

წყარო: თომა ჩაგელიშვილის რეპორტაჟიდან…

მემგონი რომ უნდა დაგაინტერესოთ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close