არქივი

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები

55bc063681e9

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიის ნაწილში მცხოვრებ იმ ხალხთა მითოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც საუბრობენ კავკასიური ენების ოჯახში შემავალ ენებზე. ამ ხალხთა ჯგუფს განეკუთვნებიან: ქართველები, ადიღები (ყაბარდოელები, ადიღები, ჩერქეზები), აფხაზები, აბაზები, ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), დაღესტნელები (ავარელები, ლეკები, დარგუელები, ლაკები, ლეზგები და სხვ.) და სხვ.სექციების სია

1 წარმოშობის ისტორია
2 დამახასიათებელი ნიშან-თვისებები
3 მითოლოგია კავკასიურ ფოლკლორში
3.1 ნადირობის რიტუალები
3.2 ტოტემები
3.3 ამინდის რიტუალები
3.4 აგრარული რიტუალები
3.5 ხელოსნობის მფარველები
4 ეპოსი

წარმოშობის ისტორია

ეს მითოლოგიური სისტემები წარმოიშვა უხსოვარ წარსულში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა წინაპარ ტომებს შორის. განვითარების პროცესში ეს სისტემები სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათზე ქრისტიანობამ და ისლამმა იქონია. კავკასიურ-იბერიული მითების ცალკეული ციკლები თითქმის არ შემონახულა, რადგან დიდ ეპოსებს (მაგ. ქართული ეპოსი ამირანის შესახებ, კავკასიური ნართების ეპოსი) შეერწყა თითქმის ყველა მითოლოგიური სიუჟეტი და მოტივი. მრავალი წარმოდგენის და სიუჟეტის აღდგენა ხდება ენობრივი მონაცემებში და სიმღერებში, ცეკვებში, ზეპირ გადმოცემებსა და რიტუალებში გაბნეული მოტივების მიხედვით. ეს მოტივები, რომლებიც კარგავდნენ პირვანდელ კონტექსტს, ზოგჯერ ერწყმოდნენ გვიანდელ რელიგიურ სისტემებს და ქრისტიანული და მუსულმანური კულტის ელემენტებად იქცეოდნენ.

კავკასიურ-იბერიული მითოლოგიის უძველეს პლასტებზე წარმოდგენას იძლევა არქეოლოგია. ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ჩვენამდე მოაღწია საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების საგნების ფრაგმენტებმა, რომლებზეც გამოსახულია ასტრალური ნიშნები, ჯვრები, ოთხკუთხედები, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები. სხვადასხვა ტიპის სამარხების არსებობა გვაფიქრებინებს უკვე ამ ეპოქაში სიკვდილისშემდგომი სამყაროს შესახებ კომპლექსური წარმოდგენების არსებობაზე. კავკასიელ ხალხთა კოსმოგონიური წარმოდგენების მიხედვით, ხმელეთს მრგვალი ფორმა ჰქონდა და გარშემორტყმული იყო ზღვით ან მთებით. სამყაროს კიდეზე იდგა ცხოვრების ხე, რომელიც ვერტიკალურად აერთებდა ცას, დედამიწასა და მიწისქწვეშა სამყაროს. ჩეჩნების და ინგუშების წარმოდგენების თანახმად, მიწისქვეშა სამყარო ვერტიკალურად შვიდ სხვა სამყაროდ იყოფოდა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო თითოეული სამყაროს კიდეზე არსებული სოროებითა თუ საიდუმლო გამოქვაბულებით (მოგვიანებით ჩეჩნებსა და ინგუშებში წარმოიშვა ერთიანი მიწისქვეშა სამყაროს გაგება).

კოსმოგონიური წარმოდგენების შემდგომ განვითარებაზე თვალის გადევნება კარგად შეიძლება ენობრივი მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამყარო გადამკვეთ კოორდინატებზე განლაგებული ცალკეული სამყაროებისგან შედგება (შდრ. ქართული სკნელი); ვერტიკალურად განლაგდება ზედა სამყარო (ზესკნელი), მიწიერი სამყარო (სკნელი) და მიწისქვეშა სამყარო (ქვესკნელი); ჰორიზონტალურად სამყაროს ცენტრის (სკნელის) წინ მოთავსებულია წინა სამყარო (წინასკნელი), ხოლო უკან – უკანა სამყარო (უკანასკნელი). ზედა სამყარო დასახლებულია ღვთაებებით, ფრინველებით და ფანტასტიური არსებებით, შუა – ადამიანებით, ცხოველებითა და მცენარეებით. ქვედა სამყარო ბოროტი ქტონური არსებების – დევების, დრაკონების, აგრეთვე სიღრმისეული წყლების სამყაროა. სამ ვერტიკალურ სამყაროს (ქართულ მითოლოგიაში) შეესაბამება თეთრი, წითელი და შავი ფერი. წინა სამყაროს – ნათელს და კეთილგანწყობილს, შეესაბამება გაგება “აქ”, ხოლო მის საპირისპირო უკანა სამყაროს – ბნელს, იდუმალს, ხიფათით და მოულოდნელობებით აღსავსეს – გაგება “იქ”. ბოროტი უკანა სამყაროს გამო მრავალი ჩვეულებით იკრძალებოდა უკან მოხედვა. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროთა მთელი ეს სისტემა გარშემორტყმულია ბნელი გარეთა სამყაროთი – გარესკნელით, რომლის იქით არაფერი არ არსებობს და რომელიც მოიაზრება, როგორც გაყინული სიბნელე და უცვლელი მარადისობა. ვერტიკალურად განლაგებული სამყაროები ერთმანეთისგან ჰაერის სისქით და ხმელეთით გამოიყოფა, ხოლო ჰორიზონტალური – შვიდი (ცხრა) მთით და ზღვით.

ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ღვთაებების და ღმერთკაცებისთვის, ხოლო ადამიანს ასეთი გადასვლა შეუძლია მხოლოდ ღვთაების ნებართვით “იერის ცვლის” ანუ სიკვდილის გზით (შდრ. ქართული “გარდაცვალება”), როდესაც სული დროებით ტოვებს სხეულს, “მოგზაურობს” ღვთაებებთან ერთად ერთი სამყაროდან მეორეში, ხოლო დაბრუნების შემდეგ კვლავ შესახლდება მის სხეულში (ქართ. გახუა მეგრელაური, ინგუშური ბოტკი შირტკა). მოგვიანებით ჩნდება (ალბათ, ქრისტიანობის და მუსულმანობის გავლენით) სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნებები, ფორმდება სიუჟეტები, რომლებიც აღწერს სულის გადასვლას გარდაცვლილთა სამეფოში და ცოდვილთა სასჯელებს. ყველა სამყაროს ერთმანეთთან აერთიანებს სამყაროს კიდეზე მდგარი მსოფლიო ხე (მისი ვარიანტებია – სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ცარგვალი; კოშკი; ციდან დაშვებული ჯაჭვი; ირემი უზარმაზარი დატოტვილი რქებით, რომლებიც ცამდე აღწევს) მასზე მიბმული ცხოველით (აფხაზთა წარმოდგენით, როდესაც ცხოველი იღვიძებს და განთავისუფლებას ლამობს, ხდება მიწისძვრები). სამყაროთა შორის კავშირი მყარდება აგრეთვე ჯადოსნური ცხოველების, ფრინველების, ფანტასტიური არსებების (გმირთა რაშები, არწივები, თეთრი და შავი ცხვრები, დევები, ქაჯები და ა. შ.) მეშვეობით. ამ წარმოდგენებს უკავშირდება რწმენა ხის და ტყეების ზებუნებრივი ძალის შესახებ. მრავალი ტომი (აფხაზები, ადიღები, დაღესტნელები) თაყვანს სცემდა ხეებს და სწირავდა მსხვერპლს. ქართულ მითებში ღვთაებები ხშირად ევლინებიან ურჩ ქვეშევრდომებს ხეების სახით.

ჩეჩნების და ინგუშების კოსმოგონიური წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობას უკავშირებს დედამიწაზე დაშვებულ უზარმაზარ თეთრ ფრინველს. დედამიწა მაშინ წარმოადგენდა ბრტყელ, უწყლო ხმელეთს, მცენარეებისა და ცხოველების გარეშე. ფრინველის უკან გაფრენის შემდეგ მისი ექსკრემენტებისგან წარმოიქმნა წყალი და თესლი, დაღვრილი წყლისგან წარმოიქმნა ზღვები, ტბები, მდინარეები; ქარით გაფანტული თესლით წარმოიშვა სხვადასხვა მცენარე. სხვა ვაინახური მითების მიხედვით მთები, ცხოველები და ადამიანები შექმნა დემიურგმა დიალამ. კავკასიურ-იბერიულ მითებში შემონახულია ძველი წინაქრისტიანული და წინაისლამური ღვთაებების პანთეონები უზენაესი ღვთაებით სათავეში. თუმცა მითებში უზენაესი ღვთაების გავლენა სხვა ღვთაებებზე ხშირად არ ვლინდება (ისევე, როგორც უზენაეს ღვთაებებს ხშირად უფრო არქაული მითოლოგიური პერსონაჟების ნიშან-თვისებები აქვს შემორჩენილი), რაც ამ წარმოდგენების შედარებით გვიანდელ წარმოშობაზე მიუთითებს. ამასთანავე, უზენაესი ღვთაების ცნებამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა ქრისტიანობის და ისლამის გავლენით.

ქართული პანთეონის სათავეში დგას უზენაესი ღვთაება – ღმერთი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინაწილებს ზოგიერთ ფუნქციას სხვა ღვთაებებთან, არსებითად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგის ერთადერთ დამფუძნებელს და დამცველს, ყოველივე არსებულის მბრძანებელს. იგი იმყოფება მეცხრე ცაზე და მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება არც მზისქვეშეთში, არც გარდაცვლილთა საუფლოში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ასოცირდებოდა ბიბლიურ მამა – ღმერთთან). დანარჩენ ღვთაებებს – ხვთისშვილებს (ღმერთის შვილებს) ლოკალური ღვთაებების – მფარველების და ადამიანთა და უზენაეს ღმერთს შორის შუამავლების ფუნქცია აქვთ. ხვთისშვილთა მეთაურად ითვლებოდა კვირია – ხმელეთის მმართველი, რომელსაც საკუთარი კარავი ანუ სახლეული ჰქონდა. ზოგიერთი მითის მიხედვით, კვირია ითვლებოდა შუამავლად ღმერთსა და დანარჩენ ხვთისშვილებს შორის, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბებოდნენ უზენაესი ღმერთის კართან (დასავლეთ საქართველოს მთის ხალხთა მითებში კვირია ნაყოფიერების ფალოსური ღვთაებაა).

აფხაზური პანთეონის სათავეში დგას ანცვა, რომელსაც შერწყმული აქვს ჭექა-ქუხილის და ნადირობის ძველი ღვთაებების, დედა-ღვთაების და სხვათა ნიშან-თვისებები. ადიღეურ მითოლოგიაში პანთეონის მეთაური, დემიურგი და შემოქმედი არის ტხა (სიტყვის წარმოშობა ადიღეური “დიგე”, “ტიგე” – მზე, საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად შემოქმედის როლი ეკუთვნოდა მზის ღვთაებას); მოგვიანებით ტხას ფუნქციებმა გადაინაცვლა ტხაშხოსთან. ტხაშხოს კულტმა მიიღო ქრისტიანობის ზოგიერთი ელემენტი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების შემდეგ ალაჰის კულტს შეერწყა.

ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში უზენაესი ღვთაება, დემიურგი არის დიალა. დაღესტანში ერთი და იმავე ფუნქციის მქონე მითოლოგიურ პერსონაჟებს არა აქვთ საერთო სახელი, თითქმის ყველა ხალხს თავისი ღმერთები ჰყავს. პანთეონის სათავეში დგას ზალი (ლეკებთან), ბეჩედი (ავარელებთან), გინიში (წახურებთან), იინიში (რუთულებთან) და სხვ.

პ.ს. დანარჩენს მერე გამოვაქვეყნებ, სიდიდის გამო წაკიტხვა რომ არ შეგეზაროთ ;)
წყარო:wikipedia.org

xixani

http://xixani.blogspot.com/
Back to top button