საკითხავისასარგებლო

უძველესი კარაბადინები

ნინევიის ბიბლიოთეკაში დაცული და ჩვენამე მოღწეული მრავალი ასურულ-ბაბილონური კარაბადინია.

ამ კარაბადინებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი დაავადებათა სხვადასხვა სიმპტომების დეტალურ აღწერას. Bაბილონელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დიაგნოსტიკას. მიჩნეული იყო, რომ ავადმყოფობა “არ დაცხრება შეხვევის შემდეგ და ვერ აღმოიფხვრება როგორც სიკვდილის ნესტარი თუ ექიმი ვერ ჩაწვდება მის არსს”.

აი, ამ კარაბადინებისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნაწყვეტი:

”თუ ადამიანი გრძნობს ყრუ ტკივილს მკერდში, მუცლის ზემო ნაწილსა და ფერდებში, ეს ფილტვების დაავადებაა”.

ექიმები, რომლებიც მედიცინას სწავლობენ, კარაბადინებში ჩამოთვლილი სიმპტომების მიხედვით შეეცადნენ გამოერკვიათ, რით იყვნენ დაავადებული შუამდინარეთის ძველი მცხოვრებლები. ამის დადგენა ყოველთვის როდი ხერხდებოდა. შომპტომების მშრალი ჩამოთვლა გამომწვევი მიზეზების გარკვევის გარეშე არ იძლევა დაავადების სრულ სურათს. მაგრამ ძველბაბილონელ ექიმებს, ალბათ, სავსებით აკმაყოფილებდათ სიმპტომების ჩამოთვლა. ავადმყოფის საწოლთან ეს სიმპტომები შეუცვლელი დამხმარე სახელმძღვანელო იყო დიაგნოსის დასადგენად.

კარაბადინებში დაავადებათა ჩამოთვლას მოსდევს, როგორც წესი, თავისებური რეცეპტები:

”მის გამოსაჯანმრთელებლად შენ უნდა აიღო ½ სილა ფინიკის წვენი, ½ სილა კასუს ბალახის წვენი და ზეთი, წყლიანი ღვინო, 3 სიკლი გაწმენდილი ზეთი, 2 სიკლი თაფლი. დააყენე 10 სიკლი მცენარე ამი, ჩაყარე შიგ და დაალევინეთ მას უზმოზე განთიადისას და თხის თანავარსკვლავედის ამოსვლის წინ. და იგი გამოჯანმრთელდება”.

რეცეპტებში არა მარტო ჩამოთვლილია სამკურნალო საშუალებები, არამედ მოცემულია მათი დამზადების წესების ისეთი დეტალური აღწერა, რომ ახლა იგი მხოლოდ ღიმილს იწვევს.

ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, მაგალითად, ისეთი მითითება, რომ ესა და ეს ბალახი მაინცდამაინც მზის ამოსვლამდე უნდა მოწყვიტო. მედიკამენტები უნდა დაქუცმაცდეს, გაიხეხოს, დაინაყოს, გაიხსნას რძეში, ღვინოში და ლუდში და მიიღოს უზმოზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აცუილებლი იყო სათანადო შელოცვა, რაც ავადმყოფს წამლის მიღებისას უნდა წარმოეთქვა.

იხმარებოდა სხვა სახის სამედიცინო ცნობარებიც, რომლებშიც არ იყო ჩამოთვლილი დაავადების სიმპტომები და წამლის მიღების წესები. მხოლოდ დაავადებათა ჩამოთვლა და მედიკამენტები იყო მოცემული. ნაპოვნია აგრეთვე ძალიან მოკლე ცხრილები, რომლებშიც ჩამოთვლილია დაავადებანი, წამლები და მათი მიღების წესები. მათი ღირსება ისაა, რომ ჩამოთვლილია თითქმის ყველა იმდროისათვის ცნობილი დაავადება. აი, როგორი იყო ასეთი სახის ცნობარი:

ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში სამედიცინო წიგნებთან ერთად შემორჩა ექიმების მრავალრიცხოვანი წერილები და მოხსენებები სამეფო გვარის წევრთა და კარისკაცთა ჯანმრთელობაზე. მათგან ჩვენ ვიგებთ, მაგალითად, რომ ასურბანიფალის მამა ყოვლისშემძლე სინაქერიბი ქრონიკული რევმატიზმით ყოფილა დაავადებული. აი, როგორაა აღწერილი ავადმყოფის მდგომარეობა:

”ხელებსა და ფეხებში ძალა წაერთვა, თვალებს ვერ ახელს, იგი ქანცგაწყვეტილი და მისუსტებულია, რადგანაც ციებამ გამოფიტა და ტყავი დარჩა”.

ერთ-ერთ წერილში მეფე ტუქსავს თავის ლეიბ-მედიკს არადნანს იმიტომ, რომ ექიმის მიერ დანიშნულმა წამლებმა და პროცედურებმა არ შეუმსუბუქეს მეფეს მდგომარეობა.

საპასუხო წერილში მკურნალი თავს იმართლებს და ამტკიცებს, რომ დიაგნოზი დასმულია სწორად და წამალი უსათუოდ იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, იგი ახალ წამალსაც უნიშნავს, – ვიც იცის, იქნებ, ამ წამალმა უკეთ იმოქმედოს.

მაგრამ ყველაზე საოცარია ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში ნაპოვნი სამედიცინო ფირფიტების სერია, რომლებიც ერთად აღებული ქმნის მსოფლიოში უძველეს სამედიცინო ენციკლოპედიას. ამ “წიგნებში” დაავადებათა აღწერა დაჯგუფებულია ადამიანის სხეულის ნაწილების მიხედვით.

თხზულებაში, რომლის სათაურია “როცა სიცხე აქვს ადამიანს”, მოცემულია თავის ყველა ნაწილის დაავადებათა, მათ შორის ინფექციურ დაავადებათა დეტალური აღწერა. აქვეა აგრეთვე განყოფილება, რომელიც ეძღვნება “გონების დაბნელებას”, “გამელოტებას”, საფეთქლების, ყურებისა და თვალების დაავადებას.

ფირფიტებიშ სერიაში, რომელიც იწყება სიტყვებით “როცა უჭირს მის ბაგეებს”, აღწერილია სასუნთქი ორგანოების ყველა დაავადება დაწყებული უბრალო გაციებიდან, დამთავრებული ჭლექით.

მესამე სერიაში გარჩეულია ღვიძლისა და გულის დაავადებანი, მეოთხეში განხილულია რევმატიზმი, ნეკრესის ქარები და ა.შ.

ესეც ასე  :)

წყარო: “თიხის წიგნები”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close