არქივი

გონებამახვილები

7427bf56e32b

ამ პოსტში მოგითხრობთ იმ გონებამახვილებზე, რომელთაც მეოცე საუკუნეში თავისი კვალი დატოვა. აქ მოთხრობილია ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი რამდენიმე ამბავი.

ამ ნაწილიში დავწერ რამდენიმე ამბავზე, რომელიც არც ისე ცნობილია, მაგრამ ძალიან ორიგინალურია

1. 1924 წლის 12 ივნისს, ილინოისის შტატში განგსტერებმა აფოსტო მატარებელი დააყაჩაღეს. ზარალი 3 მილიონი დოლარის ტოლფასი იყო. გამოძიებაში ჩართეს FBI-ს საუკეთესო დეტექტივები, რომელთაც უილიამ ფეიგი ხელმძღვანელობდა. იგი შტატებში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა მსგავსი დანაშაულების გამოძიებაში.
მაგრამ ამ შემთხვევაში გამოძიება რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: არ იყვნენ მოწმეები, არ მოიპოვებოდა არანაირი სამხილი. საქმე თითქმის დაიხურა, მაგრამ ერთმა საბედისწერო შემთხვევამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა: ერთ მშვენიერ დღეს, პოლიციაში მივიდა ქალი, რომელმაც თავი უილიამ ფეიგის საყვარლად გააცნო იქ მყოფთ და მოულოდნელად აღიარა რომ მძარცველთა ბანდის მეთაური თვით… უილიამ ფეიგი იყო. საქმე იმაში იყო, რომ ფეიგის საყვარელი მასზე ეჭვიანობდა და სწორედ ამიტომ დაასმინა იგი.

2. კუნძულ მანჰეტენის გადახერხვა (ჩემი საყვარელი თაღლითობა)
ბრბოს ფსიქოლოგიით, გაუნათლებელი მასის მართვის ხერხებით ისტორიაში არაერთმა ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის იყვნენ ერთი მოხუცი ოინბაზი, ვიმე ლოზიე და მისი მეგობარი, ყასაბი ჯონ დე ვუ, იგივე პაპა ჯო. ისინი ნიუ-იორკში და მოხერხებულობითა და მახვილგონივრულობით გამოირჩეოდნენ.
მაშინ, 1824 წელს, ნიუ-იორკი პატარა დასახლება იყო, სადაც, ძირითადადა, მუშები ცხოვრობდნენ. აქ 150 000 კაცი ცხოვრობდა(რუსთავის მოსახლეობაზე ცოტა მეტი). უმუშევრები და უსაქმურები ხშირად ცენტრალურ ბაზარზე იკრიბებოდნენ ხოლმე. ამ ხალხში ათასი ჯურის ადამიანები ირეოდნენ, რომელთა შორის პაპა ჯო და ლოზიე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. სხვათა შორის, ჯო და ლოზიე საოცარი ორატორული ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი, ასე ვთქვათ, ხალხი მათ მონუსხული უსმენდა და ისინიც ნებისმიერ თემაზე საუბრობდნენ. ასევე ლოზიეში პატივისცემას ისიც იწვევდა, რომ მას თითქმის მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი და ძალიან გამოცდილი გახლდათ.
ასე და ამგვარად, ამ დუეტმა მთელი ნიუ-იორკი აალაპარაკა.
ივლისის დასაწყისში ლოზიე ქალაქიდან გაქრა, ხოლო როდესაც დაბრუნდა, მოედანზე, ყველას დასანახად, პაპა ჯოს რაღაცაზე დიდხანს ეჩურჩულებოდა. ბოლო-ბოლო, ცნობისმოყვარე ახლობლებმა მაინც ათქმევინეს (თავის ჭკუაში) ის, რაც, შემდეგ, სანანებელი გაუხდათ.
ლოზიემ ჩვეული ტონით უამბო მათ, რომ ქალაქის მერმა, მისმა მეგობარმა, საშინელი ფაქტი აცნობა – მანჰეტენის კუნძული მალე გადატრიალდებოდა და ოკეანეში ჩაინთქმებოდა. ეს იმან გამოიწვია – განაგრძობდა ლოზიე – რომ წლების განმავლობაში კუნძულზე არაგეგმაზომიერი მშენებლობები მიმდინარეობდა და ცათამბჯენები მხოლოდ ჩრდილოეთ მხარეს შენდებოდა, რამაც მისი დამძიმება და საპირისპირო მხარის შემსუბუქება გამოიწვია. ამიტომ, მანჰეტენის ერთი მხარე გადაწონის მეორეს და კუნძულიც ნავივით გადატრიალდება. შეშფოთებული ხალხი ლოზიემ იმით დაამშვიდა, რომ მან და მერმა გამართეს სხდომა, სადაც მსოფლიოს ცნობილი გეოლოგები მოიწვიეს და გადაწყვიტეს, რომ მანჰეტენი უნდა გადაეხერხათ შუაზე, შემდეგ უნდა შემოეტრიალებინათ 180 გრადუსით, რომ კონტინენტის მყარ ქანებს დაბჯენოდა და ღუზებით უნდა დაებათ, რომ არ შეეცურა ოკეანეში.
ლოზიემ გაბღენძილმა დაიტრაბახა კიდეც, რომ მისმა იდეამ მერისას აჯობა. მერს განზრახული ჰქონდა ლონგ-აილენდის გადახერხვაც, რადგან ის მანჰეტენს უშლიდა ხელს შემოტრიალებაში, თუმცა ლოზიემ მას ურჩია, რომ უამრავი გემით და ნიჩბებით კუნძული ოკეანეში შეეცურებინათ და ისე მოეტრიალებინათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამაში ეჭვიც კი არავის შეუტანია, იმდენად ენდობოდნენ ლოზიეს. თანაც პაპა ჯოც იქვე იყო და თავის დაქნევით ეთანხმებოდა თავის მეგობარს. ლოზიემ იმაშიც დაარწმუნა ხალხი, რომ ეს შესაძლებელი იყო, ისევე როგორც შესძლეს ორთქლის ხომალდით ატლანტის ოკეანის გადასერვა და ერის ტბაზე არხის გაყვანა. საბოლოო დასკვნა კი ასეთი იყო: მანჰეტენი უნდა გადაიჭრას და ამას ბევრი ხალხი და ფინანსები დაჭირდება!
რამდენიმე დღეში ამბავი მთელს ქალაქს მოედო. ერთი კვირის თავზე კი ჯო და ლოზიე უკვე მსურველთა სიას ადგენდნენ. მსურველი კი ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. ხალხი რომ შიმშილით არ დაუძლურებულიყო, ლოზიემ ქალაქის ყასბებს მიმართა და მათაც დაიწყეს ხალხის უზრუნველყოფა ხორცეულით, თუმცა ხარჯებს, ლოზიეს თქმით, გამგეობა და ,,მანჰეტენის ფონდი,, იხდიდა. ამის შემდეგ ყოველდღიურად იკვლებოდა 500 რქოსანი პირუტყვი, 1000 ღორი და 3000 ფრინველი. მოედანზე შეგროვილი უმუშევრები და უსაქმურები გაძღომამდე ჭამდნენ და ცოტათი მოღონიერდნენ. ის კი არა, ერთმა ფერმერმა მთელი ღორის კოლტი შემორეკა მოედანზე და მთელი დღე მათი ჭყვიტინი ისმოდა.
არანაკლები მონდომებით შრომობდნენ მუშები, რომელთაც შეკვეთა მისცეს უზარმაზარ რკინის ხერხებზე და უამრავ ნიჩაბზე. მათ ცალკე საცხოვრებელი ფიცრული უბანი აუშენეს, მზარეულები დაიქირავეს და ყველა კმაყოფილი იყო.
ზოგი ლოზიეს კონტრაქტების გაფორმებას სთხოვდა, მაგრამ იგი უარზე იყო, სანამ, მისი თქმით, კომპანია “მანჰეტენი” საბოლოოდ არ დაკომპლექტდებოდა.
ამასობაში, მჭედლები 30 მეტრიან რკინის ხერხებს ამზადებდნენ, რომელთაც მეტრა-ნახევრიანი კბილები ჰქონდათ. ასეთი ხერხით 25 კაცს უნდა ემუშავა. დურგლები ნიჩბებს ამზადებდნენ, რომელთა სიგრძე 80 მეტრს აღწევდა. ასეთ ნიჩაბს 100 კაცის ძალა უნდა მომსახურებოდა, რომ კუნძული ოკეანეში შეეცურებინათ და შემოებრუნებინათ.
სულ ბოლოს ჩატარდა შერჩევა, რომელსაც უნდა გამოევლინა წყლის ქვეშ მხერხავები (ასეთი რამეც მოიგონეს ოინბაზებმა). მსურველი ბევრი იყო. არჩეულებს სამმაგ ხელფასს დაჰპირდნენ. ზოგი გამოცდისას კინარამ დაიხრჩო.
გრანდიოზული სამუშაოების შემდეგ ლოზიემ დათქვა დღე, როცა კონტრაქტებს გააფორმებდა და სამუშაოებიც დაიწყებოდა.
და აი, ნანატრი დღეც!
ათასობით ადამიანი, დიდი და პატარა, კინგზ სტრიტის რაიონში შეიკრიბა, საიდანაც, სამხედრო ორკესტრის თანხლებით, ბაზრის მოედნისკენ გაეშურნენ. უკან მოყვებოდათ საკვებითა და აღჭურვილობით დატვირთული ფორნები.
ბრბო დოლების ბრახუნსა და ფლეიტების სტვენაში მიადგა ბაზრის მოედანს და არმიასავით მოეწყო.
უცებ ვიღაცამ მოირბინა და მთელ ამ არმიას სასხვათაშორისოდ აცნობა, რომ პაპა ჯოს და ლოზიეს ჯანმრთელობა შეერყათ და სხვაგან გაემგზავრნენ.
ხალხს ჯერ კიდევ არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მწარედ გააბრიყვეს და ღამემდე ყველა იქ იყო. დასაკლავმა ქათმებმა მშვიდად დაიძინეს.
ბოლოს, რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოეძებნათ ის ორი არამზადა და მათთვის “ზედმეტი ნაწილები” მოეკვეთათ.
მაგრამ ეს ორი ტაკიმასხარა უკვალოდ გაქრა და ვერავინ მიაგნო.
რამდენიმე თვეში ისინი ბაზრის მოედანზე დაბრუნდნენ, თუმცა არავითარი სარჩელი მათ სახელზე არ იყო შეტანილი: ყველას ეთაკილებოდა თავისი სიბრიყვის გამოვლენა.
თანაც, მეგობრებს არავითარ კონტრაქტზე არ ჰქონდათ ხელი მოწერილი. ჯომ და ლოზიემ საბოლოოდ მოიპოვეს შეერთებული შტატების ყველაზე გონებამახვილი ხუმარას სახელი. THE END…

3. ამერაკიში მომხდარ ყველა თაღლითობათა შორის საოცარი ორიგინალობით გამოირცევა 1950 წელს, ქ. პენსილვანიაში ჩადენილი ბლეფი.
ერთ დღეს ქალაში ჩამობრძანდა ყველასათვის უცნობი იმპრესარიო (კონცერტების ორგანიზატორი) და მხოლოდ ერთი საღამოთი დაიქირავა დარბაზი, რომელიც რამდენიმე ათას კაცს იტევდა.
იმპრესარიომ უარი განაცხადა მოსამსახურე პერსონალზე (მოლარეებზე, გამნათებლებზე, გრიმიორებზე და ა.შ.), მას არც აფიშების გაკვრით შეუწუხებია თავი. უბრალოდ, ცენტრალურ მოედანზე უზარმაზარი აბრა დაადგმევინა, სადაც ეწერა: ,,ის ჩამოდის!,, .
ერთი კვირის შემდეგ ეს წარწერა შეცვალა წარწერამ: ,,ის აქ იქნება 31 ოქტომბერს!,, .
30 ოქტომბერს კი წარწერა ასე გამოიყურებოდა: ,,ის აქ არის!,, .
ხოლო 31 ოქტომბერს წარწერა მეოთხედ შეიცვალა: ,,ის კონცერტს დაიწყებს 19 საათსა და 30 წუთზე!,, .
საღამოს ექვს საათზე იმპრესარიო სალაროში დაჯდა და ნახევარ საათში აღმოჩნდა, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. ანშლაგი სრული იყო.
დადგა ჟამი!
როდესაც მაყურებლის წინ ფარდა აიწია, ყველამ დაინახა უზარმაზარი წარწერა მთელი სცენის სიგრძეზე:
,,ის წავიდა!,, .

4. ქალბატონი მარიონ ტაკერი მილიონერი გახლდათ. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ხელოვნების უძვირფასეს ნიმუშებს აგროვებდა. ერთხელ ის კურორტზე წასასვლელად ემზადებოდა, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა:
კარებში მას დახვდა ვიღაც ელეგანტური ფრანგი, რომელიც იმ სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო, რომელთანაც ტაკერს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.
,,ჩემი მოსვლის მიზეზი ის გახლავთ – თქვა მამაკაცმა ფრანგული აქცენტით – რომ მინდა შევამოწმო, სათანადოდ იცავთ თუ არა ძვირფას კოლექციას” .
ქალბატონმა ტაკერმა უცნობი შინ შეიპატიჟა და ყველაფერი დაათვალიერებინა, ყველა სეიფი ანახა და არც ის დაუმალა, სიგნალიზაციის სისტემა სად იყო.
წარმომადგენელი კმაყოფილი დარჩა, მაგრამ შენიშვნები მაინც მისცა დიასახლისს.
– თქვენ რომ კარზე წერილი მიამაგრეთ, სადაც ფოსტალიონს აფრთხილებთ, რომ დასასვენებლად მიდიხართ, ეს დიდი შეცდომაა, რადგან ამით ნებისმიერ მძარცველს გზას უხსნით თქვენი სიმდიდრისკენ. ახლა მეორე: შუქდამჭერი დარაბები რომ დაგიშვიათ, ესეც შეცდომაა, რადგან ყველა მძარცველი აქ ჩავლისას მიხვდება, რომ სახლში არავინაა და თან დაწეული დარაბები ქურდს ხელს უწყობს მუშაობაში, რომ ვერავინ შეამჩნიოს.
ქალბატონი ტაკერი აღფრთოვანდა ფრანგის გამჭრიახობით და კარგი გაკვეთილისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.
ერთი კვირის თავზე გამჭრიახი ფრანგი ბინაში შეიპარა და როდესაც აწეული დარაბები დაინახა, დიასახლისის გულუბრყვილობაზე მხიარულად გაიცინა. მან დარაბები დაუშვა და მშვიდად შეუდგა ბინის ,,გაწმენდას”.
როგორც კი საქმეს მორჩა და გარეთ მშვიდად გამოაბიჯა, მხრებში ორი ახოვანი პოლიციელი ამოუდგა.
განცვიფრებულ მძარცველმა წამოიძახა: ,,ღმერთო ჩემო, როგორ მიხვდით, რომ ბინაში შევიპარე?”.
პოლიციელებს კინაღამ გაეცინათ.
,,შებრუნდი, ბიჭუნი” – უთხრეს და ბინისკენ შეატრიალეს.
იქ კი, ,,გამჭრიახი” ქურდის ჩამოშვებულ დარაბებზე უზარმაზარი ასოებით ეწერა: ,, ყურადღება! სახლში ქურდია!”

აი, ძვირფასო უცნაურელებო, ასეთი გონიერი ხალხიც არსებობს ამ ქვეყანაზე :) იმედია, საინტერესო იყო და მოგეწონათ. მომდევნო ნაწილს ერთი პოსტის შემდეგ შემოგთავაზებთ.
იმედია, გონებამახვილები არ იქნებით იმ კუთხით, როგორც პაპა ჯო და მისთანანი. :)

ექსკლუზიურად, ucnauri.com-ს

Back to top button