არქივი

ფეხბურთი, გუნდები, მწვრთნელები, პრობლემები

მთავარი

მოგესალმებით!

დიდი ხანია ამ საიტს ვადევნებ თვალს და მინდა ავღნიშნო, რომ ამ ხნის განმავლობაში მრავალი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. დღესდღეობით ქართული ინტერნეტ სივრცე ძალიან მწირია ინფორმაციით, აქედან გამომდინარე არცთუ ისე ბევრ ქართულ საიტს ნახავ როგორიც ucnauri.com–ია; ჩემი აზრით, სწორედ ამიტომაც გახდა “უცნაური” ასეთი პოპულარული საქართველოს მასშტაბით და დღითი–დღე, უფრო და უფრო წარმატებული ხდება, რადგან ეს არის ნომერ პირველი საიტი ქართულ ინტერნეტ სივრცეში სადაც გამუდმებით მიმდინარეობს ინფორმაციის ცვლა: ადამიანი შემოდის აქ, რათა წაიკითხოს/გაიგოს რაიმე ახალი,საინტერესო,უცნაური,საგანმანათლებლო და ვინც ამ ე.წ “პოსტებს” წერს, ის ხელს უწყობს არა მარტო ამ საიტის განვითარებას არამედ, ცდილობს მთლიანად ქართული ინტერნეტ საინფორმაციო სისტემა გახადოს უფრო მრავალფეროვანი, გაუზიაროს ხალხს ის ინფორმაცია, რომელიც მას სახლში წიგნების,გაზეთების თუ სხვა დოკუმენეტების საშუალებით გააჩნია.

ეს არის, ჩემი პირველი “სტატია” და ამიტომ გავაკეთე პატარა შესავალი, სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდი. მეც რამოდენიმე კვირის წინ გადავხედე ჩემს სპორტულ გაზეთების არქივს და აღმოვაჩინე სტატია ქართული ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის შექმნასთან დაკავშირებით.

სამი შეკითხვა
1.თქვენი აზრით, რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ეროვნული ჩემპიონატი და როგორია ამ საკითხისადმი ფეხბურთელების დამოკიდებულება?
2. 26 მაისი… ამ დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ალბათ, პირველად ჩაიცმევს ეროვნულ მაისურს. თქვენი გუნდიდან ვის დაასახელებდით საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუოდ კანდიდატად?
3. რა პერსპეკტივებს ისახავს თქვენი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში და რას უსურვებთ ქართველ გულშემატკივრებს?
–––––––––––––––––––––––––––
სამ მწვრთნელს: დავით ყიფიანს, ალექსანდრე კოტრიკაძეს და გივი ნოდიას

–––––––––––––––––––––––––––
სეზონის დაწყების წინ
სეზონის დაწყების წინ

დავით ყიფიანი – თბილისის “თბილისი”

დავით ყიფიანი

1. რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ეროვნული ჩემპიონატი? მიჭირს თქმა. ადრეც განვაცხადე, რომ მე ეტაპობრივი გადასვლის მომხრე ვიყავი და, თუ ქართული ფეხბურთი იზოლაციაში აღმოჩნდება, როგორც ზოგიერთს უნდა, ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს, რა თქმა უნდა, დაიკარგება სტიმული, დაიკარგება ბევრი ისეთი მომენტი, რომელიც ფეხბურთს ალამაზებს. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, და პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია იმისათვის, რომ საერთაშორისო სარბიელზე დავმკვიდრდეთ. ფაქტი ისაა, რომ არც ერთი ორგანიზაციას (ფიფაზეა ლაპარაკი), არავითარი მორალური უფლება არა აქვს აუკრძალოს 5–მილიონიან საქართველოს ფეხბურთის თამაში, გარე სამყაროსთან ურთიერთობა ამ ფეხბურთის საშუალებით. ალბათ, თვით ფიფა–ს სტატუსშიც და რეგლემენტშიც ბევრი იურიდიული ლაფსუსია, რომლებსაც მაღალი დონის იურისტები მომავალში გამოიკვლევენ. ფეხბურთელების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი სხვადასხვაგვარია. ამან გამოიწვია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები… ალბათ გასაგებია, რომ როცა გუნდი ემზადება ჯერ ერთი, შემდეგ მეორე პირველობისათვის ეს პირველ ხანებში პსიქოლოგიურ დაბნეულობასაც კი იწვევს. კარს არის მომდგარი ეროვნული ჩემპიონატი, გუნდში მდგომარეობა სტაბილურია და ფეხბურთელები კეთილსინდისიერად ემზადებიან…

2. 26 მაისამდე საკმაოდ დიდი დროა და თვით მატჩებმა უნდა დაასახელოს ნაკრების კანდიდატები, რომლებსაც ვიზას თვით საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მისცემს. ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში სწერია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტი შედის მის იურისდიქციაში და ალბათ, სულ მალე შევიტყობთ, ვინ იქნება ამ ნაკრების პირველი მესაჭე… რაც შეეხება შესაძლო პარტნიორებს, აქ საქმე ცოტა რთულადაა, რადგან სამხრეთ კორეის ნაკრებმა და იაპონიის ოლიმპიურმა ნაკრებმა ჯერ–ჯერობით თავი შეიკავეს აქ ჩამოსვლაზე…

3. მოგეხსენებათ, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების იდეა ფეხბურთელებს არ ეკუთვნოდათ, ეს ხალხმა, საზოგადოებამ გადაწყვიტა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, უნდა მოხდეს ძალთა კონსოლიდაცია. მაყურებლის დაკარგვა ფეხბურთს სიკეთეს არ მოუტანს. ფეხბურთელების მთავარი მიზანია, რომ ლამაზი თამაში უჩვენონ მაყურებელს და ასევე მაყურებელიც ვალდებულია, მხარში ამოუდგეს გუნდს. ეს ურთიერთთანადგომა დაგვაძლევინებს პრიველ ეტაპზე მოსალოდნელ ყველა პრობლემასაც…

რაც შეეხება გუნდს, ყველასათვის ცხადია, რომ მხოლოდ ჩემპიონობისათვის ვიბრძოლებთ. მაგრამ, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს იოლი იქნება, ჩვენთან თამაში ყველა გუნდს გარკვეულ სტიმულს მისცემს.

ალექსანდრე კოტრიკაძე – თბილისის “შევარდენი”
ალექსანდრე კოტრიკაძე

1. ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ჩემი აზრით, ეროვნული ჩემპიონატი მთელი ერის ფეხბურთს გამოაცოცხლებს, რომელიც აქამდე მიძინებული იყო და ვიღაცაზე იყო დამოკიდებული. ახლა, ეს ასე აღარ იქნება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ის თვისება, რომელიც ადრე არ გვქონდა, ეროვნულ ჩემპიონატში გამომჟღავნდება. მე მხედველობაში მაქვს თითოეული გუნდის პოტენციუი შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, ამ ჩემპიონატმა უნდა გვიჩვენოს, თუ ვინ ვართ ჩვენ და რისი გაკეთება შეგვიძლია…

რაც შეეხება ფეხბურთელების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, აქ ორი აზრი არ არსებობდა – მთელი გუნდი სიხარულით და ენთუზიაზმით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. მთავარი კი, ის იყო, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც აქტიურ სპორტთან თავის დანებებას აპირებდა, ან უცხოეთის საკლუბო გუნდებში აპირებდა გამგზავრებას, ახალი სტიმული შეემატა მათ და სურვილი გამოთქვეს დაეცვათ “შევარდენის” ღირსება. ეს ფეხბურთელები არიან მერაბ ჟორდანია, ნუკრი კაკილაშვილი, გოჩა ჯოხაძე და ვაჟა ჟვანია, რომელთა წარდგენაც ქართველ ფეხბურთის გულშემატკივართ არ სჭირდება.

2. ამ ეტაპზე არა მარტო მე, არამედ სხვა გუნდების მწვრთნელებსაც გაუჭირდებათ საქარველოს ნაკრების კანდიდატების დასახელება. მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ ჩვენ ფეხბურთელების თამაში ჯერ არ გვინახავს და შარშანდელი მონაცემებით გუნდის დაკომპლექტება ძნელია. ისე, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ერს, ჩვენც უნდა გვყავდეს ეროვნული ნაკრები და ალბათ ერთი თვის მერე გამოჩნდება კიდევაც, თუ ვინ დაიმსახურებს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის ღირსებას.

3. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ წლის ბოლოს გუნდს ჰქონდეს ისეთი სახე, რომ მომავალში მხოლოდ ადგილებისათვის იბრძოლოს. ბევრს გვავალებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ თბილისის სახელს ვიცავთ და კადნიერებაში არ ჩამომართვათ და ვეცდებით ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ ქართული ფეხბურთის ფლაგმანს თბილისის “თბილისს”.

მაყურებლის პრობლემა ჩემი აზრით, უნდა გადაიჭრას. შარშან, მაგალითად, ჩვენი წლიური შემოსავალი 600 მანეთი იყო. ცოდვა გამხელილი სჯობია და ვიტყვი, რომ თუ რა ხდებოდა II ლიგაში მოასპარეზე გუნდების შეხვედრების დროს. ეს ყველამ ვიცოდით, ქართველ მაყურებელს ვერ მოატყუებ… ახლა, ალბათ, მათთან მიდგომაც სხვანაირი უნდა იყოს, ფეხბურთი მაყურებლის გარაშე ვერ იარსებებს. მე იმედი მაქვს, რომ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი მხარში ამოგვიდგება და ჩვენთან ერთად თავიანთ წვლილს შეიტანენ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაში.

გივი ნოდია – რუსთავის “გორდა”

გივი ნოდია

პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართული ფეხბურთის დონე არ დაეცემა, პირიქით, დროთა განმავლობაში, როცა თამაშის კლასი ერთგვარად გათანაბრდება, უკვე რამდენიმე ძლიერი გუნდი გვეყოლება. ეროვნული ჩემპიონატი ალბათ, ჩვენი საფეხბურთო მეურნეობის ნაკლოვანებასაც აღმოფხვრის, სადაც წლების მანძილზე ნამდვილი განუკითხაობდა სუფევდა…

ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას მოწონებით შეხვდნენ და დღეს გუნდის ყველა წევრი კეთილსინდისიერად ემზადება ეროვნული ჩემპიონატისათვის.

2. თვით ის აზრი, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნული ნაკრები, ცხადია, არავითარ ეჭვს არ იწვევს. 26 მაისის დღესასწაული მთელ ქართველ ერთან ერთად ფეხბურთელებმაც უნდა აღვნიშნოთ. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის გუნდს შევხვდებით – მთავარი ის არის რომ ფეხბურთელები პირველად ჩაიცვამენ ეროვნული ნაკრების მაისურებს…

რაც შეეხება ნაკრების კანდიდატებს, ჯერ–ჯერობით ჩვენი გუნდიდან მიჭირს ვინმეს დასახელება. გუნდმა ვერ მოასწრო შეთამაშება და ზოგიერთი სავარაუდო კანდიდატის სპორტული ფორმა ჯერ კიდევ შორსაა იდეალურისაგან. ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: 26 მაისს საქართველოს ნაკრებში რუსთავის “გორდას” ორი–სამი წარმომადგენელი მაინც უნდა ვიხილოთ.

3. არ მინდა ვინმემ ტრაბახად ჩამითავლოს, მაგრამ ჩემი გუნდის გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ, რომ წლევანდელ სეზონში მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. ამის ხმამაღლად გამოცხადების უფლებას მაძლევს მოთამაშეთა დღევანდელი შემადგენლობა და მთლიანად ის ატმოსფეროც, რაც გუნდში სუფევს. არ მინდა ვინმეს წყენა მივაყენო, მაგრამ ასეთი პირობები როგორც გუნდის მწვრთნელს, ჯერ ნამდვილად არსად მქონია.

რუსთავის ხელმძღვანელობა და, რა თქმა უნდა, მეტალურგიული ქარხნის დირექცია, (პირადად ქარხნის დირექტორის გურამ კაშაკაშვილის თავკაცობით) ძალ–ღონეს არ იშურებენ გუნდის დასახმარებლად. მთავარი კი, ალბათ. ისიც არის, რომ გუნდის “შინაურ” საქმეებში არავინ ერევა. მადლობის მეტი რა მეთქმის რუსთაველი გულშემატკივრების მიმართაც, რომლებიც ძნელბედობის ჟამსაც არ აქცევენ ზურგს თავიანთ გუნდს. ჩვენც თავს არ დავზოგავთ, რომ მათი იმედები გავამართლოთ და ერთად ვიბრძოლოთ მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის.

ყურადღება

მადლობა ყურადღებისათვის!
იმედია მოგეწონათ და დროდადრო, შემდგომში კიდევ დავდებ რაიმე “საინტერესო” სტატიას :)

წყარო: ივა ვასაძეს არქივი

მსგავსი ამბები

Back to top button