არქივი

ტყუპების ქალაქი

9e5fb6ce0312

“ტყუპების ქალაქი” – სწორედ ასე მოიხსენიებენ ბრაზილიის ქალაქ კანდიდო გოდოის, სადაც არნახულად ბევრი ტყუპი ცხოვრობს და დღემდეც ტყუპების რეკორდული რაოდენობა იბადება. ქალაქის შესასვლელში ამ უცნაურობის შესახებ შესაბამისი წარწერა იუწყება: “სტუმარი მოულოდნელობისგან არ შეშინდეს, ჰალუცინაციები ხომ არ დამეწყოო”. კანდიდო გოდოიში ტყუპების მუზეუმიც მოქმედებს, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილად არის მიჩნეული და ”ტყუპების სახლი” ჰქვია.

7fe1a56bbb2d

”ტყუპიანობა” კანდიდო გოდოიში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქს თავი ნაცისტმა ექიმმა იოზეფ მენგელემ შეაფარა. სამედიცინო განათლება მენგელეს ვენის, მიუნხენისა და ბონის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული და მისი სადოქტორო დისერტაციის თემა, რასებს შორის ქვედა ყბის ფორმების განსხვავებებს ეხებოდა. 1938 წელს ექიმი მენგელე ნაცისტურ პარტიასა და ესესელებად წოდებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. მოგვიანებით ფრონტზეც წავიდა, როგორც რეზერვისტი ექიმი, დაიჭრა და იმის გამო, რომ მოქმედ არმიაში სამსახურს ვეღარ განაგრძობდა, ოსვენციმში ”ბოშათა ბანაკად” წოდებულ საკონცენტრაციო ბანაკში ექიმად გაამწესეს. სხვათა შორის, ნაცისტებმა ეს ბანაკი მალევე დახურეს და ყველა ტყვე გაზის კამერებში ამოხოცეს.

8b9c7dd47ac6

მენგელემ ოსვენციმის ტყვეთა ბანაკებში 21 თვე იმუშავა და სისასტიკით განთქმულ ექიმს დამსახურებულად შეარქვეს ”სიკვდილის ანგელოზი”. ის პირადად ხვდებოდა ტყვეებით გაძეძგილ მატარებლებს და თავად წყვეტდა, ვის მძიმე სამუშაოს შესასრულებლად გაგზავნიდა, ვის გაზის კამერაში ამოახრჩობდა და ვის – თავისი ცდებისთვის გამოიყენებდა. ნაცისტი ექიმი ცდების შედეგებს ჩანაწერებში, ე.წ. აქტებში აღწერდა. ადამიანების, მათ შორის ბავშვების დანაწევრება, ანუ ანატომირება, მამაკაცებისა და ვაჟების კასტრაცია ანესთეზიური პრეპარატების გარეშე, მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. მენგელეს გაცილებით მეტის გაგება უნდოდა, ”საცდელი ბაჭიებიც” უხვად ჰყავდა. მაგალითად, მენგელე ქალების გამძლეობას ”სწავლობდა” და მათ სხეულში ხშირად მაღალ ძაბვას ატარებდა. ცნობილი ფაქტია, რომ მენგელემ პოლონელ მონაზვნებს რენტგენის აპარატით სტერილიზება გაუკეთა, მაგრამ მენგელეს განსაკუთრებულ ინტერესს ტყუპები იწვევდნენ. თვითმხილველთა მონაყოლით, ნაცისტი ექიმი ტყვეთა შორის ტყუპებს არჩევდა და სხვებისგან განცალკევებულ ბარაკებში აცხოვრებდა. მენგელეს საცდელი 3000 ტყუპიდან ცოცხალი მხოლოდ სამასი გადარჩა. ის ფიზიოლოგიურ ანომალიებსაც სწავლობდა. მაგალითად, მან ცდები ჩაატარა რუმინელი ებრაელების, ოვიცების ოჯახზე, რომლებიც ჯუჯა მუსიკოსების სახელით იყვნენ ცნობილი.

d912ab8f5a9b

ომის დამთავრების შემდეგ მენგელემ ლათინურ ამერიკას შეაფარა თავი, რადგან იცოდა, რომ სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლება არ ასცდებოდა. კანდიდო გოდოის მხცოვანი მაცხოვრებლები იხსენებენ, რომ სწორედ იმ დროს გამოჩნდა მათ ქალაქში გერმანელი ექიმი, სახელად რუდოლფ ვაისი, რომელიც ხალხსაც კურნავდა, ვეტერინარიც იყო და პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებასაც კი ახდენდა.
არგენტინელი ისტორიკოსი ხორხე კამარასა ფიქრობს, რომ ნაცისტმა ექიმმა კანდიდო გოდოიში არა მარტო თავშესაფარი იპოვა, არამედ ქალაქი ერთგვარ ლაბორატორიად აქცია. ფაშისტების ჩანაფიქრში შობადობის გაზრდა და არიული რასის გამრავლება შედიოდა, სწორედ ამას ემსახურებოდა მენგელეს ”სამეცნიერო შრომებიც”. არგენტინელი ისტორიკოსის დაკვირვებით კი კანდიდი გოდოიში ტყუპებთან დაკავშირებული უცნაურობა მენგელეს შემდეგ დაიწყო. მაგალითად, თუ მთელ მსოფლიოში ტყუპების დაბადების ალბათობა 80 შემთხვევიდან მხოლოდ ერთია, კანდიდო გოდოიში ყოველი მეხუთე ქალი ტყუპს აჩენს. კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ ბრაზილიელი ტყუპების უმრავლესობა ქერა და ცისფერთვალებაა.
ექიმი მენგელე მართლმსაჯულების წინაშე მაინც არ წარმდგარა. 1979 წელს ის ბრაზილიაში გარდაიცვალა – ზღვაში ბანაობისას ინსულტი დაემართა და დაიხრჩო.

წყარო: www.kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button