არქივი

შარვლის ისტორიიდან

966c27fe9ff3

თანამედროვე ქალის გარდერობი შარვლის გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელია…

მსოფლიოში, გამოკითხული ქალების უმრავლესობისთვის შარვალი ყველაზე მოხერხებული, პრაქტიკული და სასიამოვნო ყოველდღიური სამოსია…

თუმცა არც ისე დიდი ხანია რაც მკაცრ პატრიარქალურ სამყაროში, ქალმა ამ კომფორტული ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მოიპოვა.

ამბობენ, რომ XV საუკუნეში მცხოვრები ჟანა დ’არკი იყო პირველი ქალი, ვინც ე.წ. მამაკაცის სამოსის ჩაცმა გაბედა, რაც კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა სამღვდელოებისთვის მის კოცონზე დასაწვავად…

შარვლის ასაკის და წარმომავლობის დადგენას არქეოლოგები, ისტორიკოსები და ფილოლოგებიც კი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ.

ერთი ვერსიით, ორტოტა სამოსის ისტორია მომთაბარე ტომებს უკავშირდება: სკვითებმა, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს უუნაგირო ცხენებზე ატარებდნენ, კანის დაზიანებისა და უამინდობისგან დასაცავად, ბეწვის და ტყავის “ტრუსისმაგვარი” სამოსი შექმნეს. ეს შარვლის “წინაპარი” მალევე მოირგეს გალებმა და ბარბაროსებმა…

საინტერესოა, რომ ძველ რომში, ე. წ. “ბარბაროსების ტანსაცმლის” ტარებისთვის მკაცრი სასჯელი და ქონების კონფისკაცია იყო დაწესებული.

საუკუნეების მანძილზე, შარვლის დიზაინი სწრაფი პერიოდულობით იცვლებოდა.

XV საუკუნეში, ესპანეთში, ინგლისსა და საფრანგეთში პოპულარი იყო მოკლე ვიწრო ან განიერი შარვლები. მათ დასამზადებლად ხშირად, უამრავი აბრეშუმის ქსოვილი გამოიყენებოდა.

XVI საუკუნეში, დიდებულთა “შარვლები” ესპანეთში ბალიშებს დაემსგავსა. შარვალს ტენიდნენ ბუმბულით, ზემოდან კი გადაჭიმავდნენ ჭრილებიან “ბალიშის პირს”, რომლებშიც კარგად ჩანდა ქვედა ძვირფასი ქსოვილი.

საფრანგეთში მოდაში იყო მუხლებამდე სიგრძის, მაქმანებით და ბაფთებით მორთული “შოსები”, რომლებსაც მეფის მუშკეტერები ატარებდნენ. ]

XVII საუკუნეში, ეს შარვლები კიდევ უფრო დაგრძელდა და გაჩნდა მუხლს ქვემოთ შესაკრავი “კიულოტები”, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ არისტოკრატები, სამხედროები, უბრალო მოქალაქეები, ვაჭრები და მუშებიც კი, რომლებიც უპირატესობას შარვლის ჩექმაში ჩატანებას ანიჭებდნენ.

კიულოტები სადღესასწაულო ტანსაცმლად ითვლებოდა დღეს კი მხოლოდ ალპინისტების სპორტულ კოსტუმებშია შემორჩენილი.

ღარიბები გრძელ, განიერ შარვლებს, “პანტალონებს” ატარებდნენ და ხშირად, ამის გამო, არისტოკრატთა დაცინვასაც იმსახურებდნენ, მოგვიანებით ეს სტილი უკვე ნორმად იქცა.

XIX საუკუნეში, საფაბრიკო წარმოების აქტიურად ამუშავების პარალელურად, გაჩნდა ნაკეცებიანი – უხეში, ძნელად დასაუთოვებელი ორტოტიანი სამოსი, სწორედ ამ “სახეობას” უწოდეს “შარვალი”.

ერთხელ, უელსის პრინცს, ქუჩაში გაუწვიმდა და შარვალი რომ არ დასვროდა, ტოტები აიკეცა…ცოტა ხანში, მოდაში შემოვიდა ტოტებაკეცილი შარვლებიც…

XIX საუკუნეში, ჯინსთან ერთად, გაჩნდა შორტიც. ამ მოკლეტოტიანი შარვლის გამოგონება კემბრიჯის სტუდენტებს მიეწერება, რომლებიც წყლის სპორტს მისდევდნენ.

XX საუკუნის ბოლოს, შეიქმნა “გალიფე” – ვიწრო, მუხლამდე მჭიდროდ მომჯდარი და ზემოთ გაფართოებული შარვლები, რომლებიც ხშირად, კომბინირებული სახით ქსოვილისა და ტყავის შეხამებით იკერებოდა.

ინგლისში შეიქმნება შარვლის კიდევ ერთი სახეობა – ბრიჯიც, რომელსაც მაღალ ჩექმასთან ატარებდნენ.

1911 წელს, პარიზის სამოდელო სახლებმა ქალებს შესთავაზეს გრძელი, განიერი შარვლები.

1940 წლისთვის კი მოდაში შემოვიდა ცისფერი ჯინსი…

მას შემდეგ, შარვლის დიზაინში ბევრი არაფერი შეცვლილა…

დღემდე, მოდაში ისევ ის თარგები მეორდება რაც კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე თანდათანობით შექმნა და ჩვენს გარდერობში “შარვლის” სახელით სამუდამოდ დაამკვიდრა…

წყარო: lady.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button