არქივი

დიდგორისა და კანეს ბრძოლების შეთანასწორება

791e3edd72ae

ძალზე ბევრი დაწერილა და კიდეც ბევრი დაიწერება სახელგანთქმული კანესა და დიდგორის ბრძოლებზე. მათ შორის ბევრი მსგავსებაა. რაგდან კანეს ბრძოლა გაცილებით ადრე, ქრისტესშობამდე 216 წელს გაიმართა, ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს დიდ მეფეს, დავით IV აღმაშენებელს, ის კარგად ექნებოდა შესწავლილი.

დავითი არ იყო ის პიროვნება, რომელიც შაბლონურად გამოიყენებდა თუნდაც დიდი კართაგენელის, ჰანიბალ ბარკას გენიალურ ჩანაფიქრს. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, კიდევ ერთხელ თვალი გადაგვევლო სამხედრო თვალსაზრისით უბადლო ორივე ბრძოლაზე.

ქრისტესშობამდე 216 წელს (II პუნიკური ომისას) ჰანიბალმა აიღო ქალაქი კანე, რომელიც მანამდე რომაელთა სურსათ-სანოვაგის საწყობი იყო.

რომაელთა გაერთიანებულ არმიებს მონაცვლეობით მეთაურობდნენ კონსულები ტერენციუს ვარონი და ემილიუს პავლე. ემილიუსი წინააღმდეგი იყო, რომ რომაელებს ბრძოლა გაემართათ გაშლილ ველზე (რომაელი იტორიკოსები გვარწმუნებენ, რომ ემილიუსი წინააღმდეგი იყო ჰანიბალთან გენერალური ბრძოლის გამართვისაც). ვარონს კი, პირიქით, მიაჩნდა რომ რომაელთა უზარმაზარ არმიას (შედგებოდა 65 000 მძიმედ შეიარაღებული და 8 000 მსუბუქად შეიარაღებული ქვეითისაგან) ადვილად შეეძლო კართაგენელთა მცირერიცხოვანი არმია (40 000 ქვეეითი და 10 000 ცხენოსანი) გაესრისა.

კართაგენელთა საბრძოლო წყობაზე დღესაც კამათობენ. ბევრს მიაჩნია, რომ ჰანიბალი მიერ გამოყენებული დისპოზიციით მხოლოდ ვარონისთანა სარდლის დამარცხება შეიძლებოდა. ჰანიბალის ჩანაფიქრის ამოცნობა არც ისე ადვილი იყო. როდესაც აღწერენ კართაგენელთა საბრძოლო წყობას კანესთან ბრძოლაში, ხშირად მიუთითებენ, რომ ის ჰგავდა ნახევარმთვარეს.

10c7002681a7

პოლიბიოსის თქმითაც, კართაგენელთა წყობა ნახევარმთვარეს ჰგავდა. ოღონდ მუცელი მტრისაკენ ჰქონდა გამოზნექილი, რომელიც საკამოდ შესქელებული ყოფილა სხვა ნაწილებთან შედარებით. რატომ მოიქცა ჰანიბალი ასე? იმიტომ, რომ სურდა, დაერწმუნებინა რომაელები, რომ მათი ცენტრის ტარანით გარღვევას აპირებდა და არა ფლანგიდან შევიწროებას. ამიტომაც იყო, რომ ვარონმა ძალები რაც შეიძლებოდა შეამჭიდროვა და დიდ ოთხკუთხედებად დაალაგა, რომ ცენტრიდან მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აეცილებინა.

კართაგენელთა ნახევარმთვარე აფრიკელთა ღრმა კოლონებით ბოლოვდებოდა. ჰანიბალმა ფლანგებიც არათანაბრად განალაგა. მძიმედ შეიარაღებული მხედრობა 7 000 კაცის შემადგენლობით მარჯვენა ფლანგზე განალაგა. ხოლო, 2 000 ცხენოსანი მარცხენა ფლანგზე. გამოყო რეზერვიც, 1 000 მხედარი მაჰარბალის მეთაურობით.

ფლანგებზე ცხენოსნები რომაელებმაც არათანაბრად განალაგეს, 2 000 ცხენოსანი მარცხენა ფრთაზე, ხოლო მარჯვენაზე – 4 000. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ რომაელებს მცირერიცხოვანი მხედრობა ჰყავდათ, მაინც მოახერხეს მტრის ერთ ფლანგზე (მარცხენაზე) რიცხვობრივი უპირატესობის მოპოვება.

ბრძოლა დაიწყეს ცენტრში მსუბუქად შეიარაღებულმა მეომრებმა, რომელთაც მალე ადგილი დაუთმეს მძიმედ შეიარაღებულებს. რომაელთა ოთხკუთხედმა ნელ-ნელა შეზნიქა ჰანიბალის მძიმე ქვეითი ჯარის სოლისებური წყობა და მავრიტანიელთა კოლონების ფლანგური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. რომაელთა ლეგიონები კართაგენელთა მარწუხებში მოექცნენ.

ამასობაში კართაგენელთა მარცხენა ფრთის ნუმიდიელ ცხენოსნებს 500 მეომარი გამოეყო და რომაელებს მიუახლოვდა, მათ იარაღი დაყარეს და განაცხადეს, რომ სურთ ტყვედ დანებება. ცოტა ხნის შემდეგ კი დამალული მახვილები იშიშვლეს და რომაელთა ზურგიდან დაესხნენ თავს. ამ ფლანგებზე ბრძოლისას დაიღუპა კონსული ემილიუს პავლე, რომელმაც მიუხედავად მის ფლანგზე მრავალრიცხოვნებისა, ვერ მოახერხა მისი გამოყენება და გამარჯვება.

ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჰანიბალმა განიზრახა. კართაგენელთა მარჯვენა ფრთის მრავალრიცხოვანმა ცხენოსანმა ჯარმა სწრაფად დაამარცხა და გააქცია რომაელთა მარცხენა ფრთის ცხენოსნები, რომაელთა კავალერიას კართაგენელ ცხენოსანთა მხოლოდ ნაწილი დაედევნა, დანარჩენებმა კი ლეგიონს ზურგიდან შეუტიეს და გაანადგურეს.

პოლიბიუსის თქმით, დაიღუპა 70 000 რომაელი. გაქცევა მოახერხა 3 000 კაცმა. ჰანიბალმა კი დაკარგა 6 000 კელტი მეომარი, რომლებიც ნახევარმთვარის (სოლის) გამოზნექილ, ცენტრალურ ნაწილს შეადგენდნენ.

დიდგორის ბრძოლა

საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის აქტიურობამ და ფართო შეტევითმა ოპერაციებმა (დავით IV-მ 1120 წელს გაილაშქრა ალეპოსა და მაიფარაკანის ამირას ნეჯმ-ად-დინ ილღაზის წინააღმდეგ და სირიაში შეიჭრა. თუმცა შეტევა ვერ განავითარა, რადგანაც თურქებმა სამხედრი ძალთა ნაწილი საქართველოს დასალაშქრავად გამოგზავნეს და აიძულეს ქვეყნის დასაცავად უკან მიბრუნებულიყო) გადააწყვეტინა ჯვაროსნებთან მებრძოლ ილღაზს ზურგის დაცვაზე ეზრუნა. თავი მოუყარა მაჰმადიანურ სახელმწიფოების კოალიციურ ჯარებს (სხვადასხვა წყარო 400 000-დან 800 000-მდე განსაზღვრავს) და დაიძრა საქართველოსაკენ.

უცნაურია, მაგრამ ილღაზი ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში შემოსულიყო აღმოსავლეთიდან, საიდანაც ქვეყანას მთები არ აკრავს და ყველაზე მეტად გახსნილია, სამხრეთიდან, მთებით დასერილი მხრიდან შეიჭრა, რაც მის მრავალრიცხოვან ჯარს გაშლის საშუალებას არ აძლევდა.

ბრძოლა შედგა დიდგორის ვიწრო ხეობაში. დავითის ლაშქარი 40 000 ქართველის, 15 000 ყივჩაღის, 500 ოსისა და 100 ჯვაროსანისაგან შედგებოდა. ქართველთა ჯარის წყობა იმ დროისათვის შედგებოდა: მოწინავეთაგან, მარჯვენა და მარცხენა ფრთებისაგან და რეზერვისაგან. საფიქრელია, რომ ქართველთა ფლანგები რამოდენიმე ხაზისაგან შედგებოდა, რათა ცენტრში შემოჭრილი თურქებისათვის ფლანგებიდან დაერტყათ. ქართველთა მარჯვენა და მარცხენა ფრთები მთებზე იყო შეფენილი.

ილღაზმა თავდაპირველად იერიში მიიტანნა ქართველთა ცენტრზე, რომელიც ორ მთას შორის დაბურულ ტყეში იყო განლაგებული. უკუაქცია ქართველთა მეწინავენი და ხეობის სიღრმეში შევიდა, სადაც სამმხრივი დარტყმის ქვეშ მოექცა და დიდად დაზარალებული უკუიქცა. თურქთა ცენტრის მოწინავეთა უკუცქევამ დიდი არეულობა შეიტანა მტრის მეომრებში, რადგან მათ შეტევაზე გადასული ძალების ადგილი დაიკავეს და სივიწროვის გამო ერთმანეთს ეჯახებოდნენ.

ამასობაში სულ სხვაგვარად განვითარდა მოვლენები ქართველთა მარჯვენა ფრთაზე. ქართველებს გამოეყო 200 მეომარი და მტრისაკენ გაემართა, თურქმა მეომრებმა ყივჩაღებად მიიჩნიეს, იფიქრეს, ქართველებს განუდგნენო და უბრძოლველად გაატარეს. მეომრებმაც დაუყონებლივ იშიშვლეს მახვილები და გაოგნებულ მტერს თავს დაესხნენ, რითაც არივ-დარიეს მათი რიგები.

სანამ მტერი წყობის აღდგენას მოასწრებდა, ქართველთა მთელი მარჯვენა ფრთა შეტევაზე გადავიდა და მოწინააღმდეგე უკუაქცია და მალევე გააქცია. ქართველთა მარჯვენა ფრთა თურქთა განლაგებაში ირიბად შეიჭრა და მარცხნივ, ცენტრისკენ გაიწია, რითაც მტრის მნიშვნელოვან ძალებს უკან დასახევი გზა გადაუკეტა. მარჯვენა ფრთის შეტევას მიჰყვა მარცხენა ფრთაც, რომლის იერიში თურქებმა ასევე ვერ მოიგერიეს. სწორედ აქ გამოჩნდა ილღაზის წინდაუხედაობა, უზარმაზარი ლაშქარი ვიწროებში რომ შემოიყვანა. მან ვერ შეძლო დიდი რეზერვის გამოყენება. გაქცეული მოწინააღმდეგები უკანა რიგებს ეჯახებოდნენ და რადგანაც გვერდის აქცევას ვერ ახერხებდნენ, დიდ არეულობას იწვევდნენ. მაჰმადიანთა წყობა ერთიანად მოიშალა, მათ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეზლოთ. დაიწყო მოწინააღმდეგის მოსვრა, დიახ, მოსვრა, რადგან მას უკვე აღარც ერქვა ბრძოლა.

დაიღუპა თურქთა 30 000 მეომარი. უამრავი მებრძოლი ტყვედ ჩავარდა. ქართველებს დიდძალი ალაფი დარჩათ.

როგორც ვხედავთ, კანესა და დიდგორის ბრძოლები ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. კერძოდ: 1) ორივე ბრძოლაში ძირითადი დარტყმები წამოვიდა ფლანგებიდან. 2) მტერი მოტყუვდა, იფიქრა, მათ მხარეს მოწინააღმდეგების მოღალატეები გადმოდიოდნენ. 3) ბრძოლის ველი შეარჩიეს ჰანიბალმა და დავითმა.
მართალია, ჰანიბალი, განსხვავებით დავითისა გაშლილ ველზე შეებრძოლა მტერს, რაც ხელს უწყობდა ცხენოსანთა ეფექტიან გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ დავითს მტერთან შედარებით ნაკლები კავალერია ჰყავდა (ისევე როგორც ქვეითები). საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თურქები რამდენიმეჯერ აღემატებოდნენ ქართველებს (რასაც არ მალავენ თურქი ისტორიკოსები), განსხვავებით კართანელებისაგან, რომელთაც უპირატესობა ჰქონდათ კავალერიაში.

ილღაზი კი, განსხვავებით ვარონისაგან, რომელიც რომში უფრო სამოქალაქო ასპარეზზე იყო ცნობილი და მხოლოდ რომაელ ი ხალხის დიდმა სიყვარულმა განაპირობა მისთვის ესეოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობის ჩაბარება, ჯვაროსნებთან მრავალგზის გამარჯვებული მხედართმთავარი იყო. ილღაზის დამარცხებამ და შემდეგ სიკვდილმა (რასაც ისტორიკოსები დიდგორის ბრძოლას მიაწერენ) ჯვაროსნებს დიდად შეუმსუბუქა მდგომარეობა პალესტინაში.

როგორც ჩანს დიდგორი უფრო დიდებული ბრძოლა იყო, ხოლო დავითი დიდებული მეფე და მხედართმთავარი. :)

წყარო: ჩემი უსაყვარლესი ჟურნალი “არსენალი”

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button