საკითხავისაქართველო

შავკანიანი აფხაზები და მონათვაჭრობა საქართველოში ნაწ. II

ვენეციური ქრონიკები აფასტურებს იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის მთავარ შერვაშიძეებს, XVII საუკუნის II ნახევარში არაბი მონათვაჭრებისაგან მრავალი შავკანიანი მონა შეუძენიათ როგორც ფულით, ასევე “ნატურით”, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მთავრები ქვეშევრდომ ყმა – გლეხებს არაბ სოვდაგრებს შავკანიანებში უცვლიდნენ.
როგორც ვენეციელი ქრონიკიორი, მარინო სუნეტო წერს, დადგენილი წესის მიხედვით, შავკანიანები თეთრკანიანებზე მეტად ფასობდნენ, რადგაც ეს უკანასკნელნი ნაკლებად ამტანნი იყვნენ: “თეთრკანიან მონებს ძირითადად, ეგვიპტელი სულთნები ყიდულობენ და მათგან სამხედრო რაზმებს ქმნიან… შავკანიანი მონები კი ძირითადად, უფასო მუშახელად მიჰყავთ, რადგანაც ადგილობრივ თავადებს ცოტა მუშახელი ჰყავთ, რადგანაც ადგილობრივები შრომას თაკილობენ და მეკობრეობას მისდევენ. ამიტომ, თავადები იჭერენ მათ და როგორც წესი, მონებად ყიდიან, სანაცვლოდ კი არაბებისგან შავკანიანებს ყიდულობენ,” – წერს მარინო სანუტი. მისი ქრონიკები, რომლებიც ვენეციურ დიალექტზეა დაწერილი, სულ 78 ტომს შეადგენს. მათში საქართველოს შესახებ მრავალი სხვა ფასეული ცნობაცაა დაცული.

ამდენად, “შავი” მონათვაჭრობის არეალი, ცხადია, მხოლოდ ევროპითა და ამერიკით არ შემოიფარგლებოდა. Mმისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი აფხაზეთის სამთავროც იყო. სხვათა შორის, შუა საუკუნეების შავი ზღვის ზოგ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე პუნქტი სპეციაური ნიშნით – ვერტიკალურად გადახაზული ლათინური ასო “შ”-თაა აღნიშნული, რაც მონათა ბაზრის ადგილმდებაორებას მიანიშნებს. ეს პირობითი ნიშანი კრიპტოგრამას წარმოადგენს და ლათუნრად “ეს” შ ასოს სახელია, ვენეციურ დიალექტზე კი “კიავო” ლურსმანს ნიშნავს.; შესაბამისად, ვერტიკალურად გადახაზული “შ” იკითხება, როგორც “ესკიავო” – მონა; უნდა ითქვას ისიც, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ვერტიკალურად გადახაზული შ-ით მხოლოდ შავკანიან მონებს დაღავდნენ.

მართლაც, ისტორიულად მტკიცდება, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ზანგი მონების ბაზრები ნამდვილად უნდა არსებულიყო. ღამდენადაც “აბრეშუმის დიდი გზა” საქართველოზე გადიოდა, ოსმალო და არაბ სოვდაგრებს აფრიკაში დატყვევებული შავკანიანი მონებიც ისევე, როგორც სხა საქონელი, ინდოეთსა და ჩინეთში ჩვენი ქვეყნის გავლით გადაყჰავდათ. XV საუკუნეში პორტუგალიელმა ზღვაოსანმა, ვასკო და გამამ ევროპიდან ინდოეთამდე საზღვაო გზა გაკვალა, მაგრამ მონათვაჭრობის თვალსაზრისით, “აბრეშუმის დიდმა გზამ” მნიშვნელობა მხოლოდ XVII საუკუნეში დაკარგა, რადგანაც ინდოეთში შავი მონათვაჭრობა პორტუგალიის ხელში მოექცა. სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი სწორედ ამ პერიოდში უნდა ქცეულიყო შავი მონათვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრად, საიდანაც ოსმალო სავდაგრები შავი მონებით რუსეთის იმპერიის “მომარაგებას” გეგმავდნენ.

საბოლოოდ, შავი მონათვაჭრობა ოსმალეთში ვერ განვითარდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, შავ აფრიკაში ოსმალებს სამფლობელოები არ ჰქონდათ და შავკანიანთა შესყიდვა თავადაც სხვისგან უწევდათ და მეორე – თანდათანობით ყველა რეგიონი, საიდანაც კი შავი მონები გაჰყავდათ, პორტუგალიის ხელში მოექცა; ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ პოზიციები დათმეს არაბებმაც, რომელსაც მანამდე მოზამბიკიდან სომალამდე გადაჭიმალ ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებდნენ და მონებით ოსმალეთს, ინდოეთსა და ირანს XVII საუკუნის შუა წლებამდე ამარაგებდნენ. ცნობილია ისიც, რომ ოსმალეთსა და ირანში შავკანიან მონებს უფრო მეტად არა მუშახელად, არამედ მებრძოლებად იყენებდნენ. მათგან ადგენდნენ ე.წ. “ღულამთა” რაზმებს, რომელთაც სულთნისა და შაჰის კარზე პოლიციური ფუნქციები გააჩნდათ.

საინტერესოა ასევე, რომ აფხაზეთის სამთავროში უცხო ელემენტების მომძლავრება სწორედ XVII საუკუნეში მოხდა. შამეგრელოს მთავრებთან ფაპირისპირების გამო, შერვაშიძეებმა აფხაზეთში ჩრდ.კავკასიელი მთიელები ჩამოასახლეს, რათა მათი მეშვეობით ლაშქარი გაეძლიერებინათ. ისტორიიდან კარგადაა ცნობილი, რომ აფხაზეთ – სამეგრელოს საზღვარი მაშინ მდ. კოდორზე გადიოდა და მის აღმოსავლეთით დადიანის სამფლობელო იყო. ასე რომ, როგორც ჩანს, შერვაშიძეთა საგვარეულომ სამეგრელოსაგან წართმელ მიწებზე ჩრდილოკავკასიიდან გადმოსულთა დასახლება იმიტომ დაიწყო, რომ შავკანიანი მონების შესაძენათ საკმარისი არც ფინანსები მოეძევებოდათ და არც ყმა-გლეხები.

დღესდღეობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ წარიმართებოდა აფხაზეთი ისტორია, შერვაშიძეებს იქ ჩრდილოკავკასიელთა ნაცვლად ზანგები რომ დაესახლებინათ. ალბათ, ამ უძველეს ქართულ მხარეში ერთგვარ კავკასიურ ვესტ-ინდოეთს მივიღებდით. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ შერვაშიძეთა საგვარეულო სახლმა სამთავროს გასაძლიერებლად ზანგი მონების გამოყენებაც სცადა. “არაფების” დასახლება კოდორის შესართავთან მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ხალხის ერთ-ერთ მოვალეობას სამეგრელოსთან საზღვრის დაცვაც შეადგენდა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ XIX საუკუნეში უკვე გააფხაზებულნი იყვნენ და კანის ფერის გარდა, “თეთრი აფხაზებისგან” აღარაფრით განსხვავდებოდნენ. ცხადია, რომ მათ მიერ აფხაზური ენისა და კულტურის შეთვისება სრულიად ძალდაუტანებლად, საუკუნეთა განმავლობაში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეძლებდნენ, წინაპართა ენიდან ან კულტურული მემკვიდრეობიდან რაღაც მაინც შემოენახათ, რაც მათ მეზობელი თეთრკანიანებისგან დამატებით გამოარჩევდათ. ასე, რომ შერვაშიძეები შავკანიან მონებს, როგორც ჩანს, თეთრკანიანი ყმა-გლეხებისგან არც კი ასხვავებდნენ. “თეთრ” და “შავ” აფზახთა შორის შერეული ქორწინებებიც ხშირი უნდა ყოფილიყო. მშობლიური ენა და კულტურა “არაფებმა” ალბათ, სწორედ ამის შედეგად დაკარგეს. რაც შეეხება კანის ფერის შენარჩუნებას, ცნობილია, რომ ეკვატორული აღმ. აფრიკის მკვიდრი ზანგები მეტად მუქი კანით გამოირჩევიან და თეთრ რასასთან შერევის შემთხვევაშიც, მათი მემკვიდრეები მეათე თაობამდეც კი მუქკანიანები გამოდიან. Pავლე კოვალესკიმ აძვიბჟელი ზანგების წინაპართა წარმოშობა სწორედ ამ უმთავრესი ნიშნით განსაზღვრა.

ვენეციური ქრონიკების გარდა, შავიზღვისპირეთში შავკანიანი მონებით ვაჭრობის თაობაზე ცნობები არაბულ წყაროებშიც მოიპოვება; მათ შორის ყველაზე საინტერესოა ეგვიპტეში მამლუქების მმართველობის პერიოდში შექმნილი ერთი ანონიმური ხელნაწერი, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოდან პარიზში ინახება. ხელნაწერში აღწერილია, როგორ დალაშქრეს მამლუქებმა ეთიოპია. შწორედ ამ დროს მათ ტყვედ წაუსხამთ “ფალაშები” – ეთიოპელი ებრაელები, რომელთა ერთი ნაწილიც სულთანს ოსმალთა იმპერიისთვის უჩუქებია. აღსანიშნავია, რომ ეთიოპელი ებრაელები ანთროპოგიურად შავკანიანები არიან და რწმენის გარდა, დანარჩენ ებრაელებთან საერთო არაფერი აქვთ. Uნდა ითქვას ისიც, რომ ხსენებულ არაბულ ხელნაწერში მოხსენიებულ ფაქტს ეხმაურებიან რუსული ქრონიკებიც. პეტრე I-ის ზეობის პერიოდში შექმნილ ერთ-ერთ მატიანეში აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში ჩაიძირა ხომალიდ, რომელზედაც ოსმალეთის იმპერატორის მიერ ყირიმის ხანისთვის გაგზავნილი “ეთიოპელი მონები” იმყოფებოდნენ. მათგან უმრავლესობა ზღვაში დაიხრჩო, მცირე ნაწილმა კი “კასოგების”(ჩერქეზების) და “ობეზების” (ქართველები) სანაპიროებს შეაფარა თავი. იქ ადგილობრივმა “ტუზემცებმა” დაატყვევეს და როგორც წესი, ისევ მონებად გაყიდეს. ერთ-ერთი ეთიოპელი, სახელად აბრაჰამი პეტრე პირველის გარზეც მოხვდა. მას “განიბალი” უწოდეს. სწორედ ეს განიბალი გალხდათ ალექსანდრე პუშკინის წინაპარი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რუსულ წყაროში მოხსენიებული “ობეზთა სანაპირო” აშკარად საქართველოს შავიზღვისპირეთს გულისხმობს, სავარაუდოა, რომ სოფ. აძვიბჟას შავკანიანი მოსახლეობის ნაწილს იმ ეთიოპიელ ებრაელთა შტამომავლებიც შეადგნენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის გარდა, საქართველოს სხვა კუთხეებში ზანგ მონათა არსებობა ისტორიულად არ დასტურდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 1878 წელს, ქალაქ ბათუმში შესულ რუსულ ჯარს სანჯაყბეგის ყოფილ რეზიდენციასთან ახლოს, ამჟამინდელ ბულვარის ტერიტორიაზე, არაბულად მოლაპარაკე ზანგების სამიოდე ოჯახი უნახავს. ისინი სანჯაყბეგის მონები იყვნენ და ოსმალური ადმინისტრაციის პერსონალთან ერთად, ბათუმი იმავე წელს დატოვეს. ეჭვგარეშეა, რომ თითო – ოროლა ზანგი მონა ალბათ, ქართველ გვირგვინოსნებსაც ეყოლებოდათ, მაგრამ აძვიბჟელი “არაფების” მსგავსი სხვა შეთხვევა ქართულ სინამდვილეში არსადაა დაფიქსირებული. ამიტომაც, “შავი” აფხაზების ისტორიის კვლევა მეტად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ დღესდრეობით ისინი არც აძვიბჟასა და არც სხვა სოფლებში აღარ არიან.

წყარო: ჟურნალი “გზა”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close