არქივი

შოთა რუსთაველი

04aab6abde3b შოთა რუსთაველი

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი (“დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი”, “მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი”), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალური-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:”ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო”) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი “შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ”, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართული საკულტო ძეგლებზე, ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწუხრს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველი, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების Sემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობას. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

განათლება

შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, გელათის აკადემიაში, შემდეგ – საბერძნეთში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

ვეფხისტყაოსანი

პოემა „ვეფხისტყაოსანის“ შესაძლო შექმნის თარიღია 1180—1190-იანი წლები და არაუგვიანეს XIII საუკუნის პირველი ათწლეული. ზოგიერთი მკვლევარი პოემის დაწერის თარიღს 1205—1207 წლების ინტერვალში ათავსებს. სავარაუდოდ, ეს არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები, თუმცა მათ ჩვენამდე არ მოუღწევია.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ვეფხისტყაოსნის XVI საუკუნის ხელნაწერთა ორი ფურცელი. პოემის დანარჩენი ფურცლები XVII საუკუნიsaa (დაახ. 1653).

მსგავსი ამბები

Back to top button