არქივი

დიდი აღმოჩენა ალავერდში

dea45ede02d5
13 ასურელ მამათაგან დღემდე მხოლოდ 6 მათგანის საფლავია ცნობილი მაგრამ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს.

ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავის გახსნამდე ცხადი ხდება, რომ იგი ვინმე დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია.
სამწუხაროდ, წმინდა იოსებ ალავერდელის შესახებ ისტორია ძუნწად გვაძლევს ცნობებს. ცნობილია, რომ წმინდანი განუშორებლად ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ის კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდი აურჩევია და იქ დაუწყია მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შემთხვევით შეხვედრია მონადირე დიდებულს და მისთვის ქრისტეს შესახებ უქადაგია. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულ საერო პირს მე-6 საუკუნეში საფუძველი ჩაუყრია ალავერდის მონასტრისთვის. ამის შემდეგ ბერის მოღვაწეობის ამბავი მრავალთათთვის გამხდარა ცნობილი და მასთან სიარული დაუწყიათ წმინდა სწავლების მოსასმენად. ბევრი მიმდევარი გაუჩენია ბერს იმ დღიდან და მალე მეუდაბნოეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილა. მოკლე ხანში კი მეუდაბნოეთა მრავალრიცხოვან კრებულს ალავერდის უდაბნოში სამონასტრო მოღვაწეობა გაუჩაღებია.
წმინდა იოსებ ალავერდელი გარდაცვალების შემდეგ მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაუმარხავთ. თუმცა, საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ ალავერდის ტაძარში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი სამარხი სწორედ ასურელ წმინდა მამას ეკუთვნის.

770bb041191e

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საფლავის პატრონის ვინაობაზე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამთ, მჯერა, რომ მისი გახსნის შემდეგ ჩვენი ვერსია საბოლოოდ დადასტურდება. ამის თქმის უფლებას მაძლევს მრავალი ფაქტორი. საფლავი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მათ შორის, რაც დღემდე დაფიქსირებულა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების დროს. ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (“ქართუჯგუფი”) დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აქ უკვე ხუთი წელია გაცხოველვებული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის უმეტესი ნაწილის რეაბილიტაცია და რესტავრაცია. უკვე საბოლოოდ აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლე, მარანი, აბანო, სამრეკლო. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. რეაბილიტაციას წინ უძღოდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც აიყარა მე-18 საუკუნეში გადაგებული, ამაღლებული იატაკი და სწორედ ამ პროცესში გამოჩნდა უკვე აღნიშნული უნიკალური სამარხი. იგი მე-11 საუკუნეშია აშენებული.

3cdf0737ed05

საფლავი აშენებულია განსაკუთრებული ქვით და ასევე განსაკუთრებული, მწვანე ქვის ორნამენტებით არის შემკული. ამასთან, როგორც ბევრი წმინდანის საფლავს, აღნიშნულ სამარხსაც აქვს განსაკუთრებული ღია ნიშა. ამ ნიშაში მომლოცველები თითქმის ნახევარი ტანით შედიოდნენ და მადლის მისაღებად ხელით ეხებოდნენ წმინდანის ჩასასვენებელს. ახლა ეს ნიშაც და სამარხიც მიწით არის ამოვსებული. ჯერ ბოლომდე არ გაწმენდილა.

წყარო: გაზეთი კვირის პალიტრა

მსგავსი ამბები

Back to top button