ზღაპრებისაკითხავი

უილიამ შექსპირი – სონეტები (ნაწ.2)

8db0daf75645
სონეტები-ნაწილი მეორე

580a327051c2

11
დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,

როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,

სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება

და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.

ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,

შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,

ყველა შენსავით რომ მოიქცეს ამ ქვეყანაზე,

კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება.

დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,

ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,

შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე

და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.

ქვეყანას ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები

და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.
580a327051c2

12
როცა საათის ხმა მომესმის, მარად უცვლელი,
დაა მზეს შევხედავ, მიმწუხრში რომ თავი დახარა,
როცა შევნიშნავ, როგორ დაჭკნენ იის ფურცლები
და თმებში როგორ ჩაქსოვილა ვერცხლის ჭაღარა,
როს ქვითინებენ ხეივნრბი ფოთოთმოცლილი,
სადაც მეცხვარეს იფარავდნენ ჩრდილები ხეთა,
და როცა ბალახს, შემოდგომის ცელით მოცელილს,
ზაფხულის ბალახს სასაფლაოს ფორანზე ვხედავ,
მე ჩამაფიქრებს ბედ – იღბალი შენი მშვენების,
დროის უდაბნოკიდევ ბევრჯერ მოსასვლელია,
ხენი კვდებიან, როს ჰყვავიან ახალშენები,
როცა სხივები ენძელების მოსვლას ელიან.
ძვირფასო, ჟამის ულმობელი ცელი არ ცხრება,
მაგრამ დასტოვე მოდგმა დროის დასამარცხებლად
580a327051c2

13
ვაგლახ! ამ ქვეყნად საუკუნოდ ვერ დასახლდები,
ამ საწუთროში დასრულდება შენი არსება,
მაგრამ აღსასრულს შეუპოვრად მაშინ დახვდები,
თუ შთამომავალს უანდერძე შენი მსგავსება.
მაშინ მშვენება, ზეცისგან რომ სესხად მოგეცა,
კი არ დაჭკნება, ხელმეორედ გაიკვირტება,
სიკვდილის მერეც შენი სული ფრთებს არ მოკეცავს,
და შენი შვილით უკვდავება დაგიმკვიდრდება.
თუ არ მივხედეთ ტაძრებიც ხომ დაიშლებიან,
გადიქცევიან უპატრონო ნასახლარებად.
ვერ გაუძლებენ ზამთრის დღეებს ქარიშხლებიანს,
სიკვდილისა და ბოროტების გასახარებლად.
და თუ სიცოცხლე გინდა გქონდეს დაუშრომელი,-
მამ ხომ გყავდა, შენც იყავი სხვისი მშობელი.
580a327051c2

14
სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი,
და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი,
თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი,
ჭირი გაჩნდება თუ დადგება გვალვა ფიცხელი.
ხვალის ამინდის გამიმცნობიც ვეღარ გავხვდები,
არ ვიცი, რისი დღე დადგება, წვიმის თუ სეტყვის,
არ ვიცი, როდის დაემხობა მეფეთ ტახტები,
ვიცი, რომ ზეცა მომავალზე ვერაფერს მეტყვის.
მაგრამ მაგ თვალთა ვარსკვლავების კითხვა მინდება,
ვისწავლე კიდეც შიგ ფარული აზრის გარჩევა,
არ დაშორდება სილამაზე ჭეშმარიტებას,
სიკვდილის შემდეგ, თუ სანაცვლოდ მოდგმა დაგრჩება.
თორემ იცოდე, შენი გრძელი დღე დამოკლდება,
ჭეშმარიტეაბც სილამაზის გვერდით მოკვდება
580a327051c2

15
როდესაც ვფიქრობ, ხანმოკლეა სრულყოფილება,
დრო რასაც შექმნის, თვითონ დროვე გააჩანაგებს,
ვინც კი ცხოვრების გამოფენას მოევლინება,
იმის ბედ-იღბალს ვარსკვლავების ძალა განაგებს.
დაბადებიდან ცა დაგვხარის, როგორც მცენარეს,
მესაფლავედაც ჩვენ იგივე ცა გვეგულება,
და სიჭაბუკით სავსე დღეებს, მოუსვენარებს,
ბოლოს ზამთრით და დავიწყებით შეცვლის ბუნება.
შენს ბედზე ვწუხვარ, რადგან ვხედავ ჟამი აფრთრდება,
სურს, სიყმაწვილის საგანძური დაგიზიანოს,
დრო მუხანათი სადმე ღამით ჩაგისაფრდება,
რომ შენი ყრმობის გარიჟრაჟმა ვერ იმზიანოს.
და რადგან ვიცი შენს სიბერეს ვერ გადავიტან,
მე ჩემი ლექსით სიჭაბუკეს გამყნობ თავიდან.
580a327051c2

16
რადგან ვერ უძლებ ამ მუხანათ დრო-ჟამთან ჭიდილს,
რადგან მშვენებას ემუქრება საფრთხე მარადჟამს,
სხვა იარაღით უნდა დაცვა უსუსურ ჩითილს,
თორემ ეს ლექსი არ ივარგებს ნადვილ დარაჯარად.
როცა ცხოვრების მწვერვალზე ხარ ახლა ასული
მხატვრის ნახატმა ვერ ასახოს შენი მსგავსება,
ნერგს გაგიხარებს სიყვარულით ყველა ასული
და ქვეყნად შეგქმნის შენს სანაცვლო ცოცხალ არსებას.
შენი სიცოცხლე თუ დაიცვა შენმა მოდგმამა,
მაშინ ეგ სახე სრულყოფილი ძეგლად დაგრჩება.
დროის ფუნჯი და ჩემი ლექსი არ გამოდგება
შენი ნატიფი სილამაზის გადასარჩენად.
სხვა თუ შექმენი, ის გახდება შენი სახატე,
სხვამ რად დაგხატოს, შენი სახე თვითონ დახატე
580a327051c2

17
როს წაიკითხავს ლექსებს, შენი დიდებით სავსეს,
შთამომავალი მატყუარა პოეტს მიწოდებს,
თუმც ეს სტრიქონი წარწერას ჰგავს საფლავის ქვაზე
და ღირსეულად ვერ გიმღერის, ღმერთმა იცოდეს.
მართლაც რომ ლექსი, შენი ღირსი, დამაწერია,
შენს სადიდებლად რომ მივუშვა რითმის სადავე,
შთამომავლობის მზერა, ვიცი, ალმაცერია,
იტყვიან: „ტყუის, ასე მხოლოდ ღმერთებს ხატავენ“.
როცა ამ ფურცლებს ჟამი აქცევს პაპირუსებად,
ვიცი, ჩემს ლექსებს ბერიკაცის ჩმახვად ჩათვლიან,
მე მომაწერენ მაგ თვალების გაფირუზებას,
ზღაპრად ჩათვლიან, რაიც მართლა ზეცის მადლია.
მაგრამ თუ შენი ნაშიერი იცხოვრებს მაშინ,
მასშიც იცოცხლებ და ამ ჩემი რითმების ხმაშიც.
580a327051c2

18
ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაფხული გადის – ხანმოკლეა მისი არსება.
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,
რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,
მარად ვის ძალუძს სილამზის შენარჩუნება?!
მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,
შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,
თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,
რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად.
ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავყოფილი.
580a327051c2

19
დროვ ულმობელო, ისევ მიწას დაახრევინე
მისგან შობილთა მომავალი და სიჭაბუკე,
ლომი დაკოდე, ვეფხვს კბილები დაათხრევინე,
ფენიქსის გულიც მის საკუთარ სისხლში დაბუგე.
ატირე ზეცა, მზე აცინე ათასფერება,
ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,
რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიერებას,
ოღონდაც ერთი მძიმე ცოდვა არ ჩაიდინო:
მაგ ბებერ კალმით არ დახაზო სატრფოს მშვენება,
მის სილამაზეს ააცდინე ცელი ბუნების,
ნუღარ დააჭკნობს აწყვეტილი შენი ჭენება,
მომავალს დარჩეს, ვით ნიმუში დიდებულების.
მაგრამ თუ გინდა, შენი ცელით ყველა გათიბე,
ეს ჩემი ლექსი გადაარჩენს მის სინატიფეს.
580a327051c2

20
ბaნოვანივით მშვენიერი შეგქმნა განგებამ,
ამიტომ ჩემთვის მეფეც ხარ და დედოფალიცა,
ქალივით სათნოვ, ნატიფი ხარ, ვით ქანდაკება,
მგრამ ქალურად ორგულობის წესებს არ იცავ.
ნატელი მზერით თითქოს ოქროს ზღვაში დაცურავ,
ქალურ სიყალბეს მოკლებულან სენო თვალები,
მამაკაცები შეგხარიან მამაკაცურად,
გონდაკარგული გთავაზობენ გულებს ქალები.
ჯერ ქალად შეგქმნა, შეუყვარდი მერე ბუნებას
და, სამწუხაროდ, მამაკაცად გადაგაქცია,
თვითაც ქალია, ტრფობა როგორ გაემტყუნება,
მაგრამ ქალნი თუ ააშენა, მე დამაქცია.
და თუკი ქალებს უწყალობე, რაც რამ გებადა,
და გრძნობა მომეც, მათთვის დაგრჩეს ღელვა ვნებათა.
580a327051c2

21
კარგო, იცოდე, იმ მეხოტბე პოეტს არ ვგავარ
ლექსში რომ უყვარს სილამაზის შეფერადება,
მზის სხივს რომ ხმარობს სატრფოს კაბის მოსაქარგავად,
მიჯნურის თვალებს რომ ადარებს ზეცის ნათებას.
მას შენი მზესთან შედარებაც არ ეძნელება,
შენთვის გასწირავს მარგალიტებს დასაგმობადაც,
რითმებს მოგაყრის ხან იებად, ხან ენძელებად,
ცისა და მიწის საგანძურებს გიძღვნის ნობათად.
თავდავიწყებით რომ არ გაქე, იქნებ გეწყინა?
ტრფიალს სიცრუე როგორ ვკადრო, რას ვემართლები?
მშვენიერი ხარ, მაგრამ, ვიცი, ისე ვერ ბრწყინავ,
დე, სხვა პოეტმა ააქუხოს ლექსი ფინთიხად,
მე ფასს არ გადებ, – გასაყიდად როდი მინდიხარ
580a327051c2

22
სარკის არ მჯერა, არ გაჩნდება თმაში ჭაღარა,
სანამდე შენში სიყმაწვილის თრთიან ფერები,
მაგრამ თუ ჟამმა ეს სპეტაკი სახე დაღარა,
სიკვდილს შეხვდები შენი ჭკნობით დანაბერები.
შენი მშვენება მინდა დარცეს, როგორც ზღაპარი,
რა დამაბერებს, ჩემი ტრფობა შენი ხნის არი,
შენს მკერდში ჰპოვა ჩემმა გულმა თავშესაფარი
და შენი გულიც ჩემი მკერდის გახდა ხიზანი.
თავს ნუ დაღუპავ, რომ სიტურფე, მზის სადარები,
გადამირჩინო და უდროოდ არ მისცე მიწას,
მეც შენი გული ხელისგულზე მაქვს ნატარები
და ვუფრთხილდები, ვით პატარას მზრუნველი ძიძა.
შენც დანაცრდები, ჩემი გრძნობა თუ დასამარდ,
გული მაჩუქე, ნაჩუქარი აღარ წამართვა.
580a327051c2

23
ესა ბედი ახალბედა მსახიობისაც –
მღელვარებისგან თავის როლის გადავიწყება,
განრისხებული, აღშფოთებით დაღლილობისას
ხმას ვერ გაიღებ, სანამ სული არ ჩაგიცხრება.
მეც ასე ვდუმვარ, როცა გიმზერ, ჩემო საუნჯევ,
ვერ მოვახერხე შენთვის ჩემი გრძნობის ჩვენება,
მოზღვავებული სიყვარული ისე მამუნჯებს,
რომ სიყვარული, ალბათ, არც კი დამეჯერება.
დე, ლექსმა გითხრას, რომ ტრფიალის ცეცხლი მედება,
მუნჯმა სიტყვებმა, უკვე ჩემგან გამიჯნულებმა,
თუ სიყვარულით დამილოცავ შემოქმედებას,
ის მოგიყვება ჩემი სულის გამიჯნურებას.
თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიყყვის წაკითხვას,
მაშინ თვალებით გაიგონებ, სატრფომ რა გითხრა.
580a327051c2

24
მხატვრებად იქცნენ ეს თვალები, გნახეს ასული
და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი.
ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმული
და შიგ დარჩენი თვით სიცოცხლის დასასრულამდე.
მხატვარს შემხედე, მე ვარ შენი გამომკვეთელი,
dღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,
გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი
და მკერდს სარკმლებად დავუყოლე თვალები შენი,
ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება,
ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად,
შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად.
შიგ მზეც შემოდია შენი სახის მოსაფერებლად.
თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია,
სახეს ხატავენ, გულისა კი არ იციან.
580a327051c2

25
ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული,
დე, ახარბებდეს დიდკაცობის დიდი წოდება,
თუმც არაფერი ქვეყნად არ მაცვს საბადებელი,
მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.
ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება,
თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება,
მაგრამ ასევე მალე კვდება მისი დიდება,
ერთი მრისხანე გამოხედვით განადგურდება.
სახელგანთქმული და ცნობილი მხედართმთავარი,
თუკი ოდესმე მოესწრება ბრძოლის წაგებას,
ვინ გაიხსენოს მისი დაშნის ძველი ჯავარი,
ვინ ააცილოს დამარცხებულს ლანძღვა-ძაგება.
მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის,
მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის.
580a327051c2

26
ჩემო მეუფევ, ვიდრემდისაც სული შემრჩება,
მე, ქედმოხრილი, შენი მონის უღელს ვატარებ
და ახლა შენთან ამ სტრიქონებს ვგზავნი ელჩებად,
სიყვარულს ვატან, ნიჭი ვეღარ გამოვატანე.
თუმცაღა ვიცი, ეს ლექსები, ფეხშიშველები,
ვერას იტყვიან შენს საკადრისს შენთან წამოსვლით,
მაგრამ მე მჯერა, რომ უბადრუკს წამეშველები
და გონებაში შემიმოსავ ელჩებს სამოსით.
თუკი ოდესმე ბედის ვარსკვლავს მოვაგონებდი,
თუკი შენს უღირსს გამითენდა დილა კეთილი,
ჩემი ლექსები აღარ მოვლენ შენთან გოდებით,
აღარ იქნება ტრფობა სამოსჩამოფლეთილი.
ჩემს სიყვარულზე შემოძახილს მაშინ გავბედავ,
ჯერ კი ჩუმად ვარ,სანამ ბედი მიჩანს ავბედად.
580a327051c2

27
როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,
როცა სხეული, დაქანცული, მისახედია,
გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს
და სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.
ჩემი ფიქრები ამ წამწალით ვეღარ დაღლილან,
შენსკენ მოდიან მომლოცველად. როგორც მწირები,
თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ, ბრმათა სახილავს,
შენზე ვკაეშნიბ, ყოველღამე შენ გეწირები.
რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება,
შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს,
მოადგება და ალმასივით გამობრწყინდება
და ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად.
დღისით დაქანცულს რამე მწამლავს ფიქრების შხამით,
არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.
580a327051c2

28
ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,
არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს,
დღე – შრომოთ მქანცვს, ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,
მარად ტანჯული სული ჩემი როსრა ხარობდეს.
დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,
ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნაფიცებად,
დღისით და მზისით – მძიმე ჯაფამ გული დაღარა,
ღამის წყვდიადში – უშენობით სული იცვლება.
რადგან დღე – ღამეს ჩემი ტანჯვა აღარ მოსწყინდა,
დღეს ვეუბნები, რომ შენა გგავს ზეცის ფერია,
ღამეს ვარწმუნებ, როცა მინდა მისი მოსყიდვა,
რომ ვარსკვლავებსაც ჩემი სატრფოს თვალთა ფერი აქვთ.
დღე კვლავ მაწამებს, ჩემსკენ ვეღარ გადმოვიბირე,
და მწუხრი ისევ მწუხარებით ტანჯვას მიპირებს.
580a327051c2

29
როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,
როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,
როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა – კვალი,
ცას შვჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,
იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,
გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,
ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,
ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი, ზოგის წარსული,
მაშინ, ძვირფასო, შენი სახე მომაგონდება
და, გალაღებულს, უბადრუკი ფიქრის შემრცხვება,
საგალობელად გადიქცევა ჩემი გოდება.
და ოცნებების ფრთას გაშლიან ცაში მერცხლებად.
ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა,
რა ბედენაა, მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა.
580a327051c2

30
ფიქრთა სამყარო როს მოუხმობს დღეებს გარდასულს,
ყმაწვილკაცობა დაკარგული მომაგონდება,
ვიგონებ წუთებს, განუქარველ დარდით დაღდასმულს,
და ჩემთვის ძვირფასს აჩრდილებზე ვიწყებ გოდებას.
თვალნი დამშრალნი ივსებიან ცრემლით მდუღარით,
მეგობრებს ჩემსას რომ ახურავთ კუბოს ფიცარი,
მიწაზე დავრჩი, სიყვარულის ფიქრით მწუხარი,
მიწამ წაიღო სახელები დასაფიცარი.
და მეც ნაღველი გარდასული ისევ მანაღვლებს.
ძველი დარდებით დაკოდილი რამ, დამამშვიდოს?!
სულის ჭრილობებს, მოშუშებულს, ისევ ვანახლებ,
საფლავს წასულნი კვლავ გამიხდნენ საპანაშვიდო.
მაგრამ როდესაც გულმოკლული შენს სახეს ვხედავ,
ვეღარ კაეშნობს კაესანი გარდასულ დღეთა.
580a327051c2

გაგრძელება იქნება ( +30 სონეტი)
a5d744dc548e

მსგავსი ამბები

Back to top button