კულტურა

დავით აღმაშენებელზე ფილმს «ჰოლივუდში» გადაიღებენ?!

«ამ უნიკალური ომის ეკრანიზაცია წარმატებას მოუტანს როგორც მის შემქმნელს, ასევე ჩვენს ქვეყანას»

«აუცილებელია ქართველების უძველესი როლის წარმოჩენა» 

ორი წლის წინ დავით აღმაშენებელზე მხატვრული ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უცებვე მინელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი მარტივია, – ფილმის გადასაღებად საჭირო სახსრები საქართველოში არ მოიძებნება, ამ თემით ჰოლივუდის ან ევროპის მსხვილი კინოკომპანიების დაინტერესებას კი კავშირები სჭირდება. თუნდაც ის, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც კაცი უნდა გყავდეს, რომელიც ცნობილ პროდიუსერებსა და რეჟისორებთან სიტყვას შეგაწევს და მათ დაინტერესებას დავით აღმაშენებლის გმირული ეპოქის მოკლედ გაცნობით მაინც შეძლებს. ფაქტია, მაშინ ეს ვერ მოახერხა იმ ხალხმა, ვინც თავის დროზე ხმაური ატეხა, არიქა, დიდ მეფეზე ფილმს ვიღებთო.

ახლა კი გამოჩნდა კაცი, რომელიც მიზანდასახულად, შესაძლოა, ვიღაცისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მომგებიანი სვლებით აპირებს ალბათ ყველა ქართველისთვის სანუკვარი ოცნების განხორციელებას, მსოფლიომ გაიგოს, ვინ იყო დავით აღმაშენებელი და რა ადგილი ეკავა მისი ხელმწიფობის დროს საქართველოს მსოფლიოში.

თბილისელი, 30 წლის იურისტი ნიკა ხომასურიძე კარგა ხანია კერძო სტუდიაში მუსიკალურ და სარეკლამო კლიპებს იღებს. ნიკა ბორჯომის გამგებლის თანაშემწეა ტურიზმის განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის საქმეში. ამასთან, საქართველოს კალათბურთელთა პროფესიული ლიგის მენეჯერიცაა. შარშან ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩავიდა და რადგან ჰოლივუდის მეზობლად იყო, გადაწყვიტა, შანსი ხელიდან არ გაეშვა. გულდასმით გადაჩხრიკა ყველა გზა, რომლითაც კი შეიძლებოდა ჰოლივუდთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, ამასთან, ჰოლივუდის საუკეთესო კინოსკოლაში სწავლის გაგრძელებაც მოინდომა. ამ სკოლის კურსდამთავრებულთა გადაღებულია ფილმები: «მატრიცა», «მებრძოლთა კლუბი», «ბლეი დრანერი», «ნიუ-იორკის ბანდები», « სპაიდერმენი», «მულენრუჟი», «ბეტმენი» და ა.შ. ნიკას მონაცემები ჰოლივუდის საუკეთესო პედაგოგებმა, ოლივერ სტოუნის კურატორობით, მოიწონეს და სასწავლებლად მიიპატიჟეს. სწავლა 9 ივლისს იწყება, ერთ წელს გასტანს და ნიკა სცენარისტის და პროდიუსერის პროფესიებს დაეუფლება. უამრავ სხვა ღირსებასთან ერთად, სკოლა გამორჩეულია იმითაც, რომ მისი შეგირდებისთვის ჰოლივუდი, ფაქტობრივად, საკლასო ოთახად ითვლება. კინოსკოლის «აღსაზრდელებს» პრაქტიკულად უწევთ ჰოლივუდში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა. სკოლის კურსდამთავრებულებისთვის მსოფლიოს ყველა კინოკომპანიის კარი იღება და ჯერ კიდევ სწავლის დამთავრებამდე სთავაზობენ სამსახურებს. მთელ ამ ამბავში განსაკუთრებულია კიდევ ერთი რამ: ნიკას კინოსკოლაში მოხვედრა «დიდგორის ბრძოლის» მოკლე კინოსცენარისა და იმის დამსახურებაა, რატომაც სურს ნიკა ხომასურიძეს ამ ფილმის გადაღება.

ნიკა ხომასურიძე: «ეს ისეთი თემაა, რომელიც მსოფლიოს კინოშედევრს აჩუქებს. ვფიქრობ, ფილმში განსაკუთრებით თვალში საცემი უნდა იყოს, როგორი ერთიანი იყო საქართველო დიდგორთან. ქართველთა მხედრობას წარმოადგენდნენ არა მარტო ქართველი, არამედ აფხაზი, ოსი, ყივჩაღი და ევროპელი (ჯვაროსნები) მეომრები. ყველა თავის საქმეს აკეთებდა, ამასთან, რწმენა, ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთგატანა იყო ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და თუ დღესაც იმავე თვისებებს დავიბრუნებთ, ყველაფერი კარგად იქნება. გადაღება შესაძლებელია უახლოესი სამი წლის განმავლობაში დაიწყოს. ფილმში ნაჩვენები იქნება ქართველების უძველესი და უმაღლესი საბრძოლო ხელოვნება. ის, თუ რა ძალები არსებობდა იმდროინდელ საქართველოში, ვინ როგორ იბრძოდა, რა ფუნქციას ასრულებდა და ა.შ. ვფიქრობ, ფილმი აუცილებლად ჰოლივუდში უნდა გადაიღონ და აუცილებლად ამ სკოლადამთავრებულმა; მან, რომელმაც კარგად იცის ამხელა ბიუჯეტიანი ფილმის დაგეგმვა თანამედროვე, ანუ ჰოლივუდის დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. პროდიუსერის მოვალეობაა, როგორ დაიგეგმოს ფილმი, ვინ უნდა იყოს რეჟისორი, რომელ ფესტივალებზე გაიგზავნოს და ა.შ. ამ ყველაფერს ჰოლივუდის კინოსკოლაში ასწავლიან.

სწორედ ამ ფილმის გადაღების სურვილმა მიბიძგა ჰოლივუდისკენ. აქ ყველაზე კარგად იციან ეს საქმე. საქართველოში რომ ფილმი გადაიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ვიწრო ბაზრისთვის შექმნა. «დიდგორის ომი» კი მსოფლიო ბლოკბასტერი უნდა გახდეს»…

ნიკა ხომასურიძე ინტენსიურ თანამშრომლობას აპირებს ისტორიკოსებთან, რათა სრულყოფილი გახადოს სცენარი, რომლითაც დიდგორის ომზე ფილმს გადაიღებენ. გვიმხელს რეჟისორების ვინაობასაც. სავარაუდოდ, ესენი იქნებიან ცნობილი ფილმის «გლადიატორის» შემოქმედი რიდლი სკოტი, «ტროას» რეჟისორი ვოლფგანგ პეტერსონი, მელ გიბსონი… ან სულაც სხვა, მსგავსი ფილმების გადაღებაში დაოსტატებული რეჟისორი. გვინდა გვჯეროდეს, რომ ქართველებს ეს ოცნება აგვიხდება…

ნიკა ხომასურიძე: «ჩემი თავდაჯერება, შესაძლოა, გასაკვირი იყოს ვინმესთვის, მაგრამ ცხოვრებაში გასაკვირი არაფერია, ყველაფერი ხდება. თუ რწმენა გაქვს, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. დანარჩენს კი ჰოლივუდში ასწავლიან. ამ კინოსკოლაში მე პირველი ქართველი ვარ და მინდა ჩემ შემდეგ მომავალისთვის ვიქცე ხიდად. ამასთან, მინდა მამაჩემის ხსოვნას მივუძღვნა ეს ფილმი. ეს მისი ოცნებაც იყო».

ვიმედოვნებთ, ნიკა წარმატებით გაართმევს თავს ჩანაფიქრს. კინოსკოლაში სასწავლებლად საჭიროა 80 ათასი დოლარი, რომლის კრედიტით აღებას აპირებს რომელიმე ქართული ბანკისგან. როგორც ხშირად ხდება, კარგი საქმის ინიციატორს ამჯერადაც არავინ მოუსმინა ქართულ ბიზნესსამყაროში და ვიღაცისგან დახმარების ამაო მოლოდინს, ისევ თავის იმედად ყოფნა არჩია. ნიკას ლოს-ანჯელესში ჩასვლისთანავე, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, 20-წლიანი ვადით 40 ათას დოლარს მისცემს ამერიკის ბანკი. ამას კი კინოსკოლის პრესტიჟულობა განაპირობებს. საქართველოში ჯერ ვერ ხვდებიან, მაგრამ ამერიკაში კარგად იციან, რას ნიშნავს იყო ამ სკოლის კურსდამთავრებული. არადა, ნიკა ხომასურიძეს ახლა ძალიან სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა. თუ «დიდგორზე» ფილმს გადავიღებთ, მსოფლიო გაიგებს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ომის მოგებას მსოფლიოს შემდგომი განვითარებისთვის.

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილიც მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის არა მარტო თანამედროვე დასავლეთმა, ქართველებმაც კი არ იციან: «იმდროინდელი საქართველო მსოფლიო ჰეგემონი იყო. დავითის პრიორიტეტს აღიარებდნენ ჯვაროსნები, მათი მეფე ბოლდუინი დიდგორის ომამდე ორი წლით ადრე იმყოფებოდა საქართველოში და დავით აღმაშენებელს სთხოვა, გაეძლიერებინა შეტევა თურქებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯვაროსანთა მოძრაობა დაიღუპებაო. ამიტომ, თუ დიდგორზე ფილმს გადავიღებთ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ბრძოლის ამსახველი ბლოკბასტერი. მაქსიმალურად უნდა გამოჩნდეს საქართველოს მაშინდელი როლი მსოფლიო ისტორიაში. დიდგორის მერე დავითს, როგორც მსოფლიოში უძლიერესს, აღიარებდნენ სელჩუკთა უმაღლესი სულთანი, ისლამური სამყაროს ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები, ევროპის გადამრჩენი, ფაქტობრივად, ის იყო. შემდგომ საუკუნეებში, როდესაც საქართველო მოსწყდა ევროპას, იგი დაივიწყა მსოფლიომ. ამიტომაცაა აუცილებელი ჩვენი უძველესი როლის წარმოჩენა. ამისთვის კი ფილმი დიდგორზე შესანიშნავი საშუალებაა».

დავითის ეპოქა იმდენად მდიდარია მრავალფეროვანი და გენიალურად გათვლილი საბრძოლო ფრაგმენტებით, რომ ისტორიკოსებსაც, რეჟისორებსაც და ხელოვნებათმცოდნეებსაც მიაჩნიათ, რომ ჰოლივუდში ამ თემით დაინტერესების შემდეგ მსოფლიო კინემატოგრაფში დავით აღმაშენებლისა და საქართველოს ეპოქა დაიწყება. «ეფექტური კინოპროდუქციის შესაქმნელად მასალა უაღრესად მრავალფეროვანი და მდიდარია, – ფიქრობს სიმონ მასხარაშვილი, – «დიდგორზე» მუშაობა ნამდვილი განძის აღმოჩენა იქნება ჰოლივუდისთვის. ეს არ შეიძლება იყოს ფილმი ქართველების მხოლოდ ფიზიკურ სიმამაცეზე და საბრძოლო მომზადებაზე. ეს ომი 11 წლის განმავლობაში იგეგმებოდა, ანუ იგი სწორედ დავით აღმაშენებელმა გამოიწვია თავისი გენიალური სქემით. შორს წაგვიყვანს ახლა იმაზე ლაპარაკი, რა როგორ იგეგმებოდა, მაგრამ ამის სცენარში ჩადება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ფილმი მისიას ვერ შეასრულებს და მივიღებთ მხოლოდ ბრძოლის სცენას… და მაინც, რა ხდებოდა მაშინ დიდგორზე: ხეობაში, სადაც მტერი შემოიტყუეს, ერთ ხაზზე ას კაცზე მეტი ვერ დადგებოდა, ამიტომაც ოთხ-ხუთ კილომეტრზე მაინც უნდა გაჭიმულიყო ილხაზის 400-ათასიანი ლაშქარი. ამ ტერიტორიაზე ხილვადობაც რთულია. მტრის ლაშქარზე სხვადასხვა მხრიდან დავით აღმაშენებლისა და მისი ძის, დემეტრეს მეთაურობით ქართველთა (სულ 55-60 ათასი მხედარი) სხვადასხვა მხრიდან შეტევამ, მტრის წინა რიგებში ორასი მეომრის შეჭრამ, პანიკა შექმნა მტრის ჯარში. პირველი ორი ათასი კაცი იოლად განადგურდა. ამის შემდეგ დავითი მოუწოდებს ქართველთა მხედრობას: თუ სარწმუნოებით ვიომებთ, არათუ ეშმაკთა ურიცხვ ლაშქარს, თავად ეშმაკსაც იოლად დავამარცხებთო. ამ დროს ზეციდან გადმოდის წმინდა გიორგის ხატება და სულიერი მახვილით გაუძღვება ქართველებს წინ. ეს ხილვა დაფიქსირებულია როგორც ისლამურ, ისე ამ ბრძოლაში მონაწილე ჯვაროსანი მეისტორიეების მიერ. საინტერესოა კიდევ ერთი რამ: უცხოელი ჟამთააღმწერლები მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემებს აფიქსირებენ, 400 ათასიდან ზევით. ყველაზე პატარა მაჩვენებელს – 300 ათასს – ქართველი მემატიანეები. ფაქტი ის არის, რომ ამ ბრძოლაში მაჰმადიანთა მთელი ლაშქარი განადგურდა. ეს იყო უნიკალური ომი, მისი ოსტატური ეკრანიზაცია მართლაც დიდ წარმატებას მოუტანს მის შემქმნელსაც და ჩვენს ქვეყანასაც».

ამ ფილმის გადაღებას საქართველოში ბევრი ელოდება, მათ შორის ისტორიკოსი ვილენ ქორიძეც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოგვწერა წერილი, სადაც ორი წლის წინ ატეხილი ხმაურის ამაოდ ჩავლის გამო წუხს და მიიჩნევს, რომ თუ ფილმის გადაღება შეუძლებელია, იქნებ სპექტაკლი მაინც დაიდგას რუსთაველის ან მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ამ დიდ მეფეზე კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სცენარით. ვილენ ქორიძის წერილის მიღებიდან ცოტა ხანში «კვირის პალიტრისთვის» ცნობილი გახდა ნიკა ხომასურიძის წარმატების ამბავი.

წყარო: ფორუმ.ჯი

რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლნკზე:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=10-06-2010%2020:04

მსგავსი ამბები

Back to top button