ახალი ამბებისაქართველო

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საფოსტო მარკა გამოუშვეს

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკანოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა მიმოქცევაში თვენახევარში გაეშვება ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა მიმოქცევაში დაახლოებით თვენახევარში გაეშვება.

მარკის ესკიზის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ნოდარ ქუმარიტაშვილის დედა, და და საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ესწრებოდნენ.

საფოსტო მარკაზე გამოსახულია ნოდარ ქუმარიტაშვილის ცნობილი ფოტო, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე სავარჯიშო დაშვებისას გადაღებული. მასზე მითითებულია ქუმარიტაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების წლები; ასევე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჯაქუზ როჯის გადაწყვეტილებით, მარკაზე გამოსახულია ოლიმპიური თამაშების ემბლემა. საფოსტო მარკის ღრებულება 5 ლარი იქნება.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის შექმნის იდეით საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი გამოვიდა, რომელმაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართა. აღნიშნული ინიციატივა სამინისტრომ გაიზიარა და საფოსტო მარკის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. “საქართველოს ფოსტის” მიერ ოპერატიულად შემუშავდა საფოსტო მარკის ესკიზის რამდენიმე პროექტი და ამ პროექტებიდან საუკეთესოს ავტორად შალვა ლურსმანაშვილი დასახელდა.

როგორც პრეზენტაციაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, საქართველოს სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა ვანკუვერის ოლიმპიური თამაშებიდან, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა.

სანდრა ელისაბედ რულოვსის განცხადებით, ეს ფაქტი მძიმედ გადაიტანა საქართველოს პრეზიდენტმაც. ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით კი, ნოდარ ქუმარიტაშვილი და ის უბედური დღე არავის არასდროს დაავიწყდება.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშის დროს სავარჯიშო დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა.

წყარო  ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close