არქივი

ჩანგლის ისტორია

75842dcb0605

ძველად რომაელები და ბერძნები ხელით ჭამდნენ, თითებს კი პურით იწმენდდნენ. მოგვიანებით საბერძნეთში შემოიღეს ხელთათმანების ჩაცმა ჭამის დროს. როდის გაჩნდა ადამიანების სუფრაზე ინვენტარი, რომლის გარეშეც დღეს ნებისმიერი ტრაპეზი – უბრალო საუზმიდან დაწყებული დიდი წვეულებით დამთავრებული, წარმოუდგენელია?

თურმე ჩანგალზე ადრე ადამიანებმა კოვზი გამოიგონეს. კოვზს თიხისაგან, ცხოველთა ძვლებისა და რქებისგან აკეთებდნენ. ხშირად მის მაგივრობას ზღვის ნიჟარებიც სწევდნენ. პირველი კოვზი ისეთი მოკლე იყო, რომ მუშტში ეტეოდა.

თანამედროვე ჩანგლის მსგავსი ნივთი ხუთი, ზოგჯერ მეტი კბილით აზიაში მე-10 საუკუნეში გაჩნდა. 100 წლის შემდეგ ამ გამოგონებამ ევროპამდეც მიაღწია. მე-18 საუკუნის ბოლოს ევროპის ყველა ქვეყანაში წაწვეტებულთავიანი დანები მომრგვალებულპირიანმა შეცვალა. დანის წვერზე საჭმლის ნაჭრების წამოგების აუცილებლობა უკვე აღარ იყო, ვინაიდან ამ ფუნქციას ჩანგალი ასრულებდა.
8e0154ed0f68

ერთი მხრივ, ჩანგალი უძველესი ნივთია, მეორე მხრივ კი – ახალი. ჩანგალმა მეტად რთული ევოლუციური გზა განვლო მანამ, სანამ ჩვენი ყოველდღიური მსახური გახდებოდა. ამჟამად ყველაზე ძველი, 2500 წლის ჩანგალი ქალაქ ნეაპოლის ნაციონალურ მუზეუმში ინახება, თუმცა მაშინ მას იმ დანიშნულებით არ იყენებდნენ, როგორითაც დღეს. მას უფრო მზარეულები ხმარობდნენ კერძების მომზადების დროს.

ძველ ეგვიპტეში ჩანგალს რელიგიური ცერემონიების ჩატარებისას იყენებდნენ, მაგალითად, ადამიანების მსხვერპლშეწირვის დროს. თანამედროვე სახით ჩანგალი მე-19 საუკუნის ბოლოდან გავრცელდა.

მე-11 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა პრინცესა, რომელსაც საჭმლის ხელით ჭამა სირცხვილად მიაჩნდა. სწორედ ის ითვლება იმ ადამიანად, რომელმაც პირველად გამოიყენა ჩანგალი დანიშნულებისამებრ. სპეციალურად მისთვის დამზადებულ ერთადერთ ჩანგალს 2 სწორი ოქროს კბილი და სპილოს ძვლის ტარი ჰქონდა.
4c2aead44c20

ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში, სწორედ ბიზანტიიდან შევიდა ჩანგალი, თუმცა მის დანახვაზე ყველა გაოცდა. მათი აზრით, რა საჭირო იყო ჩანგალი, როცა ღმერთმა მათ ხელები მისცა. ასე რომ, ჩანგალი მალევე დავიწყებას მიეცა.

მას შემდეგ რამდენიმე საუკუნე გავიდა, სანამ ჩანგლის გამოყენება აქტუალური გახდებოდა. მანამდე კი ევროპელი არისტოკრატები ჭამის დროს სისუფთავის დაცვისათვის სხვადასხვა წესს მიმართავდნენ. წესის თანახმად, ხორცის აღება 3 თითით იყო მიღებული, დასვრილი ხელების გაწმენდა ტანსაცმელზე არ შეიძლებოდა, ამისთვის მაგიდის გადასაფარებელი არსებობდა, რომელსაც ტრაპეზის განმავლობაში რამდენჯერმე ცვლიდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიღებული იყო საჭმლის ხელთათმანებით მირთმევა, ასევე ახალი კერძის ჩამოტარების წინ სუფრასთანვე ხელის დაბანა. ცნობილია, რომ ნაპოლეონ ბონაპარტს ყოველ წუთს ხელების დაბანა ეზარებოდა და მხოლოდ ჭამის წინ თუ იბანდა. ძველად ჩანგლის მაგივრად ძირითადად 2 დანას იყენებდნენ.

კათოლიკურ ეკლესიას ჩანგალი ფუფუნების საგნად მიაჩნდა, უფრო მეტიც, ეშმაკის ქმნილებადაც კი თვლიდნენ და ბერებს მისი გამოყენება სასტიკად ეკრძალებოდათ. ინგლისში, სადაც ჩანგალი პირველად 1608 წელს გამოჩნდა, მე-19 საუკუნემდე მისი ხმარება მაინც აკრძალული იყო. 1630 წელს ამერიკაში მასაჩუსეტსის გუბერნატორი ერთადერთი იყო მთელ ქვეყანაში, ვისაც ჩანგალი ჰქონდა. ეს ნივთი ნელ–ნელა, მაგრამ მაინც გავრცელდა მთელ ევროპაში. თავდაპირველად მხოლოდ საზოგადოების მაღალ წრეებში თუ მოჰკრავდით თვალს, უბრალო ხალხს მისი შეძენის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან ჩანგლები მხოლოდ ძვირფასი ლითონისაგან მზადდებოდა და საკმაოდ ძვირიც ღირდა. შედარებით შეძლებულ ოჯახებში ჭამის დროს ერთმანეთს ელოდებოდნენ, რათა ნახმარი ჩანგლები გაერეცხათ და ხელმეორედ მიეტანათ სუფრაზე.

მოგვიანებით ჩანგლის მასობრივი გავრცელება უჟანგავი ლითონის გამოგონებამ განაპირობა. ერთკბილიანი ჩანგალი ოთხკბილიანად გადაიქცა, წელში ცოტა მოიხარა და თეფშთან მარცხენა მხარეც დაიკავა. დღეისათვის უკვე სხვადასხვა სახეობის ჩანგალი არსებობს, რომლებიც ფორმითა და კბილების რაოდენობით განსხვავდება და სხვადასხვა კერძისთვისაა განკუთვნილი.

sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button