არქივი

ყველა დროის უმდიდრესი პოეტი

6339c8aa8e3a

რუდაქი უსინათლო ბუხარელი პოეტი იყო. მას სპარსულ-ტაჯიკური პოეზია თავისი აკვნის დამრწევად მიიჩნევს ისევე, როგორც ჰომეროსს – ბერძნული.

აბუ აბდ ალ-ლაჰ ჯაფარ იბნ მუჰამად რუდაქი დაბადებულა დაახლოებით 860 წელს სამარყანდის მახლობლად, სოფელ ფანჯრუდში. იქვე გარდაცვლილა დაახლოებით 941 წელს. უსინათლო პოეტს ისე ნათლად ჭვრეტის უნარი აქვს, მის პოეზიაში ფერების ისეთი ზეიმია, ალბათ გასაკვირი არც არის, რომ ზოგიერთი ბიოგრაფი მკვლევარი არ იზიარებს გადმოცემებს მისი სიბრმავის შესახებ. რუდაქის ერთ-ერთი მოწაფე, შაჰიდ ბალხელი თავის რობაიში ამბობს: „სხვა პოეტების პოეზია სიტყვასა ჰგავს, რუდაქის სიტყვა კი თვით ფერებით არის ნაქსოვი…“

d313629ff041

მსოფლიოს დიდ ხელოვანთა შორის რუდაქი ერთადერთია, ვინც თავის მემკვიდრეებს იმდენი სიმდიდრე დაუტოვა, „რამდენიც არც ერთ პოეტს სიზმრადაც არ მოლანდებია.“ მისი გენიით მოხიბლულმა სამანიანმა ამირამ ჭაბუკობიდანვე დაიახლოვა რუდაქი. პოეტი ფუფუნებაში ცხოვრობდა ბუხარისა და სამარყანდის კარზე. გადმოცემით, ბრძანებლის რჩეულს 200 ჭაბუკი მონა ემსახურებოდა, ხოლო მის ქონებას 400 აქლემიც კი ვერ ზიდავდა.
თუ ისტორიულ მონაცემებს დავეყრდნობით, იქ, სადაც დიდების ზენიტს მიაღწია, რუდაქმა აღმოსავლელი კარის პოეტის მწარე ხვედრიც იწვნია – თავს ამირას რისხვა დაიტეხა (ზოგიერთი ვერსიით სწორედ მაშინ დასთხარეს თვალები), სატახტო ქალაქიდან გააძევეს და „ყველასგან“ უარყოფილმა თავი მშობლიურ ქალაქს შეაფარა.
გადმოცემით, რუდაქს მილიონ სამასი ათასი ლექსი დაუწერია. ჩვენამდე სულ რაღაც ათასმა ბეითმა თუ მოაღწია, მათგან სრული სახით შემორჩენილია მხოლოდ ორი კასიდა – „ღვინის დედა“ და „სიბერის ელეგია.“
ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტების მიხედვით, რუდაქის შემოქმედება სამ ძირითად ნაწილად შეიძლება დაიყოს: სამიჯნურო, საკარო და სასოწარქვეთის პოეზიად.

182d47319dc8

რუდაქს ბრწყინვალედ გაულექსავს ცნობილი არაკების კრებული „სინდბადნამე“. პოეზიის ენაზე უთარგმნია „ქილილა და დიმნა“. ეს თარგმანი (ჯერ დაკარგული და შემდეგ აღმოჩენილი ფრაგმენტები) მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში შევიდა.
აღმოსავლურ პოეტიკაში არსებობს ტერმინი – „სოჰლე მომთანა“, ანუ „მიუწვდომელი უბრალოება“. ეს სიტყვები თუ ვინმეს მიესადაგება აღმოსავლელ ხელოვანთაგან, მათ შორის ერთ-ერთი უეჭველად რუდაქია…

ესეც მისი რამდენიმე ლექსი:

..კაცთა გონიერთ ამ ქვეყანაზე

კაცთა გონიერთ ამ ქვეყანაზე
განა ოდესმე ბედი ჰქონიათ!
შენი თავისთვის შენვე იზრუნე,
სხვისი იმედი ფუჭად გქონია.
შეჭამე კიდეც, გაეცი კიდეც,
თუ რომ არ გინდა სინანულს მკიდე,
არ დაგახვიოს, იცოდე, რეტი
სიხარბისა და სიძუნწის რიდემ.

დრო მხიარულად გაატარე

დრო მხიარულად გაატარე შავთვალა ქალთან,
ცხოვრება ზღაპრის მაგვარია, მსგავსია ქართა.
აღარასოდეს დღე წარსული არ გაიხსენო,
მომავლისაგან სხვას ნუ ელი, კეთილის გარდა.
მივდივარ მასთან, ზილფზე უდის სუნი რომ უდის,
მივდივარ მასთან, სილამაზით ფერიის გვართან!..
ბედნიერია, ვინც გასცა და შეჭამა თავად,
უბედურია, ვინც ცხოვრება ასე არ მართა.
ქართა და ღრუბელთ მსგავსად უთქვამთ საწუთრო ჩვენი,
მოიტა ღვინო, რაც გვეწევა, გვეწიოს მთვრალთა.

თმას რომ ვიღებავ

თმას რომ ვიღებავ, ჭაბუკობას მე განა ვლამობ,
ან მსურს კვლავ ცოდვა ჩავიდინო ხორცისთვის ამო.
არა, ისე ვით ძაძას იცვამს ჭირისუფალი,
ჩემს სიყრმეს ვგვლოვობ და ვიშავებ წვერს ამის გამო.

თუ შენი სახე არ ექნება

თუ შენი სახე არ ექნება, ნუ მზეობს მზეცა,
რად მინდა, მიწას ანათებდეს უშენოდ ზეცა.
მე ერთი დღეც არ გამითენდეს უშენოდ ქვეყნად,
შენი ორგული ნუ ცოცხლობდეს სხვაცა და მეცა.

ნუ მიენდობი ცხოვრებას

ნუ მიენდობი ცხოვრებას
ალალი გულის ამარი.
ერთი თვალთმაქცი ვინმეა,
ერთი მზაკვარი რამ არი.
მისი სიკეთე სად თქმულა, _
ეგ ზღაპარია, იცოდე.
ფრთხილად! უბირი არ დარჩე,
მაგრად შეიკარ ქამარი.

შავ მთაზე თეთრად დაუთოვია

შავ მთაზე თეთრად დაუთოვია,
მშვილდს დაემსგავსა წერწეტა სარო.
რაც არ მტანჯავდა, დღეს იგი მტანჯავს
და რაც მიყვარდა, დღეს იმას ვზარობ.

წყარო: ენციკლოპედია

მსგავსი ამბები

Back to top button