არქივი

ქართველი ზანგები

ddcf222fb2a3

ცოტა ხნის წინ ჩემს მშობლიურ მხარეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედს ვეწვიე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქუჩაში გამოსული, 5 ფერადკანიან ბიჭს შევეჩეხე. ცოტა ხნით ადრე, ბავშვების მიერ გარეთ გამოყვანილი ჩემი 8 თვის შვილი ხელში აეყვანათ, კოცნიდნენ და ეფერებოდნენ… რასაკვირველია, დავინტერესდი, საიდან გაჩნდნენ შუაგულ კახეთში და ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე.
ბრაიან იდოუ, ლარი რამანი, ქაზიმ ჰუსეინი და ოლუმუიავა ოკეუო ოიბადი თავ-თავის ბიოგრაფიას ხალისიანად მიყვებოდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ბრაიანმა და ოლუმუიავამ უკვე ქართულიც იციან და ცდილობდნენ, ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, ინგლისური სიტყვების გამოყენებისთვის თავის აერიდებინათ.

– საიდან ხართ და საქართველოში როდის და როგორ მოხვდით?
ბრაიან იდოუ:
– წარმოშობით ნიგერიელი ვარ, პროფესიით კი – ფეხბურთელი. ნიგერიაში ვცხოვრობდი და ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. მერე ნიგერიის გუნდში – “ფლამინგოში” ამიყვანეს. მოგვიანებით აზერბაიჯანში, ბაქოს “ოლიმპიკთან” გავაფორმე ხელშეკრულება და იქ ვთამაშობდი. მერე კი რუსთავის “ოლიმპში” განვაგრძე ჩემი საფეხბურთო კარიერა. ახლა თავისუფალი ვარ და ვაპირებ, თბილისის რომელიმე გუნდში დავიწყო თამაში. მოლაპარაკებებს “ლოკომოტივთან” ვაწარმოებ.

ლარი რამანი:
– ბრაიანის მსგავსად, მეც ნიგერიიდან ვარ და მეც ფეხბურთს ვთამაშობ. უკვე ორი თვეა, საქართველოში ვარ. ახლა უკვე კონტრაქტი დამიმთავრდა, სულ მალე საქართველოს დავტოვებ და განაში გავემგზავრები.

ქაზიმ ჰუსეინი:
– ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მეც ნიგერიელი ვარ. ადრე თბილისის “ლოკომოტივში” ვთამაშობდი, ახლა თავისუფალი ვარ და თურქულ კომპანიაში ვმუშაობ. ასე რომ, საქართველოდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ.

ოლუმუიავა ოკეუო ოიბადი:
– საქართველოში წლისა და 8 თვის წინ მეც ნიგერიიდან ჩამოვედი. ჩემს სამშობლოში გუნდ “აკადემიში” ვთამაშობდი, მერე თბილისში გადმოვედი, მაგრამ ახლა მეც თავისუფალი მოთამაშე ვარ. აქედან წასვლა არ მინდა, რადგან საქართველო მაგარია. მიშაც მაგარია. მე მიყვარს საქართველოს პრეზიდენტი.

– რისთვის გიყვარს?
– ძალიან კარგი ადამიანია. ადრე საქართველო “ბანძი” ქვეყანა იყო. რაც მიშა თქვენი პრეზიდენტია, მაგარი ქვეყანა გახდა. ამიტომაც არ მინდა აქედან წასვლა.

– რა ამის პასუხია და, ძალიან მაინტერესებს, სოფელ ზემო ქედში როგორ მოხვდით. აქ რას აკეთებთ?
ბრაიანი:
– ზემოქედელი ძმაკაცი გვყავს – სოსო ყველაიძე. ადრე ამ რაიონში ერთი ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. ახლა მისი სახელობის ტურნირი მოეწყო ფეხბურთში. სოსომ გვთხოვა, ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა და უარს ხომ არ ვეტყოდით?! ამ ტურნირში მეორე ადგილი დავიკავეთ. როგორც ხედავ, პატარა თასებით დაგვაჯილდოეს კიდეც.

– ე.ი. ზემო ქედის ნაკრების წევრები ხართ?..
– ჰო, ასე გამოდის (იცინიან).

– კახეთი მოგეწონათ?
– რა თქმა უნდა! პირველად კახეთში რთველში ვიყავი და აღფრთოვანებული დავრჩი. მხოლოდ კახეთში კი არა, რაჭაშიც ვიყავი, სამტრედიაშიც, გურიაშიც… მოკლედ, თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და ძალიან მომეწონა.

ოლუმუიავა:
– რაჭა კიდევ, იცი, რატომ მიყვარს? მე იქ, ნიკორწმინდის ტაძარში მოვინათლე და მართლმადიდებელი გავხდი.

– ყოჩაღ! ვინ არის შენი ნათლია?
– ბესო კაციტაძემ და ბექა ქობულაძემ მომნათლეს. რაჭაში მოვინათლე და ამიტომ სულ ვამბობ, რომ მე რაჭველი ვარ.

– რატომ გადაწყვიტე, რომ მართლმადიდებლურად მონათლულიყავი?
– იმიტომ, რომ ძალიან მომწონს ქართული ტრადიციები. რომ გითხარი, საქართველო მიყვარს-მეთქი, კი არ მომიტყუებიხარ. მართლა მიყვარს და მინდა, ქართველი ვიყო.

– ბრაიან, შენ “ვანოს შოუში” და “კომედი შოუშიც” ხშირად ჩანხარ. როგორ მოხვდი იმ ბიჭებთან?
– ვანო ჯავახიშვილი ჩემი მეგობარია და პირველად მან მიმიწვია გადაცემაში. მერე დანარჩენებთანაც დავმეგობრდი და ხშირად მიწვევენ. სიმართლე რომ გითხრა, იმ გადაცემებში მონაწილეობა ძალიან მომწონს.

– როგორც ჩანს, საქართველოში ბევრი მეგობარი გყავს.
– რა თქმა უნდა. ადრე სამტრედიაში ერთ ქართულ ოჯახში 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობდი. მათ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს და მეც თავს სახლში ვგრძნობდი. რომ მეკითხებიან, რა გვარი ხარო? – გელიაშვილი-მეთქი – ვპასუხობ, რადგან ის ოჯახი ამ გვარისაა.

– ე.ი. გინდა, ქართველი იყო…
– უკვე ქართველი ვარ! შარშან ზაფხულში მეც მართლმადიდებლურად მოვინათლე, ოღონდ – ბათუმში. ჩემი ნათლიები – გელა კაციტაძე და მამა ირაკლი არიან, თუმცა მამა ირაკლიმ ამის შესახებ არაფერი იცის: ადრე მან შემომთავაზა, მართლმადიდებლად მოგნათლავო, მაგრამ უარი ვუთხარი, უნდა ვიფიქრო-მეთქი; მერე, როცა მონათვლა გადავწყვიტე, ბათუმში ვიყავი, ამიტომ მას ვეღარ შევუთანხმდი და მის დაუკითხავად, მოძღვარს ვუთხარი, რომ ჩემს ნათლიად მოეხსენიებინა. ისე, მანამდე მუსლიმანი ვიყავი. მამაჩემს რომ ვუთხარი, მართლმადიდებლურად უნდა მოვინათლო-მეთქი, ძალიან ეწყინა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შევიცვალე… 3 წელზე მეტია, მამა არ მინახავს. არ იცის, როგორ ვცხოვრობ. ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი გვაქვს, შესაბამისად, ჩემი გადასაწყვეტი იყო, იესოს ვიწამებდი თუ – ალაჰს.

– ახლა შენი მამა ის გელიაშვილია, არა?..
– (იცინის) ახლა ჩემი მამა – მამა ირაკლია… ისე, საქართველოს მოქალაქეობაც მინდა, რომ მივიღო. უკვე ყველა საბუთი მოვამზადე და მიშამ ხელი უნდა მოაწეროს.

– ნიგერიის მოქალაქეობაზე უარს ამბობ?
– არა, ორმაგი მოქალაქეობა მექნება. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა.

– ლარი, სულ ჩუმად რომ ხარ, ახლა შენ მითხარი, ყველაზე მეტად რა მოგეწონა საქართველოში?
– საერთოდ, ძალიან მიყვარს ბავშვები და ყველაზე მეტად, ქართველი ბავშვები მომეწონა. ძალიან საყვარლები არიან. ხომ ნახე, შენი შვილიც, დავინახე თუ არა, მაშინვე მისი მოფერება მომინდა. ბავშვების გარემოცვაში თავს ძალზე ბედნიერად ვგრძნობ. გარდა ამისა, თქვენი კულტურა და ტრადიციებიც ძალიან მომწონს. თქვენს მუსიკასაც სიამოვნებით ვუსმენ.

– ახლა არ მითხრა, ქართულმა ესტრადამ მომხიბლაო.
– არა. ხალხური სიმღერები მომწონს ძალიან. ყველაზე დიდი სიამოვნებით კი “აჭარულს” ვუსმენ. მოკლედ, ქართველები ძალიან ნიჭიერი და კარგი ხალხი ხართ. ქუჩაში ყველა თბილად მხვდება და მიღიმის, თუმცა გამონაკლისებიც არიან. ზოგჯერ დამიძახებენ, – ე, ზანგო, მოდი აქო!.. სიმართლე რომ გითხრა, ეს ძალიან მწყინს. ზანგები რა, ხალხი არა ვართ? რატომ უნდა დაგვიძახონ ასე?! ჩვეულებრივად, ადამიანურად დაგველაპარაკონ, არ შეიძლება?!. ერთხელ მე და ბრაიანი ქუჩაში მოვდიოდით და ვიღაცებმა დაგვიძახეს, – თქვენს ნიგერიაში წადით, აქ რა გინდათო?! ვერ გავიგე, ვინმეს რამეს ვუშავებთ?

ბრაიანი:
– ერთხელ ასეთი ლაპარაკის გამო ჩხუბიც კი მოგვიხდა.

ლარი:
– ადამიანი – ადამიანია, რა მნიშვნელობა აქვს, თეთრი იქნება თუ – შავი?! კარგი და ცუდი ხომ ყველგანაა! მაგალითად, ყვავილს მოვიტან: შავი ვარდი სხვა ფერის ვარდებს რამით ჩამოუვარდება? მგონი, ყველაზე ლამაზია. ასე ვართ ჩვენც (იცინის).

– ბრაიან და ოლუმუიავა, თქვენ, ასე თუ ისე, ქართულად ლაპარაკობთ. ვინ გასწავლათ?
ოლუმუიავა:
– უკვე რამდენი ხანია, საქართველოში ვარ. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს და მათთან ურთიერთობის შედეგად, ქართულიც ვისწავლე. სულაც არ გამჭირვებია.

ბრაიანი:
– პირველად საქართველოში რომ ჩამოვედი, არც ერთი ქართული სიტყვა არ ვიცოდი. ცოტ-ცოტას რუსულად ვლაპარაკობდი. მერე ერთმა მეგობარმა მითხრა, ქართული უნდა გასწავლოო და კარგად მახსოვს, ჩემი პირველი სიტყვა იყო “გამარჯობა”. მერე, სამტრედიაში რომ გადავედი, იქაურმა მეგობრებმა უფრო კარგად შემასწავლეს თქვენი ენა. კარგად არც ახლა ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა უკეთესად ვსწავლობ.

– ქართულ კერძებზე რას იტყვით?
ლარი:
– ვგიჟდები ქართულ კერძებზე. თქვენი ღვინო ძალიან მომწონს.

ბრაიანი:
– მე “რაჭველ ლობიანზე” ვგიჟდები. კიდევ, ხინკალი და მწვადი მიყვარს. საცივი და ლობიოც კარგია. ღვინოებიდან კი ყველაზე მეტად, “ხვანჭკარა” მომწონს.

ქაზიმი:
– მე უპირატესობას ხაჭაპურს ვანიჭებ. რამდენიც გინდა, ვჭამო, არ მომბეზრდება.

ბრაიანი:
– მარტო საჭმელები კი არა, ქართველი გოგონებიც ძალიან მომწონან. ვაპირებ, ქართველი გოგო მოვიყვანო ცოლად.

– უკვე გყავს შეყვარებული?
– არა, ამწუთას შეყვარებული არ მყავს. ერთი გოგო მომწონს და იმასაც მოვწონვარ. ვნახოთ, იქნებ გამოვიდეს ჩვენი ურთიერთობიდან რამე და მერე მულატი ბავშვები გვეყოლებიან. რა მაგარია, არა?!

ქაზიმი:
– მე ქართველი გოგონები იცი, რატომ მომწონს?.. ქალიშვილები რომ არიან, იმიტომ. თქვენი ტრადიციებიდან ყველაზე მეტად, “ქალიშვილობის ინსტიტუტი” მომწონს.

ლარი:
– ჩემთვის ქალიშვილობას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს. მიყვარს გოგოები…

– თქვენი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოში ომი იყო. მაშინ არ შეგეშინდათ? სამშობლოში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
ბრაიანი:
– სიმართლე რომ გითხრა, ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ აქედან წასვლაზე არ მიფიქრია. საქართველო ხომ ჩემი მეორე სამშობლოა. მე უკვე ქართველი ვარ და არსად წასვლა არ მინდა. ჩემს სამშობლოს გაჭირვებაში ხომ არ მივატოვებდი?!

ლარი:
– ბოლოს ქართველებს მინდა ვუთხრა, რომ ფერადკანიანებს “ზანგოთი” აღარ მოგვმართონ. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ასეთი მიმართვა გვწყინს. ჩვენ გვიყვარს ქართველები.

წყარო: “ჟურნალი გზა”

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button