ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 7 (ნაწილი 3)

მკერდი, რა თქმა უნდა, არაფრით არ ჰქონდა დაფარული. ჭიპის ზემოთ ლურჯი ფერის სვირინგი ეტყობოდა; რაღაც ოვალური ხაზები, რომლებიც მკერდისკენ მიდიოდნენ, თუმცა ტატუირება მკერდზე არ გადადიოდა. წითური თმები ჰქონდა, უკან გადაწეული, თუმცა არა შეკრული. თმები თავისთავად ჩერდებოდა ყურებს უკან და საშუალებას გაძლევდა, მისი ლამაზი, წვეტიანი ყურები დაგენახა.

საშუალო ზომის, ბროწეულისფერი ტუჩები ჰქონდა. ღიმილისას კი, ლოყაზე კანი ოდნავ უღრმავდებოდა, რაც მის ღიმილს საუცხოო და საბედისწერო ელფერს
ანიჭებდა.

თვალები მთლიანად მუქი ლურჯი ჰქონდა და მათში ხშირად გაიელვებდნენ ხოლმე პატარა, წერტილისოდენა ვარსკვლავები. მისი თვალები გალაქტიკას ჰგავდა. ბემბი გაოგნებული უცქერდა სანახაობას და ქალს, რომელიც მისკენ ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიოდა. ასეთ წუთებში, ყველაზე ძნელია, ცივი გონებით აზროვნება. ბემბის ისედაც არ სჩვეოდა ცივი გონებით აზროვნება და ახლა საერთოდ დაებინდა ყველა ნათელი წერტილი. სინამდვილეში, ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თუმცა ჯერ მისახვედრი დიდი არც არაფერი იყო. ამ არსებას, რომელსაც, პირობითად, ქალს დავარქმევთ, სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი მისთვის.

ირემს ყავისფერი ბეწვი ყალყზე დაუდგა და ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ მერე გაახსენდა,
რომ ჩავარდებოდა და გადაიფიქრა. ქალი ძალიან ახლოს არ მისულა, მცირე მანძილზე გაჩერდა და
პირდაპირ თვალებში დაუწყო ყურება. ცოტა ხანს უყურა და ეს ცოტა ხანი საკმარისი იყო იმისთვის,
რომ ბემბის ყველაფერი დავიწყებოდა, თვალების სილურჯისა და სილამაზის გარდა. მერე ახლოს
მივიდა, ბემბიმ ერთი ის შეამჩნია, თითქოს გარშემო ყველაფერი დაწყნარდა; თითქოს აღარც წყალი იყო ისეთი ცივი და აღარც უსასრულობის ისეთი განცდა ჰქონდა, როგორც თავიდან. ეს ფერადი
არსებები ხომ საერთოდ გაისუსნენ. არა, ხმას არც თავიდან არ იღებდნენ, მაგრამ ახლა თითქოს
მათაც დაეტყო სიმშვიდე. ირემი უკვე საერთოდ ვეღარ ხვდებოდა ვერაფერს. ყველაფერი ისეთი
უცნაური და საოცარი იყო, რომ თავი ზღაპარში ეგონა. არასდროს სჯეროდა ზღაპრების. ახსოვს,
დედა რომ უყვებოდა, სულ გულაცრუებული უსმენდა, თითქოს არ აინტერესებდა და დედის ხათრით
უსმენდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე გავდა ზღაპარს, რომ ვერაფერს გააწყობდა და ბემბიმ მის
სიახლოვეს მყოფ, მშვენიერ არსებას, პირადაპირ ჰკითხა:
_ ზღაპარში ვარ? _ ირგვლივ ისედაც სიჩუმე იყო და ახლა თითქოს კიდევ უფრო გაისუსა
ყველა. ბემბიმ, რაღაც, მკვდრების სამეფოში მოარულ სულს მიამსგავსა თავი და მერე კითხვა
შეცვალა კიდეც: _ მოვკვდი?
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მის სიტყვებში შიში იგრძნობოდა, მაშინ თვალწინ
სასაცილო სურათი დაგვიდგება. მაგრამ ახლა ბემბის სიცილისთვის არ ეცალაო რომ ვთქვათ, არ
იქნება ზუსტი შედარება. კი არ ეცალა, არც უფიქრია სიცილზე. საშინელ მდგომარეობაში იყო. არ
იცოდა, როგორ გაერკვია, სად იყო. მერე გონება მოიკრიბა, აზრზე მოვიდა და ისევ იკითხა:
_ ვინ ხართ?! _ პასუხს, რა თქმა უნდა, არავინ სცემდა. ანდა, ვის უნდა გაეცა – ეს ფერადი
არსებები არ ლაპარაკობდნენ და ქალი კი, საერთოდ არ ჰგავდა ხმის ამომღებს. რაღაც უცნაურად
იდგა, უჩვეულოდ აკვირდებოდა თავისი ლურჯი თვალებით და გაღიმების დროს, თვალებზე
ვერცხლისფრად გადაურბენდნენ ხოლმე ვარსკვლავები. ბემბი ახლა უკვე ძალიან ღელავდა,
ხელებით მწვანე გადასაფარებელს ჩაჭიდებოდა და თავდახრილი, დაბლა, უსასრულობაში
იყურებოდა. დროდადრო ნერვიულად ამოწევდა ხოლმე თავს და ამ არსებებს და ქალს შეხედავდა.
ეს ქალი არც იქით იყო, არც _ აქეთ, არც ჰოს ამბობდა და არც _ არას… ანდა, რა ჰო-ზე და არაზეა
ლაპარაკი – საერთოდ ხმა არ ამოუღია, იდგა და ყოველგვარი მორიდების გარეშე უყურებდა
რქიანს. ბოლოს, როგორც იქნა, დაიძრა მისკენ. არის წუთები, როდესაც არ იცი, რა გააკეთო.
სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ახლა ბემბი. მან მართლაც არ იცოდა, რა უნდა ექნა…
ტურას როგორ უნდა ენდო კაცი?! გამოუვალ მდგომარეობას რა ვუთხარი, თორემ ჯერ ტურა რა
სანდობია და მერე, საერთოდ, როგორ უნდა დაიჯერო იმ არსების, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტურაც
კი არ არის. თუმცა სხვა გზა არ იყო და ნაცარქექიაც აი, ასე წამოვიდა იმ ადგილიდან. თავიდან რომ
ესროლა მგელს, იფიქრა, ესენი დამხოცავენო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ტურებს შეეშინდათ და როცა
ერთი ხვდება, რომ მეორეს ეშინია და თან, ეს ერთიც იმ შემთხვევაში არც ისე თავდაჯერებულია;
ბოლომდე, დაუნდობლად აწვება და დასასრულამდე მიჰყავს. ნაცარაც ასე მოიქცა. თავისთავად, კარგი იქნებოდა, რომ ეს არსებები დაეხოცა, მაგრამ ამის საშუალება არ იყო, რადგან ჯერ ერთი, ისინი ბევრნი
იყვნენ, მერე მათ საკმარისი იარაღი არ ჰქონდათ. მესამე და ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ ეს
საქმე ისეც შეიძლებოდა მოგვარებულიყო, როგორც მოხდა კიდეც. თუმცა არავინ არ იყო დაზღვეული
იმისგან, რომ ტურები თავს არ დაესხმებოდნენ. ისე, არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული და
ახლა ეს მეტად ფილოსოფიური თემა, ძალზედ შორს წაგვიყვანს. ასე რომ, ჯობია აქვე გავჩერდე.
საბოლოო ჯამში, საქმე არც ისე ცუდად იყო. ცუდად კი არა, შეიძლება ითქვას, კარგადაც კი, რადგან
ნაცარას და მის მეგობრებს ახლა ცხენებიც კი ჰყავდათ, რომლებიც მათ იმ წითელთვალება არსებებმა
მისცეს. აბა, რატომ მისცემდნენ ცხენებს, თუკი მათი სიკვდილი უნდოდათ და საერთოდ, მოკვლა
რომ მოესურვებინათ, მაშინვე მოკლავდნენ. უბრალოდ, ძალიან უგუნურები იყვნენ, რომ სხვისი
დახმარების გარეშე, რაიმე გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ.
იმ დროს კი, როდესაც მგელი აღარ იყო, მათი გონების გაკონტროლება ნაცარამ მოახერხა და
ახლა ცხენზეც სწორედ ამ მიზეზით შემომჯდარიყო. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ შეიძლება
მდგომარეობა საპირისპიროდ შეცვლილიყო და ის ტურები, რომლებმაც სულ ახლახანს, მათ ცხენები
მისცეს, რამდენიმე საათში გზაში დახვედროდათ და დაეყაჩაღებინათ. მაგრამ ამაზე ფიქრი ნაცარას
შორს წაიყვანდა. ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია. ახლა ყველაზე მთავარი წითელქუდა იყო, რომელიც
რაღაც უცნაურ ხასიათზე გახლდათ. ამ ხასიათს უცნაური იმიტომ ეწოდებოდა, რომ ჩვენი გოგონა
სიხარულსა და დანანებას შორის მერყეობდა; ანუ სიხარულნარევ დანანებას განიცდიდა. ეს კი
ნამდვილად უცნაურია. რა თქმა უნდა, ყველას განგვიცდია, მაგრამ ზუსტად არც არავინ, არასდროს
ვიცოდით, თუ რას განვიცდიდით. ასე იყო ნაცარას შეყვარებულიც. საქმე ის გახლდათ, რომ მას
შემდეგ, რაც ნაცარამ მგელი მოკლა და ტურებს დაუწყო ყვირილი, ყველანი დაიბნენ. პირველ რიგში,
რა თქმა უნდა, წითელქუდა, რადგან შეყვარებულის ასეთი მოულოდნელი საქციელი ყოველთვის
აბნევს მეორეს. თუმც, ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, წითელქუდაც დაიბნა. მისი დაბნეულობა
იმ ზომამდეც კი მივიდა, რომ იარაღისთვისაც არ უხლია ხელი – უბრალოდ, გვერდზე იდგა და
მოვლენების განვითარებას აკვირდებოდა. მაგალითად, თუ როგორ ეცვლებოდათ სახე ტურებს
დროთა განმავლობაში და როგორი აღფრთოვანებით უყურებდნენ ნაცარას. მერე ზუსტად აღარც
ნაცარას ახსოვდა _ მგონი, ტაშიც კი დაუკრეს.
ერთი სიტყვით, იდგა ასე ჩვენი ნაცრისფერთვალა გოგო და ტურების სახეების შესწავლა რომ
მოწყინდა, გადაწყვიტა მგლის სახეს დაკვირვებოდა, რომელიც იქვე ეგდო. ერთი შეხედა – სურათი
ისეთი ამაზრზენი იყო, რომ თავი სწრაფად მოატრიალა, მაგრამ უეცრად გაშრა. მგლის სახე საიდანღაც
ეცნო. სასაცილოა, მაგრამ როცა ცოცხალი გახლდათ და ლაპარაკობდა, მაშინ ვერ დაეჭვდა, მაგრამ
ახლა ხვდებოდა, რომ საიდანღაც ეცნობოდა. მერე თავისი გრძელი თითებით მგელს ცალ ყურში
მოკიდა ხელი, ტანისკენ გააქანა და ეს თავი, როგორღაც, ტანს დაადო, რომ საერთო სურათი დაენახა და მიხვდა, ყველაფერს მიხვდა… ეს ხომ ის მგელი იყო, რომელმაც ბებიამისი შეჭამა! თავიდან ვერ
დაიჯერა, ან, უფრო სწორად, ძალიან გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ იმ დროისათვის მისი
ერთადერთი იმედი, აი, ამ საშინელმა მგელმა შეჭამა, რომლის თავიც, ახლა ხელში ეჭირა და თითქმის
ოცი ნაბიჯი ატარებდა. არადა, თავიდანვე როგორ ვერ მიხვდა – იგივე ბეწვი, იგივე სახე… თუმცა, აბა
რას მიხვდებოდა?! ეს მგლები ხომ ყველანი ერთმანეთს გვანან! თან, თვითონ არასდროს შეხვედრია.
ერთხელ, რომელიღაც გაზეთში, სურათზე ნახა, _ იძებნებაო. მაგრამ საშინელი სურათი იყო. ალბათ
ამიტომაც ვერ იპოვეს. ისე, გაზეთებში სულ ბანძ სურათებს ბეჭდავენ. ეგრეც უნდა იყოს. აბა,
გაზეთები რა სურათების საბეჭდი ადგილია. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ავად თუ კარგად, წითელქუდამ
მგელი იცნო და ოდნავი გაკვირვებისა და მოულოდნელობის შემდეგ, შურისძიების საშინელმა
წყურვილმა შეიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლისფერბეწვიანი ცხოველი დიდი ხნის მკვდარი
იყო, წითელქუდამ სასწრაფოდ იქვე დაგდებული დანა აიღო და მგლის ტანს ჩეხვა დაუწყო. თავიდან
ეს ვერავინ შეამჩნია, რადგან ყველანი ნაცარას მჭევრმეტყველებით იყვნენ გართულები;
მჭევრმეტყველებით, რომლის უნარიც მას არ გააჩნდა. მაგრამ ცოტა ხანში, ჯერ პაპამ დაინახა ეს
ყველაფერი და პუტოს ანიშნა, შეხედე, იქნებ მეჩვენებაო. პუტომ ცოტა ხანს უყურა, მერე
ნაცარქექიასთან მივიდა და უთხრა, წითლქუდა რაღაცეებს აკეთებსო.. ნაცარამ დაინახა თუ არა,
ყველაფერს მიხვდა. წითელქუდა მუხლებით იდგა მგლის ტანზე, დიდი დანა ორივე ხელით ეჭირა და
საშინელი ძალით ურტყამდა მუცელში. სანამ ესენი გაერკვნენ, მგლის ტანიდან უკვე აღარაფერი
დარჩენილიყო, ხორცისა და კანის შერეული მასის გარდა. მერე კი მივარდა პუტო და გააჩერა კიდეც,
მაგრამ უკვე გვიანი იყო. ისე, მგლისთვის თავიდანვე გვიანი იყო…
ნაჩეხი სხეულიდან კი რაღაც ოქროსფერი ბზინავდა. წითელქუდა ნელ-ნელა დაიხარა და მგლის
მუცლიდან ბებიის კულონი ამოიღო, რომელიც ცხოველის მუცელში ხელუხლებელივით შენახულიყო.
თხელ ძეწკვზე ჩამოკიდებულ, მსუბუქი ორნამენტებით მოპირკეთებულ კულონს სახე საერთოდ არ
შეეცვალა, ისევ ისე ბზინავდა. საერთო ჯამში კი, კულონი ძალიან სადა იყო, ხოლო როცა მას
გადახსნიდით, სურათს დაინახავდით, სადაც ორი ერთმანეთზე თავმიდებული ქალი იყო გამოსახული.
ესენი იყვნენ წითელქუდას დედა და ბებია.
ქერათმიანმა ეს რომ დაინახა, ნაცრისფერი თვალები ცრემლით აევსო და რა თქმა უნდა, თავი
ვეღარ შეიკავა. ასეთი რამეების შემდეგ, თავის შეკავება ძალიან ძნელია, ამიტომაც აქვითინდა.
ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ მის ტირილში სასოწარკვეთილება იგრძნობოდა; ეს არ იყო
ჩვეულებრივი ტირილი, რომლის დროსაც უბრალოდ ტირი და მეტი არაფერი… ეს იყო
სასოწარკვეთილება. რა თქმა უნდა, პუტო მას ვერ ჩაეხუტებოდა და ვერ დაამშვიდებდა, რადგან ისინი
არ იყვნენ შეყვარებულები. ასეთ წუთებში კი, გოგოებს მხოლოდ შეყვარებული უნდათ, ისიც იმიტომ,
რომ უფრო მაგრად იტირონ. არავის არ ახსოვს ერთი შეყვარებულის მიერ დამშვიდებული მეორე. ყოველთვის პირიქით ხდება – ისინი ერთმანეთს უფრო აგიჟებენ და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში,
ყველაზე კარგი გამოსავალი ის იყო, რომ პაპას დაემშვიდებინა წითელქუდა. მან მაინც ნაცარასთან
მისვლა არჩია, გულში ჩაეკრა და ისეთი ტირილი დაიწყო, რომ ტურებიც კი შეწუხდნენ. ნაცარა მის
დამშვიდებას თითქმის ერთი საათი ცდილობდა. ამ ერთი საათის განმავლობაში, წითელქუდა
დაახლოებით სამი წუთით გაჩერდა, დანარჩენი დრო კი შეუსვენებლივ ტიროდა, მაგრამ საბოლოოდ
დაიღალა და გაყუჩდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ნაცარამ დაამშვიდა, არამედ წითელქუდა დაიღალა,
მეტი აღარ შეეძლო და გაჩერდა. მერე დაეძინა კიდეც. ამასობაში, თოვლის პაპამ მოასწრო, რომ
ტურებისთვის ცხენები ეთხოვა და იმ დროს, როცა წითელქუდას ჩაეძინა, მათ ოთხი კარგად
შეკაზმული ცხენი მოჰგვარეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ტურებმა კეთილი ნება გამოავლინეს და მათ
დახმარება გაუწიეს. პაპამ ყველაფერი გათვალა. ისიც კი იფიქრა, ცხენები მოჯადოებულები არ
იყვნენო და რაღაც შელოცვები წაუკითხა. თუმცა, ცხენებს ბოროტი თვალისა არაფერი ეტყობოდათ.
პირიქით, ძალიან ლამაზებიც კი იყვნენ იმისთვის, რომ ბოროტება შეხებოდათ. ერთი ცხენი სულ
თეთრი იყო. ეს ცხენი ნაცარას მიუყვანეს, როგორც ლიდერს. ალბათ ტურებმა ასე ჩათვალეს, რადგან
სწორედ ნაცარამ მოკლა მგელი. მეორე ცხენი, ვარდისფერი, წითელქუდას მიუყვანეს, _ როგორც
ქალს ალბათ; ხოლო პრიალა შავი და ფოლადისფერი ცხენები – პაპასა და პუტოს ერგოთ; შავი პაპას
შეხვდა, ფოლადისფერი – პუტოს.
ახლა სწორედ ამ ცხენებზე ისხდნენ ჩვენი გმირები და სარკის ხელში ჩასაგდებად მიდიოდნენ. აი
ასე, ლიტერატურულ ენაზე გავაგრძელოთ ჩვენი ზღაპარი. წითელქუდა უკვე გამოფხიზლებული იყო,
ყველანაირი გაგებით. თოვლის პაპას ახლა ეხუჭებოდა თვალები, რადგან წინა საღამოს გვიან დაიძინა
და ბანდიტებმა ყველაზე ადრე იგი შეკოჭეს. თანაც, ყოველივე ამისათვის, არც ისე ახალგაზრდა იყო.
ამიტომ, ცხენზე ხანდახან ჩათვლემდა ხოლმე. ნაცარა ჩუმად იყო და ფიქრებს მისცემოდა. ყველაზე
ფხიზლად და მხნედ, მაინც, პუტო გამოიყურებოდა, რადგან ეს დრო მის ცხოვრებაში ძალიან
მნიშვნელოვანი იქნებოდა – მისთვის ხომ ასეთი თავგადასავლები სრულიად უცხო იყო. წითელქუდას
გულზე კულონი უბრწყინავდა, ხშირად ხელში იჭერდა და დიდხანს უყურებდა. ნაცარა შეხედავდა
ხოლმე და ეტყოდა, კარგი, ახლა, გეყოფაო. და ამას ეტყოდა თუ არა, წითელქუდას იმწამსვე ცრემლი
ადგებოდა თვალებზე.
_ იმედია მთავარი, იმედი არ უნდა დაკარგო კაცმა! _ ნაცარამ არ იცოდა ამ ფრაზის
მნიშვნელობა. უბრალოდ, პაპასგან ჰქონდა გაგონილი და იცოდა, რომ ბრძნული იყო.
ეს ნიჭი მას განსაკუთრებით ჰქონდა განვითარებული, _ ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ
თვითონაც აზრზე არ იყო და მერე ისე დაიჭერდა ხოლმე თავს, ყველას ეგონა, ეს ფრაზები არა თუ
ვინმეს წიგნიდან წაიკითხა, არამედ თვითონ დაწერაო. სინამდვილეში კი, ერთი წიგნიც არ ჰქონდა
წაკითხული. თუმცა, როგორ არა, რაღაცები ჰქონდა; მაგალითად, ერთი ასეთი წიგნი წაიკითხა, რომელსაც მგონი… ‘ურცხვი სამშაბათი” ერქვა. ამ ‘ურცხვ სამშაბათში~ ძალიან საინტერესო სიუჟეტი
ვითარდებოდა. მოკლედ, წიგნი ინგლისელ კაცზე მოგვითხრობდა და, შესაბამისად, მოქმედებაც
ინგლისში ვითარდებოდა. ეს კაცი ძალიან მდიდარი გახლდათ, თავიდანვე მდიდარი იყო. ჰოდა,
ცხოვრების მანძილზე, ბევრი უსამართლობა ჩაიდინა, მაგრამ ერთხელაც განსაცდელში აღმოჩნდა.
მოკლედ ისე მოუვიდა რა, ბიზნესმენებს რომ ემართებათ ხოლმე ხშირად – რაღაც ვალები დაედო და
გაკოტრდა. მერე ამ მევალეებმა მოაკითხეს. სახლი გაყიდა, კარი გაყიდა, ყველაფერი გაყიდა და
ყველას ვალი გაისტუმრა, ერთის გარდა, რომელიც ამ მევალეებს შორის, ყველაზე ლმობიერი
აღმოჩნდა და ისიც კი გააკეთა, რომ ვალის ნახევარი გაუქვითა და ფულიც კი მისცა ბიზნესის
დასაწყებად. ამ კაცმა კვლავ თავიდან დაიწყო ყველაფერი და ისევ გამდიდრდა. გამდიდრებულმა
გადაწყვიტა, რომ შური ეძია და ის მევალეები დაეხოცა, ვინც ასე გაამწარა იმ დროს, როცა ფული არ
ჰქონდა.
გადაწყვეტილება მიღებული იყო და მან მევალეების ხოცვა დაიწყო. თითოს, სამშაბათობით
კლავდა ხოლმე. სულ თხუთმეტნი იყვნენ და მან მევალეებს თხუთმეტი სამშაბათი მოუწყო, სადაც
მათ ურცხვ საქციელს ახსენებდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩაიდინეს. ბოლოს თვითონაც
მოიკლა თავი. ეს ქონება კი იმ მევალეს დაუტოვა, რომელიც მას დაეხმარა. ჰო, ცნობისათვის, მანაც
სამშაბათს მოიკლა თავი.
მოკლედ ასეთი იყო ამ წიგნის შინაარსი.
ისე, გრძლად უფრო საინტერესო იქნებოდა. არა, საინტერესო რა, მთავარი ნაცარქექიასთვის იმ
შემთხვევაში ამ კაცის შურისძიება და ვაჟკაცური საქციელი იყო – მას ხომ სიგიჟემდე უყვარდა და
დაუფიქრებლად ამართლებდა დაუნდობელ ტიპებს. ასე რომ, ამ ნაწარმოების მთავარი გმირი მისი
კერპი გახდა და რადგანაც მას შემდეგ, არცერთი წიგნი აღარ წაუკითხავს, ახლაც სჯეროდა, რომ ეს
კაცი ნამდვილი ვაჟკაცი იყო. პაპა ყოველთვის ეუბნებოდა: ვაჟკაცები თავს არ იკლავენო, მაგრამ
ნაცარა აზრს არ იცვლიდა. ბოლოს, პაპა ქართულ ანდაზებსაც იშველიებდა ხოლმე, ვაჟკაცობაზე. ამ
ქვეყნის ანდაზები ყველაზე ხშირად ამ თემაზე იყო. გამოცდილებაც ბევრი ჰქონდათ ალბათ, თორემ
ამდენ ანდაზას ისე უბრალოდ ვერ მოიგონებ კაცი.
პუტინი კი, საქართველოს გაგონებისთანავე თავს წამოყოფდა ხოლმე, თითქოს რაღაც
აკავშირებდა ამ ქვეყანასთანო. თვითონაც გრძნობდა, რომ გულგრილი არ იყო, თუმცა ვერ ხვდებოდა,
რატომ. მას ხომ საქართველო რუკაზეც კი არ ენახა და, საერთოდ, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყვნენ
ქართველები. თუმცა, დროთა განმავლობაში, პაპამ იმდენი ილაპარაკა ამ ქვეყანაზე და მათ
ვაჟკაცობასა თუ ქალობაზე, რომ პუტინს ცოტა შეშურდა კიდეც. საბოლოოდ, ეს ცოტა შურში
გადაიზარდა. არავინ იცის, როგორია შურიანი ადამიანი. პრინციპში, ყველამ იცის, ჩვენ ხომ ყველანი
შურიანები ვართ და რა შუაში იყო ეს ფილოსოფია. ერთი სიტყვით, ნაცარამ ასე ჭკვიანურად თქვა ეს ფრაზა და თავი ისე დაიჭირა, _ აი, ხომ ხედავთ, რამდენი ვიციო. პაპას ესიამოვნა კიდეც, _ კარგია,
ჩემი ნასწავლი აითვისაო, და დაამატა:
_ ხომ გაგიგიათ, ნუ დაგიკარგავს იმედიო!
_ როგორ არა, გამიგია! _ დაეთანხმა ნაცარა. _ ვინ თქვა ეგა? _ სრულიად უაზროდ დააყოლა,
იმდენად უაზროდ, რომ შესამჩნევიც კი იყო.
_ ისე, ამდენი რამე საიდან იცით? _ სიტუაცია განმუხტა პუტომ, რადგან იგრძნო, რომ
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ უაზრო თანხმობისთვის პაპა ნაცარქექიას ისე გალანძღავდა, რომ
ნაცარა გაბრაზდებოდა. წითელქუდა ისედაც გაბრაზებული იყო. ამას პაპა და ნაცარაც
დაემატებოდა და, მარტო საწყალი პუტო დარჩებოდა კარგ ხასიათზე; ხოლო როცა სამ ცუდ
ხასიათზე მყოფ ადამიანს შორის მხოლოდ ერთია კარგ გუნებაზე, ამან შეიძლება დამღუპველ
შედეგებამდე მიიყვანოს,
_ არა, მართლა, _ გააგრძელა ისევ. _ აი, მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, რომელიმე
უნივერსიტეტში გავაგზავნიდი წერილს; მაგალითად, კემბრიჯში; და იქ დავიწყებდი ლექციების
კითხვას. დარწმუნებული ვარ, უარს არავინ გეტყვით. მე არც კი მეგულება თქვენნაირი
პროფესიონალი, თუნდაც ჯადოქრობის დარგში. ის რად ღირს, რომ თქვენ ერთ-ერთი დევი ორმოდ
გადააქციეთ. ეს ხომ თქვენს მაღალპროფესიონალიზმზე მიუთითებს. დევი ხომ არ არის ისეთი
სუსტი არსება, რომელზეც ჯადოს გაკეთება ადვილია?
_ კი, მართალი ხარ, _ დაეთანხმა და თან ცოტა ესიამოვნა კიდეც. _ დევი არ არის სუსტი
არსება, მაგრამ აღარც მე ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც წინათ. ისე, პრინციპში, ესეც არ არის
მიზეზი. ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ მე არ მინდა ამ ჯადოქრობების ყველასთვის გაზიარება.
ჩემი მიზანი და სწრაფვა სულ სხვა რამ არის. მართალია, არ დამცალდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა,
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ნუ დაგიკარგავს იმედი! _ გაეცინა. _ ჰოდა, მეც არ ვკარგავ იმედს
და მგონია, რომ კიდევ გავაგრძელებ იმას, რაც ჩემი მოწოდებაა.
ყველანი გაჩუმდნენ. პუტოს თვალებზე ეტყობოდა, რომ ვერ გაიგო. – უფრო ზუსტად რომ ვთქვა,
მინდა, რომ სცოცხლის ბოლომდე თოვლის პაპა ვიყო და არა ჰარვარდის ან ოქსფორდის საშინელი
პროფესორი. ოდნავ მაინც თუ ხვდები, პუტო, რამხელა განსხვავებაა ლექტორსა და თოვლის პაპას
შორის? ძალიან დიდი! იმხელა, რომ ჩვენ, ყველანი, შიგ ჩავეტევით ჩვენი ცხენებიანად. თანაც, ჩემი
საიდუმლოებებიდან, ერთი მაინც თუ გავანდე სხვას, მერე უკვე დანარჩენების დამალვას აზრიც აღარ
ექნება. ამიტომ, ჩემი სიკვდილის შემდეგ, მარტო ერთ ადამიანს კი არ ეცოდინება ჩემი ჯადოქრობები,
არამედ _ უამრავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს თუ ახლა შვიდი ჯადოქარი ჰყავს, შემდეგ
ეყოლება უამრავი.
აქ კი, ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მსოფლიოს ცნობილ ჯადოქართა სია. ესენი არიან: 1. თოვლის პაპა _ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი;
2. სანტა კლაუსი _ ასევე ცნობილი;
3. კეთილი ფერია _ რომელსაც პინოქიო ვერ იტანს;
4. ოქროს თევზი, _ რომელიც ამ ზღაპარში ალბათ არ შეგვხვდება;
5. უცნაური ელფი _ რომელიც ხმელეთზეც და წყალშიც ბინადრობს;
6. ავი სული _ რომელიც ამ ზღაპარში შეიძლება შეგვხვდეს კიდეც;
7. ლამპის ჯინი _ მხოლოდ ის არა, რომელიც ახლა გაგახსენდათ.
პუტინი კიდევ გააგრძელებდა პაპასთან დიალოგს, თუმცა გაჩერდა, რადგან ისინი
გაზაჯვარედინზე იდგნენ. ახლა მათ წინ ოთხი გრძელი და განიერი გზა იყო. ამ გზიდან ერთ-ერთი
უნდა აერჩიათ. პაპამ სთხოვა, დიდხანს ნუ გავჩერდებითო, რადგან გზაჯვარედინები არ უყვარდა.
იგი ხომ ჯადოქარი იყო და ძალიან კარგად ესმოდა, რომ გზაჯვარედინები ყველა ბოროტი სულის
თავშეყრის ადგილია. ამიტომ, გადაწყვეტილების დაჩქარების თხოვნით გული გაუწვრილა
დანარჩენებს. გზაჯვარედინი კი, მართლაც დამაბნეველი იყო. საერთოდ ხომ დამაბნეველია და ახლა
მითუმეტეს. ეს გზები ჩვეულებრივზე ბევრად ფართო გახლდათ, ოთხივე მხარეს ზუსტად ერთი ზომის.
გზა სწორი იყო და ბოლო არ უჩანდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სოფლის გზები – ღია ყავისფერი, აქეთიქიდან
მწვანე ბალახებით. სწორედ ასეთი სოფლის გზა იყო, ოღონდ ძალიან დიდი. ნაცარამ ჯერ
ცოტა ხანს იფიქრა, მერე ყველას ჰკითხა, საით წასულიყვნენ და, რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა
მაინც პაპას დარჩა, რომელმაც პირდაპირ სიარული ამჯობინა, რადგან გამოცემით იცოდა, რომ დევის
სამეფოსკენ მიმავალ გზაზე რომ დამდგარიყვნენ, ჯერ კიდევ კარგა ხანს პირდაპირ უნდა ევლოთ.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მათ რუკაც კი არ ჰქონდათ. არც ბეთმენს მიუცია მათთვის რუკა და
იმპერატორი კი იმდენს აძლევდა, რომ რუკას მას ვეღარ მოსთხოვდი.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გზა აირჩიეს და გაუდგნენ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ სავალი
მეტისმეტად ჩვეულებრივი იყო. არც რაიმე განსხვავებული არ შეუმჩნევიათ, არაფერი ჯადოსნური
ან ამდაგვარი. ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი იყო და პაპას გულიც კი დაუმშვიდდა, სწორი გზა
ავირჩიეთო. ახლა იგი დარწმუნებული იყო, რომ თუ ასე გააგრძელებდნენ სიარულს, ორი დღის
სავალიღა დარჩებოდათ; მაქსიმუმ, სამის. ესე იგი, ისინი უკვე მიზანთან იყვნენ.
ამ სიარულში ერთი დღე გავიდა და უცნაურობებიც გამოჩნდა. მთავარი უცნაურობა კი ის იყო,
რომ ამდენი ხნის სიარულის შემდეგ, გზას ბოლო არ უჩანდა. უფრო მეტიც, მათ ერთი მთაც კი არ
დაუნახავთ; არათუ სადმე ახლოს, შორსაც კი. ყველაფერი მეტისმეტად ერთნაირი ჩანდა, თუმცა
მიზანთან ახლოს ყოფნით, ოთხივენი ისე იყვნენ გახარებულები, რომ ამას ვერავინ ამჩნევდა. მეორე
დღეს ისევ შემოახტნენ ცხენებს და ნელი სვლით გაუყვნენ გზას. უკვე საღამო იყო, თუმცა გზას
ბოლო არ უჩანდა. არადა, თოვლის პაპის გათვლებით, ისინი უკვე დევის სამეფოში უნდა ყოფილიყვნენ. პაპამ თქვა, შუადღისთვის ვიქნებითო, ანუ უკვე დაახლოებით ოთხი საათის
მისულები უნდა ყოფილიყვნენ. ძალიან დაიღალნენ. ნაცარამ გადაწყვიტა კიდეც, რომ ახლა
გავჩერდეთ და ხვალ გავაგრძელოთ გზაო, მაგრამ მერე გადაიფიქრეს, რადგან უკვე ისედაც ბევრი
დრო დაკარგეს აქეთ-იქით სიარულში. ამიტომ ისევ გზის გაგრძელება გადაწყვიტეს. გააგრძელეს
კიდეც. არც ისე ბევრი იარეს, რადგან სიბნელის გამო, უკვე ვეღარც მიდიოდნენ. ცხენებსაც
დაღლილობა დაეტყოთ. წითელქუდას ცხენი ძლივსძლიობით მოძრაობდა, რადგან ყველაზე სუსტი
ის გამოდგა. ნაცარამ იგი თავის ცხენზე შეისვა და ისე გააგრძელეს გზა. უკვე ადგილს არჩევდნენ
გასაჩერებლად, რომ უეცრად თოვლის პაპამ რაღაც იასამნისფერი დაინახა, რომელიც სიბნელეში
ანათებდა. იასამნისფერს თავზე ვარდისფერი შუქი ეხურა. დიახ, სწორედ ეხურა, რადგან სინათლეს
ქუდის ფორმა ჰქონდა. უფრო ზუსტად, ნაპოლეონის ქუდს ჰგავდა; აი, იმ ქუდს, რომელშიც ყველაზე
ხშირად ხატავდნენ. მართალია ქუდი დაინახეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ წინ ადამიანი
იდგა. შეიძლება ეს ნებისმიერი არსება ყოფილიყო; მითუმეტეს, ამ უცნაურ გზაზე. და როგორც
ყოველთვის, მხოლოდ ახლაღა გააცნობიერეს, რომ მეტად სახიფათო გზაზე მიდიოდნენ. ნაცარამ
იარაღი ამოიღო, წითელქუდაც გაიმართა ცხენზე და, როგორც სჩვეოდა ხოლმე, მანაც ზურგს უკან
თავისი “ანტონიო” მოიმარჯვა. პუტო ჯერ არაფერს არ აკეთებდა, რადგან უნდოდა გაერკვია, თუ
რა არსება დაუხვდათ გზაზე. ამიტომ, მოჭუტული თვალებით ცდილობდა სახის მოყვანილობის
გარჩევას მაინც; თუმცა სახე არ ჩანდა.
_ ეგრე რო ჭუტავს თვალებს, რა არი, ახლოს მოვა თუ რა? _ ნაცარა განერვიულებული ჩანდა
– ხმაზე ეტყობოდა. ეს პუტომაც შეამჩნია და ხმა აღარ გაუცია. უფრო სწორად, აღარ შეპასუხებია.
_ ნეტა ვინ არის? _ წითელქუდა უკვე დაინტერესებული იყო.
_ ის ახალგაზრდა, ქვაზე რომ სძინავს… _ სრულიად უადგილოდ წაუღიღინა ნაცარამ.
_ ჩაიგდე ენა, შე დეგენერატო! _ თოვლის პაპა რაღაცას ფიქრობდა. _ სულ ასე სულელურ
ხასიათზე როგორ უნდა იყო?! _ ამ საყვედურების
დროს, ნაცარასთვის არც შეუხედავს.
_ რა გინდა, კაცო, შენ? მინდა და ვმღერი. აბა, ამ
ფერადი რაღაცის გამო სიმღერაც აღარ შეიძლება თუ
რა არი? ახლა ამას გავუნგრევ გულის ფიცარს, დედის
ძუძუებს დავუდუტავ, ეს წარბის ქერტლი ვინ არის,
ტო, რო გადაგვიდგა გზაზე!!! _ ნაცარა უეცრად
ხუმრობის ხასიათზე მოვიდა და ამ ხუმრობას
გააგრძელებდა კიდეც, რომ არა პაპას რაღაც უცნაური
შელოცვა, რომლის შემდეგაც, გზა რაღაც საოცარი სისწრაფით შემცირდა და ოთხივენი თვალის დახამხამებაში ამ ფერადი არსების წინ იდგნენ. არსება,
როგორც გაირკვა, კაცი იყო. იგი პირდაპირ პუტოს ცხენთან აღმოჩნდა და თვალებში ჩახედა.
ცისფერთვალებაც არ დაიბნა, მაკაროვი გადატენა და შუბლში დაუმიზნა.
_ გაები, ფასკუნჯო?!! _ გადაიხარხარა ნაცარამ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ
უცნობმა დაიწყო:
_ თუ შეიძლება, მომაშორეთ იარაღი, მე აქ თქვენს დასახმარებლად ვარ მოსული.
ტონი დამაჯერებელი ჰქონდა, აი, ისეთი, ნამუშევარი რომ აქვთ ხმაზე და ყველა ნიუანსი
გათვლილი, რა დროს, რა უნდა თქვან და რა ტონალობაში; ხალხი როგორ მიიღებს ამას და როგორ
არ მიიღებს. მოკლედ, ეს კაცი დაახლოებით შუახნის და საშუალო სიმაღლის გახლდათ. ტანსაცმელი,
ქუდის ჩათვლით, ზუსტად ისეთი ეცვა, როგორც ნაპოლეონს. ნაპოლეონი არ ყოფილა, _ მას
ულვაშები ჰქონდა და თვალები უბრწყინავდა. ეს კი კარგი ნიშანი არ იყო. თუმცა, ახლა ნიშნებისთვის
არავის ეცალა:
_ რატომ უნდა ჩამოწიოს, იქნებ ვინ ხარ? _ პაპა შეუპოვარი იყო.
_ მეგობარი ვარ, აკი გითხარით?
_ ვა, რა მაგრა ბაზრობს, არა? _ ნაცარა იცინოდა.
_ მე თქვენი მეგობარი ვარ, ვააა!
_ მე მეგობრები არ მყავს! _ წითელქუდა ისევ დეპრესიული იყო.
_ დამიჯერეთ, ყველა ადამიანს ყავს მეგობარი. _ ლამაზად თქვა ამ ვიღაც კაცმა და თავი ისე
დაიჭირა, თითქოს მსოფლიო მნიშვნელობის ფრაზა ვთქვიო.
_ და მტყუანის დედა ვატირე! გაგიხვრიტავ შუბლს, ბიჭო, ვინა ხარ, თქვი!!! _ პუტოს ასეთ
გაღიზიანებას არავინ ელოდა. ალბათ მასზე იმ ფრაზამ იმოქმედა _ მეგობრებზე და ადამიანებზე.
მოკლედ, არავინ იცის, რა იყო. ერთი კი ფაქტი გახლდათ: საჭირო იყო უფრო კონსტრუქციული
საუბარი, რომლის წამოწყებაც პაპას მოვალეობაში შედიოდა. პაპაც მიხვდა და არ დაახანა:
_ ჩამოწიე იარაღი, პუტო, _ სთხოვა. _ გვითხარით, ვინ ხართ და რა მიზეზით აღმოჩნდით აქ,
ამ მიყრუებულ გზაზე? _ კითხვა მართლაც კონსტრუქციული გახლდათ და რადგან მას უკვე იარაღიც
აღარ ჰქონდა მიშვერილი, უფრო თავისუფლად მოქცევის საშუალებაც მიეცა. უცნობმა თავიდან ქუდი
მოიხადა და მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში გავრცელებული სალმით წარუდგა იქ მყოფთ.
_ მე ბარონ მიუნჰაუზენი გახლავართ. აქ თქვენი იმპერატორის თხოვნით მოვედი. ის იმ
გარემოებამ დააფიქრა, რომ თქვენ თან არ გქონდათ რუკა, რომლის მიხედვითაც დევის სამეფოს
მიაგნებდით. შემდეგ ჩიტებმა მიუტანეს ამბავი, რომ არასწორ გზაზე დგეხართ და თქვენი დახმარება
გადაწყვიტა. მე მეფის მსტოვარი ვარ და დავალებული მქონდა, თქვენთვის სასწრაფოდ გადმომეცა
რუკა. ამიტომაც, აქ ქარზე უსწრაფესად მომაქანა ბეთმენის მეგობარმა რობინმა, თავისი მანქანით. თვითონ გასულია და მალე მოვა. რუკაში ჩახედვა აკრძალული მაქვს, იმპერატორმა ამიკრძალა. აი,
კონვერტი, ყველაფერი შიგ ხატია. მე კი მხოლოდ ერთს გეტყვით, ამ გზით ნუღარ წახვალთ, ეს მცდარი
გზაა.

ამ სიტყვების დასრულებისთანავე, რაღაცამ საოცარი სისწრაფით ჩამოიქროლა და ბარონი მიუნჰაუზენი სადღაც გააქრო. ჩვენი გმირები, რუკით ხელში, დარჩნენ გზაზე, რომელიც დევის სასახლემდე არ მიდიოდა. პუტო ცხენიდან ჩამოხტა და დაგდებული წერილი ხელში აიღო და პაპას მისცა.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close