არქივი

მიტროფანე ლაღიძე

15cdba4bb5ee

ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს გემრიელი სურნელოვანი „ლაღიძის წყლები“. ვინაა ლაღიძე? რას ნიშნავს ეს სახელწოდება? იმას, რომ მათი შემქმნელი, მათი დამზადების რეცეპტის მომფიქრებელი გახლავთ ლაღიძე.
მიტროფანე ლაღიძე იყო ქართველი მეწარმე, დიდი პატრიოტი და ქველმოქმედი ადამიანი. იგი 1869 წელს დაიბადა. 14 წლისამ მუშაობა დაიწყო ქუთაისში კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში. ქუთაისშივე მუშაობდა ივანოვსკის ლიმონათის საწარმოში. აქ შესანიშნავად ისწავლა ხილეულის წვენების მომზადების წესები და ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ თვითონ გაუძღვა საწარმოს.

1990 წელს საწარმოს ბაზაზე მიტროფანემ ხილეულის წყლების ამხანაგობა ჩამოაყალიბა.

1902 წელს იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა და გერმანიასა და საფრანგეში გაეცნო ხილეულის წყლების დამზადების ტექნოლოგიას.

1906 წელს უკვე თბილისში გახსნა თავისი ლიმონათის ქარხანა და მაღაზია.

მიტროფანე ლაღიძის წყლებმა დიდი სახელი მოიხვეჭა. მათ საერთაშორისო გამოფენებზე მრავალგზის მიენიჭა პირველი ხარისხის პრემიები, ოქროსა და ვერცხლის მედლები.

1913 წელს პეტერბურგის ჰიგიენურ გამოფენაზე საუკეთესო და განსხვავებული ხარისხის ხილეულის სასმელის დამზადებისათვის მ. ლაღიძე დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვეს. ასევე დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვეს ვენის გამოფენაზეც.

მიტროფანე ლაღიძის წყლები ისე მოსწონდათ, რომ საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. თბილისში მყოფი ირანელი ვაჭრები მათ, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს, ირანის დიდებულებსა და წარჩინებულ პირებს „ფეშქაშად“* უგზავნიდნენ.

1934 წელს უკრაინის მთავრობამ მიტროფანე ლაღიძე კიევში მიიწვია. საბჭოთა პერიოდში მიიწვიეს მოსკოვისა და ლენინგრადის ლიმონათების ქარხნებში, სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროში კონსულტანტად. არაერთხელ მიიპატიჟეს ირანში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში, რათა იქ საკუთარი წარმოება გაეხსნა.

რა იყო მ. ლაღიძის ლიმონათების ამგვარი წარმატების მიზეზი. აი, რას წერს იგი თავად: „ჩემი მეთოდით დამზადებულ სასმელებში არ იხმარება არავითარი სინთეზური ესენციები და ქიმიკატები“. იგი ახალი ხილეულის წვენებით ამზადებდა სასმელებს, შერჩეული ჰქონდა ესა თუ ის რაიონი, სოფელიც კი, ვინაიდან ნიადაგი და ჰავა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაა და ხილსაც სხვადასხვა გემო და სურნელი აქვს. მაგალითად, ჟოლოს სიროფს ამზადებდა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში, უმთავრესად, ბაკურიანში გავრცელებული ხილ-კენკრით, თუმცა ჩრდილო კავკასიიდან შემოტანილი ნედლეული უფრო იაფი ჯდებოდა.

მიტროფანე ლაღიძე არა მარტო მრეწველი, დიდი ქველმოქმედიც იყო. იგი გახლდათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრი, მატერიალურად ეხმარებოდა ჩვენს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, იყო ბევრი ეროვნული საქმის ხელშემწყობი და განმახორციელებელი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვა სახელოვან ადამიანებთან.

უნდა აღინიშნოს მიტროფანე ლაღიძის საგამომცემლო საქმიანობაც. 1898 წელს მან გამოსცა ილიას „აჩრდილი“, აკაკის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“ და სხვ. 1908 წელს აკაკის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავისათვის ქუთაისში დაბეჭდა საიუბილეო კრებული, რომლის ყდაზე აწერია: „მთელი ამ გამოცემის შემოსავალს ნიშნად ღრმა პატივისცემისა ვუძღვნი იუბილარს აკაკის 50 წლის მოღვაწეობის სახსოვრად“.

მიტროფანე ლაღიძე თვითონაც ბეჭდავდა წერილებს „ივერიაში“, „კვალში“, „სახალხო გაზეთში“, „დროებაში“ და სხვაგან.

ბოლოს ერთი ამბავიც: როცა 1906 წელს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიტროფანე ლაღიძემ თავისი მაღაზია გახსნა, ზედ ქართულად უზარმაზარი ასოებით დააწერა სახელწოდება, რუსულად კი – პატარა ასოებით. ეს მაშინ დანაშაული იყო და რომ არა ილია ჭავჭავაძე, ციხე არ ასცდებოდა, – ამბობს მიტროფანეს შვილიშვილი თორნიკე ლაღიძე.

Janikokoko

Im fuckin' noob :*
იხილეთ ასევე
Close
Back to top button