არქივი

ნაწყვეტები გალაკტიონის დღიურებიდან…

9168c68dff9a
ოთხი ჩვეულებრივი დღე გალაკტიონ ტაბიძის დღიურიდან…

21 ნოემბერი

იყო 12 საათი,როცა სახლიდან გავედი. ქარი ჰქროდა და ჰყინავდა. ტრამვაები გადატვირთულია მგზავრებით.ზემმელთან (თბილისის ის ადგილი, სადაც ახლა რუსთაველის ძეგლი დგას) ჩვენი ტრამვაი გაფუჭდა, ფეხით წავედი რუსთაველის პრისპეკტით, რომელიც ახლად მოგებულია ასფალტით და მზეზე ფოლადისფრად ბრწყინავს. ტარასის გადავეცი წიგნები წითელი კუთხისთვის. შემდეგ შემნახველ სალაროდან ავიღე ნოემბრის პენსია 108 მანეთი. ვისადილე რომელიღაც რესტორანში და,როდესაც სახლში დავბრუნდი (უკვე გვიან), თან მივიტანე ღვინო. შევაკეთე ელექტრონის ფეჩი (ღუმელი), რომელიც თითქმის წელიწადია,რაც გაფუჭდა. ოთახში დადგა სითბო. ოლია (ოლია ოკუჯავა, გალაკტიონის მეუღლე) დაბრუნდა გვიან, ათ საათზე. გაუხარდა, რომ სითბო იყო, გავშალეთ სუფრა. ვახშმად გვქონდა პური და ყველი, ხორცი, ღვინო. ვუზიარებდით ერთმანეთს დღის შთაბეჭდილებებს, მალე ჩაიც ადუღდა. დავწექი გვიან.

22 ნოემბერი

გამეღვიძა ადრე. ოლიამ საწოლში მომიტანა ჩაი და სამსახურში წავიდა. თორმეტ საათამდე ვკითხულობდი რომენ როლანის რომანს “ანეტა”-ს. ფანჯრები დავაღე, დიდებული მზიანი დღეა. ჩემს განსაცვიფრებლად თბილ გალერეაში რომ გავედი, ვიგრძენი რაღაც ძლიარი სიხარული, რომლის მსგავსი მხოლოდ ბავშვობის დროს თუ მიგრძვნია, თვალები რომ დავხუჭე, ცისარტყელას ფერები აირია და მოეხვია მთელ ჩემს მომავალს, მთელ მსოფლიოს, როგორც ეხვევა გარს აბრეშუმი დატრიალებულ ჯარას. რა დამამშვიდებელი გრძნობებია, რა თბილი დღეა… სახურავებზე ბრწყინავს მზე, შორეულ მთებს, არა, მახლობელ მთებს ჯერ არ მოსცილებია დილის ბურუსი; რომ შექმნა რაიმე დიადი, ბევრი უნდა გქონდეს ამნაირი დღეები.
ტრამვაიზე წინა ბაქნიდან ასვლისას დამაჯარიმეს 3 მანეთით.
საღამოთი მოვიდა დომენტი  და დიდი ბოდიშის მოხდით წაიღო თავისი ლამპა. დავრჩი სიბნელეში, რადგან ელექტრონი ლამპარი დიდი ხანია გადამწვარია, მაგრამ როდესაც ოლია მოვიდა, თან მოიტანა სამოცდახუთმეტსანთლიანი ელექტროლამპა. გავაჩირაღდნეთ ოთახი. ყველაფერმა სხვანაირი იერი მიიღო. რომ შექმნა რაიმე დიადი, საჭიროა სინათლე, ბევრი სინათლე.

23 ნოემბერი

ისეთივე მზიანი დღეა როგორც გუშინ, ცოტათი კი ჰყინავს. გვიანი შემოდგომაა. ვდგები 11 საათზე. სულიერი გაწყობილება ისეთივეა. დღეს ოთხშაბათია. – ჩემი ყოველთვის რჩეული დღე (ოდესმე რომელიღაც მარჩიელმა ასე მითხრა). ვკითხულობ ბუნინის ლექსებს. მაგრამ დღე იყო სავსე ჩემთვის მოულოდნელი კოშმარებით… არ გამართლდა არაფრით. (დავკარგე შარფი, კალოში, ფული).

32 დეკემბერი

1932 წლის უკანასკნელი დღეა. საათი დავაყენე სწორედ თორმეტზე, და მისირეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ოთახი შეძლებისდაგვარად დავასუფთავე. ოთახშიაც და აივანზეც ანთია ელექტრონები. მე მინდა მხიარულად შევხედე ახალ წელს. არ მინდა მახსოვდეს უკანასკნელი დღეეის კოშმარები. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას.ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბავებიდან? ძალიან ცოტა რამ იყო კარგი, ჩემის მზრით  შეცდომები იყო უამრავი. მთელი წლის განმავლობაში საზიზღრადვსაზრდოობდი და ალბათ იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს , მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო) მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად). სოფელში რომ ვიყავი, ვიქცეოდი ისე, როგორც აქ, საზიზღრად ვთვრებოდი. მივეჩვიე არაყს, შევიქენი გესლიანი კაცი. ჩამოვიშორე ბევრი კარგი მეგობარი და დავიახლოვე ისეთები, რომლებიც ყოველდღე მძარცვავდნენ. სხვადასხვადროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი. პენსიის ფულს ყოველთვის წინდაწინ ვიღებდი, მარა ორ დღეს იქით არ გამყოლია. დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა, აბესალომი (გალაკტიონის ძმა) აქ ჩამოვიდა, ცარიელი ლაი-ლაი გამართა და ისევ წავიდა, ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავად ვარ და წყლის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდმარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი, ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არის უბედურობა? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.

წყარო: 9 კლასის ქართულის წიგნი

მსგავსი ამბები

Back to top button