უცნაური

Haunting in Connecticut – რეალური ისტორია

8a1edcb43762

2009 წელს პიტერ ქორნუელმა გადაიღო საშინელებათა ფილმი “Haunting in Connecticut” რომელმაც დიდი პოპულარულობა მოიპოვა. ფილმის დასაწყისშივე ნათქვამი იყო რომ ის დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, რომელიც ქონექთიკუტში გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა.

მართალია ზემოხსენებულ ფილმში ბევრი რამ შეცვლილია მაგრამ ასე თუ ისე ის მართლაც ეფუძნება რეალურ შემთხვევას. არც თუ ისე ცოტა ადამიანია მსოფლიოში ისეთი, რომელიც თვლის რომ ბუნებაში, გარდა შესამჩნევისა, არსებობს ძალა, რომლის დანახვა თუ შეგრძნება ადამიანის შესაძლებლობების საზღვრებს მიღმაა, ზოგიც პირიქით, თვლის რომ ბუნებაში არის მხოლოდ ის, რაც ხილულია და არაფერი სხვა. სწორედ ასე თვლიდა კარმენ სნიდქერი მანამ, სანამ თავად არ გადახდა თავს ისტორია, რომელმაც ამიტივილის შემთხვევის შემდეგ ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის ამ ძალის არსებობის თაობაზე, რადგან იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამტკიცებენ რაიმე მსგავთან ჰქონიათ უშუალო შეხება, ძალიან მცირეა, კიდევ უფრო მცირეა მათ შორის ისინი, ვინც ამის გახმაურებას არ მოერიდა, თუმცა, ხშირად ასეთი ფაქტები ტოვებენ კვალს, რომლის უარყოფაც არავის შეუძლია. შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილმა, რომელსაც რაღაც დროის განმავლობაში ჰქონდა ნეგატიური დატვირთვა, შეიძინოს თავისებური “ნაპრალის” სტატუსი, ნაპრალის, რეალურსა და ზებუნებრივ სამყაროს შორის. მსგავს მოვლენაზე უკვე მქონდა საუბარი ჩემს ერთერთ ადრინდელ პოსტში “ამიტივილის საშინელება”. ამ შემთხვევაში კი, კონკრეტულად რასთან ჰქონდათ საქმე, ამაზე დღესაც დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ორთავე მათგანს აერთიანებს ერთი მახასიათებელი: შეუცნობელი და არამიწიერი ბოროტება, გარდა ამისა, ჩემი თვალთახედვით ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კიდევ ბევრი საერთო ჰქონდათ და მე შევეცდები პოსტის ბოლოს რამოდენიმე პარალელი გავავლო მათ შორის.

კარმენ და ალენ სნიდქერების ოჯახი დეფეოების ოჯახის მსგავსად, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მის შემადგენლობაში შედიოდა თავად ალენი, კარმენი და მათი ოთხი შვილი, ფილიპი, ბრედლი, ჯენი და ალენ უმცროსი. ისინი ნიუ იორკის შტატში ცხოვრობდნენ მაგრამ როდესაც მათ უფროს ვაჟს, ფილიპს 14 წელი შეუსრულდა, მათს ოჯახში დიდმა უბედურებამ შეაბიჯა. ფილს, რომელიც ადრეც გამოირჩეოდა ჯანმრთელობის სისუსტით, მდგომარეობა რადიკალურად გაუუარესდა და ექიმებმა მას კიბოს ერთერთი იშვიათი სახეობის დიაგნოზი დაუსვეს. მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მკურნალობა რომ თუნდაც ცოტა ხნით მაინც გაეხანგრძლივებინათ მისთვის სიცოცხლე, ის ჰოსპიტალი კი, სადაც ამ მკურნალობის ჩატარება იყო საჭირო, ქონექთიკუტის შტატში, ქალაქ საუთინგტონში მდებარეობდა და მათი საცხოვრებლიდან მთელი 500 კილომეტრით იყო მოშორებული. ექიმებმა მას 6 თვის ვადა მისცეს…

კარმენი შოკირებული იყო, მან მთელი ყურადღება და ენერგია უფროს შვილზე გადაიტანა რის გამოც უმცროსი შვილები ფაქტიურად უყურადღებოდ რჩებოდნენ (ოჯახის უფროსი, ალენი, გვიანამდე მუშაობდა და მისი სამსახური ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა). ის დრო, რომელიც შიძლებოდა კარმენს თავისი უმცროსი შვილებისთვის დაეთმო, მგზავრობაში იხარჯებოდა, ორ კვირაში კი ამას მეორე პრობლემაც დაერთო, ფილიპი ვერ იტანდა მგზავრობას და მისთვის ეს შეიძლებოდა ფატალურადაც დასრულებულიყო. კარმენმა მიიღო გადაწყვეტილება: ის, მთელი ოჯახით უნდა გადმოსულიყო საცხოვრებლად ქონექთიკუტში, მხოლოდ ალენი დარჩებოდა ნიუ იორკის შტატში სამსახურის გამო და თავისუფალ დღეებში ჩააკითხავდა ოჯახს. ის ქმარს მოელაპარკა ყოველივე ამის შესახებ და შეთანხმდნენ რომ ექირავათ სახლი საუთინგტონში. უკვე იმ დროისთვის ფილის მკურნალობის ხარჯებმა ოჯახის ბიუჯეტი საგრძნობლად შეამცირა და ბინის პოვნა განსაკუთრებით ძნელი გახდა მათთვის. მთელი კვირის მცდელობის შემდეგ მათ თითქმის გადაეწურათ იმედი, როცა უცებ აღმოჩნდა რომ მათთვის ხელსაყრელ ადგილას საკმაოდ დიდი სახლი ქირავდებოდა. ახლა კარმენს მხოლოდ ერთი ადარდებდა, რამდენად ხელმისაწვდომი იქნებოდა მათთვის ბინის არენდის ფასი. როცა ის სახლის დასათვალიერებლად მივიდა, აღმოჩნდა რომ მისი რემონტი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. სახლში მას მეპატრონე და ერთი მუშა დახვდა, რომელიც თითქმის ამთავრებდა ის სამუშაოს. მეპატრონესთან საუბრის შემდეგ, კარმენი გაოცებული დარჩა ბინის ქირის დაბალი ფასით, მისი გაოცება კიდევ უფრო დიდი იყო, როცა აღმოჩნდა რომ სახლი გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე ეგონა. ზემოთა სართულზე სამი საძინებელი კარმენის დიდი ოჯახისთვის მართლაც მისწრება იყო, ამასთანავე სახლს გააჩნდა ქვედა სართული, სარდაფი, სადაც უფროსი ბიჭებისთვის კიდევ ერთი საძინებლის მოწყობა შეიძლებოდა.

კვირის ბოლოს კარმენმა და ალენმა უკვე ახალ სახლში გადმოიტანეს ნივთები, თუმცა პირველივე დღე არასასიამოვნო სიურპრიზს უმზადებდა მათ. ნივთების დალაგებამდე, სახლის ხელმეორედ დათვალიერებისას აღმოჩნდა რომ კარმენს ყველა ოთახი არ უნახავს. ეს ამ შემთხვევაში ბუნებრივიც იყო რადგან, ამდენი ძებნის შემდეგ ასე იაფად ნაპოვნი სახლის გამოკვლევას არავინ დაიწყებდა. სარდაფში, რომელშიც კარმენი კიდევ ერთი საძინებლის მოწყობას გეგმავდა იყო დაბურულშუშებიანი კარი. კარმენი და ალენი ერთად ჩავიდნენ სარდაფში და და როცა კარი გააღეს, მათთვის სრულიად უცნობი ხელსაწყოებით სავსე ლაბორატორიაში აღმოჩნდნენ, რომლის შუაშიც ძველი საოპერაციო მაგიდა იდგა. ცოტა ხანს ისინი გაოცებულნი ათვალიერებდნენ ამ ყველაფერს, ხოლო ქირურგიული ელექტროხერხისა და კედელში ჩატანებული უზარმაზარი მაცივრის დანახვის შემდეგ კი ყველაფერი (და მათ შორის სახლის დაბალი ფასის მიზეზიც) ნათელი გახდა: წლების წინ სახლში მოქმედებდა დამკრძალავი ბიურო და მორგი. კარმენი და ალენი, მართალია თავზარდაცემულნი იყვნენ ამ აღმოჩენით მაგრამ გადაწყვიტეს რომ შვილებისთვის არაფერი ეთქვათ და ამ “უმნიშვნელო” მიზეზის გამო არც კი ეფიქრათ სახლის დაცლაზე და ახალი სახლის ძებნაზე.

ისინი ასეც მოიქცნენ და ორი დღის შემდეგ უკვე მთელი ოჯახი გადავიდა ახალ სახლში. ფილს მოეწონა სარდაფი და იქ თავისი და უმცროსი ძმის საძინებლის მოწყობის იდეაც, კარმენი კი სამზარეულოში შევიდა რომ იქაურობა საკუთარი ნივთების შეტანამდე წესრიგში მოეყვანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სახლი შესავლის გაკეთებას სულაც არ აპირებდა, ნიშანი, რომლის არ გათვალისწინებასაც შემდგომში კარმენი ნანობდა, მან პირველივე დღეს მიიღო: “საკუთარი ნივთების სამზარეულოში შეტანამდე მინდოდა წესრიგში მომეყვანა იქაურობა, გადავწყვიტე იატაკის მოწმენდით დამეწყო. ასეც მოვიქეცი და მეოთხედიც არ მქონდა მოწმენდილი როცა იატაკის საწმენდს დავხედე და შიშისგან დავიყვირე, საწმენდი და წყალი სისხლისფერი იყო, თანაც იატაკზე მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ბოლოს მოვწმინდე. ფილი სარდაფში იყო ჩასული და მე უეცრად დავიბენი, შემდეგ კი მისი ანერვიულების შემეშინდა და მაშინვე გავასუფთავე იქაურობა.” ფილი, როდესაც სარდაფიდან ამოვიდა არც არაფერი გაუგია ამის შესახებ და არც დედას უთქვამს რამე, მაგრამ მას საერთოდ არ ეტყობოდა რომ მშვიდად იყო, სარდაფიდან ამოსულ მძიმედ სუნთქავდა და დედას უთხრა რომ იქ ჯერ საშინელი სიცივე იყო, შემდეგ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ზურგიდან ვიღაც აკვირდებოდა ხოლო შემდეგ სახელით დაუძახა ვიღაცამ. ისი დაჟინებით სთხოვდა დედას, რომ დაეტოვებინათ იქაურობა მაგრამ კარმენმა ჩათვალა რომ მისი შვილი, იმდენად ახლოს იყო უკვე სიკვდილთან რომ გრძნობდა რაც იქ მანამდე ხდებოდა და ეს იყო მისი აღელვების მიზეზი. მძიმე მომენტებში მათი ოჯახი ყოველთვის კათოლიკურ ეკლესიას მიმართავდა და კარმენი ახლაც ასე მოიქცა, ფილი მღვდელთან წაიყვანა.

გადაწყდა რომ საძინებელში, რომელიც სარდაფში მოაწყვეს, ფილი და მისი ორი წლით უმცროსი ძმა, ბრედლი დაიძინებდნენ. სწორედ იმ ოთახიდან იყო გამავალი კარი ყოფილ მორგში. მართალია მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ბავშვებისთვის არაფერი ეთქვათ მაგრამ სახლში გადმოსვლიდან ერთი საათიც არ იყო გასული რომ ბავშვებმა მშობლებს თავად “აცნობეს” სახლში ერთ დროს არსებული დამკრძალავი ბიუროს შესახებ. შემდეგი “სიგნალი” მათმა პატარა გოგონამ, ჯენიმ მიიღო, როცა საკუთარ ოთახში თამაშობდა ოთახის კუთხეში თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი დაინახა რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა მას. ჯენიმ შეშინებულმა ჩამოირბინა ქვემოთ და დედას ეს უთხრა მაგრამ როცა კარმენი ზემოთ ავიდა, იქ არაფერი დახვდა და ყოველივე ბავშვის ფანტაზიას მიაწერა, მან იცოდა რომ ფილმა სახლში ყველას მოუყვა მორგის არსებობის შესახებ. თუმცა ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო

db9171f0d82c

ერთ ღამით ფილს და ბრედლის ლაბორატორიიდან უცნაური ხმაური შემოესმათ, მერე კი დაბურულ შუშაში დაინახეს მაღალი მამაკაცის სილუეტი. ისინი შეშინდნენ და დასაძინებლად ზემოთ, სასტუმრო ოთახში ავიდნენ, დილით კი კარმენმა კიდევ ერთხელ არ დაუჯერა შვილებს და ჩათალა რომ ბავშვებს სახლის წარსულის გამო უჩნდებოდათ მსგავსი ფანტაზიები. სწორედ ამ დღეს თავად კარმენს შეემთხვა უცნაური შემთხვევა. როცა სუფრას აწყობდა, სამზარეულოს კარადიდან თეფშები გამოიტანა და სასტუმრო ოთახის მაგიდაზე დაალაგა, სამზარეულოში შებრუნებულს კი თეფშები ისევ თავის ადგილზე, კარადაში დახვდა. ბრედლიმ კი იმავე საღამოს საშინელი ხმები გაიგონა ლაბორატორიის მაცივრიდან. ამ დროს კი ფილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა რაც კარმენს მოსვენებას უკარგავდა და აიძულებდა რომ მხოლოდ ფილის მკურნალობა ჰქონოდა ყურადღების ცენტრში. ორი დღის შემდეგ კარმენმა საკუჭნაოში უცნაური ფოტოებით სავსე ყუთი აღმოაჩინა. ფოტოებზე ოჯახები იყო გამოსახული რომლებიც კარმენმა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სურათებად აღიქვა და გაიფიქრა რომ მათ სახლის ძველ მფლობელებს დაუბრუნებდა მაგრამ როცა კარგად დააკვირდა, სისხლი გაეყინა: ფოტოებზე გამოსახული ოჯახის წევრებიდან ყველა თითქოს ჩვეულებრივ პოზაში იჯდა ან იდგა მაგრამ ყოველ მათგანში ერთი ან რამოდენიმე მკვდარი იყო… მართალია ეს ძალიან ცოტას გაუგია მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში, აშშ-ში და დასავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში ჰქონდათ ასეთი წესი: როდესაც ოჯახში ვინმე გარდაიცვლებოდა, მიცვალებულის დასაფლავებამდე მათთან ერთად იღებდნენ “Memorium” ფოტოებს, რომლებზეც მიცვალებულები ცოცხლებივით გამოიყურებოდნენ, იჯდნენ და ზოგიერთ მათგანში იდგნენ კიდეც.

36559775a904

შუაში, ფეხზე მდგარი გოგონა მკვდარია…

7a2b4d8832c7

be19d01a49d0

4d850d2d221a

b72b862f55b6

35ca2418f803

ამ მოწყობილობის საშუალებით აყენებდნენ მიცვალებულს ფეხზე, ფოტოს გადაღებისას.

მიუხედავად იმ ელდისა რაც ნანახმა ფოტოებმა გამოიწვია, მას გადაწყვეტილება არ შეუცვლია. “ჩემი ერთადერთი საზრუნავი ფილის სიცოცხლის გახანგრძლივება გახდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. მტკიცედ გადავწყვიტე ყველა იმ უცნაური შემთხვევის იგნორირება, რაც სახლში ხდებოდა. რაც მე შემემთხვა, დაღლილობას დავაბრალე ხოლო სხვა დანარჩენს კი ასეთი ახსნა მივეცი: ალბათ ის მედიკამენტები, რომელიც ფილს დაუნიშნეს, იწვევდა ჰალუცინაციებს და ექიმს დაავიწყდა ამის შესახებ ჩემთვის ეთქვა, ხოლო ბრედლი და ჯენი უფროსი ძმის მონაყოლის გამო იყვნენ შეშინებულნი და თავადაც იგივე ეჩვენებოდათ. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ფილის სიცოცხლისთვის საჭირო იყო არ მომესმინა მათთვის.” იხსენებს კარმენი. ამის შემდეგ ერთ ღამეს ისინი ბავშვებმა შუაღამისას გააღვიძეს. მათ, საძინებელში რამოდენიმე ადამიანი დაინახეს რომელთაც, სახეები უბრალოდ არ ჰქონდათ… ბავშვები იმდენად შეშინებულნი ჩანდნენ რომ კარმენი და ალენი მაშინვე ადგნენ და სარდაფში ჩავიდნენ მაგრამ იქ აღარავინ იყო. ალენმა გადაწყვიტა პრიმიტიული გზით დაემტკიცებინა რომ იქ არავინ იყო, თოვლში გარეთ გავიდა და სახლს შემოუარა, დაბრუნებულმა კი შვილებს “მყარი” არგუმენტი წაუყენა: თოვლში არავის ნაკვალევი არ არისო. ფილის უმცროსი ძმა, ბრედი იხსენებს: “ეს ძალიან საწყენი იყო ჩვენთვის, საკუთარი მშობლები არ გვენდობოდნენ, როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე რამ დაგვსიზმრებოდა ორთავეს ერთად და თანაც გაუღვიძებლად ავსულიყავით. მამა ძალიან გაბრაზებული ჩანდა და მივხვდით რომ მათგან ამის აღიარების იმედი აღარ უნდა გვქონოდა.” გამოსავალი კი მხოლოდ ერთი იყო. ხმები და უცნაური სილუეტები მხოლოდ სიბნელეში მოდიოდნენ, ამიტომ ძმებმა ანთებულ შუქში დაიწყეს ძილი. მცირე ხნის განმავლობაში ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო..

როგორც ზემოთ ვთქვი, ფილის მკურნალობის გამო სახლში გადმოსვლამდეც, სნიდქერების ოჯახის ბიუჯეტი დიდ კრიზისს განიცდიდა, ქონექთიკუტში მკურნალობამ კი მათი გასავალი კიდევ უფრო გაზარდა. თვის ბოლოს ისინი თითქმის 5 სანტიმეტრის სისქის საგადასახადო ანგარიშების დასტებს იღებდნენ რამაც სხვა ყველაფერთან ერთად, ოჯახის უფროსის, ალენის ნერვებზეც უარყოფითად იმოქმედა და ალენმა ჯერ ალკოჰოლის მიღებას მოუხშირა, შემდეგ კი ოჯახშიც დაძაბულობამ იმატა. ბოლო თვის ანგარიშში ალენის განსაკუთრებული ყურადღება ელექტრო ენერგიის გადასახადის რაოდენობამ მიიპყრო. მიზეზიც მალევე დადგინდა – ბავშვები ღამით ანთებულ შუქში იძინებდნენ. ალენი უკვე თვლიდა რომ ეს პრობლემა მაინც მოიშორა თავიდან მაგრამ აღმოჩნდა რომ ცდებოდა, რის გამოც ის წყობიდან გამოვიდა და პრობლემის მოგვარების თავისებურ ხერხს მიმართა: აბსოლიტურად ყველა ნათურა მოხსნა მთელს სახლში და სანაგვეში გადაუძახა. იმ ღამეს ფილი და ბრედლი ისივ სიბნელის წინაშე დარჩნენ მარტონი. შედეგმაც არ დააყოვნა, სინათლემ, რომელსაც ადრე მათთვის სიმშვიდე მოჰქონდა, ახლა შიში და და ტერორი მოუტანა. ჯერ შუაღამეც არ იყო როცა ბრედლი ოთახში შუქის ანთებამ გამოაღვიძა, მან ნათურის ჩამრთველთან თავისი უმცროსი და, ჯენი დაინახა, რომელიც ჩამრთველის ღილაკს აწვალებდა, შუქს ანთებდა და აქრობდა. ბრედლიმ დას დაუყვირა რაზეც ფილსაც გაეღვიძა. “უეცრად რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, იმ ოთახში არაერთხელ გამომიცდია შიში, მაგრამ არა ისეთი ისტერიული, როგორიც ამ შემთხვევაში. ფილს როცა გაეღვიძა, ჯერ მის გაოცებულ სახეს შევხედე, მერე ჯენის და უცებ გამახსენდა რომ ოთახში ნათურა არ იყო, ჯენის სახე კი მიუხედავად იმისა რომ თითქოს ცელქობდა, გაყინულივით შემომცქეროდა. ნათურის ცარიელ ადგილას კი ისევ ითებოდა და ქრებოდა შუქი…” ბიჭები შიშისგან პანიკაში ჩავარდნენ და სარდაფიდან სირბილით ამოვარდნენ, მათ ხმაურზე მშობლებსაც გაეღვიძათ. ბიჭები ჯენის საძინებელში შეცვივდნენ სადაც აღმოჩნდა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მას მშვიდად ეძინა და ფეხიც არ გაუდგამს ოთახიდან.

მშობლებმა ისევ არ დაუჯერეს ძმებს. სწორედ ამ დღიდან, ფილმა გადაწყვიტა რომ ძალას, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ასე გაურბოდა, პირისპირ შეხვედროდა, ამ დღიდან ფილის ქცევა და ხასიათი რადიკალურად შეიცვალა. ის გახდა ყველას მიმართ ცივი, ბრედლის მიმართაც კი, რომელთანაც ყველაზე ახლოს იყო. მან დაუყოვნებლივ მოითხოვა რომ ბრედი სხვა ოთახში გადასულიყო რადგან მარტო უნდოდა ძილი. გაურკვეველია რა ხდებოდა მის ცხოვრებაში და რა გავლენა იქონია ამ უცნობმა ძალამ მასზე. ის თითქმის აღარ ამოდიოდა სარდაფიდან, აღარავის აღარ სცემდა ხმას, დაიწყო მხოლოდ შავი ტანსაცმლის ტარება და გახდა უაღრესად ნერვიული. უეცრად გაუარესდა მისი ფსიქიკური და ნერვული მდგომარეობა, ამ დროს კი საავადმყოფოში დაუჯერებელი პასუხი მიიღეს. როგორც დასაწყისში ვთქვი, ფილი დაავადებული იმუნური სისტემის კიბოთი, რომელიც ერთერთი უმძიმესი დაავადებაა, მოულოდნელად კი მისმა დაავადებამ განიცადა რემისია,(ლათ. remissio შემცირება, შესუსუტება – (მედიც.). ავადმყოფობის მოვლენათა დროებითი შესუსტება ან გაქრობა), საჭირო იყო მხოლოდ სამი თვე, მკურნალობის შემდგომი პროცედურებისთვის. თითქოს ყველაფერი კარგად იყო მაგრამ კარმენის გასაოცრად ეს ფილს სულაც არ გახარებია. მისი ნერვული მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

რადგანაც ფილის ავადმყოფობა უკვე უკან იყო კარმენმა გადაწყვიტა რაიმეთი მაინც ეცადა მისი რთული სულიერი მდგომარეობიდან გამოყვანა და ამ მიზეზით თავისი დისშვილი, 17 წლის ტემი დაპატიჟა თავისთან. ტემის და ფილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და კარმენმა ჩათვალა რომ მისი ჩამოსვლა დადებითად იმოქმედებდა ფილზე. თანაც ამ დროს ტემის მშობლები განქორწინებას აპირებდნენ და ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა დროებით დეიდასთან ეცხოვრა. თუმცა ქონექტიკუტში ჩამოსულ ტემის აღარ დახვდა ის ფილი, რომელსაც ადრე იცნობდა. ტემი გაოცებული იყო იმ ცვლილებებით რაც ფილში შეამჩნია მაგრამ ის ყველაზე მეტად ფილის სიტყვებმა შეაშინა. “ერთი წელიც არ იყო გასული მას შემდეგ რაც ფილი ბოლოს ვნახე და ახლა უეცრად დამხვდა ადამიან, რომელიც აღარაფერში ჰგავდა ფილს, კარგი და კეთილი ბავშვიდან ის იქცა ბოროტად, რომელსაც სძულდა ყველა და ყველაფერი. მან მომიყვა თუ როგორ მოდიან მოჩვენებები მასთან ღამით და ელაპარაკებიან, მომიყვა დემონის შესახებ რომელსაც ის ყველაზე ხშირად ხედავდა და რომელიც მასთან სალაპარაკოდ მოდიოდა.” იხსენებს ტემი. მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. ფილი ტემისთან უკვე არ მალავდა რომ დემონი, რომელიც მასთან მოდიოდა, უკვე მისგან მოითხოვდა რაიმე ცუდის და ბოროტის ჩადენას. მალე კი მან დაიწყო კიდეც ამის გაკეთება. ერთ ღამეს ფილი თავს დაესხა მძინარე ტემის და მის დახრჩობას ცდილობდა, ტემი დაუსხლტა მას და გაიქცა, ფილი კი განაწყენებული ეძახდა, “სად გარბიხარ, მე ჯერ არ დამიმთავრებია!”.. ტემისთვის უკვე აუტანელი იყო ფილთან ცხოვრება.

8534e4edb7d9

ფილის მიერ აღწერილი დემონის სახის რეკონსტრუქცია Discovery-ს დოკუმენტური ფილმიდან

ამ შემთხვევის შემდეგ კარმენმა ფილი უკვე ფსიქიატრთან წაიყვანა, რომელმაც ფსიქოთერაპიული მკურნალობა ურჩია. კარმენი დათანხმდა მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს უკვე გვიანი იყო. ღამით ფილი ხელმეორედ დაესხა თავს ტემის და ამჯერად მიზანსაც მიაღწევდა, კარმენს რომ არ გაეგონა და არ მიშველებოდა ტემის. სხვა გამოსავალი აღარ ჩებოდა, აუცილებელი იყო ფილის ფსიქიატრიულ კლიიკაში გადაყვანა. მისი უმცროსი ძმა, ბრედლი, ამ დღეს ყველაზე მძიმედ იხსენებს. “ფილი ნორმალურს აღარ ჰგავდა, ის ყველას წინააღმდეგ იყო მიმართული. როცა მანქანა მოვიდა და ფილს მასში სვამდნენ, მან ტირილი დაიწყო, სად მიგყავართო. ის წაიყვანეს, თუმცა ბოლოს მან მშობლებს უცნაურად შეხედა და უთხრა: “როცა მე აღარ ვიქნები სახლში, ის მოგაკითხავთ თქვენ!”

იმავე ღამით ალენი სამსახურში უნდა წასულიყო, კარმენი კი სახლში დაბრუნდა. იმავე ღამით ერთიც და მეორეც დარწმუნდა რომ შეცდნენ, როცა შვილს არ დაუჯერეს. ტემის უკვე ეძინა და კარმენი აბაზანაში შხაპს იღებდა როცა ტემიმ იგრძნო რომ ვიღაც მას საბანს აძრობდა, თვალები გაახილა და ოთახში არავინ დახვდა ხოლო საბანი ისევ მოძრაობდა, მან შიშისგან იკივლა და იმავე წამს სააბაზანოდან კარმენის კივილიც გაიგონა. კარმენს მოულოდნელად საშხაპის ფარდა შემოეხვია და თითქოს რაღაც უხილავი ძალა გამეტებით ცდილობდა მის მოხრჩობას. მიუხედავად განცდილი შიშისა, ტემი შევარდა საშხაპეში და ის გაათავისუფლა, სასადილო ოთახში გამოსულმა კი, გარკვევით დაინახა თუ როგორ ტივტივებდა ჭერზე ადამიანის მუქი ფიგურა. თავზარდაცემულ ტემის ხმის ამოღების უნარიც კი წაერთვა, როცა იგრძნო რომ ჯვარი, რომელიც ყელზე ეკეთა, ჯერ ჰაერში წამოიწია, შემდეგ კი გაწყდა და ნამსხვრევებად იქცა. უკვე ორთავესთვის ნათელი გახდა რომ სახლში მართლაც არსებობდა რაღაც უჩინარი ბოროტი ძალა. კარმენმა მაშინვე დაურეკა ქმარს სამსახურში მაგრამ როგორც ჩანს მისი დარწმუნება აღარ იყო საჭირო. სამსახურში მისულმა ალენმა, თავისი მანქანა იქვე, შენობის წინ გააჩერა და თავად შენობაში შევიდა. უცებ მანქანა თავისით დაიქოქა, გაოცებულმა ალენმა ფანჯარაში გაიხედა და გაოცდა: მანქანაში არავინ იჯდა, ჯერ ფარები აინთო ხოლო შემდეგ სწრაფად დაიძრა და ისეთი ძალით დაეჯახა შენობას რომ კედელი გაანგრია. ალენმა წამით მოასწრო თავის არიდება… ზუსტად ამ დროს დაურეკა მას კარმენმა. მთელი ოჯახი პანიკაში იყო, ალენის “ინცინდენტმა” ნათლად დაანახა არამხოლოდ ის, რომ ამდენ ხანს საკუთარ შვილის ნათქვამ სიმართლეს არ იჯერებდნენ, არამედ ისიც რომ სახლის დატოვების შემთხვევაშიც კი, ისინი თავს ვერ აარიდებდნენ ამ უხილავ ბოროტებას. მათ მეორე დღესვე სცადეს ფილის გამოყვანა კლინიკიდან მაგრამ 45 დღიანი კურსის დასრულებამდე შვილის დაბრუნებაზე უარი მიიღეს. ფაქტიურად მათ გამოსავალი არ ჰქონდათ, მოცემულ შემთვევაში არავის დახმარების იმედი აღარ არსებობდა. კარმენმა ისევ ბოლო შანსს, ეკლესიას მიმართა.

65fcd8730901

სნიდქერების სახლი, ახლანდელი ხედი.

გამოსავალი, მათი თვალთახედვით მხოლოდ ერთი არსებობდა – ეგზორციზმი. ეგზორციზმი, ანუ ბოროტი ძალისგან განწმენდა, ძალიან მძიმე და სპეციფიკური პროცედურაა, ამ მეთოდს კათოლიკური ეკლესია ძალიან იშვიათად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იღებს, ეგზორციმზმის ჩატარებისთვის მხოლოდ ერთი მღვდლის თანხმობა არ არის საკმარისი, ასეთ დროს საჭიროა ასეთ დროს საჭიროა უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირის ნებართვა, ხოლო ნებართვის მისაღებად აუცილებელია ეკლესიამ გამოყოს სასულიერო პირი, რომელიც მიდის ადგილზე, იკვლევს სახლსა თუ ადამიანებს და ადგენს რეალურად მოცემულ შემთხვევაში უწმინდური ძალის არსებობასა თუ არარსებობას. ყველა იმ სასულიერო პირის სახელი, რომელიც ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ პროცესში იყო ჩაბმული, მკაცრად გასაიდუმლოებულია და მათი სახელ გვარების მოპოვება სამწუხაროდ ვერც მე მოვახერხე. ეკლესიის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ამ სახლში მოვიდა ყოველივეს გამოსაკვლევად, საკმაოდ უცნაურად გაბრუნდა უკან: სულ რაღაც ნახევარი საათის კვლევის შემდეგ, ის ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით გაიქცა სახლიდან, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია არც მაშინ, და არც შემდგომში. ეგზორციზმის ჩატარებისთვის თანხმობის მისაღებად აშკარად დიდი დრო იყო საჭირო. რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, კარმენმა გადაწყვიტა მოეძებნა ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესახებ, შემთხვევა კი იყო ერთი, და ძალიან მსგავსი: ამიტივილის ტრაგედია. როდესაც კარმენი დაწვრილებით გაეცნო ამიტივილის შემთხვევას, დარწმუნდა რომ ამ ორ ისტორიას შორის ბევრი საერთო იყო. შემდეგ კი მან იპოვა წყვილი, დემონოლოგები, ედ და ლორეინ ვორენები, რომლებიც ამიტივილიდან ლუტზების წასვლის შემდეგ იკვლევდნენ სახლს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს ამაში. ლორეინმა გამოიკვლია სახლი და დაადასტურა სახლში უწმინდური ძალის არსებობა, მაგრამ ვორენებსაც სჭირდებოდათ კათოლიკური ეკლესიის სანქცია. ამისათვის კი აუცილებელი იყო მტკიცებულება. ვორენები დაუკავშირდნენ თავიანთ ძველ კოლეგას, ჯონ ზაფისს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიაშიც ავტორიტეტით სარგებლობდა, მათ მოიმარაგეს ყველა საჭირო მოწყობილობა და “ჩასაფრდნენ” სნიდქერების სახლში. საჭირო იყო მხოლოდ ცდა, თუმცა აღმოჩნდა რომ დიდხანს ცდა მათ მაინც არ მოუწევდათ.

ვორენები ვარაუდობდნენ რომ რადგან სახლში არსებული ძალის მთავარი სამიზნე – ფილიპი უკვე სახლში აღარ იმყოფებოდა, ის ამოირჩევდა შემდეგ ობიექტს, სავარაუდოდ ყველაზე დასუსტებულს მათგან. ედმა აღწერა დემონის ადამიანში ჩასახლების ხუთი სტადია: 1) “შეჭრა”, ანუ ბნელი ძალის მიერ ადამიანის არჩევა. ეს თავისებური “დაზვერვაა”, როდესაც ბნელი ძალა ცდის თავისი ზეგავლენის შედეგს ადამიანზე; 2) იზოლირება, როცა არჩეული ადამიანი ცდილობს გარშემომყოფებისგან იზოლაციას; 3) “დამორჩილება” – როცა ადამიანი იქცევა უკიდურესად აგრესიულად გარშემომყოფებთან; 4) “ჩასახლება” – როცა ადამიანი სრულად კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს და ბოლო, სიკვდილი. სნიდქერების ოჯახში ამჯერად შემდეგი მსხვერპლის არჩევისას, სახლში არსებულ ბოროტ ძალას ბევრი დრო არ დასჭირვებია, კარმენს, რომელსაც ტანჯავდა დანაშაულის გრძნობა თავისი შვილის მიმართ, მოულოდნელად კრუნჩხვა დაეწყო. ის ტახტზე იჯდა და საუბარში იყო ჩართული როდესაც უცებ იგრძნო, თუ როგორ გადაეკეტა სუნთქვა და მოულოდნელად აღმოჩნდა ძალიან ღრმა ორმოში. “ვხედავდი ათასობით საშინელ სახეს, რომელიც მე მომჩერებოდა, თუმცა ყველაზე საშინელი იყო გამოუვალობის შეგრძნება”… მაგრამ ამჯერად კარმენი მარტო არ იყო ამ ძალასთან, მას ვორენებისა და ზაფისის სახით ძლიერი მოკავშირეები ჰყავდა. დიდი წვალების შემდეგ მათ შეძლეს კარმენის გამოყვანა მდგომარეობიდან, თუმცა ამას რვა საათზე მეტი დასჭირდა. ჯონ ზაფისს მანამდეც არაერთხელ ჰქონია შეხება გაურკვეველ ბოროტ ძალასთან, სწორედ მან გადაიღო ამიტივილის სახლში გოგონას მოჩვენების სურათი, რომელიც შემდგომ საყოველთაოდ ცნობილი გახდა, მაგრამ მისი თქმით ის არასოდეს შეხვედრია ასეთ მძიმე და ძლიერ უწმინდურ ძალას, როგორსაც ქონექთიკუტში შეხვდა. კარმენის შემთხვევის შემდგომ სახლში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა: რადგან აუცილებელი იყო ზაფისის და ვორენების უშუალოდ სახლში ყოფნა 24 საათის განმავლობაში, სასტუმრო ოთახში გაშალეს გასაბერი ლეიბები, რომლებზეც ისინი იძინებდნენ. იმ დღის შემდეგ გასაბერმა ლეიბებმა დაიწყეს “სუნთქვა” და ზაფისს თავისი ლეიბის გულისცემაც კი ესმოდა. მომხდარი უკვე აშკარად აღარ ემორჩილებოდა ბუნების კანონებს, ზაფისმა კი მოულოდნელად ახალი დარტყმა მიიღო: ღამით ის გაურკვეველმა ძალამ გამოაღვიძა და სარდაფისკენ მოუხმო, თუმცა სარდაფის კარებთანვე ის პირისპირ შეეჩეხა დემონს, რომელიც თავის დროზე ფილმა აღუწერა ტემის. ზაფისი დღესაც იხსენებს რომ მსგავსი ინტენსივობის ძალა მას არასოდეს უნახავს, შოკმა და განცდილით მიღებულმა შიშმა ზაფისი წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ის იძულებული გახდა მაშინვე დაეტოვებინა სახლი. სიტუაცია თანდათან უფრო გამოუვალი ხდებოდა. აუცილებელი იყო კათოლიკური ეკლესიის თანხმობა და ვორენებმა შეძლეს ეგზორციზმის ჩატარების სანქციის მიღება. ეგზორციზმის ჩასატარებლად კათოლიკურმა ეკლესიამ გამოგზავნა სპეციალურად შერჩეული მღვდელი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში.

5edef9d77dd4

ედ და ლორეინ ვორენები

e9ee7f954125

ჯონ ზაფისი

fdcfaadfe98c

ალენ და კარმენ სნიდქერები ჯონ ზაფისთან ერთად

abe4b7404dc2

ეგზორციზმის დღე. ზემოთ: ალენი, ტემი, ედ და ლორეინ ვორენები, ქვემოთ: ბრედლი, კარმენი, ალენ უმცროსი და ჯენი (ფილი ამ დროს კლინიკაში იმყოფებოდა)

803797ebb9aa

ჯონ ზაფისი და ედ ვორენი ამიტივილში, დეფეოების სახლის კვლევისას

837623bf1c36

გოგონას მოჩვენება, რომელიც ამიტივილში ჯონ ზაფისმა გადაიღო

7592b699d29d

კარმენ სნიდქერი

c09d1836cdc8

ჯონ ზაფისი მიუთითებს ადგილს, სადაც მან დემონი დაინახა

cc62dfc4cb80

გვამების ასატანი ლიფტი სარდაფში

ეგზორციზმის დაწყებამდე მღვდელმა აკურთხა სახლი რის დროსაც ის ძალიან ბევრ “შემთხვევით” დაბრკოლებას გადააწყდა, თუმცა ის უხმოდ იტანდა ყველაფერს და იმავე საღამოს ეგზორციზმის რიტუალიც დაიწყო… ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანისთივის ეს საღამო დღესაც რთული მოსაგონარია, რიტუალის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში ოთახში სრულმა ქაოსმა დაისადგურა, ცვიოდა და კედლებზე იფშვნებოდა ნივთები, ბოლოს კი ამ დაუნდობელმა ძალამ ტემი აიტაცა ჰაერში. “მახსოვს მხოლოდ ის რომ იატაკს მოვწყდი და ვიხრჩობოდი” იხსენებს ტემი იმ საღამოდან. საბოლოოდ კი ეგზორციზმის რიტუალი წარმატებით დასრულდა. მღვდელმა შეძლო ბოროტი ძალის განდევნა სახლიდან, თუმცა მას აღარასოდეს უხსენებია ამ ძალის სახელი და არ დაუკონკრეტებია თუ რა ძალას შეერკინენ ისინი იმ საღამოს. “როცა ყველაფერი დამთავრდა, მიუხედავად იმისა რომ გარეთ ბნელოდა, ისეთი შიგრძნება მქონდა თითქოს ყველა ფანჯარა გაიღო და სინათლე შემოიჭრა სახლში” – იხსენებს კარმენი. საბოლოოდ, 9 კვირიანი ბრძოლის შემდეგ ბოროტი ძალა განიდევნა და ყველაფერი დასრულდა.

სნიდქერებმა დატოვეს სახლი, გაზაფხულზე, როცა ფილი გამოწერეს, ის უკვე სრულიად განკურნებული იყო, ბავშვი, რომელსაც რამოდენიმე თვის წინ სასიკვდილო და განუკურნებელი დაავადება სტანჯავდა, სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა კლინიკიდან. მას შემდეგ ფილს აღარასოდეს უხსენებია ქონექთიკუტის სახლში მომხდარი ისტორია, მალე შტატიც დატოვა და სამუდამოდ გაერიდა თავს გადამხდარ საშინელებას.

როდესაც საუბარია ძალაზე, რომლის არსებობაშიც არავინაა დარწმუნებული, ძნელია ამტკიცო რაიმე, მაგრა ერთი რამ ფაქტია: აქ, ისევე როგორც ამიტივილში, არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი ოჯახი გრძნობდა არ ძალას, აქაც, ისევე როგორც ამიტივილში, ერთერთი ოჯახის წევრი განაწყო მან მტრულად სხვა წევრების მიმართ და არავინ იცის რითი დასრულდებოდა ყველაფერი, მოვლენები რომ სხვაგვარად განვითარებულიყო. არც იმის გამორიცხვა შეიძლება რომ, სხვაგვარი დასასრული შეიძლება ისეთივე ტრაგიკული ყოფილიყო, როგორც ეს დეფეოების ოჯახისთვის აღმოჩნდა. ქონექთიკუტის შემთხვევაზე ბევრი სხვადასხვა აზრი გამოითქვა, მასზე გარდა 2009 წელს გადაღებული ფილმისა “The Haunting in Connecticut”, რამოდენიმე წიგნი გამოიცა და ორი დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

სტატია მომზადებულია ყოველგვარი თარგმნისა და კოპირების გარეშე, მხოლოდ www.ucnauri.com-ისთვის.

ავტორი: Velociraptor

მსგავსი ამბები

Back to top button