ნუთუ სიმაღლეს მნიშვნელობა აქვს, როდესაც შეყვარებული ხარ?
ხანდახან წყვილში ქალი უფრო მაღალია ან პირიქით. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხიბვლელობა სიმაღლეზე მაღლა დგას. თუმცა ალბათ განსაკუთრებით საინტერესონი არიან ცნობილი ჯუჯა მამაკაცები, რომლებსაც გაცილებით მაღალი და სიმპათიური ქალები უმშვენებენ გვერდს.
დაძლეული კომპლექსები
ამერიკელი მსახიობი პიტერ დინკლეიგი ისეთ ფილმებში გამოჩნდა, როგორებიცაა “ნარნიას ქრონიკები” და “მეისრე”, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 134 სანტიმეტრი სიმაღლისაა და თანდაყოლილი ქონდროდისტროფია აქვს. 2005 წელს მან თეატრალურ რეჟისორ ერიკა შმიდტზე იქორწინა, რომელიც მასზე გვარიანად მაღალია.
დინკლეიგს არაერთხელ უსაუბრია საკუთარი გარეგნობის შესახებ, რომელიც თანდაყოლილია და არა გენეტიკური – მისი ორივე მშობელი და ძმაც ჩვეულებრივი სიმაღლისანი არიან. “როდესაც პატარა ვიყავი, საშინლად განვიცდიდი საკუთარ ნაკლს, გარეთ გასვლა არ მინდოდა. თუმცა რეალურად, ამ გარეგნობის წყალობით მოვიპოვე წარმატება, მათ შორის ქალებშიც. ისე ალბათ არავინ მომაქცევდა ყურადღებას. როდესაც გავიზარდე, პოპულარული გავხდი, როდესაც საკუთარი ძალების რეალიზება მოვახდინე, იუმორით შევხედე ამ ამბავს. ახლა ნაკლები პრობლემა მაქვს და თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობ”.
სასიყვარულო ვიდეო
ეს ადამიანი უფრო ცნობილია ოსტინ პაუერსის შესახებ ბოლო ორი ფილმით. ჰოლივუდის 81-სანტიმეტრიანმა ვარსკვლავმა ვერნ ტროიერმა, რომელიც ყველაზე ტანდაბალი ცნობილი ადამიანია, გადაწყვიტა, ჭეშმარიტი სიმაღლე დაეპყრო და ჟენევიევა გალენზე იქორწინა – იოგის ინსტრუქტორზე, რომელმაც თავისი სილამაზე “პლეიბოის” გარეკანზე არაერთხელ წარმოუდგინა საზოგადოებას. თუმცა, როგორც ჩანს, ხასიათებით ვერ შეეწყვნენ – ტროიერმა მალევე შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ.
თუმცა ამ ფაქტს ვერნის ცხოვრებაში არავითარი ტრაგედია არ შეუქმნია. ვერნი თავისი ტანდაბლობის გამოც არ ჩივის არასოდეს, რადგან სწორედ გარეგნობამ მოუტანა წარმატება და პოპულარობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალებს შორისაც.
მას იმდენი საყვარელი ჰყოლია, რომ ერთ-ერთ ყველაზე მექალთანე მამაკაცად ითვლება და ინტერნეტში მისი და მისი ყოფილი მეგობარი გოგონას, ტანმაღალი და სექსუალური რენე შნაიდერის პორნოგრაფიული ვიდეოც კი გამოჩნდა. წყვილმა საკუთარი ინტიმური წარმატებების დაფიქსირება რომანტიკული შვებულების დროს გადაწყვიტა. “ჩვენ შორის არც ერთს მანამდე ეს არ გაუკეთებია”, – ჰყვებოდა მოგვიანებით შნაიდერი. ისიც აღნიშნა, რომ ვერნი საოცარი საყვარელია და ამას აღნიშნული ვიდეოს საშუალებით სხვებიც დაინახავენ.
თუმცა მოგვიანებით სკანდალი მაინც აგორდა. აღმოჩნდა, რომ ერთობლივი თანხმობით კი გადაიღეს რგოლი, მაგრამ ვერნს სულაც არ სურდა, ეს ვიდეო ფართო სამსჯავროზე გამოეტანათ და მთელ მსოფლიოს ენახა – ინტერნეტში კი მართლაც მთელი მსოფლიოა შემძვრალი. ვერნმა სასამართლოშიც იჩივლა, თუმცა შნაიდერმა თავი კარგად დაიცვა, მერე კი აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი 5 ათას დოლარად ჰქონდა გაყიდული.
ყოფილი ვარსკვლავი
ყოფილმა ვარსკვლავმა გერი კოულმანმა გაცილებით მაღალი და ახალგარზრდა ცოლი აირჩია – შენონ პრაისი, რომელსაც საოცარი საქორწინო სიურპრიზი გაუკეთა – 2007 წელს, მისივე დაბადების დღეს მთის წვერზე მოუწყო ქორწილი.
თირკმლების თანდაყოლილი დაავადების გამო კოულმანმა ადრეულ ასაკში შეწყვიტა სიმაღლეში ზრდა. მართალია, ეს მდგომარეობა არ უშლიდა ხელს ბავშვობაში, უკვე მოზრდილი კი ფინანსურ და პირად პრობლემებს გადააწყდა. თუმცა მაინც ხშირად ჩნდება ტელეშოუებში და კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზეც კი იყრიდა კენჭს. ეგ კი არა, სკანდალებში გახვევასაც ახერხებს და ერთხელ ციხეშიც კი მოხვდა. მამაკაცმა უჩივლა, რომ ავტოგასამართ სადგურზე მასზე თავდასხმას ცდილობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცმა მისი არასტანდარტული გარეგნობის გამო გაიხუმრა და კოულმანისგანაც სათანადო პასუხი მიიღო.
კენი ბეიკერი – ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჯუჯა
კენი ბეიკერი, “ვარსკვლავური ომების” გმირი, ერთ-ერთი პირველი ჯუჯაა, რომელიც დიდ კინოში გამოჩნდა და სახელიც მოიხვეჭა. მისი სიმაღლე 112 სანტიმეტრია და ჯორჯ ლუკასთან მოხვედრამდე ცირკსა და კაბარეში მუშაობდა.
კენი ბეიკერი 1934 წელს ბირმინგემში დაიბადა. 1977 წელს ცირკში მუშაობდა, როდესაც ჯორჯ ლუკასმა შეამჩნია, თავის საგას “ვარსკვლავურ ომებს” რომ ამზადებდა და როლი შესთავაზა. კენი რობოტის შიგნით უნდა ჩამძვრალიყო, ეს იყო მისი როლი.
სულ “ვარსკვლავური ომების” ექვს ეპიზოდში ითამაშა და მართალია, მესამე ეპიზოდის არც ერთ სცენაში არ გამოჩენილა, მისი სახელი მაინც შეიტანეს მსახიობების სიაში – ჯორჯ ლუკასმა ასე დაუფასა ერთგულება.
ბეიკერი ასევე თამაშობდა მესამეხარისხოვან როლებს რამდენიმე ბრიტანულ პროექტში, თუმცა მოგვიანებით მძიმედ დაავადდა და კინოსამყაროს გაერიდა.
სხვათა შორის, კენის ცოლიც ჯუჯა გახლდათ, თუმცა ორივე ვაჟი, რომელიც მათ გაუჩნდათ, ჩვეულებრივი სიმაღლის არიან. ორივემ მსახიობობა აირჩია მომავალ პროფესიად. ამჟამად კენი ბეიკერი საყვარელ ცოლთან ერთად ინგლისში ცხოვრობს და ყოფილ დიდებას იხსენებს.
ცნობილი პიანისტი
ვილი ვონკის შემქმნელის როალდ დალისა და მსახიობ პატრისია ნილის შვილიშვილი სოფი დალი (180 სმ) ისეთი პუტკუნა აღარ არის, როგორიც ბავშვობაში იყო, თუმცა სიმაღლეში კვლავაც საგრძნობლად უსწრებს ინგლისელ მუსიკოს ჯეიმი კალამს (167 სმ). სოფიმ თავისი საქმრო მკერდის სიმსივნესთან ბრძოლის ცენტრის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, სადაც ერთად შეასრულეს ორი სიმღერა. როგორც ჩანს, სოფის მუსიკოსები უყვარს. ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ ის მიკ ჯაგერს ხვდებოდა.
თვით ჯეიმი კალამი ახალგაზრდა ჯაზის პიანისტია, რომლის სადებიუტო ალბომმა 2004 წელს ნამდვილი ფურორი მოახდინა დიდ ბრიტანეთში. მალე ახალ ალბომსაც უმზადებს თაყვანისმცემლებს, რომლის შექმნაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო მისმა ცნობილმა ცოლმა.
წყარო: www.ambebi.ge