არქივი

ფრანსისკო გოია – მარტოსული გენია

684daef620fb

გოიამ, ისევე როგორც ველასკესმა და პიკასომ, დიდი ზეგავლენა მოახდინა ესპანურ ფერწერაზე.

არაგონში დაბადებული ეს მხატვარი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა და გამუდმებით ხატავდა, არტისტული გენიის ნამდვილი პარადიგმაა. მან იმჟამინდელი ფერწერის კანონებს გადააბიჯა და შემოქმედების ორიგინალურობით წინ გაუსწრო შემდგომი ეპოქების ხელოვნებას. გოია სარაგოსაში გაიზარდა. მამამისი ხელოსანი კაცი იყო. XVIII საუკუნეში ამ ქალაქში სიცოცხლე დუღდა და გადმოდუღდა. ეს დიდწილად განაპირობა აქ გაბატონებულმა ფიზიოკრატიამ (ეკონომისტთა ფრანგული სკოლა, რომლის ფუძემდებელი იყო ფრანსუა კიონე; ფიზიოკრატთა აზრით, წარმოების ერთადერთი დამოუკიდებელი ფაქტორი ნიადაგი, ბუნებაა), რომლის ბევრი გავლენიანი მიმდევარიც იმ მხარეში დამკვიდრდა. ამ ხელსაყრელ გარემოში სასულიერო მხატვრობაში გაწაფულ და არტისტული ბუნების გოიას არაგონელი კოლეგების, ძმები ბაიეუების მხარდაჭერა ჰაერივით სჭირდებოდა. მართლაც, ფრანსისკო ბაიეუს კარგი ურთიერთობა ჰქონდა კარლოს III-ს კარის მხატვართან, ანტონ რაფაელ მენგსთან, მეტად მკაცრ კაცთან, რომელმაც ნეოკლასიციზმი დაამკვიდრა. ბაიეუების დასთან ქორწინების შემდეგ ფრანსისკომ გოიას მეფის სასახლის კარი გაუღო. მისი წყალობით იგი მეფის შპალერის მანუფაქტურისთვის ნიმუშებს ხატავდა და როგორც ამას სადღესასწაულო თემატიკის ლაღი და სინათლით სავსე მისი ბრწყინვალე ნამუშევრები მოწმობს, ბედნიერი ხანა დაუდგა. გაწაფულ პორტრეტისტს დედაქალაქის არისტოკრატიაც ხელგაშლით შეხვდა და პირველ მხატვრად აღიარა. გოია ცნობილ ადამიანებს დაუახლოვდა და თავისუფლებისა და ტოლერანტობის იდეებიც გაითავისა. მის მეგობართა შორის იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე ინტელექტუალები, რომლებიც მხურვალედ იცავდნენ განმანათლებლობას და დესპოტიასა და ესპანური ადათ-წესების ობსკურანტიზმს აკრიტიკებდნენ. ამ ინტელექტუალთა შორის მოხვედრილი მოაზროვნე გოია სან-ფერნანდოს აკადემიის მოსწავლეთა შემოქმედებით თავისუფლებას იცავდა და თავისი მეგობრის, დრამატურგ მორატინის მსგავსად, თანამედროვე საზოგადოების გასაკრიტიკებლად სატირას მიმართა. თავისი კრიტიკული ხედვის გადმოსაცემად გოიამ გრავიურების ციკლი ”კაპრიჩოს”, ”ომის საშინელებანი”, ”აბსურდულობა” თუ ხალხური ტრადიციის ამსახველი ”ტავრომახია” შექმნა. 1792 წელს მძიმე სენმა სამუდამოდ წაართვა ყურთასმენა, რაც მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც აისახა. სწორედ ამ დროიდან ავლენს ინტერესს ყოველივე იმისადმი, რაც ცხოვრების ბნელ მხარეებს შეადგენს და ქმნის სავსებით ორიგინალურ ნაწარმოებებს, თავისუფალსა და ფანტასტიკურს, შთაგონებულს თავზარდამცემი სენითა თუ ბოდვით, რომლებიც შორს არის მადრიდის მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრებული თავაშვებულობისა და ფუფუნებით ტკბობისაგან. ამ პერიოდში კიდევ უფრო ღრმავდება პორტრეტის მისეული ფსიქოლოგიური წვდომა; იგი არა მხოლოდ ულმობლად ასახავს თავისი მოდელების ნაკვთებს, არამედ მათგან აღძრულ გრძნობებსაც გადმოგვცემს. ისტორიული მოვლენები, ომი დამოუკიდებლობისთვის და მისი მომდევნო აბსოლუტისტური რეპრესიები გოიას დეპრესიას კიდევ უფრო აღრმავებს და ის საკუთარ თავში იკეტება. ნაპოლეონის შემოჭრამ მომავლის იმედი მოუსპო და ადამიანის ნდობა დააკარგვინა. მხატვრის პალიტრა ჩამუქდა და ფუნჯის მონასმიც უფრო სქელი გახდა. ძალადობით გაჟღენთილ მის ნაწარმოებებს ჰალუცინაციური ელფერი შეეპარა. დეტალებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. სამაგიეროდ, მისმა ფერწერამ საოცარი გამომსახველობა და ძალა შეიძინა. ვერც ასაკმა და ვერც ბორდოში გადასახლებამ ვერ ჩაუკლა ხელოვანს ხატვის სურვილი, ის სიკვდილამდე თავის გრძნობებს ემორჩილებოდა.

აი მისი ნახატებიც

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button