ფილიპინელი ხილერები, ანუ ოპერაცია – შიშველი ხელებით
ადამიანებს, რომლებიც ოპერაციას შიშველი ხელებით, ანესთეზიისა და სამედიცინო ინსტრუმენტების გარეშე ატარებენ, ხილერები ჰქვიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინელი ხილერები უხსოვარი დროიდან არსებობდნენ, მათზე დაკვირვება XX საუკუნის 50 წლებიდან დაიწყეს. ამ ფენომენის შესწავლა პირველად ბიოლოგმა და მწერალმა, ლაიალ უოტსონმა გადაწყვიტა.
ის 22 ხილერის მიერ ჩატარებულ, ათასზე მეტ ოპერაციას დაესწრო. ხილერებისადმი მიძღვნილ წიგნში უოტსონი წერს: “ოთახში შემოვიდა ქალი, რომელიც მუცლის ტკივილს უჩიოდა. იგი საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს. ამასობაში ხილერიც შემოვიდა, ქალს მუცელზე ხელი მოუსვა, ნელ-ნელა, თითები კანქვეშ ჩაუყო და სისხლმაც ამოხეთქა.
ხილერმა პაციენტის მუცლიდან ჩოგბურთის ბურთის მსგავსი მასა ამოიღო და ურნაში ჩაგდებამდე, მე გადმომცა – თბილი და მკვრივი მასა გახლდათ. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ქალს მუცელზე დავაკვირდი – მას არათუ იარა, ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. პაციენტი ადგა და წავიდა”.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ფილიპინელი ხილერებით ჟურნალისტები და გერმანელი კინოდოკუმენტალისტები დაინტერესდნენ. სწორედ მათი წყალობით, ათეულობით აფერისტი გამოვლინდა, მაგრამ ისეთი პროფესიონალებიც დააფიქსირეს, რომლებიც ნამდვილ სასწაულს ახდენდნენ.
გადაღებულია კადრი, სადაც ჩანს, რომ ხილერმა, ხელის ოდნავი შეხებით, ლეიკოპლასტირი გადაჭრა, ხოლო ერთმა მოხუცებულმა “ქირურგმა”, ერთმანეთზე დაკრული ლეიკოპლასტირის ექვსი ფენა ენის წვერით გაჭრა… ცნობილია, რომ ბრაზილიელი “ქირურგი” ხოსე პედრო დე ფრეიტასი, ტრანსის მდგომარეობაში, პრიმიტიული იარაღით ათასამდე ოპერაციას ატარებდა და მის მიერ ჩატარებულ არც ერთ ოპერაციას გართულება არ მოჰყოლია.
არსებობენ სხვა პროფესიის ხილერებიც. მაგალითად, ფიტოთერაპევტი, რომელიც დაავადებულ ადამიანს ბალახეულით მკურნალობს, ზოგი კი პაციენტებს ლოცვებითა და მედიტაციით არჩენს, ზოგიც – მასაჟით ან თეთრი მაგიით.
ქირურგიული ოპერაციები 1-დან 10 წუთამდე გრძელდება. ამ დროს პაციენტი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის, სხეულზე იარები არ რჩება. ხილერები კატარაქტასაც მკურნალობენ, ნაღვლის ბუშტიდან ქვებსაც იღებენ და სიმსივნესაც კვეთენ.
მეცნიერების აზრით, ნამდვილი ხილერები კუნძულ ლუსონზე ცხოვრობენ. ეს კუნძული ანომალიური ზონაა. საინტერესოა, რომ ისინი მისამართს არ იცვლიან და ყოველდღე ათეულობით პაციენტს მკურნალობენ.
ჟურნალი ”გზა”