საკითხავისასარგებლო

დიდი ადამიანების უცნაური გადახრები ანუ საიდან მოდიან გენიოსები

09586287fac8

ვინ არიან გენიოსები და საიდან მოდიან ისინი?
ზოგიერთის აზრით, ასეთი ადამიანები პირდაპირ ციდან “ცვივიან”; სხვებს გენიოსობა ღვთის წყალობა, ანომალია ან სულაც, ავადმყოფობა ჰგონიათ. მოკლედ, ამქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, ამ საკითხზე იმდენი აზრი არსებობს.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტვინის ინსტიტუტის დირექტორის, სვიატოსლავ მედვედევის აზრით, უჩვეულო უნარების ქონა დაავადებაა, გენიოსი კი ავადმყოფი და ნორმიდან გადახრილი ადამიანია. “იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რატომაა, რომ გენიალური ფიზიკოსები და მათემატიკოსები დიდ აღმოჩენებს, ძირითადად, 35 წლის ასაკამდე აკეთებენ? – სვამს კითხვას მეცნიერი.

– არსებობს ჰიპოთეზა, რომ ადამიანის ტვინში წლების მანძილზე ჩამოყალიბებული “შეცდომების დეტექტორი” მუშაობს, რომელიც უკვე ცნობილი წარმოდგენების ფარგლებს გარეთ გასვლას კრძალავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს ყოველდღე, ხელახლა მოუწევდა საკუთარ შეცდომებზე სწავლა. დეტექტორი კი გამოცდილებას იმახსოვრებს და მრავალი მოქმედების ავტომატურად შესრულების საშუალებას იძლევა. ასე რომ, როგორც კი საკუთარი გამოცდილების ფარგლებს ვცილდებით და რაღაც ახლის მოფიქრებას ვიწყებთ, ტვინი იძლევა ბრძანებას: “შეუძლებელია!”

35bd28c54eae

თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ აღარც იმის ახსნა გაგვიჭირდება, რატომ ამბობენ, – ყველა ბავშვი გენიოსიაო. “იმიტომ, რომ მათ არც გამოცდილება აქვთ და არც ცოდნა, – განმარტავს მეცნიერი. – როცა ადამიანს გარკვეული ცოდნა უგროვდება, აკრძალვები კი ჯერ დოგმად არ ჰქცევია, სწორედ ამ დროს შეუძლია დიდი აღმოჩენების გაკეთება. ასაკის მატებასთან ერთად, “შეუძლებლის” გამოცდილება მხოლოდ მრავლდება და გროვდება, “გარღვევა” კი სულ უფრო იშვიათად ხდება”.

ცნობილია, რომ გენიოსები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მედვედევის აზრით, ამის მიზეზი გენიოსის ტვინისა და საერთოდ, მთელი ორგანიზმის ე.წ. “უშტატო” რეჟიმში მუშაობა, მუდმივად “აკრძალულ” ზონაში “სიარულია”…
XIX საუკუნეში მოღვაწე ფსიქიატრმა – ჩეზარე ლომბოზომ თავის სახელგანთქმულ წიგნში – “გენიალობა და შეშლილობა” – დიდი ადამიანების “უცნაურობების” მთელი გალერეა შეკრიბა. ამ წიგნის გარშემო კამათი დღემდე არ შეწყვეტილა.

გასული საუკუნის ოციან წლებში დოქტორმა სეგალინმა ბევრი დიდი ადამიანის, მათ შორის, გოეთეს, ბაირონის, ბალზაკის, შუმანის, ბახის, ტოლსტოის, დოსტოევსკის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის წინაპრების გენეალოგიური შტო და ავადმყოფობები გამოიკვლია. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შედგენილი გენიოსთა სიაც და გამოტანილი დასკვნებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, ბევრი სპეციალისტი მათ მაინც, სკეპტიკურად უყურებს. ყოველ შემთხვევაში, გენიალობასა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის პირდაპირ და მით უმეტეს, საფუძვლიან კავშირს ვერ ხედავენ.

6f1c0ef71416

“აზრი, რომ ყველა გენიოსს აუცილებლად, ფსიქიკური გადახრა უნდა ჰქონდეს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, – აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იური პოლიშჩუკი. – რა თქმა უნდა, ძნელი არაა იმ დიდი ადამიანების ჩამოთვლა, ვისაც ასეთი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავია ანომალიების არმქონე გენიოსების – შოპენი, რახმანინოვი, დიუმა, ჩეხოვი და ა.შ. – სიაც. უცნაურობები (მაგალითად, ზღვარგადასული ეჭვიანობა, ემოციური გაუწონასწორებლობა, ისტერიკულობა და ა.შ.) საერთოდ, ბევრ ადამიანს სჩვევია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ფსიქიკურად არიან დაავადებულნი. თუმცა, ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაში, ხასიათის ამ თავისებურებების წინასწარ განსაზღვრულ სქემაში მოქცევა და ამ გზით დიდი ადამიანისთვის ფსიქოტიზმის მიწებება მაინც შეიძლება – სწორედ ასე იქცეოდნენ ლომბოზოს მიმდევრები. მეტიც, გენიოსობის ანალიზით დაკავებული მეცნიერების ნაწილმა ფსიქიატრიის მთელი განყოფილება – პათოგრაფიაც კი შექმნეს.

აი, ზოგიერთი მაგალითი მათ მიერ განხილული “გადახრილი” გენიოსების საკმაოდ შთამბეჭდავი სიიდან: ვან გოგი მიიჩნევდა, რომ ის ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი; ჰოფმანს თვალთვალისა და ჰალუცინაციების მანია ჰქონდა; დოსტოევსკის ეპილეფსია სჭირდა; მანდელშტამს მძიმე ნევროზი და სუიციდის მცდელობები ჰქონდა; ფსიქიკის სერიოზული მოშლილობებით იტანჯებოდნენ შუმანი, ბეთჰოვენი, გოგოლი, რუსო, ნიცშე, ჰენდელი; ანა ახმატოვას ღია სივრცის ეშინოდა, მაიაკოვსკის კი ინფექციების, რის გამოც, სადაც უნდა წასულიყო, საპონიც თან მიჰქონდა; სკრიაბინის ყოველ შემოქმედებით შემოტევას წინ ისტერიკის შემოტევა უსწრებდა; ბერლიოზს მუსიკალური ნაწარმოებები აგდებდა ისტერიკაში; რაფაელს ყველგან მადონას სახე ელანდებოდა; მოპასანი ზოგჯერ, საკუთარ ორეულს ხედავდა; გლინკას ნერვული აშლილობა ჰქონდა, რომელსაც ხშირად, ჰალუცინაციაც ერთვოდა; პუშკინი ხასიათის მკვეთრი არამდგრადობითა და განწყობილების ცვლით გამოირჩეოდა – ლომბოზო ამ ყველაფერს გენიოსების განმასხვავებელ ნიშნად მიიჩნევდა, ჩემი აზრით კი გენიოსობა მხოლოდ ნორმის უკიდურესი გამოვლინებაა და ეს განსაკუთრებით, ემოციურობით გამორჩეულ მუსიკოსებს, მხატვრებს ეხება. ძალიან ფაქიზი ფსიქიკის გამო, მათ ბევრი “სუსტი” ადგილი აქვთ”…

ამჟამად, გენიოსების საიდუმლოს ძიება სხვა დონეზეა – სუპერტექნიკასთან დამეგობრებულ მეცნიერებს პირდაპირ ტვინში ჩახედვა და იმის დანახვაც შეუძლიათ, თუ როგორ წყვეტს ის რთულ ამოცანებს. თუმცა, საბოლოო დასკვნების გამოტანისგან მკვლევრები მაინც, თავს იკავებენ. დღეს მეცნიერები მხოლოდ იმ საკითხში არიან ერთსულოვნები, რომ გენეტიკოსების დახმარების გარეშე გენიალობის საიდუმლოს ამოხსნა ძალზე გაჭირდება ანუ აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ ყალიბდებოდა ტვინი, მის რომელ ზონაზე აგებს პასუხს ესა თუ ის გენი და ა.შ. მკვლევართა უმეტესობის აზრით, გენიალობას ერთი ან ორი კი არა, გენების მთელი “ანსამბლი” მართავს, რომელთა გაშიფვრაც ურთულესი და შეიძლება, ათწლეულებზე გაწელილი პროცესიც კი აღმოჩნდეს…

რაც შეეება გენიოსთა მრავალ უცნაურობათაგან ერთ-ერთს – ყოველივე მატერიალურზე მაღლა დგომას, ამის ასახსნელად ალბათ, ალექსანდრე მაკედონელისა და დიოგენეს შეხვედრის ისტორიაც კმარა. მაკედონელი ფილოსოფოსს მაშინ ესტუმრა, როცა ეს უკანასკნელი მზეს ეფიცხებოდა. მეფე მას მიუახლოვდა, გაესაუბრა და უთხრა: “შენი ტვინი აღმაფრთოვანებს. მთხოვე, რაც გინდა”. სასახლე, გემი, ფული სთხოვეო, – ეჩურჩულებოდნენ დიოგენეს მეფის ხელგაშლილობით წაქეზებული მისი მხლებლები. დიოგენემ კი მაკედონელს ასე უპასუხა: “გაიწიე, მზეს მიჩრდილავ”… “დიოგენობას ვინდომებდი, მაკედონელი რომ არ ვიყო!” – წამოიძახა კიდევ მეტად აღფრთოვანებულმა მსოფლიოს გამგებელმა…

ჟურნალი  ”გზა”

მსგავსი ამბები

Back to top button