გართობაუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 9

tumblr lmngenf1jF1qzlic2o1 500

შეშლილი ქალის დღიურები
IV ნაწილი
იდუმალი ოთახი
გამთენია იყო რომ წამოვხტი და სარდაფს მივაშურე, სადაც იდუმალი ოთახი მეგულებოდა, რომელსაც შეეძლო ჩემთვის პასუხების გაცემა კითხვებზე და ამ უცნაური ამბების ახსნასაც მისგან ველოდი.
კედელი იქამდე გამოვანგრიე, რომ თავისუფლად შემძლებოდა შესვლა და როცა შიგ შევედი ჩემ წინ სრულიად უცნაური რამ მოხდა, ყველაფერს ველოდი ამის გარდა.
ოთახს პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც შემოდიოდა სინათლე. ის სარდაფს არ ჰგავდა, ერთი პატარა ძველი საწოლი იდგა. იქვე პატარა მაგიდა, ერთი სკამი და ერთიც კარადის მსგავსი რაღაც. მაგიდაზე ფინჯანი იდო, თითქოს ვიღაცას ახლახანს ჩაი დაულევიაო. იქვე კუთხეში იდგა პატარა აკვანი, რომელშიც თვალებდათხრილი თოჯინა იწვა. ნაჭრის თოჯინა იყო, აქა-იქ ბამბა ამოჩროდა, თითქოს ვიღაცას განგებ დაეგლიჯა რაღაც ბასრი საგნით, სავარაუდოდ ჩანგლით. პატარა საწოლზე ზეწარი იყო გადაფარებული, თუმცა სიძველისა და მტვრისგან ყველაფერს დაჰკარგვოდა თავისი სახე.როგორც ჩანს ამ ოთახში რამდენიმე ათეული წელი არავინ ყოფილა. ფანჯარა კლდის მხარეს იყო ამოჭრილი და ამგვარად არავის შეეძლო მისი დანახვა, თუნდაც ეჭვად გაელვება. პატარა ოთახი იყო, მიწური. კარადის უჯრებში ვიპოვე, ორი კოვზი, ერთი ჩანგალი. ერთი პატარა სარკე და ერთიც სავარცხელი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ქალის გრძელი შავი თმის ღერები. ჩემი ყურადღება საწოლმა მიიპყრო, სადაც როგორც გავარჩიე რაღაც იდო, მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრი მტვერი ფარავდა.ეს რაღაც როგორც შემდეგ შევიტყვე ჩარჩოში ჩასმული გადიდებული სურათი იყო. ჩარჩო გავხსენი, რადგან მსურდა სწრაფად შემეტყო ვინ იყო აღბეჭდილი სურათზე და კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა ხელთ ბებიაჩემი მზევინარის ახალგაზრდობის ფოტო შემრჩა. თუმცა ეს ფოტო არასდროს მინახავს.ბებოს სულ რამდენიმე სურათი მოგვეპოვებოდა, ისიც უფრო მოგვიანებით გადაღებული შვილებთან ერთად. სურათზე გამოსახული ქალი ბებიაჩემის ასლი იყო, ძალიან ლამაზი მოელვარე შავი თვალებით. ვის უნდა დასჭირვებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი მზევინარის სურათის გადიდება ჩარჩოში ჩასმა და ამ იდუმალ ოთახში საწოლზე დადება, შემდეგ კი კედლის ამოშენება. ან რა ვინ ცხოვრობდა ამ ოთახში, ან რატომ ამოაშენეს, ან ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. ან რა ხმაურობდა ღამ-ღამობით.
იდუმალმა ოთახმა უფრო მეტი თავსატეხი გამიჩინა, a უფრო მეტი კითხვა დაიბადა, პასუხები კი არსაიდან იყო. სურათს რომ ვუყურებდი გამახსენდა მზევინარის ნახსენები სკივრი.მხოლოდ სკივრს შეეძლო ამ საიდუმლოების ამოხსნა. თუ არა იქ, სხვანაირად ვერასდროს შევძლებდი ჩავწვდომოდი ამ უცნაურობებს.
ოთახი პატარა იყო და მაშინვე მოვათვალიერე, მაგრამ სკივრისთვის არსად მომიკრავს თვალი, თუმცა ისეთი აღგზნებული ვიყავი და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, მთელი სახლის გადათხრაც, რომ დამჭირვებოდა გადავთხრიდი და სკივრს მაინც ვიპოვიდი. საბედნიეროდ დიდი გარჯა არ დამჭირდა, რადგან სკივრი ძველი რკინის „კრაოტის“ ქვეშ ვიპოვე. პატარა, რკინის, შავი ფერის სკივრი..
ძველი სკივრი გავხსენი, მასში ქაღალდები, წიგნაკები და რვეულები ეწყო. პირველივე რვეული გადავშალე. მასზე დიდი ასოებით ეწერა: „შეშლილი ქალის დღიურები“…

შეშლილი ქალის დღიურები
V ნაწილი
დღიურების დასაწყისი
„გამარჯობა, ჩემო დღიურო, მე მზია მქვია, 16 წლის ვარ. მინდა ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვე. მართალია ტყუპისცალი და მყავს, მზევინარი, რომელიც თავს მირჩევნია, მაგრამ ხშირად ვგრძნობ თავს მარტოსულად, ამიტომ გადავწყვიტე დღიური მეწერა. შენ დაგარქმევ შეშლილი ქალის დღიურებს. მზევინარი მეუბნება შეშლილი ხარო, მეც მგონია რომ ცოტათი განვსხვავდები სხვებისგან. ოღონდ არ ვიცი რატომ ვარ შეშლილი…..“
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა აღმოვაჩინე, რომ ეს დღიური ეკუთვენოდა ბებიაჩემის ტყუპისცალს, რომლის შესახებ არასდროს არავის სიტყვა არ დასცდენია. მზიას შესახებ მამაც კი არ იცოდა არაფერი, მაგრამ გაუგებარია რატომ.
მზია წერდა, რომ გასაოცარი მსგავსება იყო მასსა და მზევინარს შორის, იმდენად დიდი რომ საკუთარ მშობლებსაც კი არ შეეძლოთ მათი გარჩევა თუ გოგოები ეშმაკობას გადაწყვეტდნენ. ვერც სოფლელები არჩევდნენ და ვერც მასწავლებლები.ამით სარგებლობდნენ გოგონები და მზევინარი წერდა საკონტროლოებს და ჰყვებოდა გაკვეთილებს მზიას ნაცვლად, რომელიც როგორც წერდა, სულ არ აინტერესებდა სკოლა, სწავლა და მისთანები. მას უფრო მეტი უნდოდა, უფრო მეტზე ოცნებობდა, მაგრამ რა იყო ეს მეტი არც თვითონ იცოდა და არც მზევინარმა, რომელიც მისი გულის მესაიდუმლე იყო, თუმცა მასზე ბევრად ჭკვიანი, როგორც მზია წერდა თავის დღიურებში.
მზია 17 წლის რომ გამხდარა თითქოს შეიცვალა. მხიარული და თხა გოგო გულჩათხრობილ ქალად იქცა. მზევინარს თითქმის აღარ ელაპარაკებოდა. წერდა: „ მასთან საერთო არაფერი მაქვს და ძალიან ვბრაზობ, რომ ასე ვგავართ ერთმანეთს. ყველას მზევინარი უყვარს, მე არავის ვუყვარვარ. სოფლელები რომ დამინახავენ დამიძახებენ მზეევინარ მოდი დაგვეხმარეო, რომ ვეტყვი მზია ვარ-მეთქი, აღარ მეძახიან, აღარ მიღიმიან. მას რომ არ ვგავდე მეც ვეყვარებოდი სოფლელებს, მეც მეყოლებოდა მეგობრები. მშობლებსაც კი მზევინარი უფრო უყვართ და სულ მის სახელს მეძახიან. მაგრამ მას თავისი სახელით მიმართავენ. როგორც ჩანს, მე არავის ვჭირდები. მზევინარმა წამართვა ყველას სიყვარული.“ წერდა გულდაწყვეტილი მზია. გათენდებოდა თუ არა სასაფლაოს მიაშურებდა თურმე, იქ მოიკალათებდა ყვავილებიან ბორცვზე, გაზაფხულობით და ზაფხულობით ყვავილების გვირგვინს დაიწნავდა და წერდა, გამუდმებით წერდა. მზია ამბობდა, რომ მისი ტყუპისცალი მასთან დაახლოებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ახლოსაც არ იკარებდა. როგორ გაბედა და ასე მგავსო სწუხდა მზია. ხალხს ერიდებოდა და ხალხიც ერიდებოდა თანდათან. მზია სხვა სამყაროში გადასახლდა თითქოს, ერთ დღესაც აღმოაჩინა რომ ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის დღიურს, მერე საფლავებთან დაიწყო საუბარი. მკვდრები არ რიყავდნენ, მუდამ მზად იყვნენ მის მოსასმენად, არსად მიდიოდნენ, ზურგს არ აქცევდნენ, არასდროს უღიმოდნენ,მაგრამ ისინი ხომ არავის უღიმიან. მხოლოდ სურათებიდან, საფლავის ქვებოდან იმზირებოდნენ უსასრულობაში ჩაკარგულნი და მზიასაც თავისკენ იხმობდნენ, იდუმალებისა და უსასრულობის სამყაროში, რისკენაც კიდეც მიისწრაფოდა მზია, რადგან ამქვეყნიერებასთან დიდი ხნის წინ გაეწყვიტა კავშირი თავისივე ნებით. მალე მოვკვდებიო.-წერდა მზია. ან აქ რა დამრჩენია. 2 დღე რომ არ მივიდე სახლში ვერავინ შეამჩნევს, არავის ვუყვარვარ და არავის ვჭირდები, მათ მზევინარი ჰყავთო.
ერთმა ჩანაწერმა მიიპყრო ჩემი ყურადღება:
„თვალი რომ გავახილე უკვე ღამე იყო, ცა მოქუფრულიყო, წვიმას იწყებდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი აქ, ან როგორ ჩამეძინა. დღიური მუხლებზე მედო კვლავ გადაშლილი, ხელში კალამი მეჭირა. თითქოს მთელი ეს დრო სხვაგან ვიყავი. არაფერი მახსოვდა. წამოვდექი, სახლში დავაპირე წასვლა. დღიური კაბის კალთაში გამოვკარი არ დამისველდეს-მეთქი ვიფიქრე. წვიმა წამოვიდა.კოკისპირულად წვიმდა, 2 წუთში გავილუმპე, დღიურზე ვფიქრობდი, არ დამისველდეს, არ გამიფუჭდეს-მეთქი. საფლავებს შორის მივრბოდი. გარშემო ნისლი და ბინდი იდგა, წვიმა მოდიოდა და კარგად ვერც ვხედავდი სად მივრბოდი. უეცრად საფლავებს შორის დიდი რაღაც შევნიშნე. სარკოფაგს ჰგავდა. ვიღაცას შემოეღობა, შიგნით კი რაღაც სახლისმაგვარი იდგა. საფლავის კარი თავისით გაიღო და მეც შევედი. ვიფიქრე ამ შენობას შევეფარები სანამ წვიმა გადაიღებს და დღიური აღარ დამისველდება-მეთქი.საფლავის ეზოში შევედი. ამ ნაგებობას ქვის კარები ჰქონდა და არც ერთი ფანჯარა. ხელი შევახე, რომ გამეღო. ჩემდა გასაკვირად მაშინვე ძალზედ ადვილად გაიღო ქვის კარი, ძალდაუტანებლად. შიგნით შევვარდი. სიბნელე იყო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შევძელი გამერჩია რა იყო შიგნით სარკოფაგში.თმა გავიწურე, დღიური ამოვიღე, მშრალად გადარჩენილიყო. გარშემო რომ მიმოვიხედე დავინახე, რომ ჩემს წინ კუბო იდგა. ძალიან შემეშინდა, დღიური ხელიდან გამივარდა და კარებს ვეცი, მაგრამ ქვის კარი თავისით მიხურულიყო, შიგნიდან კი სახელური არ ჰქონდა რომ გამეღო. კარზე ვაბრახუნებდი, მაგრამ ამაოდ. ირგვლივ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა, ვინმე რომც ყოფილიყო ვერ გაიგებდა ჩემს ხმას ამ გნიასში ან ვინ იქნებოდა ასეთ დროს ამ უკაცრიელ ადგილას, როცა მე სასაფლაოს ცოცხალმა ბინადარმაც კი მხოლოდ ახლა მივაკვლიე ამ ადგილს.ჩემი დღიური გულზე მივიხუტე თითქოს ის დამიცავდა და კართან დავჯექი, კუბოს პირდაპირ. სარკოფაგს სულ პატარა ჭუჭრუტანა ჰქონდა კედელში დატანებული, საიდანაც ჯერ კიდევ შემოდიოდა სუსტი სინათლე, რომელსაც მალე სავარაუდოდ სრული სიბნელე შეცვლიდა.
რომ გამომეღვიძა, აღარ მახსოვდა სად ვიყავი. თვალებს ვახელდი, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ სიბნელე იყო. ვიგრძენი რომ სველი ვიყავი და მთელი სხეული მტკიოდა. უეცრად გამახსენდა ყველაფერი და შიშმა ამიტანა.
უეცრად მომესმა, თითქოს ვიღაცამ გამიარა წინ. მხოლოდ ვიგრძენი, თორემ ვერაფერს ვხედავდი. უფრო მეტად მივიხუტე დღიური და კარებს ავეკარი, მოძრაობა აღარ შემეძლო შიშით შეძრწუნებულს. რამდენიმე წამში კვლავ მომესმა ფაჩუნის ხმა.თითქოს რაღაც გატკაცუნდა კუბოსთან.გული გამეყინა. რამდენიმე წამში ვიგრძენი ვიღაცის შეხება. მთელი ხმით დავიღრიალე, ხელებს და ფეხებს ვიქნევდი.მთელი ძალით ვუბრახუნებდი ხელებს ქვის კარებს. მიშველეთ-მეთქი ვყვიროდი. რამდენიმე წუთის შემდეგ დავმშვიდდი და ვიგრძენი, რომ ხელებზე რაღაც თბილი მდიოდა, ეს ალბათ ჩემივე სისხლი იყო. ჯერ კიდევ კარისკენ ვიყავი მიბრუნებული, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი, მაგრამ ეს არ იყო წამიერი შეხება. უცხო არსების ხელი ჩემს მხარზე იდო.მე ამას ცხადლივ ვგრძნობდი. კანკალმა ამიტანა. ვინ ხარ და რა გინდა? ვთქვი და შორიდან მომესმა ჩემი ხმა, თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა. „ან შენ უნდა იყო, ან ის“. მითხრა ხმამ. ვინ ხარ, ვინ ხარ, ვინ ხარ? ვიმეორებდი მე. „ვინ ვიქნები, მე ეს შენ ვარ“. მითხრა ხმამ, ვიგრძენი მისმა ხელმა როგორ შემომაბრუნა და მე დავინახე ყველაზე საზარელი რამ, რაც ცხოვრებაში მინახავს. ჩემს წინ ჩემივე თავი იდგა, წითელი თვალები ჰქონდა, პირიდან დიდი კბილები გამოსჩროდა და დორბლი სდიოდა თითქოს. თმები აწეწვოდა. ტანსაცმელი შემოგლეჯოდა. შორიდან მომესმა ჩემივე კივილი. მერე ყველაფერი აირია. გონი დავკარგე…“

შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი VI

„გონს რომ მოვედი სახლში ვიყავი, თავს მზევინარი, ჩემი მშობლები და მეზობლები მეხვივნენ. მომიყვნენ რომ იმ ღამეს სახლში, რომ არ დავბრუნდი ღამითვე გამოვიდა ჩემი და და მშობლები ჩემს საძებნელად, მერე მეზობლებიც შეუერთდნენ და მთელი სოფელი მეძებდა. პირველ რიგში, სასაფლაოს მიაკითხეს და ბევრი მეძებეს, თუმცა ვერსად მიპოვიდნენ ცხადია. ბოლოს მზევინარს დაუნახავს ამ უცნაური საფლავის გალავანი და შენობა. დაუჟინია იქ უნდა შევიდეთო. რის ვაი-ვაგლახით გადაუგორებიათ ქვა, რომელიც მე ერთი ხელის შეხებით გავაღე და ვუპოვივარ კიდეც“.
მზია წერდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ უფრო დაუახლოვდა თავის დას. მოუყვა კიდეც იმ საშინელი ღამის უჩეულო ამბავს სარკოფაგში რომ გადახდა. მზევინარს სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ ხელი გადაუსვამს თავზე.
ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდიოდა. მზია და მზევინარი იზრდებოდნენ და მშვენდებოდნენ. მზია კვლავ ჩაკეტილი იყო, კვლავ დადიოდა სასაფლაოზე მარტო და დღიურებს წერდა, ეტრფოდა ბუნებას და ელაპარაკებოდა პატარა პეპლებსა თუ ჩიტუნებს. მზევინარი იყო მისი კერპი და ერთადერთი საყვარელი ადამიანი.
ერთხელ, დღეობა იყო.. ადგილობრივ სალოცავში თავი მოეყარათ სოფლელებს, სხვა სოფლებიდანაც მოსულიყვო ხალხი მოსალოცად. საკლავის შესაწირად. მზია როგორც ყოველთვის, სასაფლაოზე იყო და არ აღელვებდა დღესასწაული. ის დღეც ჩვეულებრივ გაატარა, როგორც ყველა დანარჩენი. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, ეუცნაურა თავისი მზევინარი. მზერა გაშტერებოდა და ფანჯრიდან იყურებოდა. უსაქმოდ იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა, უცნაური იყო მზევინარისგან უქმად ყოფნა და უბრალოდ ოცნება. რა გჭირსო გადაეკიდა მზია. მზევინარი ჯერ ცდილობდა არ გამოტეხილიყო, ბოლოს კი აღიარა ტყუპისცალთან, რომ იმ დღეს გაიცნო ერთი ბიჭი. კი არ გაიცნო დაინახა მხოლოდ. მეზობელი სოფლელი. ვეფხვია, ახოვანი, არწივისებური ცხვირით, შავი ულვაშებით. ამ შეხედვამ შეცვალა და გადაწყვიტა მისი ცხოვრება. სამუდამოდ ვეფხვიას დაუმორჩილა პატარა ქალწულის გული. მზიას ისე ეწყინა ამის გაგონება თითქოს და მოუკლეს, ან წაართვესო. უნდა დაივიწყოო არწმუნებდა მზია ტყუპისცალს, რომელიც მას აღარ უსმენდა და კვლავ ხევსურეთის ლამაზი მთებისკენ მიეპყრო თავისი მშვენიერი შავი თვალები.
ორ კვირაში მზევინარის სათხოვნელად მოვიდნენ ვეფხვიას გამოგზავნილი კაცები. მასაც ერთი ნახვით შეყვარებოდა ქალი და სურდა ცხოვრების ჭაპანი მასთან ერთად ეზიდა სამუდამოდ. ქალისგან თანხმობა მიიღეს და ქორწილიც დანიშნეს.
ამ ამბავმა საშინლად გააბრაზა მზია. მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანიც უნდა წასულიყო მისი ცხოვრებიდან, მხოლოდ საფლავების ამარაღა რჩებოდა საბრალო. მზევინარს აღარ ეცალა მისთვის, საქორწინო სამზადისით იყო დაკავებული და უზომოდ ბედნიერი.
ერთხელ მზიას გვიან გაეღვიძა, სახლში აღარავინ იყო. პირი დაიბანა, კაბა მოიწესრიგა, დღიური აიღო და სასაფლაოსკენ მიეშურებოდა, როცა მათი სახლის ღობეს, უცხო კაცი მოადგა და ანთებული თვალებით შემოსძახა მზევინარო. კაცი ღობეს გადმოახტა, მასთან მიირბინა და გულში ჩაიკრა მთელი ძალით. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მზიამ ვერც კი მოასწრო ეთქვა მზევინარი არ ვარო. კაცმა შუბლი და თვალები დაუკოცნა. თავისი შავი ულვაშებით ჩხვლეტდა ქალწულის ღაწვებს ჯერ რომ მამაკაცის ხელიც კი არ შეხებოდა. მზია ერთბაშად აენთო. შიგნიდან სიმხურვალე იგრძნო. კაცს ხელი კრა და მისთვის უჩვეულო ძალით მოიშორა. ულვაშიანი კაცი დაბნეულად უყურებდა აცახცახებულ ქალს. „მზევინარი არ ვარ, მზია ვარ მისი ტყუპისცალი“.- თქვა მზიამ. იგი ჯერ არ იცნობდა ვეფხვიას, მასზე ბევრი რამ გაეგო, მაგრამ არასდროს ენახა და სიმართლე რომ ვთქვათ, არც დაინტერესებულა არასდროს, როგორი იყო მისი სასიძო, რადგან ისედაც იცოდა რომ იგი იქნებოდა ძალიან ცუდი, ის ხომ ართმევდა ყველაზე კარგსა და ძვირფასს, რაც გააჩნდა. „მაპატიეთო“.-ამოილუღლუღა თავდახრილმა ვეფხვიამ და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა.
მზია სანამ სასაფლაომდე მიაღწევდა ძალზედ გაბრაზებული და აღშფოთებული იყო. სასაფლაოზე რომ ჩამოჯდა და წერა დაიწყო, იგრძნო რომ აზრი უსხლტებოდა და უეცრად ამ ულვაშა კაცზე, თავის მომავალ სიძეზე იწყებდა ფიქრს. ახსენდებოდა მისი ნახტომი ღობეზე, მისი ძლიერი მკლავების ხვევნა. მისი მამაკაცური სუნი. მისი ცხელი სუნთქვა და მისი მწველი კოცნები. მზიას ეს შემთხვევა ხილვებად ექცა, ულვაშა კაცი კი სიზმრებად გადაიქცა. ყოველ ღამე ხედავდა ამ შემთხვევას, ვეფხვიას, რომელიც კოცნის და ეხვევა, სიზმრებში იგი მის სატრფოდ იქცა.
მოვიდა მზევინარისთვის ნანატრი ქორწილი. მზიაც იქვე იყო და უჭვრეტდა როგორ ერთდებოდა მისთვის ყველაზე საყვარელი ორი ადამიანი დედამიწის ზურგზე. „შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი“ და გაუგებარია რატომ გადაწყვიტა ბედისწერამ ასე მოეწყო ამ სამი ადამიანის ცხოვრება, მაგრამ მზევინარის გათხოვებიდან 3 კვირაში, დამ თავის ტყუპისცალს შესთავაზა თავისთან გადასულიყო საცხოვრებლად.
ხანდახან, ჩვენ ადამიანებს გვგონია რომ სიკეთეს ჩავდივართ, გვსურს რომ კარგად იყოს ჩვენი მოყვასი, ჩვენი ახლობლები, მაგრამ ზოგჯერ სიკეთე უდიდეს ბოროტებას ემსახურება.. სიკეთე ხომ ყოველთვის ისჯება, ალბათ ამიტომაცაა ასე იშვიათი და რჩეულთა ხვედრი..

წყარო: facebook-ის გვერდი: იდუმალი და საშიში ისტორიები

sali

me var salome
Back to top button