არქივი

ა. კალანდაძე, ანუ ჩანს არ ყოველი წაშლილა…

95c72054969e
ახლა უკვე ლექსით. :) თქვენი გულწრფელი აზრი კვლავ მაინტერესებს :D

-როგორ ხარ? ჩუმად იკითხე,
ძველი ნაღველი გშთენია…
დაბნელდა ირგვლივ… მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია.
-რა მიშავს… თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი.
ჩანს, არ ყოველი წაშლილა,
არც… არაგვს მიაქვს ყოველი.

მეცნიერები ორი ძირითადი სახის მეხსიერებას გამოყოფენ, ცნობიერს და ქვეცნობიერს. ეს უკანასკნელი შედგება ყოველდღიური, შედარებით უმნიშვნელო დეტალებისგან, ხოლო ცნობიერი განსაზღვრავს მომავალ რეფლექსებს, გრძნობებსა და საქციელს.

ამ შესავლით იმის თქმა მინდოდა, რომ ხანდახან ადამიანები შეუძლებელს ვეპოტინებით, როცა ვცდილობთ დავივიწყოთ ის, რისი წაშლაც ანა კალანდაძის თქმით არაგვსაც არ ძალუძს. ისიც მართალია, რომ დრო და მანძილი ანელებს გრძნობებისა და განცდილის სიმძაფრეს, თუმცა როგორც კი მხედველობა გაიხსენებს, “დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი თვალი” შეხედავს ჩვენი აზრით დავიწყებულ და, სინამდვილეში, დიდი ძალისხმევით ქვეცნობიერში გადაადგილებულ მოვლენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საგანს, ადგილსა თუ მოვლენას, ადამიანი ორმაგი სიმძაფრით იგრძნობს იმ ტკივილს, რომელსაც ოდესღაც გაექცა.

მსჯელობამ მიგვიყვანა იმ პრობლემასთან, რომელსაც ჰქვია განსაცდელისგან გაქცევა, მისი მოგვარების მიზნით. ლოგიკურია, რომ თუ იმდენად სუსტები ვართ და ვერ ვახერხებთ გრძნობებთან, შეცდომებთან, ცოდვებთან გამკლავებას ადგილზე, მით უმეტეს, ვერ მოვახერხებთ მათ დავიწყებას ისეთ მცირე დროში, როგორსაც წუთისოფელი გვთავაზობს. თუმცა.. ამ არასწორი ნაბიჯის გადადგმას ხშირად თავდაცვის ინსტიქტი გვაიძულებს. ეს ის ინსტიქტია, რომელიც ტკივილის წყაროს საწინააღმდეგოდ გვიბიძგებს ხოლმე და არ გვაძლევს იმაზე დაფიქრების საშუალებას, რომ “სადაც ვიწროა იქ გაწყდეს” პრინციპი ხშირად სჯობს ნახევრად მოშუშებული ჭრილობის თავიდან გახსნას.. საკუთარ თავს ვერავინ გაექცა, და რა სამწუხაროა, რომ სწორედ საკუთარ თავში გვაქვს მეხსიერების უნარი, რომლის წყალობითაც აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ “ჩანს, არ ყოველი წაშლილა, არც… არაგვს მიაქვს ყოველი!”

Back to top button