საკითხავისაქართველო

პოეტი მარსიდან

158be3c63d59
Poet from mars ….. გიორგი კვანტრე, პოეტი. 

ამჟამად ცხოვრობს თბილისში.
იგი პოეტია და წერს 6 წლიდან. მან რამოდენიმე დღის წინ , უფრო კონკრეტულად კი, 4.05.2010-ში გამოუშვა თავისი პირველი კრებულიმთაწმინდის სიმფონია. სადაც დაწერილია ლექსები და არაკები. მან წარმოადგინა თავისი წიგნი სამშაბათს კინოთეატრ რუსთაველში.
საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტ-ჟურნალის ამბიონის ერთერთმა რეპორტიორმა თათია ნავროზაშვილმა მისგან ინტერვიუ აიღო, სადაც მან გიორგის რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

ინტერვიუ

დღეს ცოცხალია ილია, უკვდავია შოთა, უკვდავია გალაკტიონი, ვაჟა და ტიციანი… ცალკე დრო ფუჭია და არაფრის მომცემი… სწორედ მათმა არსებობამ შექმნა დრო და ხანი მისი. მეფენი მეფობენ და არა დრონი” – წერს 20 წლის პოეტი გიორგი კვანტრე თავის პირველ კრებულში “მთაწმინდის სიმფონია”. 4 მაისს კინოთეატრ რუსთაველში მისი პოეზიის საღამო ჩატარდა. ღონისძიება ჩოხოსანთა დასის თავმჯდომარემ გოგი დოლიძემ გახსნა. ახალგაზრდა პოეტმა თავისი კრებული უფასოდ დაარიგა და ავტოგრაფებიც არ დაიშურა. მართალია საღამო, გარკვეულ მიზეზთა გამო, დათქმულ დროზე გვიან დაიწყო და გიორგის მოსვლისთვის საზოგადოების ნაწილი უკვე წასული იყო, მაგრამ ღონისძიება მაინც არ ჩაიშალა და მისი პირველი კრებულის პრეზენტაცია შედგა. ინტერნეტ-ჟურნალმა “ამბიონმა” ახალგაზრდა პოეტს რამდენიმე კითხვით მიმართა:

გიორგი, რა არის დღევანდელი საღამოს მიზანი?

ხალხს ბოდიშს ვუხდი დაგვიანებისათვის. მიზეზი, რა თქმა უნდა, გვქონდა: საცობში მოვყევით. ჩვენი გეგმის მიხედვით, კინოთეატრის სახურავიდან უნდა ჩამოვსულიყავი და ასე დამეწყო საღამო, მაგრამ ნება არ დაგვრთეს. ამის მიუხედავად, მაინც ბოლომდე მივიყვანეთ ის საქმე, რაშიც მთელი გული და სული ჩავდეთ. დღეს ჩემი პირველი კრებულის “მთაწმინდის სიმფონიის” პრეზენტაცია ჩატარდა. ის სრულიად საქართველოს მოივლის. მასში 16 ლექსი, 2 ნოველა და სამი არაკი შედის.

მთავარი ის გახლდათ, რომ ჩემი შემოქმედება ხალხამდე მიმეტანა. ამის ნათელი მაგალითი “მთაწმინდის სიმფონიაა”, რომელმაც, ვფიქრობ, დამსწრეთა სიყვარული დაიმსახურა. ჩემი ლექსები არ ჰგავს ერთმანეთს არც აზრობრივად და არც რითმებით. ეს კლასიზმის პოეტიკის გამოძახილია. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე კრებულს არ ვყიდი, არც საღამოა ფასიანი. ჩემი მიზანი იყო აქ საზოგადოების იმ ნაწილის შეკრება, ვინც ჩემ შეახებ ნაკლები იცოდა. შემდეგში უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებას ვგეგმავ…

საუბრისას პატრიარქთან შეხვედრა ახსენე… გვაიმბე ამის შესახებ…

რაც შეეხება პატრიარქთან შეხვედრას, მქონდა ეს ბედნიერება. ჟურნალ “ამბიონში” ჩემი ნოველა “სევდიანია საქართველო” და პუბლიცისტიკა დაიბეჭდა. ეს ნომერი პატრიარქს ეძღვნებოდა და მას ჟურნალი საჩუქრად გადავეცით. უხერხულია იმაზე საუბარი, თუ როგორ შეაფასა პატრიარქმა ჩემი ნაწარმოებები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რა გრძნობაც მას დაეუფლა და რაც გვითხრა, ეს ჩემთვის დაუვიწყარია და ბევრს ნიშნავს და სწორედ იმ დროს ჩავთვალე, რომ თურმე რაღაც გამიკეთებია. ასევე, შევხვდი მეუფე თადეოზს. მან იცის ამ კრებულის შესახებ. მაშინ შეუძლოდ გახლდათ, ახლა კი უკვე ჯანმრთელადაა და აუცილებლად ვესტუმრები და გადავცემ საჩუქრად ჩემს კრებულს.

რა ასაკიდან დაიწყე წერა?

წერა 6-7 წლიდან დავიწყე. ძირითადად ვწერდი ბავშვობაზე, იმაზე, რასაც ვთამაშობდი, “ბითლზები” მომწონდა, ბებოსთან ერთად დავჯდებოდი აივანზე, გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი, მიყვარდა ხატვა და ვწერდი ხატვის ფენომენზე… არასდროს დამიგეგმავს კრებულის გამოცემა. ვერც ვიოცნებებდი იმაზე, რომ ის მთელ საქართველოში გაიყიდებოდა. თუმცა ყოველთვის მებრძოლი ვიყავი. ვინმეს კრიტიკა არ მთრგუნავდა. უბრალოდ, თავიდან ვივსებოდი ოპტიმიზმით და განვაგრძობდი ჩემს საქმეს. პოეზიის საღამო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მქონდა. ის ოვაციები არასდროს დამავიწყდება. იქ იყო მწერალთა კავშირიდან ჩემ მიერ მოწვეული თითქმის მთელი დელეგაცია და აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ადამიანი მოვიდა. ისინი ჩემთვის ყველაზე კრიტიკულები, თუმცა გამორჩეულად საყვარლები არიან.

დღევანდელ საღამოს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხის გულის ძახილიდან გამომდინარე. ჩემი ჩვეული ჟესტიკულაცია – ხელების აწევა არის წრფელი. მსმენელს ამის გაკეთება იმის გამო ვთხოვე, რომ ჟესტიკუაციით დაეფიქსირებინათ თავიანთი გრძნობა და განწყობილება. აქ მყოფი მსმენელი ჩემი აზროვნებისა და შეხედულებების გამზიარებელი აღმოჩნდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. “მთაწმინდის სიმფონია” ორჯერ წავიკითხე და არ მეგონა, გამეორებულზეც თუ ასეთი რეაქცია იქნებოდა.

მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა დოდო ჭიჭინაძესთან. მან ის ერთადერთი წიგნი, რომელიც თავის ცხოვრებაზე დარჩა, მე მაჩუქა. სხვებს მხოლოდ იმიტომ არ უსახსოვრა, რომ ერთი გვერდი იყო შემთხვევით არეული, თან სურდა, თავისი სანათესაოსათვის შეენახა. საუბარი გვიყვარდა საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე, პოეზიაზე და ერთ-ერთი შეხვედრისას ეს წიგნი თავისივე ხელმოწერით მოულოდნლად მიბოძა. იცით რა შეგრძნება დამეუფლა?! რომ ეს არის ადამიანი, რომლის ავტოგრაფზეც მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. მან ისე გამიღო გულის კარი, რომ ამ ადამიანთან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ჩემს ახლობელთან. იმ შეხვედრებს ვერასოდეს დავივწყებ.

იგივე შემიძლია ვთქვა ბატონ გოგი დოლიძეზე, თბილისის კოლორიტზე. ის იცნობს ჩემს პოეზიას. დღევანდელი საღამოც, როგორც ნახეთ, მან გახსნა და დიდი მადლობა ბატონ გოგის ასეთი თბილი სიტყვებისთვის, შეფასებისთვის. დღევანდელი საღამოს მოწყობაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. მან ჩამინერგა ის აზრი, რომ ხალხისათვის ჩემი შემოქმედების გაცნობა უნდა დამეწყო. მითხრა, რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სასწავლი, რომ ადამიანი ჩემზე იმედს დაამყარებს თუ არა, მე ვალდებული ვარ, ჩემი სულის ძახილი, გულის ხმა ფურცელზე გადმოვიტანო და საზოგადოებასთან მივიტანო. ერთმა ადამიანმაც კი რომ მითხას, მე შენი რომლიმე ლექსი მომეწონაო, ჩავთვლი, რომ ბავშვობიდან დღემდე ტყუილად არ ჩაუვლია დღეებს.

რამდენად ეკლესიურად ცხოვრობ და რა ადგილი უჭირავს რწმენას შენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში?

ვცხოვრობ ეკლესიურად. ჩემს შემოქმედებაში, როგორც ახალგაზრდა პოეტის აზროვნებაში, რელიგია არის უმთავრესი. ბავშვობიდანვე ბებო ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე მატარებდა. მოვინათლე ქაშუეთში. დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში სხვების დასანახად დადიან. როცა კი შევსულვარ ტაძარში, მთელი გულით დამინთია სანთელი და ყველა სიტყვა გულწრფელად მითქვამს. ისე უბრალოდ არ ხდება ხოლმე. ჩემში ღმერთი ერთადერთია, რომელსაც ვერავინ ვერსად ვერასდროს შეცვლის. ჩემთვის დიდი პატივია, როცა ხატთან მივდივარ და ვკოცნი. ყველას მინდა ვუთხრა, რომ მხოლოდ ლოცვა თუ გადაგვარჩენს და გაამთლიანებს და გადაარჩენს საქართველოს. ლოცვიდან მომდინარეობს ყველა ის გააზრებული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ მიერ იქნება მომავალში გადადგმული. მიკვირს ისეთი ადამიანების, რომლებიც მოქმედებენ და არ ფიქრობენ. მოქმედებაც და ფიქრიც რელიგიური აზროვნებიდან უნდა მომდინარეობდეს. ახლა ვწერ ნოველას იმაზე, თუ რელიგიური აზროვნების ფილოსოფია რაში გამოიხატება და რაში მდგომარეობს. რელიგიური აზროვნება ჩემში განასახიერებს სამყაროს, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს, ანუ ჰაერი მოდის სამყაროდან, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს. თითოეული ჩემი დღე ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება. შეიძლება ეკლესიასთან გავიარო და გულში ჩემთვის ათასჯერ გამოვისახო პირჯვარი, გარეგნულად კი მხოლოდ ერთხელ გადავიწერო, ანუ ეს ჩემთვის ძალიან პირადულია. მეუფესთან რომ ვიყავი, ასეთი რამ მითხრა: ბატონო პოეტო, დამლოცეო. მიხვდა, რომ შევფიქრიანდი და მაშინ ამიხსნა, რომ დალოცვა ყველა ადამიანისგან უნდა მივიღოთ. მთავარია ეს დალოცვა გულიდან მომდინარეობდეს.

ახლო მომავალში ვგეგმავ, მთელი საქართველო შემოვიარო…
ეს იყო ინტერვიუ, :) საინტერესო იყო საკმაოდ . :)

აქ კიდე დამატებით დავდებ მისი კრებულიდან რამოდენიმე ლექსს.

დავიწყებ მთაწმინდის სიმფონიით

მთაწმინდის სიმფონია

ჰეი, წმინდა მთავ, შენი ხმით ტკბება
ხვალინდელი დღის მზის სასწაული,
და შემოდგომის ზვირთებში დნება შენზე ოცნების დღესასწაული.

ისმის ხმა და შეძახილი,
მთვარის შუქთა, ბებერ სიოს,
მთაწმინდის გზის სიმფონია
ილიას და გალაკტიონს.

დიადი მზის ირონიით
უსასრულო ფიქრთა ფრენა,
მუზად ქცეულს მაგონებდა
პოესიურ აღმაფრენას.

მტკვრის მშფოთვარე შეძახილი,
მოკრძალებით სთხოვს დღეს დიადს,
რომ მფარველად, ანგელოზად
დაიბადოს ლურჯად ია.

მას რომ მუზად აბადია:
თეთრ კაბაში, თეთრად მთვარე,
მისი ბაგის სურნელია
გაზაფხულის შობის ღამე.

ცის სიმების აკორდია
სისხლისფერი გაზაფხული,
იების ზღვის ნოტებშია
სიმფონიის სასწაული.

არც ერთ ხეს და არც ერთ მდელოს
არ უგვრძნია ერთი წამით,
რომ მეფე ვარ და მეფური
სიმფონიით მე ვარ წყნარი.

ჰეი, წმინდა მთავ, შენი ხმით ტკბება
ხვალინდელი დღის მზის სასწაული,
და შემოდგომის ზვირთებში დნება
შენზე ოცნების დღესასწაული.

ვედრება

შენი მშვენებით დამონებულმან,
უფლის წინაშე ფეხმოდრეკილმან,
მწუხრის დიდებით შავშემოსილმან,
ცრემლის ნიაღვრით თვალავსებულმან,
შუბლისა ძარღვით გაუწყვეტელმან,
გულითა, გრძნობით გაუტეხელმან,
მსურს შეგავედრო მამული ჩემი.

ერთადერთი ვარ

ერთადერთი ვარ მე მხოლოდ შენთვის,
მხოლოდ ერთი და სხვა ვერაფერი
უკვდავად ქცეული მაღალი ღმერთით,
მე ხომ ამ გრძნობის მშვენივრად მესმის.

ნანატრ ოცნების ფიქრში გაბმული,
მოლოდინით და სევდით ტანჯული,
მწვეოდა უკვდავ და უძლეველი
ღვთის ნაბოძევი “სიყვარული”.

ეხლა კიდე დავდებ ერთ ლექსს, რომელიც თუ არ ვცდები ჩემ
საყვარელ სოფელშია დაწერილი. მანგლისში :)

ხუთი წუთი ალიონზე

მე დამეამა ნაზი სურნელი
ნედლი მიწისა,
მე დამეამა დიადი მთების
ხილვა ზეცისა,
რომელიც ისე იმოსებოდა
ძლიერ-სპეტაკად,
რომ თავი მისი ეგონებოდა
პატრონ-ქვეყანად.

მეამებოდა ჩიტთა სიმღერის
ხმათა წკრიალი,
გულს მიხარებდა მოძმე ალგეთის
ხარხარ-ჩხრიალი,
სულს მინათებდა გრძნობით აღსავსე
მადლით სვიანი,
მე დამეამა მშობლიური
დილის ნიავი.

ქუთაისი ქუთაისი :D

მიყვარს ჩემი გაზაფხული…

მიყვარს ჩემი გაზაფხული
ლურჯი იის დარდებით,
ქუთაისის მაისობა
გვირილების ჰანგებით…

თუ კიდე ისურვეთ მეტი ლექსი, მაშინ გაგრძელებასაც დავდებ,
მოგვიანებით. :)

წყარო: მე და ამბიონის ინტერვიუ

BY        —  XY —

მსგავსი ამბები

Back to top button