ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 7 (ნაწილი 2)

თავი მეშვიდე (ნაწილი 2) ბემბიმ რომ თვალი გაახილა, უკვე დილა იყო, კარგი ხოშიანი დილა. მზე უკვე მაგრად აჭერდა დაბალახზე ცვარიც აღარ იყო. დანარჩენებს ჯერ კიდევ ეძინათ, პირდაპირ ბალახზე მიყრილიყვნენ. ზემოდან, არც ერთს, არაფერი ეფარა. არც ქვემოდან ეფინათ რამე. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ჩვეულებრივი ტყის დილა იყო, თავისი ყველა სიამოვნებებითა თუ მოულოდნელობებით. მარტო დეგენარტს თუ მოუვიდოდა აზრად იმ ადგილას დაძინება, სადაც რამდენიმე საათის წინ, ბევრი ადამიანი დახოცეს. ბემბიმაც ეგ იფიქრა, მაგრამ მერე დაფიქრდა, რომ დეგენერატის გარდა, ეგ შეიძლება დაღლილსაც მოუვიდეს, რადგან დაღლილი ადამიანი დეგენერატისგან მაინცდამაინც არაფრით განსხვავდება, _ ალბათ მხოლოდ იმით, რომ როცა დაისვენებს, ისევ ჩვეულებრივი გახდება, ხოლო დეგენერატი – დეგენერატად მოკვდება. მოკლედ, ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს და გავაგრძელოთ, ბემბი ბალახზე წამოჯდა და თვალებს იფშვნეტდა. ყველაზე ღრმად სანტას ეძინა. ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა ბემბის, რადგან ყველაზე ხშირად ის ხვრინავდა. ბემბის კი მთელი ცხოვრება ასე ეგონა, რომ ვინც ხვრინავს, იმას ყველაზე ღრმად ძინავსო. არადა, სინამდვილეში ასე არ არის. სანტას გვერდით პინოქიო იწვა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან დაღლილები იყვნენ, თორემ აბა პინოქიო როგორ მიუწვებოდა სანტას. ხის კაცს არც არაფერი ეფარა. ან, რად უნდოდა, სიცივის გრძნობა საერთოდ არ გააჩნდა. მისთვის ერთადერთი საფრთხე ნესტი იყო, რადგან ნესტის აკიდების შემთხვევაში, დალპებოდა და მოკვდებოდა, თუმცა დამპალი ნაწილების გამოცვლაც შეეძლო. ასე რომ, პინოქიო ყველაზე უსაფრთხოდ იყო. თავის ვარდისფერ კაშნეში გახვეული პიტაჩოკი თავიდან ვერც კი დაინახა ბემბიმ და იფიქრა, ღამით ხომ არ ადგა და წავიდაო. მოულოდნელი მისგან არაფერი იყო. მას ხომ მეფე არტურის ხათრიც არ ჰქონდა! მაგრამ მერე კარგადმიმოიხედა და დაინახა ვარდისფერი არსება, რომელიც მწვანე ბალახში ჩაფლულიყო. პიტაჩოკსაცთბილად ეძინა. ბემბი ახლა ფეხზე წამოდგა და გაიზმორა. თავი საშინლად ტკიოდა. გუშინდელი ამბებისშემდეგ საერთოდ რომ ება თავი, ის უკვირდა, თორემ ტკივილს ვინღა ჩიოდა. არადა, ის ბოლო ჭიქა არ უნდა დაელიათ. ამბობდა ხოლმე, ბოლო ჭიქა უნდა დავდგაო, მაგრამ ვერ ახერხებდა. ეს რაღაც ბედისწერასავით იყო მისთვის, ვერა და ვერ გადაეჩვია ბოლო ჭიქის გადაკვრას. არადა, რა უნდოდა იმ ბარმენისგან, იქნებ ის აზრზე არ იყო რა ხდებოდა. მაგრამ შანსი არ არის, მაგის ბარი იყოო, იფიქრა და თავი დაიმშვიდა. დილა მართლაც ჩვეულებრივი იყო. არც ეს ტყე გახლდათ უცნაური. ჩიტები ჩვეულებრივად ჭიკჭიკებდნენ, გვერდით ჩანჩქერიც ხმაურობდა. ბემბიმ იქით გაიხედა. ჩანჩქერი მართლაც ლამაზი გახლდათ. იგი მწვანე ბუნებისგან გაკვალულ კალაპოტში მოსჩქეფდა და, როგორც ყველაფერი ბუნებრივი, ძალიან ლამაზი იყო. წყალს დაბლა ავზივით გაეკეთებინა, სადაც გარკვეულ სიმაღლეზე გროვდებოდა და შემდეგ, ტყის სიღრმეში მდინარის კალაპოტით მიდიოდა. ჩანჩქერი დიდი არ გახლდათ. არც მდინარე იყო მოზრდილი, ხოლო ყოველივე ეს სილამაზისა და ესთეტიკის განსხვავებულ განცდას წარმოშობდა და ნებისმიერს, ვინც ჩანჩქერს დაინახავდა, მასში ბანაობის სურვილი გაუჩნდებოდა. ბემბისაც ისე მოუნდა ახლა ამ ჩანჩქერის ცივი წყლით გაგრილება, რომ თავის შეკავებას აზრი აღარ ჰქონდა. ან რატომ უნდა შეეკავებინა თავი? სანტას და დანარჩენებს ღრმად ეძინათ და ეტყობოდათ, რომ კარგა ხანს არ გაიღვიძებდნენ. ამიტომ ბემბიმ დრო იხელთა და ჩანჩქერში ბანაობა გადაწყვიტა. ჩანჩქერთან რომ მივიდა, წყლის შხეფები შეეწვეთა და იგრძნო, რომ ცოტათი შეცივდებოდა, თუმცა სურვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ სიფრთხილის ინსტინქტი დაძლია. ბემბიმ იარაღი შემოიხსნა და იქვე, ნაპირზე დააწყო. მერე თავისი კოვბოის შარვალიც გაიხადა, იარაღს ზემოდან დააფარა და ამ ყველაფერს ზედ თავისი ქუდი დაადო. ახლა ის სრულიად შიშველი იდგა საშინლად ცივი წყლის წინ, რომელში ჩასვლაც ყველაზე მეტად უნდოდა. აღარ დააყოვნა და წყალში თავით გადაეშვა. თავიდან ოდნავ ცივი მოეჩვენა, მაგრამ მერე ხელები მოუსვა და ტანიც გახურდა. დიდხანს იბანავა წყალში. ყველაზე მეტად ჩანჩქერის ქვეშ დგომა მოსწონდა, იმიტომ, რომ იქიდან ჩამომავალი წყალი კიდევ უფრო ცივი იყო და მაგრად მოეწონა იმ თევზებს შორის ცურვა, წყლიდან მაღლა რომ ხტებიან და სახეზე შხეფებს გასხამენ. ეს თევზები ოქროსფერები გახლდათ. არა ოქროსი, არამედ ოქროსფერები, რადგან ოქროს თევზი ოქროსფერისგან იმით განსხვავდება, რომ ლაპარაკობს და სურვილების ასრულება შეუძლია. პინოქიოს რომ ეს თევზები ბავშვობაში ენახა, აუცილებლად დაიჭერდა, იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი ოქროსი იქნებოდა. თუმცა ბემბის ახლა ამის სურვილი არ გასჩენია, რადგან ცურვითა და ყვინთვით იყო გართული. ახლა მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. ის თითქოს ბავშვობაში დაბრუნდა. უცბად მოეჩვენა, რომ დედამისი სადღაც იქვე ახლოს იდგა და იმ შემთხვევაში, თუ წყლიდან დიდხანს არ ამოყოფდა თავს, დედა აუცილებლად დაუძახებდა და შენიშვნას მისცემდა. ამიტომ იყო, რომ წყალში დიდი ხნით არასდროს ყვინთავდა, რადგან არ უნდოდა დაენგრია ის ილუზია, რომ დედა გვერდით არ ჰყავდა და საშიშროების შემთხვევაში, არავინ დაუძახებდა. ყვინთვა ბავშვობიდან უყვარდა, იმიტომ, რომ ამ დროს მარტო იყო და უაზრო ხმები არ ესმოდა. სულ ფიქრობდა, თუ მოვკვდები, ნეტავ წყალში მაინც დავიხრჩოო. ახლაც ჩაყვინთა, თვალები წყალში გაახილა და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არც არასდროს იფიქრებდა, რომ წყლით დაფარულ ამ პატარა ადგილას, ამდენი უცნაური არსება ბინადრობდა – წყალი სავსე იყო გამჭვირვალე ვარდისფერი თევზებით, ლურჯი და წითელი ზღვის მცენარეებით, რომელთა გვერდითაც, ცისფერ კიბორჩხალებსა და პატარა, ჭრელ ზღვის გოჭებს დაინახავდით. ბემბი გაოგნებული უყურებდა სანახაობას. სიმართლე ითქვას, ისიც კი დაავიწყდა, რომ ჰაერი სჭირდებოდა სასუნთქავად, მაგრამ იგრძნო, რომ იგუდებოდა. ამოყვინთა. ცოტა ხანს თავი ამოყოფილი ჰქონდა, ჰაერი ჩაისუნთქა და მერე ისევ სიღრმეში ჩაყვინთა; თუმცა ახლა უფრო ღრმად, ვიდრე თავიდან. აღმოაჩინა, რომ რაც უფრო ღრმად ჩადიოდა წყალში, მით უფრო მეტ სასიამოვნო და ლამაზ არსებებს ხედავდა. მერე ერთი ძალიან ლამაზი თევზი დაინახა, რომელიც არც ისე პატარა იყო. ჰოდა, ამ თევზს გაჰყვა. ნელ-ნელა მიჰყვებოდა და თევზიც თითქოს გაყოლის უფლებას აძლევდა. კარგა ხანს იცურა ბემბიმ და ალბათ კიდევ დიდხანს იცურებდა, რომ არა წყლის განსაკუთრებული ტემპერატურა: წყალი უკვე ძალიან ცივი გახლდათ. თავიდან ბემბიმ იფიქრა, იმადგილას ვარ, სადაც ჩანჩქერი ეცემა და ალბათ ეს წყალიც ამიტომ არის ასეთი ცივიო, მაგრამ მერე ყველაფერი ერთბაშად გაახსენდა. მიხვდა, რომ ამდენი ხანი ამ პატარა ადგილას ვერ იცურებდა ისე, რომ ერთ-ერთ ნაპირს არ მისდგომდა. იმაზეც დაფიქრდა, რომ თევზი უჩვეულოდ ნელა მიცურავდა წყალში. ახლაც მის პირდაპირ გაჩერებულიყო და ადგილიდან არ იძვროდა. ბოლოს, ყველაზე მთავარს მიხვდა, რომ ამდენი ხანია წყლის ქვეშ არის და ჯერ ჰაერის ჩასუნთქვა არ დასჭირვებია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბემბი შეეცადა ამოეყვინთა და გაეგო, სად იმყოფებოდა. ამიტომ თავი ზემოთ ასწია და როგორც ამოყვინთვისას გვჩვევია ხოლმე, მთელი ტანით ზემოთ დაიძრა. დაახლოებით ნახევარი საათი მიცურავდა, თავისი შესვენებებითა და გაოცებებით, თუმცა ამ ნახევარ საათში არათუ ვერ ავიდა, არამედ საერთოდ ვერაფერი ნახა წყალში. მთელი ის სილამაზე სადღაც გამქრალიყო და ახლა ირემი, მწვანე, ცივ წყალში ცურავდა, რომელშიც ზემოდან მზის სხივები ატანდა. ზემოთ კი ბემბიმ ვერა და ვერ ააღწია. უფრო უარესიც, აღარც ის დიდი თევზი ჩანდა სადმე, რომელმაც ამ გასაჭირში ჩააგდო. მაინც არ იხრჩობოდა და ამიტომ სხვა გზა არ იყო, ისევ ზემოთ ცურვა გააგრძელა. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ, ბემბიმ მის ზემოთ იგივე თავზი დაინახა, იგივე მდგომარეობაში და რადგან ყველაფერი ერთმანეთს გავდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბემბიმ მთელი ეს მანძილი წრეზე იცურა და ახლა ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდა. (ჰერაკლიტეს გამონათქვამები _ “შეუძლებელია ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ჩასვლა” და “ერთსა და იმავე მდინარეში ჩავდივართ და არც ჩავდივართ, ვართ და არც ვართ”). ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, დაღრიალება მოუნდა. იფიქრა, წყალში ბუშტები ამოვიდოდა, ხმას მაინც ვერავინ გაიგებდა და დაიღრიალა… ყველაფერი პირიქით მოხდა, წყალში არც ბუშტები გამოჩენილა და ხმაც ისეთი სიძლიერით გაისმა, რომ თევზი დაფრთხა კიდეც. აქ კი ბემბი მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი თევზი არ იყო, რადგან ჩვეულებრივ თევზებს ხმები არ ესმით და დამფრთხალ თევზს, სწრაფი ცურვით დაედევნა. დიდხანს მიცურავდნენ ასე – თევზი მიჰქროდა, ირემი მიჰყვებოდა. საბოლოოდ ბემბიმ იმდენი მოახერხა, რომ ხელშესახებ მანძილზე მიუახლოვდა ფლეგმას და ამ დროს თავში ტკივილი იგრძნო. ტკივილს წამშივე სიბნელე მოჰყვა. ჯერ, ერთი თვალი გაახილა, რაღაც სინათლე მოხვდა, მერე მეორე თვალი. სინათლე ამ თვალითაც დაინახა, მაგრამ ორივე თვალში შუქი ბუნდოვანი იყო. ამიტომ, კარგად ვერ არჩევდა გარემოს. ფაქტი ის იყო, რომ ცოცხალი გახლდათ, რადგან სახეზე ხელი მოისვა და იგრძნო. აი, სისველეს კი ვეღარ გრძნობდა. იფიქრა, მიწაზე ვარო. ჰოდა, საწოლისმაგვარი რაღაციდან გადმოსვლა დააპირა. ფეხები გადმოაწყო კიდეც, მაგრამ ჩამოხტომის შემდეგ, პირდაპირ დაბლა დაეშვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ისევ წყალში იყო. რა თქმა უნდა, ბემბის წყალში ყოფნა უყვარდა, მაგრამ მაშინ, როცა ამას ვერ გრძნობ, საშინელებაა. მეტისმეტად გაბრაზებული და შეწუხებული გახლდათ. არც ისე დიდხანს გაგრძელებულა მისი ვარდნა, რადგან მხრებში რაღაც უცნაური არსებები სწვდნენ და ისევ ზევით გააქანეს. ბემბი მიხვდა, დატყვევებული იყო, თუმცა მცირე იმედი, რომ ეს უბრალოდ სამაშველო სამსახური გახლდათ, მაინც დარჩენოდა გულში. რა თქმა უნდა, ეს იმედი რეალობიდან შორს იყო, რადგან სამაშველო სამსახური ტყეში და, მითუმეტეს, წყალქვეშ, არ არსებობდა. მაგრამ ამაზე ირემი არ ფიქრობდა. იგი ბუნებით ოპტიმისტი გახლდათ. სწორედ ამიტომ, მორჩილად წამოწვა და დაელოდა, როდის გაუუმჯობესდებოდა მხედველობა. ამავე დროს, ზემოთ დატოვებული მეგობრების იმედი ჰქონდა. ისინი აუცილებლად გაიღვიძებდნენ. ასე რომ, სანერვიულო აღარაფერი იყო. ახლა იგი გულაღმა იწვა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. დროდადრო მხედველობა უსწორდებოდა, შემდეგ კი ისევ ძველებურად ბუნდოვანი ხდებოდა. პირველად ეს გამოსწორება უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა და ამიტომ, გარდა ჭრელი ფერებისა, ვერაფრის დანახვა ვერ მოასწრო. მეორედ ცოტა დიდხანს გაგრძელდა და ახლა, უკვე, კარგად დაინახა, ხის ქოთნებში მჯდარი პატარა ორთვალიანი არსებები, რომლებიც სხვადასხვა ფერის სინათლეს ასხივებდნენ. ალბათ მათ განათების საშუალებად იყენებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ბემბიმ ასე იფიქრა. მესამედ რომ გაახილა თვალი, დაინახა, რომ ეს უცნაური არსებები წინანდელზე გაცილებით მეტნი იყვნენ. დაინახა, რომ ისინი ყველგან იყვნენ – მის პირდაპირ, ზემოთ, გვერდით… საბოლოოდ, ბემბიმ ისიც კი შეამჩნია, რომ ეს უცნაური არსებები მის გარშემო მოძრაობდნენ – რაღაც პატრულირების მაგვარს ახორციელებდნენ. ირემი ვერ ხვდებოდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი. თუმცა ერთს ხვდებოდა, რომ მისი აქ აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა. ახლა ისევ გაახსენდა უცნაური თევზი და ის ტკივილი, თავის არეში რომ იგრძნო არც ისე დიდი ხნის წინ. თუმცა ახლა არც ის იცოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო თუ არა და ამის შემდეგ დაფიქრდა, რომ შეიძლება უკვე დიდი ხანია, რაც აქ არის და მისი მეგობრები უკვე აღარც ეძებენ. ცოტა არ იყოს, შიშმაც შეიპყრო; ამბობენ, შიშმა ტკივილის დავიწყება იცისო და ბემბისაც, მხედველობა, თითქოს დაუბრუნდა. ახლა ყველაფერს ნათლად არჩევდა. ეს ფერადი არსებები ყველგან იყვნენ, მის ქვემოთაც კი, რადგან ბებმბიმ დაბლაც დაიხედა. იგი იწვა ღია მწვანე ფერის ტახტზე, რომელსაც გვერდით ასევე ღია მწვანე ფერის სკამი ედგა. ეს ტახტი და სკამი ზღვისფერ უსასრულობაში ლივლივებდა, რადგან ირემმა მის გარშემო ამ საგნებისა და ფერადი არსებების გარდა, ვერაფერი შენიშნა. ის მარტო იწვა ტახტზე, რომელიც უსასრულო სივრცეში იდგა. არა, მშიშარა არასდროს ყოფილა. პირიქით, ბავშვობიდან ისე გაიზარდა, რომ შიში რა იყო, არ იცოდა. ერთხელ შეეშინდა, დედა რომ მოუკლეს და მერე… არა, მერეც შეშინებია, როგორ არა, მაგრამ ცოტათი. საბოლოოდ კი, უშიშარი გაიზარდა. თუმცა, ყველა ირემივით, ისიც ფრთხილი იყო და არასდროს აკეთებდა საქმეს უაზროდ. ახლაც დაფიქრდა და საქმის ვითარების შესწავლა დაიწყო. თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ ცურვით გაცლოდა აქაურობას. ტახტიდან წამოიწია, გადმოხტა და დიდი სისწრაფით დაეშვა წყლის სიღრმეში. ამ დროს, ფერადი არსებები სწრაფად შეგროვდნენ ერთ ადგილას და ბემბისკენ ისეთი სისწრაფით დაიძრნენ, რომ ირემმა მათი გზაში დანახვაც კი ვერ მოასწრო და ასეთივე სისწრაფით უკან დააბრუნეს ისევ იმ ტახტზე, სადაც იწვა. უცბად, სამი არსება ჯგუფს გამოეყო და ცალკე გაჩერდნენ. მერე ერთმანეთს დაეჯახნენ და სამ ლამაზ ფერად დაიმსხვრნენ. ბემბი ამ სურათმა საერთოდ გააოგნა; არ იცოდა, რა ექნა. ბოლოს, იფიქრა, დაველაპარაკებიო და ერთ-ერთ არსებას ეუბნება: _ რა ხდება, რატომ ვარ აქ? რა თქმა უნდა, პასუხი ვერ მიიღო, რადგან ისინი არ ლაპარაკობდნენ და მიხვდა, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო. ცოტა ხანს ისევ ტახტზე წამოწვა და გადარჩენაზე ფიქრი დაიწყო. ისე, ყოველთვის ყველა ამაზე ფიქრობს, მაგრამ ახლა ეს ფიქრები გამძაფრებული ჰქონდა, რადგან სიკვდილი, მისი აზრით, ძალიან ახლოს იყო; თუმცა არც არასდროს არის შორს, მაგრამ ახლა, განსაკუთრებით იგრძნობოდა მისი სიახლოვე და ამიტომაც, ბემბიმ გადაწყვიტა, რომ ეს არსებები გაენადგურებინა და ისე გაეღწია ამ უცნაური სივრციდან. ბემბი ნელა წამოიწია, ფეხები ტახტიდან გადმოაწყო. არსებები მოემზადნენ, რადგან იფიქრეს, უნდა გაიქცესო. როცა ერთ-ერთი ძალიან ახლოს მივიდა რქიანთან, მან ხელი მაგრად მოკიდა და პირდაპირ ტახტს დაანარცხა. არსება შუაზე დაიმსხვრა. დანარჩენები თითქოს შეშინდნენო, ბემბის აღარ მიუახლოვდნენ. პირიქით, ერთ მწკრივში დადგნენ და ადგილიდან არ იძვროდნენ. _ ჰაა, _ დაუყვირა ბემბიმ. _ რა მოგივიდათ, ბიჭო?!!! _ მან მათი სქესი არ იცოდა. საერთოდ, როგორც ავტორი, გეტყვით, რომ სქესი არც ჰქონიათ. _ ბემბი ხელებით ტახტს დაეყრდნო და ისის იყო წყალში უნდა გადამხტარიყო, რომ მიხვდა, რატომ დადგნენ ეს არსებები მწკრივში. ის ადგილი, სადაც ირემი იყო და ეგონა, რომ უსასრულობაში აღმოჩნდა, არც ისე დიდი ყოფილა. უეცრად, ბემბის პირდაპირ, წყალი კარივით გაიხსნა და ღია კარში ბემბიმ ულამაზესი დარბაზი დაინახა, რომლის შუაგულშიც ზემოდან ვერცხლისფრად განათებული დიდი ნიჟარა იდგა. ალბათ კიდევ ბევრ რამეს დაინახავდა, რომ არა ის, ვინც აქ შემოვიდა. არა, მაღალი არ იყო, არც ძალიან გრძელი ფეხები ჰქონდა. საშუალო ტანის გახლდათ. შიშველი. მხოლოდ წელზე ჰქონდა შემოფარებული ლილისფერი ნაჭერი, რომელიც ძალიან მოკლე კაბის მოვალეობას ასრულებდა და წყალში, ხშირად ზომაზე მეტად იწეოდა მაღლა.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close