არქივი

კანონიერი ქურდი

2ea3e8bef1d1

კანონიერი ქურდი — ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჩამოყალიბებული კრიმინალური ტრადიციით, გარკვეული მაღალი სტატუსის მქონე პირი საბჭოთა კავშირის კრიმინალურ სამყაროში. დღესდღეობით კანონიერი ქურდები მნიშვნელოვნად შეცვლილი სახით გვხვდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

ისტორია

ფენომენი წარმოიშვა და განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, მისი შექმნის ადრეულ ეტაპზე. თავდაპირველად იგი ჩამოყალიბდა ე. წ. გულაგის არქიპელაგზე, საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში. მისი ჩამოყალიბების საფუძველი საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისება — თვითორგანიზება გახდა. როგორც ცნობილია, ხსენებულ ბანაკებში აბსოლუტურად არასამართლებრივი გარემო, სრული განუკითხაობა სუფევდა. თვითგადარჩენის ძირითადი პირობა ასეთ დაწესებულებებში ძალადობა, სხვისი მორალური და ფიზიკური განადგურება გახლდათ. შედეგად, სამართლებრივი რეგულირების უმწვავესი მოთხოვნილების ფონზე, „კანონიერი ქურდი“-ს ფენომენი ჩამოყალიბდა.

შემდგომში, რადგან არც ბანაკებს გარეთ დარჩენილი საზოგადოების სამართლებრივი გარემო გამოირჩეოდა დიდი სრულყოფილებით, რამეთუ რეპრესიული ტიპის მმართველობას ეფუძნებოდა; სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა ორიენტირებული იყო არსებული რეჟიმის შენარჩუნებზე, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები ბედის ანაბარა იყო დატოვებული, მოხდა „კანონიერი ქურდი“-ს ინსტიტუტის გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ტერიტორიები, რომლებიც დასახლებული იყო მაღალი კულტურის ერებით, ანუ თვითორგანიზების თვისება უფრო მკვეთრად იყო გამოკვეთილი, „კანონიერი ქურდების“ კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო. მაგალითად, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის თითქმის ყველა უბანს, თითქმის ყველა სოფელს, თავისი „კანონიერი ქურდი“ ჰყავდა.

„კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი, როგორც თავდაპირველი იდეის მატარებელი, მუდმივად ვითარდებოდა და მწვერვალს 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ამ დროისათვის მან სხვადასხვა ფორმით საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში შეაღწია. შემდეგ თანდათან ბანალურ კრიმინალური ჯგუფის მეთაურად ტრანსფორმირდა.

აღწერა

კანონიერი ქურდი იბადება კრიმინალური სამყაროს წიაღში და ბოლომდე მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს მასთან. იგი კრიმინალური საქმიანობის ორგანიზატორია, მაგრამ ამავდროულად, „სამოქალაქო“ ფუნქციების მატარებელიცაა. სხვა რამდენიმე ქურდის მიერ პირის ქურდად აღიარება კრებაზე, ე. წ. „სხადნიაკზე“ ხდება. ამისათვის ეს პირი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ პირობებს. ზოგიერთი მათგანი ძალიან საგულისხმოა.

მაგალითად:
1) არ უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლებას („ვლასტებს“), მით უმეტეს არ უნდა თანამშრომლობდეს მასთან.
*შედეგები ადვილი წარმოსადგენია; მაგალითად: არ უნდა დაემორჩილოს შუქნიშანს, არ უნდა ჰქონდეს არანაირი საბუთი,მათ შორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ა. შ.
2)არ უნდა მუშაობდეს.
*არსებობის წყაროდ ხალხის პატივისცემა სახელდება.
3)უნდა ეხმარებოდეს ხალხს.
*აქ სიტყვა „ხალხის“-ის გაგება სპეციფიურია.
4)არ უნდა ჰქონდეს ძალადობისადმი (ყაჩაღობა, ხულიგნობა და ა. შ.) მიდრეკილება.
5)არ უნდა ეტანებოდეს ნარკოტიკებს.
და მრავალი სახვა პირობა

„კანონიერი ქურდები“ საკუთარ თავს „ადამიანებად“ მოიხსენიებდნენ, ამ სიტყვის ყველაზე უფრო ჰუმანისტური გაგებით.

ამ აღწერილობამ მცდარი შთაბეჭდილება არ უნდა შექმნას „არსენა ოძელაშვილობაზე“, რაც ერთ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო. ესენი კრიმინალები იყვნენ მიზანტროპული მსოფლმხედველობით, მერკანტილური მიდრეკილებებით, პრიმიტიული სისასტიკით და ამ წრისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებით.

„კანონიერი ქურდი“ მოქმედებაში

„კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტის მასშტაბები, თავისი განვითარების პიკზე, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: 15-16 წლის ასაკიდან დაწყებული, თითქმის ყველა თაობა რაიმე გამწვავებული კონფლიქტის შემთხვევაში, სიმართლის, მტყუან-მართალის გასარკვევად, „ქურდს“ მიმართავდა. მათ მიერ გამოტანილი განაჩენი კასაციას არ ექვემდებარებოდა. თუ სხვა „ქურდების“ განაჩენი მაინც შეიცვლებოდა, მაშინ პირველი ინსტანციის „ქურდი“ დისკრედიტირებული ანუ „გაფუჭებული“ ხდებოდა. „გაფუჭებული“ „ქურდის“ რეაბილიტაცია გამორიცხული იყო.

„ქურდულ სამართალს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოვან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინსტიტუტით, კონტროლის თვალსაზრისით, აქტიურად სარგებლობდნენ ქვეყნის ოპერატიული სამსახურები, განსაკუთრებით КГБ.

ციხეებსა და ბანაკებში „ქურდები“ პატიმრებისთვის სპეციალურ გადასახადებს აწესებდნენ. იკრიბებოდა ე. წ. „ობშიაგის ფული“, რომელიც ზედამხედველების მოსასყიდად გამოიყენებოდა. ეს ფული ასევე საჭმლის, სხვა პირველადი მოხმარების და ფუფუნების საგნების (იმ წრის გაგებით: არაყის, მეძავების, ბოლო პერიოდში — ნარკოტიკის და სხვა) შესაძენად გამოიყენებოდა. სხვა სიტყვებით, პატიმართა ელიტური ფენის და საპატიმროების ხელმძღვანელობის კეთილდღეობისათვის გამოიყენებოდა.

„კანონიერი ქურდები“ ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებშიც.

მსგავსი ამბები

Back to top button