როკ-ენ-როლის “აკვანი” და ლეგენდარული მუსიკოსები
როკ-ენ-როლის მოყვარულებმა “თავისუფლების მუსიკის” დაბადების დღე აღნიშნეს. ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში როკ-ენ-როლის “აკვანი დაირწა”, მისი მეფე კი ელვის პრესლი გახდა.
ამ მუსიკალურ მიმდინარეობას 1952 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც კლივლენდის რადიოსადგურის დიჯეიმ – ალან ფრიდმა ეთერში აკრძალული რიტმ-ენდ-ბლუზის სტილში შექმნილი ჩანაწერების გაშვება გაბედა. იმისათვის, რომ მოუმზადებელი პუბლიკა შოკში არ ჩაეგდო, ფრიდმა სტილს ახალი სახელი მოუგონა და როკ-ენ-როლი შეარქვა. 50-იანი წლების შუა პერიოდში ეს მიმდინარეობა საოცრად პოპულარული გახდა. 1954 წლის 12 აპრილს ბილი ჰეილიმ და მისმა კოლექტივმა ჩომეტს როკის სტილში შექმნილი Rock Around The Clock პირველი ნამუშევარი ჩაწერეს და სწორედ ეს დღე მიიჩნევა როკ-ენ-როლის ოფიციალურ დაბადების დღედ.
ამ პერიოდშივე აკაშკაშდა როკ-ენ-როლის “შავი მეფის” – ჩაკ ბერის ვარსკვლავიც, რომელსაც პირველ მომღერალ-გიტარისტსა და როკ-ენ-როლის გიტარის ზარისებური ჟღერადობის გამომგონებელსაც უწოდებენ. ორჯერ დაპატიმრების მიუხედავად, ჩაკ ბერიმ კოლოსალურ წარმატებას მიაღწია. ეს წარმატება პირველ რიგში, იმით იყო განპირობებული, რომ მუსიკოსმა “თეთრი და შავი მოსახლეობის” მუსიკას შორის ზღვარი წაშალა და თითოეული მათგანისგან ყველაფერი საუკეთესო აითვისა. ჩაკ ბერის შემოქმედებამ მსოფლიოს ბევრ მუსიკოსს ექსპერიმენტებისკენ უბიძგა.
50-60-იანი წლების გასაყარზე, ბერის სიმღერები ლივერპულში ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი Beatles-ის შესრულებით ჟღერდა, მოგვიანებით კი მისმა მუსიკამ ღოლლინგ შტონეს-ის კონცერტებზე ახალი ჟღერადობა შეიძინა. ჩაკ ბერიმ როკ-ენ-როლის ისტორიაში ჩარტებში შესული პირველი მომღერალი გიტარისტის სახელი დაიმკვიდრა, მაგრამ როკ-ენ-როლის ჭეშმარიტი ტრიუმფი მეორე ამერიკელი ვარსკვლავის სახელს უკავშირდება…
ერთხელ, სტუდია “სანის” კარზე მოკრძალებულმა ჭაბუკმა – სატვირთო მანქანის მძღოლმა დააკაკუნა, რომელსაც სიმღერის ჩაწერა სურდა… უკვე ერთი წლის შემდეგ ჭაბუკი მეგობარ მუსიკოსებთან ერთად, ამერიკის კონტინენტს სერავდა და დარბაზებს მაყურებლით ავსებდა, ხოლო როდესაც რადიოსადგურის ეთერში კომპოზიცია Heartbreak Hotel აჟღერდა, ამერიკამ ახალი ვარსკვლავი – ელვის პრესლი გაიცნო.
სცენაზე მოძრაობის, ცოტა არ იყოს, “უწესო” მანერამ, თავდაპირველად, მკაცრი ამერიკელების კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ რაც უფრო მეტად კიცხავდნენ, პრესლის პოპულარობა მით უფრო იზრდებოდა;
როდესაც მომღერალი ტელეეკრანზე პოპულარულ მუსიკალურ შოუებში გამოჩნდა, ათასობით ქალის გული მოინადირა და მას შემდეგ, სადაც უნდა ყოფილიყო, ფანატები არ ასვენებდნენ. “ქალწულთა ვნებებს” ელვისი პირველად ფლორიდაში გადაეყარა. ექსტაზში მყოფი რამდენიმე გოგონა სცენაზე აიჭრა და ვიდრე ელვისი გიტარის გადარჩენას ცდილობდა, ტანზე კოსტიუმი შემოახიეს. ერთ-ერთმა გოგონამ მომღერალს ფეხსაცმელი გახადა, მეორემ კი შარვალი კბილებით გაუხია.
1956 წელს ელვისი ჰიტებით -Don’t Be Cruel და Hound Dog da baladiT – Love Me Tender – რეკორდული ვადით – 36 კვირის განმავლობაში, ჰიტაღლუმებში პირველ ადგილებს იკავებდა. მანAამ წელს ექვსი “ოქროს დისკი” გამოუშვა, ფირფიტები მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. თანდათან როკ-ენ-როლი ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური სტილი გახდა.
ელვის პრესლის არნახული კომერციული წარმატების შემდეგ, როკ-ენ-როლით უმსხვილესი მუსიკალური ლეიბლები დაინტერესდნენ და პატარა სტუდიების დამწყებ ნიჭიერ შემსრულებლებზე ნადირობა დაიწყეს.
50-იანი წლების ბოლოს როკ-ენ-როლი ისეთი ვარსკვლავებით გამდიდრდა, როგორებიც იყვნენ – ლიტლ რიჩარდი, ჯერი ლი ლიუისი, ბადი ჰოლი. ისინი ამერიკელები იყვნენ და 60-იანი წლების დასაწყისში, მიმდინარეობას ახალი სიცოცხლე შთაბერეს. როკ-ენ-როლში ეგრეთ წოდებული, “ბრიტანული შეჭრა” 1964 წლის თებერვალში დაიწყო. ნიუ-იორკის აეროპორტში ჩასულ ჯგუფს ათასობით თაყვანისმცემელი დახვდა. The Beatles -მა მალე ახალი სინგლი Can’t Buy Me Love”/”You Can’t Do That შექმნა, რომელსაც წინასწარი განაცხადების არნახული რაოდენობა – 3 მილიონი მოჰყვა. ასეთი რამ მანამდე ჯერ არავის ახსოვდა! მეორე ამერიკული ტურნეს დროს The Beatles მათ კერპს, ელვის პრესლის ესტუმრა.
შეხვედრამ მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩაიარა. მუსიკოსებმა ერთმანეთს საჩუქრები მიართვეს, ისაუბრეს და მუზიცირებდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთი მითი გავრცელდა The Beatles -ისა და ელვის პრესლის ერთობლივი შემოქმედებითი თანამშრომლობის შესახებ, თითქოს მუსიკოსებმა რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს და მაგნიტოფონზე ჩაწერეს, მაგრამ ის ჩანაწერები არასდროს გამოცემულა. რამდენიმე ხმის ჩამწერმა ფირმამ აგენტებიც კი დაიქირავა, მაგრამ ფირების ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა…
“რკინის ფარდის” მიუხედავად, “ბიტლომანიას” ვერც ყოფილი საბჭოთა კავშირი გადაურჩა. საბჭოთა მსმენელს მათი მუსიკის ლეგალურად მოსმენის საშუალება 1960-იან წლებში შემთხვევით მიეცა: “მუსიკალური კალეიდოსკოპის” სერიის ერთ-ერთი ფირფიტის მომზადების დროს, ფირფიტაზე თავისუფალი ადგილი დარჩა, რომლის შევსება The Beatles -ის სიმღერით Girl გადაწყვიტეს. ფირფიტა ასეთი წარწერით გამოვიდა: “კვარტეტი “ბითლზ”, “გოგონა”, მუსიკა და ტექსტი – ხალხური”. საბჭოთა მსმენელი დასავლური მუსიკის მოსასმენად მზად აღმოჩნდა…
Beatles-ის მუსიკა მრავალი საბჭოთა შემსრულებლისა თუ ჯგუფის კარიერაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების მომენტად იქცა…
წყარო: ჟურნალი გზა