არქივი

ბარსელონა : უფრო მეტი ვიდრე კლუბი

8636dfccfefd

ბარსელონა : უფრო მეტი ვიდრე კლუბი

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ „ბარსა“ (მეტსახელები: “blaugrana”, “azulgrana”, “Dream Team”), რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის – კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა, 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. “ბარსა” უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია “Més que un club” (უფრო მეტი ვიდრე კლუბი).

“ბარსელონა” ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც “პრიმერა დივიზიონი” არასოდეს დაუტივებიათ. “ბარსა” გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების – “სოსიოსების” რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. “ბარსელონას” გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით “culés” (კულე).

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი “ბარსელონა B” და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

2006-07 სეზონის მონაცემებით “ს.კ. ბარსელონა” მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.

1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს “ხიმნასიო სოლე”-ში პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერი უაილდი, ლუის დ’ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პაროსნსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.

“ბარსა” მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად “ბარსელონა” კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს “ბარსელონამ” პირველი ტიტული “კოპა მაკაი” მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც “ვისკაისთან” დამარცხდა (1:2).

1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. “ბარსას” 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა “ბარსელონასთვის” სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი “კარერ ინდუსტრიაზე” გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა. გამპერმა ასევე კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე “Les Corts”-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.

გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში “ბარსელონამ” 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ “პირენეის თასი”. იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც პლატკო.

წარმატებულ 20-იან წლებში, კლუს ბევრი არასპორტული პრობლემა ექმნებოდა. პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი, სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა კლუბში მაინც იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები და ხოსე ესკოლას მეთაურობით “ბარსა” 1929-1938 წლებში შვიდჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი. 1 თვის შემდეგ კი სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. “ბარსას” პრეზიდენტი ხოსეპ სანიული დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს გვადალახარასთან ახლოს. 1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. 1938 წელს ფაშისტებმა “ბარსას” ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა.

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ. ამიტომ F.C. Barcelona (რომელიც ინგლისურევნოვანი დასახელება იყო) C. de F. Barcelona-ად გადაკეთდა. კლუბის გერბიდან ამოღებული იქნა კატალონიური დროშაც და ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიურ ენაზე მხოლოდ სტადიონზე თუ საუბრობდა.

1943 წელს “ლეს კორტს”-ზე ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც “რეალმა’ ის მატჩი 11:1 მოიგო.

რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად “ბარსა” მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს “ბარსელონამ” პირველად მოიგო “Copa Latina”. 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის – ფერნანდო დაუჩიკისა და “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის – ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, “Copa del Generalisimo”, “Copa Latina” და “Copa Eva Duarte”. 1953-ში “ბარსამ” კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და “Copa del Generalisimo”. ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში “ბაზრობათა თასს” (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.

მწვრთნელის ელენიო ერერას ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, “ბარსამ” კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის “რეალი” დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას.

1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს “ნოუ კამპის” მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს “ბაზრობათა თასი” მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა “Copa del Generalisimo”-ს ფინალში “ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” 1:0 დამარცხებით. 1974 წელს “ბარსელონამ” დაიბრუნა თავისი სახელი “Football Club Barcelona”.

დიდი პოსტი კი გამოვიდა მაგრამ ვისაც ბარსელონა უყვარს ის წაიკითხავს :)

მსგავსი ამბები

Back to top button