არქივი

ნოსტრადამუსი

nostradamus predictions

“ღამეა. ვზივარ მარტო და დავყურებ იდუმალ ნაწერებს – ისინი გადაშლილია სპილენძის სამფეხა მაგიდაზე. მაგიური კვერთხი სპილენძის მაგიდის ფეხებს შორის დევს. კვერთხს წყლით ვასველებ, შემდეგ ვისველებ სამოსის კიდეებს, ფეხებს. ისმის იდუმალი ხმა. ჩემს ყურთან ვიღაც ჩურჩულებს. ვკანკალებ. ღმერთი ახლოს არის, ვგრძნობ მის ღვთაებრივ სიდიადეს. ანათებს სანთელი, მის სუსტ შუქზე მოჩანს მომავლის სურათები”. 

ეს არის ნაწყვეტი ნოსტრადამუსის “ცენტურიების” პირველი წიგნიდან (ეს წიგნი გამოიცა 1555 წელს და ის “წინასწარმეტყველებანის” სახელით არის ცნობილი). ვინ იყო მუსიე მიშელი, რომლის წინაპრებმა გვარი – ნოსტრადამი (ნოსტრადამუსი ლათინიზებული ფორმაა) პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახელწოდებიდან აიღეს?! რითი მოხიბლა მან საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი, რომელმაც მას სამეფო კარის ექიმობა უბოძა. და საერთოდ ვინ იყო ის…

მიშელ დე ნოსტრადამუსი დაიბადა 1503 წლის 14 დეკემბერს (ძველი სტილით) სან რემი დე პროვანსში, უბრალო ოჯახში. მისი წინაპრები ებრაელები იყვნენ, თუმცა, 1512 წელს (როდესაც მიშელი ცხრა წლის იყო), მათ უარყვეს იუდაიზმი და კათოლიკებად მოინათლნენ. მიუხედავად ამისა, იუდაიზმა და საერთოდ ებრაულმა ეზოთერულმა ლიტერატურამ (თორა, თალმუდი, კაბალა) მომავალ წინასწარმეტყველზე დიდი გავლენა მოახდინა. ნოსტრადამუსმა ბავშვობიდანვე გამოავლინა უდიდესი ინტელექტი და ნიჭი. პატარა მიშელი ბაბუასთან იზრდებოდა, რომელიც მას ბერძნულ, ლათინურ, ებრაულ ენებს, მათემატიკას და ასტროლოგიას ასწავლიდა (ამ უკანასკნელს ნოსტრადამუსი ღვთაებრივ მეცნიერებას უწოდებდა). როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, ნოსტრადამუსი მშობლების ოჯახში დაბრუნდა. დაბრუნებიდან ძალიან მალე ის სასწავლებლად ავინიონში გააგზავნეს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1522 წელს ნოსტრადამუსი მონპელიეს უნივერსიტეტში შედის და სამი წლის შემდეგ ამთავრებს მას მედიცინის ბაკალავრის ხარისხით. პარალელურად ის ხვეწს საკუთარ ასტროლოგიურ ცოდნას და იზიარებს კოპერნიკის თეორიას, რომ დედამიწა მრგვალია და სხვა პლანეტებთან ერთად მზის გარშემო ბრუნავს. ეს აშფოთებთ მის მშობლებს, რადგან ამ დროს ევროპაში ინკვიზიცია ანადგურებს ყველას, ვინც საკუთარი აზრით რელიგიურ დოგმატებს ეწინააღმდეგება. ნოსტრადამუსს მონპელიეში პრობლემები ექმნება, ამიტომ, ის უნივერსიტეტს ტოვებს და 22 წლის ასაკში მიემგზავრება მარსელში, სადაც შავი ჭირი მძვინვარებს. ნოსტრადამუსი უწყებს დაავადებული ხალხის მკურნალობას, ის მიმართავს სანიტარულ და პროფილაქტიკურ საშუალებებს, ასე მან უამრავი ხალხი გადაარჩინა უეჭველ სიკვდილს. მარსელიდან ეგსში გადადის და ახლა იქ იწყებს ხალხის დახმარებას. აღნიშნული შავი ჭირი, რომელიც იმ პერიოდში სამხრეთ საფრანგეთში იყო გავრცელებული (შემდეგ ის მთელს ევროპას მოედო და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა) “ლა შარბონის” სახელით იყო ცნობილი. ადამიანს დაავადებიდან ძალიან ჩქარა მთელი სხეული შავი დიდი წყლულებით ეფარებოდა და მომენტალურად იღუპებოდა (სხვათა შორის, იგივე პერიოდში მსგავსმა ჭირმა მთლიანად ამოწყვიტა ხევსურეთის რამოდენიმე სოფელი; სწორედ იმ ხალხის გვამებით იყო სავსე ანატორის აკლდამები!). ნოსტრადამუსმა მალე სახელი გაითქვა, როგორც გაბედულმა და თავდადებულმა მკურნალმა. ის საკუთარი რეცეპტებით ამზადებდა წამლებს, რომლებიც დიდ დახმარებას უწევდნენ დაავადებულებს. 1525 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში ნოსტრადამუსი დაუღალავად მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში და შავი ჭირით დაავადებულებს კურნავდა.
1529 წელს ის ბრუნდება მონპელიეში, ასრულებს სწავლას და იღებს დოქტორის ხარისხს. ამ ყველაფრის მიუხედავად მას მრავალი მტერი უჩნდება და იწყებენ მისთვის სახელის გატეხვას, ცდილობენ დააინტერესონ ინკვიზიაცია ნოსტრადამუსით და მისი ასტრონომიული იდეებით, რომლის გულისთვის ბევრს სიკვდილით სჯიან, მაგრამ ნოსტრადამუსს უკვე სახელი აქვს მოხვეჭილი, როგორც უბადლო ექიმს, რის გამოც მისი დასჯა ვერ ხერხდება. თუმცა, გამუდმებული წინააღმდეგობებით გაბეზრებული, ტოვებს მონპელიეს და ისევ ახლიდან იწყებს მოგზაურობას. ტულუზაში ცხოვრების დროს ნოსტრადამუსი იღებს ცნობილი ფილოსოფოსისა და ეზოთერიკოსის იულიუს სკალიგერის წერილს, რომელიც მას საკუთარ სახლში, კერძოდ ქალაქ აგენში იწვევს. ნოსტრადამუსი აგენში ჩადის. ამ ქალაქმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ გადაწყვეტს აქ დასახლდეს. აგენში ნოსტრადამუსი ქორწინდება მდიდარი დიდგვაროვანის ასულზე. მასთან ორი შვილი უჩნდება. სამედიცინო პრაქტიკამ მას საყოველთაო აღიარება და საკმაოდ დიდი შემოსავლები მოუტანა. თუმცა, ამ პერიოდიდან ნოსტრადამუსის ცხოვრებაში იწყება კრიზისი. შავმა ჭირმა აგენამდეც მიაღწია. ქალაქში იწყება პანიკა, მსხვერპლი განუზომელია, ნოსტრადამუსი იწყებს ხალხის დახმარებას, მაგრამ ამ დროს შავი ჭირით იღუპება მისი ცოლი და ორივე შვილი (მეორე ვერსიით, ის ამ დროს იტალიაში იმყოფებოდა და სწორედა ამიტომ ვერ გადაარჩინა საკუთარი ოჯახი სიკვდილს). ამ ფაქტმა, რომ მან ვერ გადაარჩინა საკუთარი ცოლ-შვილი, ნოსტრადამუსს სახელი გაუტეხა. მალე მას უსიამოვნება მოუვიდა თვითონ სკალიგერთან, პარალელურად ცოლის მშობლებმა მოსთხოვეს მზითევის დაბრუნება. ამ ყველაფრით ისარგებლეს ინკვიზიციის მსახურებმა და ნოსტრადამუსი ერეტიკოსად გამოაცხადეს. ის ანგიდან მიემგზავრება. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ის მოგზაურობს ესპანეთში, იტალიაში, სპარსეთში. აქედან უკვე იწყება მისი, როგორც წინასწარმეტყველის ცხოვრება.
იტალიაში ყოფნის დროს, მის გვერდით ჩაიარა ახალგაზრდა ბერმა, ნოსტრადამუსმა დაიჩოქა და ბერს მიმართა: “თქვენო უწმინდესობავ”! ეს ბერი ფელიჩ პერეტი დი მონტალოტო იყო, ყოფილი ღორების მწყემსი. ბერი ნოსტრადამუსის სიკვდილიდან ცხრამეტი წლის შემდეგ რომის პაპი, სექსტუს V გახდა…
ერთ-ერთ იტალიელ გრაფს, ვინმე დე ფლორინვალს, ეჭვი შეეპარა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაში და გამოსაცდელად სადილზე დაპატიჟა. გრაფმა მას სთხოვა, გამოეცნო იმ ორი ღორის ბედი, რომლებიც გრაფის ეზოში სეირნობდნენ. ნოსტრადამუსმა უპასუხა, რომ შავ ღორს თვითონ გრაფი შეჭამდა, თეთრს კი მგელი. ფლორინვალმა ჩუმად მსახურებს თეთრი ღორის დაკვლა უბრძანა. სადილზე გრაფმა გამარჯვებული სახით ნოსტრადამუსს მოახსენა, რომ ისინი თეთრი ღორის ხორცს მიირთმევდნენ, ნოსტრადამუსმა კი თქვა, რომ ეს შავი ღორი იყო. მაშინ გრაფმა მსახურებს უხმო… ნოსტრადამუსი მართალი გამოდგა. საქმე კი იმაში იყო, რომ უკვე დამზადებული თეთრი ღორის ხორცი გრაფის მოშინაურებულმა მგლის ლეკვმა მოიპარა და შეჭამა, მაშინ შეშინებულმა მსახურებმა სასწრაფოდ შავი ღორი დაკლეს და გრაფს ის მიართვეს…
მოგვიანებით საფრანგეთის სამეფო კარზე ყოფნის დროს, მან დედოფლის ერთ-ერთ ახალგაზრდა სეფეწულს სთხოვა, ეჩვენებინა ის ლაქები, რომელიც მას ტანზე ჰქონდა. ბიჭს შერცხვა და გაიქცა, მაშინ ნოსტრადამუსმა ძილის დროს დაუთვალიერა ტანი და თქვა, რომ ეს ბიჭი მომავალში საფრანგეთის მეფე გახდებოდა. მართლაც ნოსტრადამუსის სიკვდილიდან 23 წლის შემდეგ ეს ყმაწვილი საფრანგეთის მეფე ჰენრიხ IV ნავარიელი გახდა.
ნოსტრადამუსი სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობისას აგროვებდა ძველ, წინასწამეტყველურ წიგნებს, რომლებსაც შემდგომ მუშაობის დროს იყენებდა. მათ შორის იყო “დე მისტერიის ეგიპტორუმ”, რომელიც 1547 წელს დაიბეჭდა ლიონში და გამოსვლისთანავე მიიქცია ნოსტრადამუსის ყურადღება. 1550 წელს ის მარსელში სახლდება, მაგრამ ეპიდემია თითქოს მას ფეხდაფეხ დასდევდა. იმავე წლის შემოდგომით, მარსელსა და მის შემოგარენში უდიდესი წყალდიდობა მოხდა, რომელმაც გააძლიერა თითქმის ჩამცხრალი შავი ჭირი. ვისაც გადაადგილება შეეძლო, ქალაქიდან გარბოდა, ეს კი ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობდა. ნოსტრადამუსი დაუღალავად მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე ლიონში ყივანახველის ეპიდემიას ებრძვის. შემონახულია ლიონის მადლიერი მოსახლეობის ჩანაწერები, რომლებიც ნოსტრადამუსს ერთადერთ გადამრჩენელად მიიჩნევენ და მასში ღმერთის დახმარებას ხედავენ. ამის შემდეგ იწყება მისთვის შედარებით წყნარი პერიოდი. ის სახლდება ქალაქ სალონში და მდიდარ ქვრივ, ან პონსარ ჟემელზე ქორწინდება. ამ პერიოდისთვის ნოსტრადამუსი კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენს ასტროლოგიისადმი, ალქიმიისადმი და მაგიისადმი. ის იწყებს წიგნების წერას და მთლიანად ანებებს თავს სამედიცინო პრაქტიკას. 1550 წლიდან ის იწყებს ყოველწლიური ასტროლოგიური ალმანახის გამოცემას, რომელმაც მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. 1554 წლიდან უკვე იწყება მისი “წინასწარმეტყველებების” ბეჭდვა. ნოსტრადამუსის სახელი უკვე გასცილდა საფრანგეთის საზღვრებს, უცხოეთში იწყება ამ წიგნის თარგმნა და გამოცემა (ამ პერიოდისთვის მისი “ცენტურიები” გამოცემულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ევროპულ ენებზე კი მისი ასობით გამოცემა არსებობს).
ნოსტრადამუსმა სახლის მეორე სართულზე მოიწყო სამუშაო კაბინეტი და იქ ღამ-ღამობით მუშაობდა, რადგან ჯერ კიდევ არსებობდა ინკვიზიციის საფრთხე. 1554 წელს, ქალაქ სალონის მერმა, ჟან ჟეიმ დე შავინმა დატოვა საკუთარი თანამდებობა და ნოსტრადამუსს სთხოვა, მოწაფედ აეყვანა და ესწავლებინა მისთვის ასტროლოგია. შემდგომში სწორედ შავინის მეოხებით გახდა შესაძლებელი ნოსტრადამუსის წიგნების სრულყოფილი გამოცემა, თუმცა, მან გარკვეული ნაწილის გამოქვეყნება მაინც ვერ გაბედა. სიკვდილამდე 11 წლით ადრე ნოსტრადამუსმა დაასრულა პირველ “წინასწარმეტყველებანის” წიგნზე მუშაობა, რომელიც მოიცავდა პერიოდს მე-16 საუკუნიდან 2000 წლის ჩათვლით. თავიდან ნოსტრადამუსი დედამიწაზე სიცოცხლის დასასრულად სწორედ 2000 წელს მიიჩნევდა. მიუხედავად, მისი დიდი განათლებისა და პროგრესული აზროვნებისა, მას ჰქონდა მაშინდელი ეკლესიის მსახურთა გავლენა, ისინი სამყაროს დასასრულს სწორედ ამ პერიოდისთვის ვარაუდობდნენ. შემდგომში მან გააკეთა “ენოქის წიგნის” ინტერპრეტაცია, სადაც სამყაროს დასასრულად 7000 წელია წერია, ნოსტრადამუსმა გაშიფრა ეს თარიღი, გამოთვალა ყველა შესაძლოა ვარიანტი შეადარა საკუთარ წინასწარმეტყველებებს და საბოლოოდ ახალი წელთაღრიცხვით 3797 წელზე შეჩერდა…
ნოსტრადამუსმა სულ ათი წიგნი დაწერა. ეს წინასწარმეტყველები დაწერილია ფრანგულ ენაზე, თუმცა, მასში უხვად არის გამოყენებული ბერძნული და ლათინური სიტყვებიც, დარღვეულია ქრონოლოგია, ბევრი წინასწარმეტყველება დაშიფრული და ბუნდოვანია, ეს საჭირო იყო ეკლესიის მსახურთა თვალის ასახვევად, რომლებსაც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს დევნიდნენ, კოცონზე აგზავნიდნენ, სამუდამოდ ციხეში ამწყვდნენ (ამან ძალიან ბევრი სწავლული შეიწირა – იან ჰუსი, ჯორდანო ბრუნო, თომაზო კამპანელა, გალილეი გალილეო და სხვები).
1555 წლიდან ეს წიგნები მთელს ევროპაში გავრცელდა, თუმცა, წიგნის სიძვირის გამო, ის მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის იყო ხელიმისაწვდომი. ზოგიერთი წინასწარმეტყველება საფრანგეთის სამეფო კარს ეხებოდა და არც თუ ისე სასიამოვნო იყო, ამიტომ, დედოფალმა ეკატერინე მედიჩმა ნოსტრადამუსი სასწრაფოდ პარიზში მიიწვია. მათი შეხვედრა მიწვევიდან ერთი თვის შემდეგ შედგა, ამ საუბარს არავინ დასწრებია. ფაქტია, რომ შეხვედრის შემდეგ დედოფალი ძალზე კმაყოფილი ჩანდა. წინასწარმეტყველი მეფე ჰენრი II-საც შეხვდა, თუმცა, მასთან უფრო ცოტა ხანს ისაუბრა. ერთი თვის შემდეგ ნოსტრადამუსი სახლში დაბრუნდა. ამ პერიოდისთვის მისი ჯანმრთელობა უკვე შერყეული იყო, ამიტომ, ძველებურად ვეღარ მუშაობდა, ის მხოლოდ ჰოროსკოპებს ადგენდა დიდგვაროვნებისთვის და “წინასწარმეტყველებანის” დასრულებას ჩქარობდა (თუმცა, მის სრული სახით გამოცემას მაინც ვერ მოესწრო, წიგნმა მისი სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ იხილა მზის სინათლე). 1664 წელს დედოფალმა ეკატერინე მედიჩმა გადაწყვიტა საკუთარი სამეფო მოევლო, მოგზაურობა ორი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ეკატერინემ მარშუტი ისე შეადგენინა, რომ პირველ რიგში სალონში მოხვედრილიყვნენ, სადაც ნოსტრადამუსი ცხოვრობდა. მართლაც, პროვანსში ყოფნის დროს ეკატერინემ ნოსტრადამუსი მოინახულა, დედოფალმა წინასწარმეტყველს სამასი ოქროს კრონი და სამეფო კარის ექიმის ტიტული უბოძა, ეს კი მუდმივ ჯამაგირს და სხვა ხელსაყრელ პირობებს ნიშნავდა.
1566 წლის ივლისის დასაწყისში მან მღვდელი იხმო და აღსარება ჩააბარა, შემდეგ საკუთარ ცოლსა და შავინიონს დაემშვიდობა და მათ უთხრა: “ხვალ დილით ცოცხალი აღარ ვიქნები”. იმ ღამეს მიშელ დე ნოსტრადამუსი გარდაიცვალა. ის სალონში, ეკლესიის კედელში დაკრძალეს, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის დღეებში (სიკვდილიდან დაახლოებით ორასოცი წლის შემდგომ) მისი გვამი ფანატიკოსმა ჯარისკაცებმა ამოთხარეს, იმ ვარაუდით, რომ ისინიც წინასწარმეტყველები გახდებოდნენ, თუმცა, მათ ამის სანაცვლოდ… გილიოტინა მიიღეს (გადმოცემით, ნოსტრადამუსს გულზე მედალიონი ეკეთა, სადაც თარიღი ეწერა და ეს თარიღი სწორედ მისი საფლავიდან ამოთხრის დღე, თვე და წელი იყო).
ამის შემდეგ ნოსტრადამუსის გვამი იმავე ქალაქში წმ. ლორენის ეკლესიის კედელში დაკრძალეს და იქ დღემდე არსებობს მისი საფლავი და სურათი.
მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო მისი წიგნების გამოცემა, “შესწორებები”, წიგნები ვრცელდებოდა არასრული ან ნაყალბევი სახით და ყოველ საუკუნეში ოცდაათ-ორმოცჯერ გამოიცემოდა. ბიბლიის შემდეგ, ნოსტრადამუსის “წინასწარმეტყველებანი” ყველაზე დიდ ტირაჟიანი წიგნია. ამ წიგნის პოპულარობა განუზომელი იყო, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა საუკუნეში მას იყენებდნენ როგორც პროპაგანდის საშუალებას. მაგალითად, კარდინალ მაზარინის მოწინააღმდეგეებმა გამოსცეს ეს წიგნი, ოღონდ, იქ მაზარინის საწინააღმდეგო ორი სტროფი ჰქონდა ჩამატებული. როდესაც, რევოლუციონერებმა ბასტილიის ციხე აიღეს, მათ ერთ-ერთ ოთახში გადაშლილი “წინასწარმეტყველებანი” ნახეს. წიგნი გადაშლილი იყო იმ გვერდზე, სადაც ბასტილიის დაცემაზე იყო საუბარი. თვით ნაპოლეონიც იყენებდა ამ წიგნს, თუმცა, შემდგომ ეს წიგნი ნაყალბევი აღმოჩნდა. რუსეთის იმპერატორმა საკუთარი და რუსეთის ბედი სწორედ ნოსტრადამუსის წიგნით შეიტყო, სადაც საუბარი იყო ბოლშევიკების გამარჯვებაზე და მეფის სიკვდილზე. ფაშისტები წიგნს გაყალბებული სახით იყენებდნენ, სადაც ფაშისტებისა და ჰიტლერის ბედი საპირისპიროდ იყო გაშიფრული.

ამ ყველაფრის შემდგომ, ერთი რამ ცხადზე ცხადია – თუ კაცობრიობას სურს თავიდან აიცილოს ის არასასიამოვნო პროგნოზები, რომელიც ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, საჭიროა იყოს მშვიდობა და ამისთვის ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი კატასტროფული იქნება…

წყარო: www.zodiaqo.blogspot.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button